Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

saba.com.ge - თქვენი ლიტერატურული მრჩეველი

27 აგვისტო 2015

დღეისათვის 2500-მდე, მათ შორის უფასო ელექტრონული წიგნი, დახვეწილი და მარტივი ინტერფეისი, Windows, iOS, Mac და Android ოპერაციული სისტემებისთვის განკუთვნილი Offline წამკითხველი - ყიდულობ ინტერნეტით, კითხულობ ინტერნეტის გარეშე;  მომხმარებელზე მორგებული გადახდის სხვადასხვა მეთოდი და ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც მუდამ თან გაქვთ - ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ მკითხველებისთვის, მწერლებისა და ელ.გამომცემელთათვის გამორჩეული პლატფორმაა. ამ ელექტრონულ სივრცეში ყოველდღიურად იზრდება წიგნების რაოდენობა, მათ შორის სრულიად ექსკლუზიური ლიტერატურის, რომლის წაკითხვას სხვაგან ვერ შეძლებთ და რომელთა ფასიც ბეჭდურ წიგნებთან შედარებით საგრძნობლად იაფია.

ინტერვიუ ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ დირექტორ ირინა ჯავახაძესთან.

რა იყო ელექტრონული წიგნების სახლის პროექტის მიზანი და რას სთავაზობს ის მომხმარებელს დღეს?

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ 2012 წელს „თიბისი ბანკის“ ხელშეწყობით შეიქმნა. ეს არის პლატფორმა, რომელსაც ორი მიმართულება აქვს: ელექტრონული წიგნები, ქართულ ენაზე გამოცემული მრავალფეროვანი ლიტერატურა, ქართული და უცხოური კლასიკა, თანამედროვე ბესტსელერები, პროფესიული ლიტერატურა და ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ნომინანტი და ლაურეატი ელ.წიგნები. ასევე მნიშვნელოვანია მეორე მიმართულებაც - ელექტრონული სივრცე ავტორებისთვის - შემოქმედებითად მოტივირებულ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც საკუთარი ნაწარმოების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და ელექტრონული სახით გაყიდვა სურს, saba.com.ge-ზე საკუთარი ნაწარმოების განთავსების შესაძლებლობა ეძლევა.

პროექტის შექმნისას გავითვალისწინეთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორაც. მათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მარტივად შეუძლიათ ქართულ ენაზე არსებული ელექტრონული წიგნების შეძენა. როდესაც ერთ-ერთი კამპანიის ფარგლებში ყველაზე აქტიური 5 მომხმარებელი დავაჯილდოვეთ, მათგან ერთი ავღანეთში, ორი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველები იყვნენ. saba.com.ge-ზე ყველაზე აქტიური ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ქართული დიასპორაა. 

როგორი იყო ელექტრონული წიგნების ბაზარი „საბას“ დაარსებისას, 2012 წელს, და რა ვითარებაა ამ მიმართულებით ახლა?

საწყის ეტაპზე გარკვეული სახის პრობლემები არსებობდა. saba.com.ge-ზე განთავსებისთვის საჭიროა, რომ გამომცემლობას საავტორო უფლებები წიგნის ელექტრონულ ვერსიაზეც ჰქონდეს. შესაბამისად, ელ.წიგნების რაოდენობაც არ იყო  დიდი, თუმცა დღეს ეს პრობლემა მოგვარდა. ზოგადად, კარგი ტრენდია. ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდება როგორც რეგისტრირებული მომხმარებლების, ასევე გაყიდული ელ.წიგნების რაოდენობა.

ყველაზე მოთხოვნადი - თარგმნილი პროზა, თანამედროვე ქართული პროზა და პროფესიული ლიტერატურაა.  2014 წელს გაყიდული ელ.წიგნების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 60%-ით გაიზარდა. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად 18-დან 44 წლამდე ადამიანები არიან - მოსახლეობის ის ნაწილი, რომლისთვისაც ელექტრონული მოწყობილობები უცხო არ არის. მოგეხსენებათ, ელ.წიგნების კითხვა განსაკუთრებით კომფორტულია მოგზაურობისას, რიგში დგომისას, ტრანსპორტში, აგარაკზე, ყველგან, სადაც კი თავისუფალ დროს გამონახავთ.

რამდენად განსხვავდება ელექტრონული და ბეჭდური წიგნის ფასი და როგორ ფიქრობთ, ხელმისაწვდომია თუ არა ის მომხმარებლისთვის?

saba.com.ge-ზე ელექტრონული წიგნების ფასი ბეჭდურთან შედარებით 30-60%-ით იაფია. ჩვენ მომხმარებლებს 150-მდე უფასო ელ.წიგნსაც ვთავაზობთ.

