Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ უნდა გაუქმდეს სამხედრო სავალდებულო სამსახური

10 სექტემბერი 2015

ჩემს მეგობარს დოქტორანტურაში ჩაბარებამდე 2 კვირით ადრე სამხედრო სავალდებულო სამსახურის 1 წლით გადასავადებლად მხოლოდ იმიტომ მოუწია 2 000 ლარის გადახდა, რომ  გაწვევა სექტემბრის დასაწყისში იყო დანიშნული, ხოლო მისაღები გამოცდა სექტემბრის ბოლოს. უფრო სამწუხარო ფაქტი ჩემს მეორე მეგობარს შეემთხვა. მის ოჯახს სახელმწიფო  ბიუჯეტისთვის გადასახდელი ფული არ ეყო და იძულებული შეიქნა, 1 წელი კანცელარიის შესასვლელთან ემსახურა. ჩემი 26 წლის მესამე მეგობარი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში აბარებდა და ასაკის გამო 1 წლით გაწვევის გადადება ვერ შეძლო,  იმისთვის ემზადება, რომ გლდანის ციხესთან, ე.წ. „ვიშკაზე“ დადგეს, ნაცვლად იმისა, რომ ჰარვარდში ისწავლოს.

 სამწუხაროდ, ეს სამი შემთხვევა გამონაკლისი არ არის. წელს საქართველოს მთავრობამ სამხედრო სავალდებულო  სამსახურში მოქალაქეების გაწვევასთან დაკავშირებით ორი დადგენილება გამოსცა. არსებული წესის მიხედვით, მთავრობა ყოველწლიურად საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევებს აცხადებს. 2015 წლის მდგომარეობით, ორივე გაწვევის საფუძველზე 18-დან 27 წლამდე ასაკის 6436 მოქალაქე გაიწვიეს, რომელთაგან თავდაცვის სამინისტროს შეირაღებულ ძალებში 1599 მოქალაქე მოხვდა. დანარჩენები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაწყოფებში და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ობიექტებზე გადანაწილდა.

 დღევანდელი სისტემის მიხედვით, ყოველწლიურად სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა 6-დან 7 ათას მოქალაქეს ეხება. ძალდატანებითი გაწვევის თავიდან ასარიდებლად მოქალაქეები ხშირად მიმართავენ ისეთ მეთოდებს, როგორიც არის თვითდაზიანებების მიყენება, ქვეყნის დროებითი დატოვება, ექიმებისგან ცრუ  ფსიქიატრიული დასკვნების მიღება, დაბალი აკადემიური მოსწრებების მქონე უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატის ან სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება და ა.შ.  ხშირია შემთხვევები, როდესაც სამხედრო სანაცნობო წრის დახმარებით, თავდაცვის შეიარაღებულ ძალებში გაწვევის ნაცვლად, მოქალაქეები დაცვის პოლიციასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კუთვნილ ობიექტებზე მაგრდებიან. 

 როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, დღევანდელი სისტემით არსებულ „სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულთა 75%-ს თეორიული კავშირიც არ აქვს სამხედრო მომზადებასთან. როგორც 2015 წლის მონაცემები ცხადყოფს, 6436 გაწვეულიდან მხოლოდ 24.8% ანუ 1599 მოქალაქე თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ნაწილებში გაიწვიეს. დანარჩენი 75% შსს-ს დაცვის პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე გადანაწილდა. ყოველწლიურად გაწვეულების 75%-ს სახელმწიფო იყენებს როგორც მუშა ხელს სახელმწიფო თუ კერძო ობიექტების დასაცავად. აღსანიშნავია, რომ გაწვეულთა 75%-ის შრომა უმრავლეს შემთხვევებში ანაზღაურებადი არ არის.

 მსოფლიო ქვეყნების სამხედრო გამოცდილება ცხადყოფს, რომ საჯარისო ერთეულების ეფექტურობას განსაზღვრავს არა მოუმზადებელი არმია, არამედ მაღალტექნოლოგიური იარაღების ფლობა, რომელსაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის რეალური გაზარდოს შეუძლია.

