რას ნიშნავს მწვანე პედაგოგიკა და როგორ შეიძლება ასწავლო მდგრადი განვითარების პრინციპები მოსწავლეებს ყველაზე ეფექტურად? იქნებ შესაძლებელია ასწავლო გარემოს დაცვა ოღონდ... გერმანული ენის გაკვეთილზე, ანდა ხელოვნების, ან სულაც ისტორიის გაკვეთილებზე?
გოეთეს ინსტიტუტის პროექტი „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ ქართულ სკოლებს ახალ მეთოდს სთავაზობს. პროექტში ახლა ამიერკავკასიიდან შერჩეული 35 სკოლა მონაწილეობს. გერმანული ენის, საბუნებისმეტყველო საგნების, ხელოვნების, გეოგრაფიისა თუ სხვა საგნის მასწავლებლები გერმანელი სპეციალისტების დახმარებით სწავლობენ, როგორ შექმნან ერთობლივი პროექტები, როგორ მოახერხონ თავიანთი საგნის გაკვეთილებში გარემოსდაცვითი საკითხების ჩართვა. თბილისში გამართულ საერთაშორისო, კონფერენციაში მონაწილეობის გარდა, საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შერჩეულმა მასწავლებლებმა სპეციალური სემინარები გაიარეს. ისინი დეკემბერში კი საბოლოო პროექტებს წარმოადგენენ.
მწვანე პედაგოგიკის პრინციპებზე, მნიშვნელობასა და ახალ პროექტზე ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტის პროფესორს ვილიამ ლინდერს ვესაუბრეთ:
რას ნიშნავს მწვანე პედაგოგიკა და როგორია მისი ძირითადი პრინციპები?
მწვნე პედაგოგიკა არის იდეა და არა რომელიმე კონკრეტული პროგრამა ან პროექტი. „მწვანე პედაგოგიკაში“ ვგულისხმობთ იმას, თუ რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა იმისთვის, რომ მდგრადი, დაცული და მშვიდობიანი მომავალი შეიქმნას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში სკოლის ჩართულობა. ჩვენი აზრით, სკოლის სივრცეში სხვადასხვა პროექტით შესაძლებელია ამ იდეის წახალისება. ჩვენ არ ვასწავლით უშუალოდ გარემოს დაცვას, მაგრამ შეგვიძლია, რომ ვასწავლოთ გარემოსდაცვითი საკითხები სხვადასხვა საგნის ფარგლებში, განვიხილოთ ეკოლოგიური პრობლემები ისტორიის, ხელოვნების თუ ბიოლოგიის კონტექსტში. ეკოლოგია და მდგრადი განვითარება შეიძლება არ იყოს გამოყოფილი ცალკეულ მიმართულებად, მაგრამ მისი პრინციპების გააზრება ბავშვებს სხვადასხვა საგნის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტზე მუშაობით შეეძლოთ. იქნება ეს ნარჩენების დახარისხება, სპორტული მოედნის აშენება, სკოლაში არსებული სიძველეების მუზეუმად ქცევა, ენერგიის დაზოგვა თუ ასე შემდეგ.
ჩვენი პროექტის „Vernetzt für Nachhaltigkeit“(გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის) კონცეფცია ეფუძნება, ე.წ. CLIL-ის (Content and Language Integrated Learning) სწავლების მეთოდს, რომელიც უცხო ენისა და კონკრეტული დისციპლინის ინტეგრირებას ახდენს. სოციალური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ზოგიერთი საკითხის სწავლება შესაძლებელია, მოხდეს შერჩეულ უცხო ენაზე, რაც საგნობრივი ცოდნის გარდა, ინტერდისციპლინარულობას, კომპლექსურ აზროვნებასა და შემოქმედებითობას უწყობს ხელს. აღარ არის აუცილებელი, რომ გერმანული ენის გაკვეთილზე მხოლოდ არტიკლის თუ ზმნის შესახებ მივიღოთ ინფორმაცია. ენის შესწავლის პარალელურად, ჩვენ შეგვიძლია გარემოსდაცვითი თემებიც განვიხილოთ და დავამუშაოთ.
რამდენად ადვილი მისაღწევია მსგავსი მიდგომის დანერგვა განვითარებად ქვეყნებში?
