Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განქორწინების შემდეგ - ბრძოლა თანასაკუთრებისთვის

08 ოქტომბერი 2015

ეს დავა სცდება საოჯახო დავას, რადგან იგი ქმნის სახიფათო პრეცენდენტს ქართულ მართლმსაჯულებაში და  უხეშად არღვევს ქალთა უფლებებს", - ასეთია უფლებადამცველების შეფასება ბაია დავითაიას საქმესთან დაკავშირებით, რომლის  არცერთი მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე გიორგი ებანოიძემ მიიჩნია, რომ ქორწინების პერიოდში შექმნილი და შეძენილი ქონებიდან ბაია დავითაიას არაფერი ეკუთვნის

რვა წლის განმავლობაში ბაია დავითაია და ბიზნესმენი თემურ უგულავა ერთად ცხოვრობდნენ, რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ერთი შვილი ჰყავთ. თანაცხოვრებაზე უარის თქმის შემდეგ, ბაია დავითაიამ ქონების გაყოფის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ბაია დავითაიას ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას კანონსაწინააღმდეგოდ აფასებენ. უფლებადამცველები კი  ამ გადაწყვეტილებით ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.

სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიხედვით, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს და განქორწინების შემთხვევაში ასეთი ქონება მეუღლეთა შორის თანაბრად იყოფა. სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლი კი ამბობს, რომ ერთ-ერთი მეუღლის ქორწინებამდე არსებული ქონება შესაძლოა მეუღლეთა თანასაკუთრებად გადაიქცეს იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ბაია დავითაია და მისი მეუღლე ერთად 2002 წლიდან ცხოვრობდნენ. ბიზნესმენ თემურ უგულავას საკუთრებაშია შპს „აჭარა +”,  სასტუმრო „Holiday Inn“, სასტუმროების ქსელი „რუმსი“ თბილისსა და ყაზბეგში.

ბაია დავითაიას ინტერესებს ორი იურიდიული კომპანია იცავს. ადვოკატებმა და უფლებადამცველებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქმის დეტალებზე ისაუბრეს.

იურიდიული კომპანია „ერისთავი და პარტნიორების“ იურისტი დავით ერისთავი ამბობს, რომ კანონში ცალსახად წერია ქორწინების პერიოდში შექმნილი ქონების თანასაკუთრების შესახებ - ის უნდა გაიყოს. თუმცა ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ბაია დავითაიას  ყველა  ეპიზოდზე უარი უთხრა. იურისტის შეფასებით, სასამართლო გადაწყვეტილება  არა მხოლოდ დაუსაბუთებელია, არამედ  ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. იურისტისთვის გაუგებარია, რა გარემოებებს დაეყრდნო მოსამართლე.

„ეს გადაწყვეტილება თითოეულ ადამიანს ეხება, რადგან ყველა შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში. სასამართლომ ბაია დავითაიას კანონიერ მოთხოვნაზე უთხრა უარი. პირველი პროცესის მიმდინარეობა ბადებს სამართლიან ეჭვს, რომ  ადგილი აქვს სხვა გარემოებს, რადგან ის არა ჯდება სამართლებრივ ჭრილში“, - ამბობს დავით ერისთავი.

საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოში  ადვოკატი გიორგი სარაჯიშვილი აწარმოებდა. როგორც ის ამბობს, მოსამართლემ კანონსაწინააღმდეგოდ  გადაწყვიტა, რომ თანაცხოვრების პერიოდში შექმნილი ქონება თანასაკუთრებად  არ ეღიარებინა, ამის დასასაბუთებლად კი მოსამართლეს  არცერთი არგუმენტი არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ სასტუმრო აჭარის ღირებულება არ გაზრდილა, როცა ის  სასტუმრო Holiday Inn გახდა, რაც  მეუღლეების თანაცხოვრების პერიოდს ემთხვევა.

ადვოკატის თქმით, ქონების გაყოფაზე უარის საფუძვლად სასამართლო უთითებს, რომ ბაია დავითაია აქტიურ მონაწილეობას ვერ იღებდა ქონების ღირებულების ზრდაში, ვინაიდან შვილის მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

„ესაღმაშფოთებელი მიდგომაა, რომლის პრეცედენტი არა თუ ქართულ, არამედ ჩვენზე დაბალგანვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში არ გვხვდება, აღარაფერს ვამბობ ევროპულ და ამერიკულ გამოცდილებაზე“, - ამბობს გიორგი სარაჯიშვილი.

ადვოკატების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია მეუღლეთა თანასწორობა და ქორწინებისას შეძენილი ქონება თანასაკუთრებად ითვლება, რეალურ ცხოვრებაში სამართლებრივი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ თანასწორობის დაცვას. ეს შემთხვევა კი არის მაგალითი, თუ როგორ ირღვევა ქალთა ქონებრივი უფლებები განქორწინების დროს. ქალებს არ აქვთ იმის გარანტია, რომ განქორწინების შემთხვევაში ისინი მეუღლეთა საერთო საკუთრებიდან კანონიერ წილს მიიღებენ.

