ინტერვიუ ლია გიგაურთან
ზოგადი განათლების მიზნების დოკუმენტი 2004 წელს შეიქმნა და დამტკიცდა. ხომ არ იგეგმება აღნიშნული დოკუმენტის გადახედვა?
2004 წელს შექმნილი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი განსაზღვრავს ხედვას, როგორი უნდა იყოს მოქალაქე, რომელსაც აღზრდის სკოლა. ეს არის დოკუმენტი იმის შესახებ, თუ როგორი მოქალაქის აღზრდა გვინდა. დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი ამ ადამიანის მახასიათებლები - ტოლერანტი, ანგარიშვალდებული და ა.შ. უნდა იყოს ჰუმანური, ესმოდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. დოკუმენტში მოკლევადიან პერიოდში მისაღწევი მიზნები არ არის აღწერილი. შესაბამისად, ჩვენი გამოწვევაა, შევასრულოთ ეროვნული მიზნები და ასეთი მოქალაქეები აღვზარდოთ. ამ გზაზე შესაძლოა, რაღაცები შეიცვალოს. დროსთან ერთად მოთხოვნები და ფასეულობები იცვლება, ტექნოლოგიები იხვეწება, თუმცა ვფიქრობ, სწორედ ისეთი მოქალაქეები გვინდა, როგორსაც ეს დოკუმენტი აღწერს და ამ კუთხით არაფერი არ არის შეცვლილი. ჩვენ გვინდა განათლებული, კონკურენტუნარიანი, პასუხისმგებლობის მქონე, ჰუმანური და დემოკრატიული პრინციპებების გამზიარებელი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების სწორად მიღება, რომელიც კანონმორჩილი და ტოლერანტია.
ზოგადი განათლების სისტემაში რა არის ის, რამაც უნდა უზრუნველყოს ასეთი მოქალაქეების აღზრდა?
თუ ვსაუბრობთ მოთამაშეებზე - ეს მოთამაშეები არიან სტრუქტურები. ყველამ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია კომპეტენციის ფარგლებში. მთავარია, ეს ამოცანები, რომლებიც გადანაწილებულია სხვადასხვა სტრუქტურებსა და პიროვნებებზე, მიდიოდეს ერთი მიზნისკენ. ეროვნული მიზნების შესრულებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ეროვნულ სასწავლო გეგმას, სახელმძღვანელოებს. ამას ერთვის მასწავლებლის მოტივაცია და კვალიფიკაცია. მიზნის მიღწევას ხელს უნდა უწყობდეს საგანმანათლებლო გარემო და, რა თქმა უნდა, სკოლის მართვის სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომ ხელი შეუწყოს ეროვნული მიზნების მიღწევას, ასევე მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა.
არის საგნები, რომლებიც უფრო ფოკუსირებულია, რომ მოსწავლეები სამოქალაქო პასუხისმგებლობით აღიზარდნონ. რა მოგვცა ამ საგნებმა, სამოქალაქო კულტურის ამაღლების კუთხით?
ყველაზე უფრო პროგრესული და განვითარებადი აღმოჩნდა ეს საგანი. არა მხოლოდ სტანდარტთან მიმართებაში, არამედ იმ აქტივობების კონტექსტში, რომელსაც სკოლები ახორციელებენ. აქ ლომის წილი მიუძღვის გარე პროგრამებს, რომლებიც სკოლაში განხორციელდა, მაგალითად, PH ინტერნეშენალი, რომლის პროგრამაც თავიდან 740 სკოლაში დაინერგა და დღეს 110 სკოლაშია. სასკოლო კლუბების შექმნამ ამ საგნის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სამოქალაქო განათლება არსად არ ისწავლება თეორიულ ჭრილში, აუცილებელია პრაქტიკული საქმიანობა. სწორედ ამ კლუბებმა მისცა საშუალება მოსწავლეებს, რომ მათი ცნობიერების ფორმირება მომხდარიყო არა მხოლოდ თეორიულ კონტექსტში კონკრეტული შემთხვევების განხილვის საფუძველზე, არამედ თვითონ გამხდარიყვნენ აქტიური მოქალაქეები. ასევე ხდებოდა წახალისება მოსწავლეთა თვითმმართველობების, რომლებიც გააქტიურდნენ და გააცნობიერეს თავიანთი როლი. მე კარგად მახსოვს, როგორი იყო მოსწავლეთა პროექტები 2009-2010 წლებში და როგორია ისინი დღეს. მაშინ ძირითადი პრეზენტაციები იყო თემაზე, როგორ მივიდნენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მიაჩნდათ, რომ სამოქალაქო ატივობა პრობლემის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმირება იყო. ცოტა ხნის წინ ვიყავი 150-ე სკოლაში, სადაც თითოეული სკოლის სასკოლო კლუბმა წარმოადგინა პროექტი იმის შესახებ, თუ თვითონ რა გააკეთა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ცნობიერება აღნიშნულ საკითხებზე უკეთესია, ვიდრე სხვა საგნის პედაგოგების. თუმცა სხვა საგნის პედაგოგებს ასევე ევალებათ მოსწავლეთა აღზრდა და მათში სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. სხვა საგნის პედაგოგებზე რას იტყვით. ერთ-ერთი კვლევა ადასტურებს, რომ პედაგოგთა მგრძნობელობა უმცირესობების მიმართ ნეგატიურია. არის თუ არა ეს მოცემულობა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა სწავლა - სწავლების პროცესში?
