Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯარისქალები

30 სექტემბერი 2015

ხშირად ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული ქალის დანახვა საზოგადოების გაოცებას იწვევს. საქართველოში ქალისა და კაცისთვის შესაფერისი პროფესიების ირგვლივ სტერეოტიპების არსებობას კვლევებიც ადასტურებს. ცოტამ თუ იცის, რომ ქვეყნის დაცვაზე მამაკაცებთან ერთად ქალებიც ზრუნავენ და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობენ. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და სათანადო პირობების არარსებობის გამო ქალების ჯარში მოზიდვა რთულია. უთანასწორობაზე საუბრობენ სამხედრო სამსახურში მყოფი ქალებიც. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებს ისინი ყველგან ხვდებიან  - სამსახურში, ოჯახში, საზოგადოებაში.

უფროსი სერჟანტი, 36 წლის ნინო ლომაია 13 წელია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. მართალია, ჯარისკაცობა მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა და თავდაცვის სამინისტროში მოსვლა უმუშევრობის გამო გადაწყვიტა, მაგრამ დღეს საკუთარი წოდება ეამაყება და ახლა უკვე მასტერ სერჟანტის წოდების მიღებისთვისაც ემზადება.

ნინო ავღანეთში მისიით იმყოფებოდა და რიგითი ჯარისკაცის სამსახურსაც ითავსებდა. ამბობს, რომ შეიარაღებულ ძალებში ყოფნა, მით უფრო მისიაში მონაწილეობა, ადვილი სულაც არ არის, მაგრამ მთავარია, იცოდე,  აქ რატომ ხარ. ამისთვის ფსიქოლოგიური მზადყოფნაც საჭიროა.

ნინოს დღე 6 საათზე იწყება. სამსახურში მისვლამდე ან დარბის, ან იოგას ვარჯიშობს. ამბობს, რომ ჯარისკაცი ფიზიკურად ჯანმრთელი უნდა იყოს. გარდა ამისა, პერიოდულად მათთვის სავალდებულო ნორმატივების ჩასაბარებლად მუდმივი ფიზიკური მზადყოფნაც სჭირდება.

9 საათზე უკვე სამსახურში უნდა იყოს. მას ველზე მეტად შტაბში მუშაობა  უწევს. ამიტომ დროის ძირითად ნაწილს დოკუმენტების მოწესრიგებაში ატარებს.

დამღლელი სამუშაო დღის მერე სადმე წასვლას ოჯახის წევრებთან სახლში დაბრუნებას ამჯობინებს, არასამუშაო დღეებში კინოში ან თეატრში დადის.

ნინო დასაოჯახებელია. გადაჭრით ვერ ამბობს, შეუშალა თუ არა ამაში ხელი პროფესიამ. თუმცა ამბობს, რომ სტერეოტიპის მსხვერპლია, რადგან საზოგადოებაში ქალი ჯარისკაცი "უხეში, დაკუნთული და კაცისმკვლელია".

“ეს ტყვიას ტყვიაში დააჯენს... ეს რა საშიში იქნება... - ასეთი შეხედულება აქვთ. არადა, ამ დროს ჩვეულებრივი ქალბატონები ვართ და სამოქალაქო სფეროში მოღვაწე ქალბატონებისგან არაფრით განვსხვავდებით. მაგრამ რადგან იარაღი გვიჭირავს და სროლებში ვმონაწილეობთ, ჩვენზე არასწორი წარმოდგენა აქვთ”, - ამბობს ნინო "ლიბერალთან" საუბრისას.

თავად მიიჩნევს, რომ ფორმის გარეშე ვერავინ ხვდება, რომ სამხედროა. თუმცა სახლში ზოგჯერ მბრძანებლური ტონი აქვს, რის გამოც ოჯახის წევრების შენიშვნებს იმსახურებს.

