საქართველოში 2005 წლიდან დღემდე 36 დიდი ზომის ბავშვთა სახლი დაიხურა. დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ფარგლებში ქვეყანამ ასეთი სახლების დახურვის ვალდებულება აიღო.
ბავშვების ნაწილი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ნაწილი კი მინდობით აღზრდაში გადავიდა. დანარჩენი ბიოლოგიურ ოჯახებს დაუბრუნდა. მათ შორისაა 618 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. თუმცა კვლავ დიდი ინსტიტუციების კედლებში რჩება 83 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი თბილისის ჩვილ ბავშვთა და კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლებში.
კოჯორში დღეს ექვსიდან თვრამეტ წლამდე ასაკის ოცდაცხრა ბავშვი ცხოვრობს. 2008 წელს საბჭოთა პერიოდში მოქმედი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის შენობა გარემონტდა და აქ ბავშვები ოჯახებიდან, ჩვილ ბავშვთა, კასპის და სენაკის ბავშვთა ინსტიტუციებიდან გადმოიყვანეს.
სენაკში გაიზარდა 15 წლის გურამიც. ახლა უკვე ცხრა თვეა კოჯორშია. თავიდან უჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება. ის არ საუბრობს სენაკში ცხოვრების პერიოდზე. მხოლოდ ამბობს, რომ იქ უფრო მოსწონდა. რატომ? – “იმიტომ, რომ იქ ბევრი მეგობარი მყავდა”. მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ახლა ზრდასრულია და მარტყოფის პანსიონში ცხოვრობს: “მინდა, 18 წლის ვიყო და მარტყოფში, ჩემს მეგობრებთან ერთად ვცხოვრობდე”.
აქ მეგობრები არ ჰყავს, დღეებს ძირითადად, ადმინისტრაციის ოთახში, კომპიუტერთან ატარებს. უყვარს მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება. მალე სკოლაშიც იქვე, კოჯორში, წავა.
25 მოზარდი ოთხ საძინებელშია განაწილებული, 4 ბავშვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პალიატიურ დაწესებულებაშია.
მომვლელებს ბავშვები შესაძლებლობების მიხედვით სამ ჯგუფად ჰყავთ დაყოფილი. სახლის ადმინისტრატორი გვიყვება, რომ აქ ყოველდღიურად ბავშვები სხვადასხვა აქტივობით არიან დაკავებული: ”ზოგისთვის ბურთის გაგორებაა მნიშვნელოვანი, ზოგისთვის ფერების ცნობა, თვალით კონტაქტის დამყარება. ფსიქოლოგი სპეციალურ, სენსორულ ოთახში ინდივიდუალურად მუშაობს მათზე - თექა, მძივების აწყობა, ხატვა, ეს მათთვის დიდი თერაპიაა”, - ამბობს ზეინაბ ჯობაძე.
თუმცა ახლა შენობაში რემონტია და ბავშვები დღის უმეტეს ნაწილს ეზოში დამონტაჟებულ საქანელებთან ატარებენ. ერთ კუთხეში 6-მდე მოზარდი ეტლში, გაუნძრევლად ზის. ერთ-ერთ მათგანს თავი ეტლის საზურგეში ჩაურგავს და დროდადრო ტირის. ტირილს თითქმის არ წყვეტს 6 წლის მისი თანატოლიც, რომელიც პერიოდულად მომვლელებს ხელიდან უსხლტება და ჭიშკრიდან გაპარვას ცდილობს.
ერთმანეთს თითქმის არ ეკონტაქტებიან. ბავშვების ნაწილი, ვისაც გადაადგილება შეუძლია, საქანელების ირგვლივ ქაოსურად მოძრაობს. თანატოლი გოგო და ბიჭი საქანელაში ნელა ირწევა.
