Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორსული თანამშრომლის გათავისუფლება - სასამართლო დავის საგანი

09 სექტემბერი 2015

ახმეტის გამგეობიდან გათავისუფლებული 8 თვის ორსული ანა ახალაური სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

14 აგვისტოს ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა ორსული ანა ახალაურის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა. როგორც ანა ჰყვება, ის ერთი დღით ადრე კუთვნილ დეკრეტულ შვებულებას ითხოვდა. განცხადებაც დაწერა და გამგებელს ელექტრონულად გადაუგზავნა. თუმცა ამბობს, რომ გამგებელმა მას დეკრეტულ შვებულებაზე უარი უთხრა. ის იძულებული გახდა წასვლის შესახებ განცხადება თავად დაეწერა.

„მოვამზადე სადეკრეტო ფურცელი და გამგებელს ელექტრონულად ავუტვირთე. ოფიციალურად ეს შვებულება შვიდი თვის შემდეგ მეკუთვნოდა უკვე. როცა გამგებელმა ჩემი განცხადება წაიკითხა,  მითხრა,  რომ დეკრეტულ შვებულებაში არ გამიშვებდა. შენი ადგილი ვაკანტურია, რამდენიმე დღეში კონკურსი უნდა გამოცხადდეს, გაიარე ტესტირება, გასაუბრება და თუ მოხვდები,  ამის შემდეგ გაგიშვებ შვებულებაშიო.  მან კარგად იცოდა, რომ ასეთ მდგომარეობაში  ტესტირებას ვერ გავივლიდი. იმდენად  ცუდად გავხდი მეტი გამოსავალი იმ დროს ვერ დავინახე და  გათავისუფლებაზე განცხადება დავწერე“, - ამბობს ანა ახალაური. 

ახმეტის მუნიციპალიტეტში ანა ახალაური თითქმის ოთხი წელი მუშაობდა. ადმინისტრაციული სამსახურის წამყვან სპეციალისტად მუშაობის გარდა, ის გამგებლის მისაღებში მდივნის პოზიციასაც ითავსებდა. ადმინისტრაციულ სამსახურში ანა შტატში მას შემდეგ ჩასვეს, რაც ამ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი დეკრეტული შვებულების შემდეგ სამსახურიდან წავიდა. ანა იხსენებს, რომ ერთი თვით ადრე ის გამგებელს დეკრეტული შვებულების შესახებ ესაუბრა. მაშინ ბექა ბაიდაურმა უთხრა, რომ კუთვნილ დეკრეტულ შვებულებას აუცილებლად მიიღებდა. 

„ქუთაისში ვარ გათხოვილი, მაგრამ იმის გამო, რომ დეკრეტული შვებულება უნდა ამეღო, ყოველდღე დავდიოდი, გაცდენა რომ არ მქონოდა და შენიშვნა არ მიმეღო. ახლა გამგებელი იმას ამბობს, რომ მე საერთოდ არ დამიწერია განცხადება დეკრეტული შვებულების შესახებ“  - ამბობს ანა ახალაური.

ანა ახალაური სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. მას გაერთიანებული პროფკავშირებიდან დაუკავშირდნენ და დახმარება შესთავაზეს. მისი საქმით  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისიც დაინტერესდა.

გაერთიანებული პროფკავშირების თავჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი ანას საქმესთან დაკავშრებით სარჩელს ამზადებს. პროფკავშირებიდან ახმეტის გამგეობაში წერილი გააგზავნეს, საიდანაც პასუხს ელოდებიან. როგორც ეთერ მათურელი ამბობს, გამგებელს აქვს შანსი, გამოასწოროს დაშვებული შეცდომა და  ანა  სამსახურში აღადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავა სასამართლოში გაგრძელდება.

„გამგებელმა უარი უთხრა დეკრეტულ შვებულებაზე, ტესტირება ჩააბარეო. ანა მერვე თვეშია და მას არ უნდა ჩაებარებინა ატესტაცია. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ამბობს, რომ ბავშვის გაჩენიდან სამი წლის განმავლობაში თანამშრომელმა ატესტაცია რომც ვერ გაიაროს, ის სამსახურიდან არ უნდა გაათავისუფლონ. კიდევ კარგი ასეთი კანონი გვაქვს. ამ კანონის დაწერისას გათვალისწინებული იყო იმ დედების მდგომარეობა, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ და არ შეუძლიათ ჩაუჯდნენ წიგნებს და იმეცადინონ. თუ ამას კანონი ითვალისწინებს, ახმეტის გამგებელმა რატომ არ გაითვალსიწინა. ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს სასამართლოს წინაშე წარდგენა, მაგრამ  ვინც ფეხმძიმე ქალს ასე ექცევა, ნამდვილად არ უნდა მუშაობდეს იქ“, - ამბობს ეთერ მათურელი.

ახმეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ანა ახალაურის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ პასუხს ყველა დაინტერესებული პირი მიიღებს, მაგრამ ეს პასუხი ჯერ მზად არ არის.

„ამ საკითხზე მუშაობს შესაბამისი სამსახური, გამგეობა მოიტანს ფაქტებს. ჩემი ინფორმაციით, არსებობს ახალაურის  განცხადება  და მასზე არავის არანაირი იძულება არ მოუხდენია. ოფიციალური პოზიცია დაფიქსირდება და გაეგზავნება როგორც პროფკავშირებს, ისე ყველა დაინტერესებულ მხარეს”, - ამბობს ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი დავით აბულაძე.

ახმეტის გამგებლის მიერ რვა თვის ორსული ანა ახალაურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია პირველად „კახეთის საინფორმაციო ცენტრმა“ გაავრცელა.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ინფორმაციით, ანა ახალაური პირველი ორსული არ არის ვინც საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მანამდე კახეთში სამი ასეთი შემთხვევა იყო. ორი ორსული ქალის შემთხვევაში სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის, ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.

გარდა ამისა, საქართველოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 41 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილში ნათქვამია, რომ „მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად, მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია“.   პროფკავშირებში ამბობენ, რომ საინტერესოა, რამდენად იყო შესაძლებელი დასაქმებულის მხრიდან სამსახურიდან ყოველგვარი კომპენსაციის მიღების გარეშე, თავისი ნებით წასვლა.

ანა ახალაურის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროფესიული კავშირების ქალთა კომიტეტში მიჩნევენ, რომ დამსაქმებლის მხრიდან დარღვეულია სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აღნიშნული მუხლის მიხედვით, პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^