მე არ ვიცი, როგორია ამ კუთხით საქართველოს კანონმდებლობა, მაგრამ წესით, საქართველო გარემოსდაცვით განათლებაში 1977 წლიდან არის ჩართული. იუნესკოს პირველი კონფერენცია გარემოსდაცვითი განათლების შესახებ სწორედ საქართველოში ჩატარდა, ამიტომ ის უკვე აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ მიმართულების განვითარებაში.
თუმცა მთავარი აზრი სწორედ ისაა, რომ არ შეიძლება გარემოს დაცვა ცალკე, განყენებულად ასწავლო. ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების პრინციპები ყველა სხვა საგნის სწავლებისას უნდა იყოს გათვალისწინებული. ამიტომ აუცილებელია ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პედაგოგებს შორის. ეს სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც მოითხოვს პედაგოგების და გარემოსდამცველი ორგანიზაციების გაერთიანებას. ეფექტიანი გარემოსდაცვითი განათლება სხვანაირად ვერ მიიღწევა.
იუნესკოს ახალ სამოქმედო პროგრამაში ზუსტად ამ საკითხებზეა საუბარი. იქ ვკითუხლობთ, რომ უნდა შევცვალოთ მიდგომები, სწავლების მეთოდები. კონფერენციაზე საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრისგან მოვისმინე, რომ ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა. ვისურვებდი, ბევრ სხვა ქვეყანაშიც მომესმინა მსგავსი წინადადებები სკოლებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად. რაც შეეხება პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, ისინი უამრავ კითხვას სვამენ და შესაშური მონდომებით ცდილობენ ამ სემინარებისგან მაქსიმუმის მიღებას.
ხომ არ ფიქრობთ, რომ მასწავლებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობის გადამზადება ფიზიკურად და ფინანსურად საკმაოდ რთული იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებას კი დრო დასჭირდება? რა არის ამ პროცესში ყველაზე სერიოზული ბარიერი?
მსგავსი პრობლემები ავსტრიასაც ჰქონდა. მასწავლებლობა ყველაზე მარტოსული პროფესიაა. შენ ურთიერთობა ბევრ კოლეგასთან გაქვს, მაგრამ საკლასო ოთახში მაინც მარტო შედიხარ და მარტო ატარებ გაკვეთილს. ამიტომ ვფიქრობ, გოეთეს ინსტიტუტის წამოწყება ძალიან საინტერესოა ამ კუთხითაც: ჩვენ ვიწვევთ ორ მასწავლებელს - უცხო ენისა და სხვა საგნის მასწავლებლებს. ისინი ერთმანეთსაც უზიარებენ გამოცდილებას, საბოლოოდ კი ბავშვებს კომპლექსურად აწვდიან დარგობრივ და გარემოსდაცვით ცოდნას. მსგავსი სემინარები, ტრენინგები და პროექტები კი ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ მასწავლებლები ასეთ პირობებში ერთად მუშაობას შეეჩვიონ. სინამდვილეში ეს შეიძლება საინტერესოსთან ერთად სახალისოც აღმოჩნდეს.
აბსოლუტურად განსხვავებული სპეციალობის ადამიანები ერთად იწყებენ მუშაობას. ისინი პრობლემების ერთად მოგვარებასაც სწავლობენ, ეს ყველაფერი კი, განათლების პროცესში ინტეგრირებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როგორია ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი ინსტიტუტის სწავლების მეთოდები? როგორ სპეციალისტებს ამზადებთ?
ჩვენს უნივერსიტეტს ჰყავს ორი მიმართულების სტუდენტები. ერთი მიმართულების სტუდენტები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგები ხდებიან, მეორენი კი - ბიოლოგები და გარემოსდაცვითი პედაგოგები. შემდეგ ხდება კოლიზია. პირველი გუნდი ბუნებრივი რესურსების, გარემოს მაქსიმალურ გამოყენებაზეა ორიენტირებული. ეს უფრო აგრარული ნაწილია. მეორე კი გარემოს დაცვას ცდილობს. შემდეგ ამ ორ გუნდს ერთმანეთს ვახვედრებთ და ისინი ერთად აგრძელებენ სწავლას. მათი ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. ისინი სწავლობენ, რომ ორივე მიმართულებას თავისი ინტერესი აქვს და შეუძლებელია, რომელიმე იყოს უპირატესი. ერთს სურს გარემოსგან ფინანსური სარგებლის მიღება, მაგრამ ამავე დროს უფლება არ გვაქვს, რომ გარემოს ინტერესები არ გავითვალისწინოთ. ამ კონფლიქტის მაგალითზე ისინი იგებენ, რომ სიმართლე ორივე მხარესაა. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება მათთვის. გარემოსდაცვითი პედაგოგიკის პოლიტიკა და მთავარი მიზანიც სწორედ ამ ორი განსხვავებული მიმართულებისა და ინტერესების ერთმანეთთან შეპირისპირება და დაკავშირებაა. მათ შორის დისკუსია და აზრთა გაცვლა ჩვენი მთავარი მიღწევაა. სწავლის ბოლო ეტაპზე, პრაქტიკის ფარგლებში, გარკვეული ხნის განმავლობაში ისინი ვალდებულნი არიან გაკვეთილების ნაწილიც ერთობლივად ჩაატარონ.