ცისფერთვალება და გრძელთმიან გიორგის აუტიზმის სინდრომი აქვს. სათამაშო ეზოს ნაწილი კენჭებითაა სავსე. გიორგის კენჭები შემოაქვს და ერთ ადგილზე აგროვებს. რამდენიმე წუთში კენჭებით თამაში ბეზრდება და წრეზე სიარულს იწყებს. თვითონ არ საუბრობს, მასზე ლაპარაკს მომვლელებიც ერიდებიან: ”მშობლებმა მოიყვანეს. მეტს ვერაფერს გეტყვით”.
მაგრამ ყვებიან ლიკაზე, რომელიც კოჯრის ბავშვთა სახლში რამდენიმე წლის წინ მოხვდა: “მშობლებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. ტყეში ცხოვრობდნენ. ვერ წარმოიდგენთ, თავიდან როგორ გვიჭირდა მისი მოვლა - ლაპარაკი არ იცოდა, ელემენტარული უნარ-ჩვევები არ ჰქონდა გამომუშავებული. ახლა დიდი მიღწევები გვაქვს, კარგად იქცევა”.
უფროსი მომველელები - ნატო და მაგდა პროფესიით პედაგოგები არიან. ნატო აქ 2009 წლიდან მუშაობს, მაგდა - რამდენიმე თვეა. ხელფასი 300 ლარი აქვთ: ”სხვა გზა არ მაქვს. უბრალოდ, ასეთ რეალობაში ვარ”, - ამბობს მაგდა და საქანელას არწევს.
ბავშვებს ოთხი უფროსი და უმცროსი მომვლელები ჰყავთ. მათი სამუშაო გრაფიკი დილის 9-დან საღამოს 6 საათამდეა. ღამე მათთან სამი მომვლელი და ექიმი რჩება. მომვლელებთან ერთად დაწესებულებაში ფსიქოლოგი, პედიატრი, ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი მუშაობს.
ბავშვების 99% მედიკამენტებს იღებს - სხვადასხვა ფსიქოტროპულებსა და დამამშვიდებლებს. მორიგე ექიმის ოთახში სენაკიდან გადმოყვანილი გოგონა ჰყავთ, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მთელ დღეებს საწოლში ატარებს.
“ძალიან ვცდილობთ ბავშვებისთვის იდეალური პირობების შექმნას, ინდივიდუალურობის შენარჩუნებას”, - გვეუბნება ბავშვთა სახლის დირექტორი, მაია ჩიტაიშვილი.
წუხს, რომ დაუგეგმავად მივედით და ჩვენი ვიზიტი შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს დაემთხვა. შემდეგ გარემონტებულ კორიდორს გვაჩვენებს, სადაც ბავშვების კომფორტული გადაადგილებისთვის კედლებზე ხის ინსტრუქციებია გაკეთებული. ოთახები მართლაც არეულია, ბავშვების ტანისამოსი აქეთ-იქით ყრია:
“რომ დავლაგდებით, კიდევ გვესტუმრეთ”.
დირექტორი ამბობს, რომ ძალიან რთულია ერთად ბევრი ბავშვის მოვლა და აღზრდა, თუმცა შეუძლებელი არ არის:
“მაგალითად, გურამი, რომელმაც ბავშვობა სენაკში გაატარა, უცებ ჩვენთან გადმოიყვანეს. ბუნებრივია, მას ამის გამო პროტესტი გაუჩნდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი დალაგდა. სირთულეები გვქონდა ყველა ბავშვთან, თუმცა ჩვენი მუშაობის შედეგებიც თვალსაჩინოა. ბავშვმა რომ თავისით ონკანი გახსნა, თეფში სამზარეულოში დააბრუნა, კუბიკი კუბიკს დაადგა - ეს უკვე დიდი შედეგია. ოთო სკოლაში დადის. ახლა კიდევ ოთხი ბავშვი უნდა შევიყვანოთ სკოლაში”, - ამბობს ჩიტაიშვილი.