 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებული დისკუსიები დიდი ხანია ამოვარდა პროფესიულ და არაპროფესიულ არმიებს შორის არჩევნის დისკურსიდან. თანამედროვე მსოფლიოს მთავარი კითხვა გახლავთ - როგორ შეიძლება შეასრულოს ტექნოლოგიებმა კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცის როლი უკეთესად? ამ მოცემულობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით დამაფიქრებელია ქართული საჯარისო რეალობა, რომელშიც გაწვეულების 75% არ გადის რეალურ წვრთნას და მხოლოდ ობიექტების დაცვით არის დაკავებული.

 კიდევ ერთი პრობლემა, რაც ამ საკითხს უკავშირდება, არის მოქალაქეთა მხრიდან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებისათვის მოსაკრებლის გადახდა. არსებული წესის თანახმად, გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში სამხედრო სამსახურის 1 წლით გადავადების სურვილის შემთხვევაში მოქალაქე იძულებულია გადაიხადოს 2000 ლარი და ერთი წლით გადაწიოს სამხედრო სამსახურში გაწვევა. იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელი უწყების მიღების შემდეგ დადგენილ ადგილას არ გამოცხადდება, მაშინ კანონით 1 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახები სახელმწიფოსთვის გადასახდელი თანხის დასაფარად საბანკო სესხებს იღებენ, რაც გაჭირვებულ ოჯახებს ზედმეტ ტვირთად აწვება.

 სამხედრო სავალდებულო სამსახურის სისტემის გაუმართაობასა და ცვლილებების საჭიროებაზე საუბარია ნატოს მიერ საქართველოსთვის შემუშავებული რეკომენდაციებშიც. ნატოს რეკომენდაციების მიხედვით, რომელთა შესრულების ვალდებულება საქართველოს აღებული აქვს, 2016 წლის ბოლოსთვის უარი უნდა ვთქვათ სამხედრო სავალდებულო სამსახურზე და მთლიანად გადავერთოთ საკონტრაქტოზე. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ პოზიციას იზიარებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელიც, რომელმაც 9 ივლისს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის მივიდეს პარლამენტში და ნებისმიერ ფორმატში დაიწყოს დისკუსია ქართული ჯარის საკონტრაქტო სისტემაზე გადასასვლელად.

 საკონტრაქტო სამხედრო ურთიერთობები გავრცელებულია განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში. თანამედროვე სამყაროსგან განსხვავებით, საქართველო სამხედრო სავალდებულო გაწვევის კუთხით საბჭოთა ბიუროკრატიულ მემკვიდრეობას აგრძელებს, რომლის გაუქმების ვალდებულება 2016 წლის ბოლომდე გვაქვს.

 სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყნების თავდაცვითუნარიანობა არ განისაზღვრება ჯარისკაცების რაოდენობით, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას განსაზღვრავს ტექნოლოგიური მიღწევები და მათი ფლობა, თანამედროვე იარაღი და არა, თუნდაც კარგად გაწვრთნილი, ავტომატიანი მებრძოლების რაოდენობა.

 სამხედრო სავალდებულო სამსახურის მომხრეები თავის პოზიციას არსებული სისტემის შედეგად  ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის შემცირებით ხსნიან. არადა, 2013 წელს ირაკლი ალასანიას მიერ გამოცხადებული რეკრუტირების შედეგად 4 ათასზე მეტი მსურველი გამოცხადდა, რაც 2015 წელს თავდაცვის სამინისტროში გაწვეული მოქალაქეების რაოდენობაზე (1599) 2.5-ჯერ დიდი ციფრია. როგორც 2013 წლის გაწვევამ აჩვენა, ქვეყანაში საკმაოდ ბევრი მოქალაქეა, რომლებიც მზად არიან იარაღის გზით დაიცვან სამშობლო.

 აღნიშნული სისტემის ცვლა 2017 წლიდან დაიწყება. სამწუხაროდ, 2017 წლამდე კიდევ რამდენიმე ათასი ახალგაზრდა ემსხვერპლება გაწვევის დღევანდელ სისტემას.

 

 გურამ ჩაფიჩაძე -  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი ; პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტი.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^