რა თქმა უნდა, სკოლებში არიან სხვა საგნების მასწავლებლებიც. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ეს საკითხები გამჭოლი პრიორიტეტებია, დავეთანხმები ამ კვლევას, რომ სხვა საგნის პედაგოგების სამოქალაქო ცნობიერების დონე ვერ იქნება თანაბარი სამოქალაქო განათლების პედაგოგების დონის, რომლებმაც არაერთი ტრენინგი გაიარეს და ისწავლეს მეთოდები. ამ პროცესში ისინი ბევრ საკითხზე დაფიქრდნენ და დაისახეს მიზნად მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებაში აქტიური როლის შესრულება.
რაც შეეხება სხვა საგნების პედაგოგებს. ტრენინგების ის ციკლი, რომელიც დაგეგმილია პროფესიული უნარების განვითარების კუთხით, ახალი სქემის ფარგლებში გამჭოლად მოიცავს ამ საკითხებს და არის ჩანართი თემები. მე როგორც ვიცი, ცენტრმა დაიწყო იმ ტრენინგ-მოდულების მოზადება, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება. ჩვენ ჯერ უნდა ვასწავლოთ და მერე მოვთხოვოთ. დროს და ცვლილებებს პროგრესი ყველასთან მიაქვს, მაგრამ სხვადასხვა ხარისხით.
არაძალადობრივი გარემოს უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით ძალიან ბევრი გამოწვევაა საგანმანათლებლო სივრცეში - ბულინგი, პედაგოგებსა და ბავშვებს შორის კომუნიკაციის ძალადობრივი ფორმები...
დღეს ზოგადი განათლების სისტემის გამოწვევა სწორედ ეროვნული მიზნების მიღწევაა - აღზარდოს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალი პიროვნება. ასეთი პიროვნების აღზრდისთვის მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო გარემო დისკრიმინაციისგან იყოს თავისუფალი. არაძალადობრივი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში მონაწილეობს ყველა სუბიექტში, ვინც სასკოლო ცხოვრებაშია ჩართული - ადმინისტრაცია, მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, მანდატურები. ყველა ჩართულია უსაფრთხო გარემოს ფორმირებაში. მთავარია, ყველამ გააცნობიეროს, რა უნდა გააკეთოს ამისათვის და რატომაა მნიშვნელოვანი უსაფრთხო გარემოზე ზრუნვა. ერთია ფიზიკური უსაფრთხოება და მეორე ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს არსებობა. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება. იგეგმება დამრიგებლების გადამზადება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ძალადობის შემთხვევებზე რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირი გამოიყოფა სკოლაში. ძალადობის იდენტიფიცირება ყველა კლასის დამრიგებელს და მასწავლებელს უნდა შეეძლოს, თუმცა სკოლაში გაჩნდება ერთი პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გადამისამართებაზე. ის ადამიანი, თუ საჭიროდ მიიჩნევს, ჩართავს სოციალურ სამსახურს, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს, რომელიც მანდატურის სამსახურთან არსებობს.
ჩვენი საუბრის დასაწყისში მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების მნიშვნელობაზე ისაუბრეთ. როგორც ვიცი, გრიფირების ახალ წესზე მიდის მუშაობა...
