Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი საქართველოს ეროვნული ნაკრების პრესატაშეა

02 სექტემბერი 2015

საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული ახალი ამბების წამყვანი და ჟურნალისტი ოთარ გიორგაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ეროვნული ნაკრების პრესატაშეა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა მან 2007 წლიდან დაიწყო, 2012 წლიდან კი ჟურნალისტობას საქართველოს ნაკრების პრესატაშეობაც შეუთავსა. მისი თქმით, ის ორივე სამსახურში სრული დატვირთვით (განაკვეთით) მუშაობს. გარდა ამისა, გიორგაძე უეფას მედია კომიტეტის წევრია და 2015 წლის სუპერთასის მოსამზადებელ პროცესში იყო ჩართული. საორგანიზაციო საკითხებში ჩართვის პარალელურად მან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერით მაყურებელს, როგორც ჟურნალისტმა, ჩემპიონატის სამზადისისა და გასაყიდი ბილეთების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ოთარ გიორგაძე ამბობს, რომ სხვადასხვა სამსახურში პარალელურად მუშაობის შესახებ ინფორმირებული არიან დამსაქმებლები. „ამ შემთხვევაში ამას არ კრძალავს კანონი, ორივე სამსახურს აქვს ინფორმაცია. რომ ნახოთ ჩემ მიერ მომზადებული სიუჟეტები არ მგონია კითხვები გაგიჩნდეთ“, - განმარტავს პირველი არხის წამყვანი. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი“, რომელიც 2006 წელსაა შემუშავებული არხის თანამშრომლებს რეკომენდაციებს აძლევს. ამ კოდექსის 22-ე მუხლში, რომელიც თანამშრომლების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს ეხება, წერია: „დაუშვებელია, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების საქმიანობაში ჩართვა“. ამ მუხლის მიხედვითვე: „ჟურნალისტებმა, წამყვანებმა, პროდიუსერებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა თავიანთი საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ სხვა არასამაუწყებლო საქმიანობით, ფინანსური ან საინვესტიციო ინტერესებით, ეჭვქვეშ არ უნდა დააყენონ მაუწყებლის მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპები“. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად კი თანამშრომელს შესაძლოა გარკვეული საკითხების გაშუქებაზე უარის თქმა ან სხვა სამსახურის შესრულება მოუწიოს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი თათა ბურდული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ოთარ გიორგაძის ფუნქციებზე საუბრობს. ბურდულის თქმით, გიორგაძეს საქართველოს ნაკრების სახელით განცხადებების გავრცელება ევალება და წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე დღეა დაკავებული.

„რამდენიმე ჟურნალისტი ვიცი, რომელსაც მხოლოდ ერთი სამსახური აქვს, მაგრამ სუბიექტური ნამუშევრები აქვთ. თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ არის ყველაზე დაბალანსებული ოთოა, ჩემი აზრით“, - აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა.

აღსანიშნავია, რომ „ლიბერალის“ მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ სახელმწიფო უწყებებისთვის მიყიდულ ბილეთებზე მასალის მომზადებისას ბურდულმა ოთარ გიორგაძე ფედერაციის პრესამსახურის თანამშრომლად გააცნო და კომენტარების მისაღებად მასთან დააკავშირა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი ამბობს, მისთვის ცნობილი არ იყო გიორგაძე რა თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.

„იურისტები შეისწავლიან სიუჟეტებს და ვნახავთ რამდენად შეეწინააღმდეგება ის ეთიკის კოდექსს. გარდა ამისა, გამოვითხოვთ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან რა პოზიცია უკავია მას“,- აღნიშნა ბარათაშვილმა და დასძინა, რომ მაუწყებელს თანამშრომელთა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის დასადგენად კანონმდებლობით არანაირი ბერკეტი აქვთ.

სიუჟეტების შესწავლის შემდეგ გაირკვევა იმსჯელებს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკის საბჭო ოთარ გიორგაძის საქმიანობაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^