ზოგადად, „საბაზე“ განთავსებული ელ.წიგნების ფასს თავად გამომცემლები განსაზღვრავენ, თუმცა ელექტრონული წიგნი ბეჭდურთან შედარებით მინიმუმ 20%-ით იაფი უნდა ღირდეს. ასევე, აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ხშირად გვაქვს ფასდაკლებები.

ბიზნესმოდელი იდენტურია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის - ტრანზაქციებიდან შემოსული თანხის 65% გამომცემელს ეკუთვნის.  

რას ნიშნავს იყო „საბას“ ელექტრონული გამომცემელი?

ამ პროექტის დამფუძნებლების ერთ-ერთი იდეა სწორედ ის იყო, რომ დებიუტანტ ავტორებს და მწერლებს საკუთარი ნაწარმოებების გაზიარების საშუალება ჰქონოდათ. 

უცნობი ავტორების გარდა, ჩვენს საიტზე შეხვდებით მწერლებს, რომლებიც ელ.გამომცემლებად თავად დარეგისტრირდნენ, მაგალითად: გურამ დოჩანაშვილი, დათო ტურაშვილი;  ჭაბუა ამირეჯიბის, ანა კალანდაძის, ნოდარ დუმბაძის, ოტია იოსელიანის ოჯახები და სხვ. 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ელ.გამომცემელ ფიზიკურ პირს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი ელ.წიგნი ლიტერატურულ პრემია „საბაზე“ წარადგინოს. მაგალითად, წელს, პრემია „საბას“ დრამატურგიის შორთლისტშია ბასა ჯანიკაშვილის „გაბრაზებული ჩიტი“, რომელიც მხოლოდ ელექტრონული წიგნის სახით არსებობს.

უპირატესობები, რაც saba.com.ge-ს კონკურენტებისგან გამოარჩევს...

უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანი მთავარი ლიტერატურული პრემია, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ელექტრონული წიგნების სახლის იდეა. თანამედროვე ინტერფეისი, კომფორტული რიდერები, აქტიური მარკეტინგული სტრატეგია, ექსკლუზიური ლიტერატურა. მაგალითად, გამომცემლობა „დიოგენეს“ თარგმნილი პროზა ელექტრონული სახით მხოლოდ saba.com.ge-ზეა განთავსებული. ასევე, გვაქვს იმ ტიპის ექსკლუზიური ლიტერატურა, რომელიც ბეჭდური სახით არ არსებობს. (ანთოლოგიები, ბარბარე ჯორჯაძის „სრული სამზარეულო“ და სხვ.) პატარებს ვთავაზობთ უფასო ინტერაქტიულ ქართულ ანბანსა და ზღაპრებს.

საკმაოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხიც. ჩვენი პლატფორმა კომპანია „ლივინგსტონმა“ შექმნა და დაცულია უსაფრთხოების ზომები.

რამდენიმე ექსპერიმენტიც ჩავატარეთ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად - დათო ტურაშვილის ინტერნეტრომანი „სხვა ამსტერდამი“, რომლის ბეჭდური ვერსიაც არ არსებობს, კვირაში ერთხელ მხოლოდ saba.com.ge-ზე ქვეყნდება. ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარეთ ლაშა ბუღაძის მოთხრობების კრებულთან დაკავშირებითაც. სექტემბერში კი გიორგი კეკელიძის - „გურული დღიურების“ გაგრძელებას გამოვაქვეყნებთ, რომელიც ექსკლუზიურად saba.com.ge -ზე დაიდება.  

რა სამომავლო გეგმები აქვს ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“?

ვგეგმავთ საიტის ინგლისურენოვანი ვერსიის შექმნას და ინგლისურად თარგმნილი ქართული ნაწარმოებების განთავსებას, რაც თავისთავად ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ასევე, გვსურს, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოების კუთხითაც ვიყოთ საინტერესო.

ბუნებრივია, ვგეგმავთ საიტზე ახალი ფუნქციების დამატებას, შინაარსის გამდიდრებასა და მრავალ მარკეტინგულ კამპანიას.

სიახლეა ისიც, რომ სექტემბრიდან ჩვენს საიტზე სხვადასხვა მწერლებისა და ავტორების ბლოგპოსტებსაც იხილავთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^