ანუ ამბობთ, რომ ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურ გამოყენებასა და გარემოს დაცვით ინტერესებს შორის არსებული კონფლიქტის პროვოცირებას და მოდელირებას სწავლის პროცესშივე იწყებთ?
სწორედ ასეა. მსოფლიოში სხვადასხვა ეპოქაში მიდგომები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. თავიდან დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია გარემოს დაცვისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობა. მაგრამ განვითარებული ქვეყნების ეს ამბიცია ძნელი მისაღებია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან მათთვის ეკონომიკური წინსვლა და ზოგჯერ პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა პრიორიტეტული. ამიტომ გვაქვს ინტერესთა კონფლიქტი. მე არ მგონია, რომ სოციალური საკითხების გათვალისწინება პირდაპირ მიგვიყვანს მდგრად ეკონომიკამდე, მაგრამ მგონია, რომ ამ ორი მიმართულების დაკავშირება შესაძლებელია. მთავარია, ამაზე ბევრი ვილაპარაკოთ და ვიკამათოთ.
როდესაც კონფლიქტს ასეთი მასშტაბი და საფასური აქვს, ყველა პრობლემა ვერ გადაიჭრება, მაგრამ დისკუსიებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ჩვენ სწორედ ერთმანეთთან დიალოგს ვაჩვევთ ჩვენს სტუდენტებს, რადგან მიგვაჩნია, რომ არ შეგვიძლია პრობლემების გადაწყვეტის სწორი გზის სწავლება. ამიტომ მთავარი, რასაც მათ ვასწავლით, ერთად მუშაობაა. ვფიქრობთ, ესაა მწვანე პედაგოგიკის არსიც.
რაც შეეხება გოეთეს ინსტიტუტთან ერთად მიმდინარე პროექტს, ის ერთი წლის წინ საზაფხულო სკოლით დაიწყო. ჩვენ შევკრიბეთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სკოლებიდან ახალგაზრდები და მათ დაიწყეს ცოდნის გაზიარება. მოგვიანებით კი უკვე ინტეგრირებული სწავლების მოდელის დანერგვაც დავიწყეთ.
ეს სამი ქვეყანა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა საინტერესოა, რომ სამივე ქვეყნის წარმომადგენლები ამაყობენ საკუთარი გარემოთი, მთებით, მდინარეებით, საერთოდ ბუნებით. შესაძლოა, ეს სწორედ ისაა, რაც ამ ქვეყნებს აერთიანებს და შესაძლოა, ერთობლივმა პროექტებმა ასწავლოს მათ, რომ სინამდვილეში საერთო პრობლემები აქვთ და რეგიონში მშვიდობის გზაც ამ ბუნების დაცვაზე გადიოდეს.
„რასაც ვიცნობთ, ის გვიყვარს და რაც გვიყვარს, იმას ვიცავთ“ - ეს იყო კონფერენციაზე თქვენი გამოსვლის ერთ-ერთი გამხსნელი ფრაზა, ხომ არ ფიქრობთ, რომ გარემოსდაცვითი სწავლების პროცესი საკლასო ოთახებსაც უნდა გასცდეს?
