5 ოქტომბერს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და აშშ-ის სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წამომადგენლებმა გამართეს ერთობლივი კონფერენცია თემაზე „უსაფრთხო სკოლა“. შეხვედრისას სპეციალისტებმა უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე, სამართლებრივ განათლებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციაზე იმსჯელეს.
შეხვედრისას მანდატურის სამსახურის მუშაობის შედეგები მიმოიხილეს და აღნიშნეს, რომ სკოლებში დარღვევები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაზეც მანდატურთა მიერ შედგენილი ოქმების სტატისტიკაც მოწმობს. 2014-2015 სასწავლო წელს სკოლებში 29%-ით ნაკლები დარღვევა დაფიქსირდა, ვიდრე 2013-2014 წელს. შემცირდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა თამბაქოს მოწევა, გაკვეთილის ჩაშლის მცდელობა და ფიზიკური ძალადობა.
ჯეიმს მორის ქენედიმ, NASRO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ბოლო 15 წლის განმავლობაში ამერიკის სახვადასხვა შტატში მომხდარი თავდასხმები მიმოიხილა და სკოლებში მანდატურის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 1999 წელს კოლორადოს შტატში ორი სტუდენტის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 13 და დაიჭრა 21 მოსწავლე. 2007 წელს ვირჯინიის შტატში სკოლაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 32 და დაიჭრა 17 მოსწავლე. 2012 წელს დაწყებით სკოლაზე თავდასხმას 10 მოსწავლე და 6 მასწავლებელი ემსხვერპლა. გასულ კვირას ორეგონის შტატის ქალაქ როზბურგში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაიღუპა 10 და დაიჭრა 9 სტუდენტი.
"არ ვამბობ, რომ მსგავს შემთხვევებზე მანდატურს უნდა მოვთხოვოთ პასუხი, თუმცა უდავოა, რომ მანდატურის სამსახური ფუნდამენტური რესურსია, რომელიც სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ამერიკაში სკოლა უფრო უსაფრთხო გახდა. ალბათ გაჩნდება კითხვა, ეს როგორ, თუკი მსგავსი შემთხვევები ისევ ხდება? უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის იშვიათი შემთხვევები. მანდატურები კი არიან იმის გარანტი, რომ სკოლაში მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს", - აღნიშნა ჯეიმს მორის ქენედიმ.
სკოლაში ძალადობის პრევენციაზე მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ზარდალიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ძალადობა სულ უფრო რთული მოვლენა გახდა, რომელსაც ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. თუკი ადრე იგულისხმებოდა, რომ მოძალადეს ძალადობის მსხვერპლზე უშუალო გავლენა ჰქონდა, დღეს ძალადობამ ვირტუალურ სივრცეშიც გადაინაცვლა, მსხვერპლი კი შეიძლება ნებისმიერი მოზარდი იყოს. მისი თქმით, მსგავსი ძალადობის მსხვერპლს აქვს განცდა, თითქოს მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მასზე ძალადობენ,- "ჩვენთან ხშირად ხვდებიან ბავშვები, რომლებიც სწორედ ვირტუალური ძალადობის მსხვერპლმი არიან".
ზარდალიშვილის თქმით, მანდატურის სამსახურის მიზანი, რომ უშუალოდ აღმოფხვრას ძალადობა სკოლაში, საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, მოხდეს ძალადობის პრევენცია. ძალადობრივი ქცევის კორეგირება კი დაწყებითი კლასებიდანვე უნდა დაიწყოს, რადგან ამ პერიოდში პრევენციული ზომები უფრო ეფექტურია.
შეხვედრისას მანდატურის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტებიც მიმოიხილეს. პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ნინო ბურდულმა "პროფესიისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის" შესახებ ისაუბრა.
პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს მოსწავლეებს გაცნობიერებული პროფესიული არჩევნის გაკეთებაში. პროგრამის პილოტირება 2013 წლის ნოემბრიდან დაიწყო, 2014 წლის აპრილიდან კი საქართველოს 107 საჯარო სკოლაში ამოქმედდა. მიმდინარე წელს კი მასში 944 საჯარო სკოლა ჩაერთო. პროგრამა მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. დღესდღეობით მასში 31 არაქართული სკოლაცაა ჩართული.
თუმცა, როგორც ბურდულმა აღნიშნა, არის პრობლემებიც - კვლავ გამოწვევად რჩება მაღალმთიან და მიუვალ სოფლებში მასწავლებელთა ტრენინგების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, არსებობს ენობრივი ბარიერის პრობლემა არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებთან გამოცდილების გაზიარებისას.
ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) ინსტრუქტორები მანდატურებისთვის ოთხდღიან ტრენინგკურსებს ჩაატარებენ, რომლის მთავარი მიზანიც ქართველ და ამერიკელ მანდატურებს შორის გამოცდილების გაზიარება იქნება, რაც მოიცავს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისას პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მოძალადის გამოვლენასა და შესაბამისი ორგანოების დროულად ინფორმირებას.