თითქმის 2 წელია, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრების, გამოსვლების, განკარგულებებისა და დადგენილებების შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება. ამდენივე ხანია, საიტზე გაჩნდა წარწერა - "საიტი მუშავდება". სააკაშვილისა და მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მუშაობის დროინდელი ინფორმაცია ერთად ახალ სერვერზე მოცულობის გამო ვერ დაეტია.
„წინა სერვერი არ იყო საქართველოში და დიდი მოცულობის იყო. ახლა ადგილობრივ რესურს ვიყენებთ“, - განმარტა პრეზიდენტის პრესამსახურის ხელმძღვანელმა, თიკო მჟავანაძემ.
მისი თქმით, საიტის ახალი დიზაინი უკვე მზადაა და მის გასაშვებად პრეზიდენტების გამოსვლების შესახებ საარქივო მასალის მიღებაა საჭირო, რომლის ნაწილსაც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ელოდებიან.
„შინაარსობრივად ბევრი რამის დამატება გვინდა, მაგრამ არქივი იყო პრობლემა. ყველა პრეზიდენტის გამოსვლები არ არის გაციფრულებული და მოპოვება გაგვიჭირდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რაც არის, იმით დავიწყოთ და მერე ნელ-ნელა შევავსოთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის პრესამსახურის ხელმძღვანელმა, რომელმაც დასძინა, რომ წინა პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ახალ საიტზე აღარ აიტვირთება, რადგან მისი ნახვა „საკანონმდებლო მაცნეზეც“ შესაძლებელია.
განახლებული საიტის ამუშავებამდე საქართველოს პრეზიდენტის საიტზე მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის თანამდებობაზე მუშაობის დროს გამოცემული დოკუმენტები და ფოტო-ვიდეო მასალაა განთავსებული. საიტის განახლების შემდეგ კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების შესახებ ინფორმაცია „ისტორიის“ განყოფილებაში განთავსდება.
საქართველოს პრეზიდენტის საიტის განახლება გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის (17 ნოემბერი, 2013 წელი) შემდეგ დაიწყო. მარგველშვილი 2013 წლის 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. მან ამომრჩევლის ხმათა უმრავლესობა მიიღო და საქართველოს პრეზიდენტი გახდა.