სულ ახლახან ექსპერტების ჯგუფმა დაასრულა მუშაობა გრიფირების ახალ წესზე. როგორ უნდა მოხდეს სახელმძღვანელოების შეფასება, ექსპერტებმა რამდენიმე გზა შემოგვთავაზეს. ახლა მიდის ამ დოკუმენტების დამუშავება. შემოდის ახალი კრიტერიუმები, მაგალითად - გენდერი. გრიფირების ახალი წესის დამტკიცების შემდეგ, 2016 წლისთვის გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირები.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სკოლებში რელიგიის საგნის შეტანის ინიციატივით გამოვიდა. როგორია სამინისტროს პოზიცია?
რელიგიის სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში სავალდებულო საგნად არ იგეგმება. ისტორიის კურსში სხვადასხვა რელიგიის ისტორიას ვასწავლით და სამოქალაქო განათლების კურსში მკაფიო მესიჯი მიდის მოსწავლეებამდე, რომ არ შეიძლება დისკრიმინაცია და უნდა ვიყოთ ტელერანტულები. საბაზო საფეხურზე მსგავსი საკითხი არ დგას. რელიგიის სწავლება სავალდებულო საგნად არ იქნება და ეს შეჯერებული პოზიციაა. შეიძლება განვიხილოთ სხვადასხვა რელიგიების ისტორია, არჩევით საგნად.
როგორ ვამოწმებთ ეროვნული მიზნების მიღწევას და გამოწვევებს? თუ ტარდება ეროვნული კვლევები?
რამდენადაც ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა რთული და სისტემური პროცესია, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება სკოლის, საზოგადოების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასთან არსებული სსიპ-ების, ინსტიტუტებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა მოქმედებებს. ამასთან, დანერგვაზე ასევე გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-კულტურული, პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორები, კვლევის შედეგების გაანალიზება მოხდა მულტიფაქტორულ კონტექსტში.
მონაცემების რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის შედეგად გამოვლინდა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის როგორც პოზიტიური, ასევე პრობლემატური ასპექტები. პოზიტიური ასპექტებიდან ხაზგასასმელია ის, რომ სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ხშირ შემთხვევაში (შესწავლილ შემთხვევათა დაახლოებით 45%) თანამშრომლობითი ურთიერთობაა, დაცულია თანასწორუფლებიანობა და ყველა მოსწავლე მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილია განვითარების თანაბარი პირობებით.
პრობლემატური ასპექტებიდან საყურადღებოა მოსწავლეთა ცოდნის შეფასების სისტემა. ნაკლებადაა გათვალისწინებული ინდივიდუალური მიდგომა, მოსწავლის მიღწევები და მისი მეტაკოგნიტური გამოცდილებa. ხშირ შემთხვევაში მასწავლებელი მხოლოდ განმსაზღვრელ შეფასებას აფიქსირებს და არ იყენებს გამავითარებელ შეფასებას, რომელიც სწავლის გაუმჯობესებას, მოსწავლისთვის სწორი მიმართულების მიცემას და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
ასევე გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, რომელიც უკავშირდება სწავლების პროცესში სისტემურობას, ცნებებს შორის მიმართების გააზრებას, „საფუძვლიანი და დინამიური ცოდნის“ შეძენაზე მიმართულ საკლასო აქტივობებს, კომპლექსური კონტექსტის დავალებებს. მასწავლებელთა მხოლოდ ნაწილი ზრუნავს, ახალი მასალა დაუკავშიროს მოსწავლეთა წინარე ცოდნას, განახორციელოს სათანადო აქტივობები, გაგების პროცესის ხელშესაწყობად, მიიღოს უკუკავშირი და უზრუნველყოს ცოდნათა დაკავშირება.
მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე, შემუშავდა რეკომენდაციები, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის, ასევე მასწავლებელთა მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული განვითარების მიმართულებების, კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მომზადება-მოზიდვის, სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის, სასწავლო რესურსების სრულყოფისა და გამრავალფეროვნების და სხვა მიმართულებით, რომელთა შესრულება აუცილებელი პირობაა ეროვნული მიზნების მისაღწევად. ამასთან, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს საგანმანათლებლო მიზნებისაკენ საგანმანათლებლო პროცესის დინამიკურად წარმართვა, მნიშვნელოვანია ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიმდინარეობის რეალური სურათის შესახებ ინფორმაციის ფლობა, პრობლემების დროულად გამოვლენა და რეაგირება, რაც მუდმივ მონიტორინგს და კვლევითი სამუშაოების წარმართვას მოითხოვს. ამასთან, ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად არსებითი მნიშვნელობისაა თითოეულ სკოლაში პროფესიონალი ლიდერებისა და მასწავლებლების შეთანხმებული საქმიანობა და მშობელთა მხარდაჭერა.