ისევ ეზოში ვბრუნდებით, ჯერ თბილა, ხის ქვეშ ლეიბზე ერთ-ერთი აღსაზრდელი წევს. მომვლელი მას ფეხებზე მასაჟს უკეთებს.
სანამ დაცვის თანამშრომელი რკინის ჭიშკარს გაგვიღებს, 16 წლამდე ბიჭი ჩვენკენ სწრაფი ნაბიჯით მოდის. თვითდაზიანების შესამცირებლად ხელის მტევანზე მოკრივის ხელთათმანები უკეთია, ხელებზე თეთრი დამცავი აქვს შემოხვეული, თავზე კი თეთრი ჩაფხუტი ახურავს. მანქანას ხელს უჭერს. უნდა, რომ გამოგვყვეს
მისი თანატოლები როგორც დავტოვეთ, ისევ საქანელებთან არიან - ზოგი ეტლში ზის, ზოგი წრეზე დადის, ზოგიც კენჭებით თამაშობს. როლები არც მომვლელებს შეუცვლიათ.
...
“დღეს ბავშვები დიდ ინსტიტუციებში აღარ უნდა რჩებოდნენ, მთავრობამ მათთვის ალტერნატიული სერვისები უნდა აამუშაოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში საშა გრაუმანმა 24 სექტემბერს ომბუდსმენის მიერ გამართულ შეხვედრაზე.
“უყურადღებოდ მიტოვებულები” - ასე დაარქვა საერთაშორისო ორგანიზაცია DRI-იმ 2013 წელს თავის კვლევას, რომელიც ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციას ეხებოდა. ორგანიზაციამ მაშინ თითქმის ყველა დიდი დაწესებულება მოინახულა და მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა: “ეს ბავშვები ისევ მარგინალიზებულნი არიან და განიცდიან ძალადობას. ამიტომ შშმ ბავშვები მთელი სიცოცხლის განმავლობაში საზოგადოებიდან გარიყულნი რჩებიან”.
DRI-იმ საქართველოში სხვადასხვა ინსტუტუციასთან ერთად კოჯრის ბავშვთა სახლიც მოინახულა: “მკვლევრებმა ნახეს ბავშვები და მოზრდილები, რომლებიც მთელ ცხოვრებას უმოძრაოდ ატარებენ: “ქანაობენ წინ და უკან, იკვნეტენ თითებს და აცეცებენ თვალებს. ფსიქოლოგიურმა კვლევამ გვიჩვენა, რომ თვითდაზიანება ხშირად გონების დამთრგუნველი მოწყენილობით და დაწესებულებაში ემოციური ცხოვრების არარსებობითაა გამოწვეული”, - ამბობს საერთაშორისო კვლევა.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოში მიმდინარე ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გრძელდება. ის შეეხება კოჯრის შშმ ბავშვთა სახლსაც და თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლსაც. ვადები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.
“ყველა ბავშვი შესწავლილია და დაგეგმილია მათი მზრუნველობის სავარაუდო ფორმებიც. შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა განსხვავებული მომსახურებების არსებობის საჭიროება - სპეციალიზებული მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, პალიატიური ზრუნვა და სხვ. გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მომსახურების მომწოდებლები. ჯგუფი შეიმუშავებს კონცეფციას, განიხილავს სერვისის მომწოდებლების ყველა წინადადებას, დაგეგმავს იმ საჭირო ტრენინგებს, რომელიც უნდა ჩაუტარდეს როგორც სოციალურ მუშაკებს, ასევე მომსახურების მომწოდებლებს. ის უზრუნველყოფს ფინანსების მოძიებას და იმ საქმიანობების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომელიც საჭიროა შესაბამისი ალტერნატიული მომსახურებების შესაქმნელად კოჯრისა და ჩვილ ბავშვთა სახლების დახურვის შემთხვევაში ბავშვების საჭიროებისა და სტანდარტების გათვალისწინებით”, - აცხადებენ სამინისტროში.
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.