მისი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, თავდაპირველად ნინოს ოჯახის წევრებს მის სამუშაოსთან  შეგუება უჭირდათ. უფროსი სერჟანტი იმ შემთხვევას იხსენებს, როცა ღამის სამ საათზე ხელმძღვანელმა ტელეფონზე დაურეკა და სამსახურში მისვლა უბრძანა, რაც ოჯახის წევრებს არ მოეწონათ. თუმცა ახლა ნინოს ოჯახის წევრებიცა და მეგობრებიც მისი ცხოვრების სტილს ისე შეეჩვივნენ, გამოძახებისას სამსახურამდე მის მიყვანაზე თავად ზრუნავენ.

“მამაჩემს ძალიან ეამაყება, რომ სამხედრო ვარ. ჩემი ფოტო, რომელზეც  ავტომატით  ხელში ვარ,  ყველგან დააქვს და ყველას აჩვენებს, ჩემი გოგო ასეთ ღირსეულ სამსახურშიაო”.

7 და 10 წლის შვილები ჰყავს მაიორ ნათია ჩიტაურს. იგი 10 წელია შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. ამჟამად საერთაშორისო სწავლებებს უწევს კოორდინაციას.

ბავშვობაში ექიმობასა და მასწავლებლობაზე ოცნებობდა. აიღო კიდეც მასწავლებლის დიპლომი, მაგრამ ამ მიმართულებით წასვლას ჯარისკაცობა ამჯობინა და დღეს საკუთარი არჩევნით კმაყოფილია.

პროფესიას მისთვის ოჯახურ ცხოვრებაში ხელი არ შეუშლია. მისმა მეუღლემ, თავადაც ყოფილმა სამხედრომ, ნათია სამხედრო ფორმაში გაიცნო. მას მისი სამსახურის თავისებურებებიც კარგად ესმის.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახსა და სამსხურს შორის დროის გადანაწილება არ უჭირს, ბავშვები დედის გვიან ღამით სახლიდან გასვლას მაინც აპროტესტებენ.

“მე იმიტომ უფრო ვნერვიულობ, ისინი რომ ნერვიულობენ, მაგრამ რა ვქნა. ეს ჩვეულებრივია ამბავია, შვილი გყავს, ოჯახი გყავს, მაგრამ სამსახური სხვაა. ვერაფერს იზამ, ეს ჩემი არჩევანია, მე აქ მოვედი და ჩემი მოვალეობა უნდა შევასრულო”.

გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ნათია ბავშვების აღზრდასა და  მოვლაში ჩართვას მაინც ახერხებს. სახლის საქმეებს, ძირითადად, შაბათ-კვირას აკეთებს. სკოლის კრებებს იშვიათად, მაგრამ მაინც ესწრება.

ნათია ქალი ჯარისკაცების მიმართ საზოგადოების განწყობაზე საუბრობს და სკოლაში ბავშვის პირველ კრებას იხსენებს, რომელსაც  გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.  მაიორის თქმით, მისი პროფესიის დასახელებამ კლასში მშობლებისა და მასწავლებლების გაოცება გამოიწვია. ნათია ამბობს, რომ ყოველი ახალი ადამიანის გაცნობისას ასე ხდება.

“მინდა ვთქვა, რომ სამხედრო სამსახურში მყოფი ქალები ჩვეულებრივი ქალები არიან და არ განსხვავდებიან სხვა ადგილზე დასაქმებული ქალბატონებისგან”.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქალთა მიღება პრობლემას არ წარმოადგენს, მათი რიცხვი მაინც მცირეა. დღეისათვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1834 ქალი მსახურობს, რაც თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძის ინფორმაციით, საერთო რაოდენობის მხოლოდ 7%-ია.

შეიარაღებულ ძალებში ქალებისათვის არც შესაბამისი წოდების, პროფესიისა და თანამდებობის შეთავსებაა შეზღუდული, თუმცა იქ ლიდერ თანამდებობაზე მყოფი და მაღალი წოდების მქონე ქალთა რიცხვი ძალიან მცირეა.