საქართველოს წარმომადგენელი გაეროს ქალთა კომიტეტში ლიკა ნადარაია ამბობს, რომ ბაია დავითაიას შემთხვევაში ორი მნიშვნელოვანი უფლებაა დარღვეული - სამართალზე ხელმისაწვდომობა და ეკონომიკური უფლება.

„ამ გროტესკურ გადაწყვეტილებაში  ქალს უარს ეუბნებიან უფლებაზე.  ეს არის წმინდა პატრიარქალური გადაწყვეტილება - მე შენ მოგცემ, მაგრამ ჩემი ნებით. შენ არაფერი გეკუთვნის.  ალიმენტს მოგცემ,  მაგრამ კუთვნილ ქონებას და  კონტროლს შენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე არავითარი გზით შენს ხელში არ ჩავაგდებ.  ეს ძალიან სამწუხაროა“, -ამბობს ლიკა ნადარაია.  

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა აბაშიძე ამბობს, რომ ეს საქმე სცდება ბაია დავითაიას ინტერესებს და ეხება თითქმის ყველა ქალს საქართველოში.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არის ქალებისთვის, მაგრამ ის არც კაცებისთვისაა, რადგან მართლმსაჯულება, რომელიც არის რომელიმე ჯგუფის მიმართ, ის ზოგადად მართლმსაჯულებაც არ არის. თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს სამართლიანი სასამართლო, სასამართლო, რომელიც ანგარშვალდებული იქნება ხალხის მიმართ, ის თანაბრად უნდა იცავდეს აბსოლუტურად ყველას უფლებას განურჩევლად სქესისა თუ სხვა ნიშნისა“.  

ანა აბაშიძემ აქცენტი ბავშვთა უფლებების დარღვევაზე გააკეთა. როგორც მან თქვა, სასამართლომ არც კი იმსჯელა ამ საკითხზე. ბაია დავითაიას  ჰყავს გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობის შვილი. იურისტის თქმით, სასამართლოს უდა ესმოდეს, რომ ეს არის თემა,  რომელიც საჭიროებს სენსიტიურ მიდგომას და ამ საქმეების  განხილვის დროს გამოყენებული უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტები, მასში მონაწილეობა მიიღონ პროფესიონალებმა, რომლებიც  სასამართლოს და მხარეებს აუხსნიან, რა  დამაზიანებელი გავლენა შეიძლება იქონიოს მშობლების დავამ არასწრულწლოვანზე იმ შემთხვევაში,  თუ სასამართლო თანაბრად არ გაანაწილებს როგორც ქონებას, ისე ბავშვზე ზრუნვის მოვალეობას ორივე მშობლის მიმართ.

„გადაწყვეტელაბაში წერია, რომ  ბაია დავითაიას არ ეკუთვნის არაფერი საერთო ქონებიდან მარტო იმის გამო, რომ აქტიური მონაწილეობა არ მიუღია ქონების  დაგროვებაში, რადგან ის თავის შვილზე ზრუნავდა. ეს საგანგაშო სიგნალია, რომელზეც არ შეგვიძლია გავჩუმდეთ. ამით მართლმსაჯულებას აქვს ერთი მარტივი გზავნილი  ან არ იზრუნოთ თქვენს შვილზე და ამის ხარჯზე მნიშვნელოვნად  გააუმჯობესეთ თანასაკუთრება, ან მხოლოდ შვილზე იზრუნეთ და თანასაკუთრებიდან არაფერი გეკუთვნოდეთ.  ეს არის საშიში ტენდეცია, რომელიც თუ დამკვიდრდა არა მხოლოდ ქალთა უფლებებს, არამედ კაცების და ბავშვების უფლებებსაც დაარღვევს. ამიტომ ეს საგანგაშო სიგნალია, რომელიც დღესვე უნდა ჩავრთოთ“, - ამბობს ანა აბაშიძე.

სასამართლომ თემურ უგულავას, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი ბავშვის მამას, 25%-ით შეუმცირა ხარჯები, რომელსაც წლების მანძილზე მამა შვილს მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის უხდიდა. ადვოკატების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ორივე მშობელს ავალდებულებს თანაბრად მიიღონ მონაწილეობა შვილის აღზრდაში, ამ შემთხვევაში ამას მხოლოდ დედა ასრულებდა. სასამართლომ კი მამის მხრიდან მშობლის მოვალეობის შესრულების მატერიალური ნაწილიც კი შეამცირა.

საქმე სააპელაციო სასამართლოში ორივე მხარის მიერაა გასაჩივრებული. ბაია დავითაია „Holiday Inn“-ის 35%-იანი წილის მფლობელია, რომელიც მას ჩუქებით აქვს მიღებული. თემურ უგულავა ამ წილის გაყოფას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ უარი უთხრა. ამის შემდეგ მან გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^