თანამედროვე ტექნოლოგიები ანაცვლებს ფიზიკურ აქტივობებს. ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ჩართული ახალგაზრდები ნაკლებ დროს ატარებენ ბუნებაში. სმარტფონებით აღჭურვილ გოგონებსა და ბიჭებს ზოგჯერ ძნელად წარმოუდგენიათ, რა ხდება გარეთ. ავსტრიაში კვირაში ერთხელ ერთი საათით, ე.წ. ჰაერზე ყოფნის გაკვეთილი ტარდება. და ისედაც, რატომ უნდა ვაჩვენო მოსწავლეებს ხეები ბიოლოგიის წიგნში, როდესაც შემიძლია ისინი ეზოში გავიყვანო და ამ ხეების ძირში დავსვა? ჩემთვის მთავარი არაა იცოდნენ, რა ჰქვია ამა თუ იმ სახეობას, მთავარია იცოდნენ, რომ ის გარემოს ნაწილია და სიამოვნებდეთ, უყვარდეთ იქ ჯდომა.
ამგვარად ისინი ყველაფერს თავიდანვე სხვაგვარად აღიქვამენ. მახსოვს, როდესაც ერთხელ მოსწავლეებს დავავალე, დაეწერათ რისი უფლება ჰქონდათ ხეებს, ერთ-ერთმა გოგონა დაწერა: ხეს უფლება აქვს არ იყოს გახვეული ელექტროენერგიის კაბელებში.
როდესაც ვამბობ, რომ ბუნება კარგი ცხოვრების გარანტია, არ ვგულისხმობ, რომ ყველამ უნდა მიატოვოს ურბანული გარემო. შესაძლოა ვცხოვრობდე ვენის მსგავს დიდ ქალაქში, მაგრამ იქ, სადაც ვიცხოვრებ ბევრი სიმწვანე იყოს და ჩვენს სიახლოვეს იყოს თუნდაც პატარა პარკები. არაა აუცილებელი ერთი ცენტრალური პარკის არსებობა. შესაძლებელია ჩვენს საცხოვრებელ, ცენტრალურ უბნებში იყოს ბაღები. მაგალითად, ვენაში სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მანქანების მოძრაობა აიკრძალა და ფეხით მოსიარულეთა და მწვანე ნარგავებით დაფარულ ქუჩად იქცა. მე დიდ ქალაქში ვცხოვრობ და ეს ურბანული გარემო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ასეთ ქალაქებში თავი რომ კარგად იგრძნო, აუცილებელია, ბუნებასთან სიახლოვის შესაძლებლობაც გქონდეს.
რამდენად მნიშვნელოვანია მწვანე პედაგოგიკის სკოლამდელ, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში თანმიმდევრული, უწყვეტი ინტეგრირება?
კანონმდებლობაში, როგორც წესი, მსგავსი ინტეგრაციები გათვალისიწნებულია ხოლმე, მაგრამ ამას პრაქტიკაში ხშირად ვერ ვხედავთ. თუნდაც ავსტრიაში არის ასეთი პროგრამა „ეკოლოგი“, რომელიც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში „მწვანე საკითხების“ შეტანას გულისხმობს. მაგრამ ავსტრიის 8000-მდე სკოლა-ბაღიდან პროექტში მხოლოდ 500 სკოლა და საბავშვო ბაღია ჩართული. შეიძლება ზოგიერთი პრობლემა მოვაგვარეთ - სკოლაშივე ისწავლეს ბავშვებმა ნარჩენების დახარისხება და სწორი მართვა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მიეჩვივნენ ენერგიის დაზოგვას და ა.შ. ცალკეული ინიციატივები კარგია, მაგრამ თუ უფრო ფართო კუთხით მიდგომები არ შეიცვლება, ძნელია, დიდი შედეგის მიღწევა.
თუ ჰყავს თქვენს საქმიანობას სკეპტიკოსები და რას პასუხობთ ხოლმე მათ?
გარემოსდაცვით განათლებას ზოგი ნამდვილად ეჭვის თვალით უყურებს და ეს კარგიცაა იმიტომ, რომ მათთვის პასუხის გაცემისას ჩემი არგუმენტები უფრო დამაჯერებელი ხდება.
ყველაზე დიდი სკეპტიკოსები ის ადამიანები არიან, ვისთვისაც ეკონომიკური ინტერესებია უპირატესი. მაგრამ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილება, იშვიათი სახეობების გაქრობა და მსგავსი თემები მნიშვნელოვანი არ არის და გარემოს არ სჭირდება დაცვა. ამიტომ ისევ მხოლოდ და მხოლოდ ერთად მუშაობით შეგვიძლია გადაკვეთის წერტილების პოვნა.