სამინისტროს ინფორმაციით, ქალი სამხედროები საერთაშორისო მისიებში  სხვადასხვა სამხედრო თანამდებობებზე მსახურობენ და  გენდერის მიხედვით დიფერენციაციას ადგილი არ აქვს. საჭიროების შემთხვევაში, ქალი და კაცი სამხედრო მოსამსახურეები ერთნაირად ასრულებენ დავალებებს. ამასთან, იმ ქვეყნების წეს-ჩვეულებებიდან და რელიგიური აღმსარებლობიდან გამომდინარე, რომლებშიც მისიები ხორციელდება, უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგუშაგოებზე ქალების შემოწმების უფლება მხოლოდ ქალ სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ.

თუმცა ანა დოლიძე ამბობს, რომ ქალები ძირითადად ექთნებისა და ექიმების მოვალეობას ასრულებენ.

“ისინი, ძირითადად, ექიმებად საქმდებიან. ეს კარგია. თუმცა ცუდია ის, რომ მხოლოდ ამ პროფესიით საქმდებიან. ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, სამხედრო ნაწილებს რომ ჩამოუაროთ, ლაზარეთებში სულ მამაკაცები და ქალები შეგხვდებიან. ეს არის ის ადგილი, სადაც ისინი ავტომატურად ნაწილდებიან და მიჩნეულია, რომ ქალი უნდა იყოს იქ, რაც მე გამართლებულად არ მიმაჩნია. წარმოვიდგინოთ სამხედროების ცხოვრების ის რეჟიმი,  მაგალითად, თუ მორიგეობენ, 24 ბაზაზე უწევთ ცხოვრება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საზოგადოების დამოკიდებულება, რომ გოგო რომელიც ღამე სახლში არ მოდის… ანუ ბევრი კულტურული ფაქტორია, რომელიც შეიარაღებულ ძალებში ქალთა ჩართულობას ზღუდავს”, - ამბობს ანა დოლიძე.

მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ქვეყნის თავდაცვის ტვირთი მხოლოდ ერთ გუნდს, ამ შემთხვევაში ერთ გენდერულ ჯგუფს არ უნდა დავაკისროთ და შეიარაღებულ ძალებში ქალთა ჩართულობაც აუცილებელია. თუმცა მისივე განმარტებით, ამ მხრივ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი.

ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონაა, რადგან ქალებს ცალკე საპირფარეშოები და საშხაპეები სჭირდებათ. ამჟამინდელი ინფრასტრუქტურა, ძირითადად, საბჭოთა კავშირის დროსაა აგებული და მამაკაც  ჯარისკაცებზეა  გათვლილი. ამ პრობლემის მოგვარება კი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, რომელსაც სამინისტრო ამჟამად ელემენტარული აუცილებელი პრობლემების მოსაგვარებლად იყენებს.

პრობლემებია ჯარისკაცის ფორმებთან დაკავშირებითაც. თუ გამოსასვლელ ფორმას, ანუ ქვედაბოლოს არ ჩავთვლით, დღეს ქალი ჯარისკაცები ისეთივე ფორმას ატარებენ, როგორსაც მამაკაცები.

კიდევ ერთი პრობლემა შეიარაღებულ ძალებში ქალების მოზიდვა და მათი პოტენციალის სათანადოდ გამოყენებაა.

“ჩვენ ქალებს უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ შეიარაღებულ ძალებში მუშაობა შეძლონ და ამის სურვილი გაუჩნდეთ კიდეც”.

ანა დოლიძე აცხადებს, რომ შეიარაღებულ ძალებში ქალების მოსაზიდად მუშაობა უკვე დაწყებულია. ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ქალს ჯარისკაცობის სურვილი გაუჩინოს, საკონტრაქტო სამსახურია, რომელიც გრძელვადიანი და სტაბილური შემოსავლის წყაროა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 11 ქალი მონაწილეობს, ამასთან, 2009-2015 წლები ავღანეთში მისიით 53 ქალი იმყოფებოდა,   2003-2008 წლები ერაყში - 161 ქალი, 1999-2008 წლები კოსოვოში  – 10 ქალი.

მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ქალის ლიდერ პოზიციებზე დანიშვნა და საზოგადოებაში მათი ცნობადობის გაზრდა.

შეიარაღებულ ძალებში გენდერის თვალსაზრისით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი გენდერული მრჩეველის დანიშვნაა. ამჟამად მათი რაოდენობა 42-ს აღწევს. ისინი ყველა სამხედრო დანაყოფს ხვდებიან და გენდერის შესახებ სემინარს უტარებენ.

“ლიბერალი" ერთ-ერთ მათგანს, თინა გელოვანს იმ ძირითად პრობლემებზე ესაუბრა, რაც შეიარაღებულ ძალებს გენდერთან დაკავშირებით  აქვს. მისი თქმით, მასსა და ჯარისკაცებს შორის ნდობის მაღალი ხარისხია და სხვადასხვა ჩივილებით ისინი მასთან ხშირად მოდიან.

თინა გელოვანის თქმით, ქალ ჯარისკაცთა ძირითადი პრობლემა უთანასწორობის განცდაა  - ისინი ამბობენ, რომ ზემდგომები მათგან მეტს ითხოვენ, ვიდრე მამაკაცებისგან.

უთანასწორობა იგრძნობა თანამდებობაზე დანიშვნის დროსაც. როგორც გენდერული მრჩეველი ამბობს,  ქალს გარკვეული პროფესიების შეთავსებასა და თანამდებობების დაკავებაზე ზემდგომები პირები უარს ეუბნებიან, რადგან ის მამაკაცის პროფესიად მიიჩნევა. თინა გელოვანი მიიჩნევს, რომ ბრძოლის ველზე ქალსაც იმდენივეს გაკეთება შეუძლია, რამდენიც კაცს.

"ომის მონაწილე ვარ, სამედიცინო ასეულს ვმართავდი და იმ დროს ძალიან ბევრი ქალი იყო ჩემ გარშემო. ერთი ქალი მეგობარი მყავს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის მფლობელი,  რომელმაც ეს ღირსეულად დაიმსახურა ომში დაჭრილების გამოყვანით, ტრანსპორტირებით, პირველადი დახმარებით და ა.შ."

"ქალს რა უნდა ჯარში" - თინა გელოვანი ამბობს, რომ ეს ფრაზა მამაკაცი ჯარისკაცების მხრიდან ძალიან ხშირად ისმის. ამიტომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერის კუთხით არსებულ პრობლემებს ქართულ მენტალიტეტსა და ქვეყანაში არსებულ სტერეოტიპებს უკავშირებს. გამოსავალს კი განათლების დონის ამაღლებაში ხედავს.

"გენდერის კუთხით შეიარაღებულ ძალებში არსებული პრობლემების გადაჭრა დამოკიდებულია ქვეყნის განვითარებაზე, საზოგადოების მენტალობასა და განათლებაზე როგორც ზოგადად საზოგადოებაში, ასევე, ჯარში. განათლებული ადამიანი არასოდეს იტყვის იმას, რასაც ლაპარაკობს კაცთა გარკვეული კატეგორია".

თინა გელოვანი შეიარაღებულ ძალებში ქალთა არსებობის აუცილებელ ფაქტორებზე საუბრობს - ქალი ნაკლებად ხისტი და აგრესიულია, რაც აუცილებელია როგორც პოლიტიკაში, ასევე სამხედრო სფეროში. გარდა ამისა, შეიარაღებულ ძალებს მოსახლეობასთან ურთიერთობისთვის აუცილებლად სჭირდება ქალი.

თუმცა მის ხელთ არსებული ერთადერთი ბერკეტი საუბრები და პირადი მაგალითებით რიგითებისა და ზემდგომი პირების დარწმუნებაა, რაც ხშირ შემთხვევაში არ გამოსდის. ამ ეტაპზე გენდერულ მრჩეველს სიტუაციის გასაჯანსაღებლად სხვა ბერკეტები არ გააჩნია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^