Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიწმარიშვილის საქმე - რატომ ვერ იყენებს გამოძიება ოთხ ძირითად მტკიცებულებას

01 ოქტომბერი 2015

2014 წლის 15 ივლისს ეროსი კიწმარიშვილი თავისი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი - ცეცხლსასროლი იარაღით თავზე მიყენებული გამჭოლი ჭრილობა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. წლისა და 2 თვის შემდეგ გარდაცვლილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი და ოჯახის ადვოკატები გამოძიებისას გამოკვეთილ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე საუბრობენ და პროკურატურას ეფექტურობას უწუნებენ.

ისინი პროკურატურასთან თანამშრომლობენ და გამოძიების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე, მტკიცებულებებსა და საქმეში არსებულ დოკუმენტებზეც მიუწვდებათ ხელი. ადვოკატები პროკურატურის მაღალი რანგის პირებსაც შეხვდნენ. თუმცა ბოლო პერიოდში საგამოძიებო უწყებისგან ახალი არაფერი სმენიათ. ოჯახი და ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ საქმის ირგვლივ გაზაფხულის შემდეგ აღარაფერი გაკეთებულა. ისინი გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოები არიან. მით უფრო იმ ფონზე, რომ მათივე ინფორმაციით, პროკურატურას რამდენიმე ხელჩასაჭიდი მტკიცებულება აქვს.    

ვერსიები ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ირგვლივ ამ ფაქტის გახმაურებისთანავე გაჩნდა. არსებობდა მოსაზრება, რომ მან თავი ფინანსური პრობლემებისა და რუსთავის მერობის არჩევნებში განცდილი მარცხის გამო მოიკლა. მაგრამ მეგობრები და ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და  მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. თუმცა დანაშაულის მოტივსა და შესაძლო დამნაშავეზე საუბარი უჭირთ.

ეს ის საკითხია, რაზეც ისინი გამოძიებასთან თავიდანვე ვერ შეთანხმდნენ. პროკურატურა კი შეპირდათ, რომ ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში საქმე აუცილებლად გადაკვალიფიცირდებოდა.

მიუხედავად საქმეში არსებული ოთხი ძირითადი და მნიშვნელოვანი მტკიცებულებისა, დღეს გამოძიება ისევ 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ასეთი მტკიცებულება იარაღზე აღმოჩენილი უცნობი ადამიანის დნმ-ია. გამოძიებამ ის 20 ადამიანის დნმ-ს შეადარა, თუმცა აქედან არცერთს არ დაემთხვა.

“პროკურატურაში ბოლო შეხვედრისას გვითხრეს - აი დნმ, რომელიც ყველას შევადარეთ და თანხევდრა ვერ ვნახეთ, თუ თქვენ იცით, კიდევ ვის უნდა შევადაროთ, გვითხარითო”,- ამბობს ზურა კიწმარიშვილი.

საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა - ვიდეომასალა, სადაც ერთი საეჭვო პირი ჩანს, რომლის იდენტიფიცირებაც გამოძიებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სატელეფონო ანძებიდან ამოღებული ინფორმაცია, რომელიც გამოძიებას შესაძლებლობას მისცემს, იმ პერიოდში შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მოსიარულე ადამიანების ქცევას და მოძრაობებს დააკვირდეს. კიწმარიშვილი ამბობს, რომ ამ მასალის მნიშვნელობაში პროკურორების დარწმუნება დიდ ძალისხმევად დაუჯდა. გამომძიებლებს მიაჩნდათ, რომ ეს არაფრისმომცემი ინფორმაცია იყო.

“მე თითქმის დამარწმუნეს, მაგრამ ჩვენმა ადვოკატებმა არ მოისვენეს. ისინი ამბობდნენ, რომ მათ პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა მხოლოდ ეს რესურსი იყო დარჩენილი და ვიღაცის უდანაშაულობა თუ ბრალეულობა ამით დამტკიცებულა”.

მათ პროკურორები დაითანხმეს და სატელეფონო ანძებიდან ამოღებულ მონაცემებს დღეს შსს-ში სპეციალური ჯგუფი შიფრავს. თუმცა პროკურატურაში აცხადებენ, რომ ისინი შსს-ს მუშაობაში ვერ ჩაერევიან და არავინ იცის, როდის იქნება გაშიფრული ინფორმაციის შედეგები.

გარდაცვლილის ძმა არ გამორიცხავს, რომ გაშიფვრის პროცესი დასრულდეს და შესაბამისმა უწყებებმა თქვან, რომ იქ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. შესაბამისად, ამით ეს საკითხიც დაიხურება.

აღსანიშნავია, რომ საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქებული იური ვაზაგაშვილის საქმე პროკურატურამ სწორედ სატელეფონო ანძების ჩანაწერების გაშიფვრითა და დნმ-ის კვალით გახსნა.(აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა)

გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიძლება ეროსი კიწმარიშვილის პირადი კომპიუტერიდან და პლანშეტიდან ამოღებული მასალები შეიცავდეს. თუმცა გამოძიების ვერსიით, გარდაცვალებამდე დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მისი მხრიდან არანაირი აქტივობა არ ყოფილა.

“თუმცა მე მაქვს ინფორმაცია, რომ მას მიმოწერები ნამდვილად ჰქონდა. ის ფაქტი, რომ ეს ინფორმაცია აღარ არის, ეჭვებს ბადებს”.

ზურა კიწმარიშვილის ინფორმაციით, გამომძიებლებმა ამ ნივთების ამოღება თავდაპირველად კატეგორიულად მოითხოვეს და ამოღების ოპერაცია რამდენიმე დღით მხოლოდ გარდაცვლილის მეუღლის თხოვნით გადაიდო. თუმცა გამოძიება ინტერნეტსივრცესა და კომპიუტერში არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ დაინტერესდა.

“ვიფიქრეთ, რადგან ეს ნივთები ამოიღეს, დაუყოვნებლივ დაიწყებოდა მათი შესწავლა. 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის იანვრამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. რასაც ჩვენი მხრიდან პროტესტი მოყვა”.

მიუხედავად გამქრალი ინფორმაციისა, რომლის აღდგენაც გამოძიებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა, პროკურატურამ ინტერნეტსივრციდან მცირე ინფორმაცია მაინც მოიპოვა და ამის საფუძველზე რამდენიმე პირი დაკითხა. კიწმარიშვილის თქმით, ამ საქმესთან ერთ-ერთი ადამიანის კავშირი გამოიკვეთა, რის გამოც პროკურატურამ მის ქმედებებზე ცალკე ძიება წამოიწყო. თუმცა ამ დრომდე მნიშვნელოვანი არაფერი გამოკვეთილა.

არსებობს დეტალები, რომლებიც ზურა კიწმარიშვილს არანაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნია, თუმცა მათ დამტკიცებას ვერ ახერხებს. ის ვარაუდობს, რომ გასროლა სხვა ადგილზე მოხდა და შემდეგ მანქანა იმ ადგილზე გადმოაგორეს, სადაც დახვდათ. ამაში დასარწმუნებლად მან პროკურატურას მთლიანი ავტოფარეხის დათვალიერებისა და სისხლის კვალის ძიების თხოვნით მიმართა. მიუხედავად თავდაპირველი უარისა, გამომძიებლები ადგილზე მაინც მივიდნენ და სისხლის კვალის ძიებას სპეცილური ხსნარით შეეცადნენ, რომელიც სისხლზე მოხვედრის შემთხვევაში ძალიან მკაფიოდ კაშკაშებს. თუმცა სითხე ძალიან მცირე რაოდენობით ჰქონდათ. ამის გამო ექსპერიმენტი მხოლოდ მანქანის ბოლო ადგილსამყოფელის მიმდებარედ ჩატარდა.

ექსპერიმენტის შედეგად, მანქანის სიახლოვეს, გასროლის მიმართულებით, იმ კედელსა და ბეტონზე, რომელთა მხარესაც ფანჯარა იყო ჩაწეული, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა. რაც ზურა კიწმარიშვილს კიდევ უფრო არწმუნებს თავისი ვარაუდის სისწორეში.

თუმცა სხვა ვერსია აქვს გამოძიებას, რასაც ექსპერტთა პასუხით ასაბუთებენ - შესაძლოა სისხლის კვალი დანაშაულის ადგილზე მომუშავე ექსპერტებსა და გამომძიებლებს წაეშალათ.

“ეს მოსაზრება საქმეშია და გამოძიებისთვის ეს საკითხი ამოწურულია”,- ამბობს კიწმარიშვილი.

მისი თქმით, თუკი ამ ეტაპზე გამომძიებლების ეს შემადგენლობა იტყვის, რომ ყველაფერი გააკეთეს და საქმეს დახურავენ, ის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უფრო კვალიფიციურ ხალხთან გადაამოწმებს.

გარდაცვილის ძმა მიიჩნევს, რომ პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებისას სერიოზული შეცდომები დაუშვა, თუმცა ამის მიზეზებზე საუბარი უჭირს.

იმის გამო, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, საბოლოო შეფასების გაკეთება უჭირს ოჯახის ადვოკატ გაგი მოსიაშვილს. თუმცა ის გამოძიებას ეფექტურობას უწუნებს და ამას შსს-სა და პროკურატურას შორის კომუნიკაციის პრობლემას უკავშირებს.

მისი თქმით, გამომძიებელთან ბოლო სატელეფონო საუბრის მიხედვით, პროკურატურას ახალი ინფორმაცია მალე ექნება.

“საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დროში გაწელილი პროცესია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზედმეტად დიდი დრო გავიდა იმისათვის, რომ ამა თუ იმ მიმართულებით რაიმე შედეგი ყოფილიყო. ფაქტია, რომ გამოძიებამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რაღაც შედეგამდე მივიდეთ და დაზარალებულის ოჯახმა და ადვოკატებმა კითხვებზე პასუხები მივიღოთ”,- ამბობს გაგი მოსიაშვილი.

ზურა კიწმარიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ მისი ძმა მოკლეს. იგი არც დანაშაულსა და “რუსთავი 2-ს” შორის კავშირს გამორიცხავს, თუმცა ამაზე გადაჭრით საუბარი უჭირს.

დაზუსტებით ზურა კიწმარიშვილს მხოლოდ ერთის თქმა შეუძლია - დღეს რომ ეროსი ცოცხალი ყოფილიყო, დაინტერესებულ პირებს “რუსთავი 2-ის” ირგვლივ პროცესების არასამართლებრივად წარმართვა გაუჭირდებოდათ. ხოლო სასამართლო დავის შემთხვევაში ეროსი ერთადერთი მოწმე იქნებოდა, რომელსაც სასამართლოსთვის ზუსტი და რეალური ინფორმაციის მიწოდება შეეძლებოდა.

“რუსთავი 2-ის” გამო შეიძლება მოეკლათ ეროსი - ეს ვერსია ლოგიკაში ჯდება. შესაძლოა ამ საქმის გამო ის ვინმეს თავიდან მოეშორებინა ან რამე სხვა საქმის გამო მომხდარიყო ასე. მაგრამ ვიდრე რეალური სამხილები არ მექნება, ეს მარჩიელობაა. გამოძიებამ კეთილი უნდა ინებოს და თუ ეს ყველაფერი ყურით მოთრეული და არარეალურია, უნდა დაამტკიცოს”.   

შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილი დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დამფუძნებელი და მფლობელი იყო. ისინი 30-30%-იანი წილს ფლობდნენ, 10% კი ტელეკომპანიის მაშინდელ გენერალურ დირექტორ ნიკა ტაბატაძეს ეკუთვნოდა. 2004 წელს ყველა მათგანმა წილები გაურკვეველ ვითარებაში გაასხვისა. მოგვიანებით კი მათ განაცხადეს, რომ ეს იძულებით გააკეთეს. ეროსი კიწმარიშვილმა საკუთარი წილის დაბრუნების მიზნით პროკურატურას მიმართა. სამართლებრივი დავა წამოიწყეს ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმაც.

 კიწმარიშვილმა ბოლო ინტერვიუ გაზეთ “პრაიმტაიმს” მისცა, სადაც აღნიშნა, რომ “რუსთავი 2-ისა” და “მაესტროსთვის” ბრძოლას ბოლომდე მიიყვანდა და თუკი სასამართლო პროცესი საქართველოში მისთვის არასასურველი შედეგით დასრულდებოდა, დავას სტრასბურგში გააგრძელებდა.

მისი ძმის ინფორმაციით, საქმეში დევს ერთი ადამიანის ჩვენება, რომელთან პირად საუბრებშიც ეროსი ამბობდა, რომ თავისი აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა და ამაზე გარკვეული პირების ქმედებებს ელოდებოდა. ზურა კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ რადგან მისი ძმა რაღაცის მოლოდინში იყო, ესე იგი, ის თავს დაცულად ვერ გრძნობდა. იგი არ გამორიცხავს, რომ იარაღიც სწორედ ამის გამო შეიძინა.

“რაღაცები ზედაპირზეც ჩანს, რაღაცები შეიძლება არც ჩანს, ის ელოდა საფრთხეს. შესაძლოა მან სწორედ ამ ყველაფრის გამო შეიძინა იარაღი, რომ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში გამოეყენებინა”.

რა მოხდა 2014 წლის 15 ივლისს - ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა თუ მოკლეს? თუკი ეს მკვლელობა იყო, ვინ და რა მოტივით ჩაიდინა ის? ვინ დგას ამის უკან? - ამ კითხვებზე პასუხი გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას პროკურატურამ უნდა გასცეს.

ზურა კიწმარიშვილი ვარაუდობს, რომ გამოძიება თავის სათქმელს მალე იტყვის - ან რამე ახალს გაამჟღავნებს, ან საქმეს სულ დახურავს.

“ლიბერალის” შეკითხვებზე, რა ეტაპზეა გამოძიება, არის თუ არა წინსვლა ზემოხსენებული ოთხი მიმართულებით, რომლებზეც გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს, პროკურატურას ერთადერთი პასუხი აქვს - “გამოძიება მიმდინარეობს”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^