Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა განათლება ჰქონდათ ქართველ მწერლებს

03 დეკემბერი 2018

დავიწყოთ შორიდან - ჩვენი პირველი მწერლები განსწავლული ადამიანები კი იყვნენ, თუმცა, დიდი ალბათობით, რაიმე სახის სპეციალური განათლება ვერ ექნებოდათ მიღებული. სავარაუდოდ, მათ სახარება ეცოდინებოდათ კარგად, რაც გამოავლინა კიდეც იაკობ ხუცესმა, ჩვენმა შესანიშნავმა მწერალმა. სახარებასა და წმინდანთა ცხოვრებებს განსაკუთრებით კარგად იცნობს გიორგი მერჩულე.

საერთოდაც, როდესაც მწერლების განათლებაზეა საუბარი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს სინამდვილესა და მეცნიერებაში, ერთ დიდ, ბუნდოვან საკითხთან მივდივართ - რა განათლება ჰქონდა რუსთაველს? სამწუხაროდ, ამაზე არაფერი ვიცით, თუმცა „ვეფხისტყაოსნიდან“ კარგად ჩანს, რომ შოთას საფუძვლიანი ცოდნა უნდა ჰქონოდა მიღებული.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

რა თქმა უნდა, რუსთაველმა იცის ენები, რაც პოემაშიც დასტურდება, მათ შორის სპარსული. არ არის გამორიცხული არაბული და ბერძნული ენების ცოდნაც. მეორე საკითხია, რამდენად იყო შესაძლებელი ასეთი განათლების საქართველოში მიღება. არ არის გამორიცხული, რომ შოთა ევროპაში ნამყოფი კაცი იყოს, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს შესახებ მას არცთუ ურიგო ცნობები აქვს. სავარაუდოდ, ეს ახალგაზრდობის პერიოდში მიღებულ განათლებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

დასანანია, რომ ეს საკითხი საიდუმლოდ რჩება, თუმცა, ვინ იცის, იქნებ ოდესმე ისე გაგვიმართლოს, რომ რუსთაველის შესახებ რაიმე გავიგოთ.

სულხან-საბა ორბელიანმა, ისევე, როგორც უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენელმა არაერთმა ქართველმა ავტორმა, განათლება შინ მიიღო. გარკვეულწილად ეს ტრადიციაც კი იყო.

განათლება ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტია ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებაში. კალოუბნის სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა კეთილშობილთა სასწავლებელში განაგრძო, სადაც მისი მასწავლებელი სოლომონ დოდაშვილი იყო. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის მასწავლებლისა და მოსწავლის გენიალური შეხვედრა, ვინაიდან სწორედ სოლომონ დოდაშვილისგან ისწავლა ბარათაშვილმა ევროპეიზმი და თავად იქცა მის დამფუძნებლად როგორც ქართულ ლიტერატურაში, ისე ქართულ აზროვნებაში.

ნიკოლოზ ბარათაშვილმა ბრწყინვალედ იცოდა ისტორია და როგორც მისი მეგობრები იხსენებდნენ, შესანიშნავი ნუმიზმატიც იყო (სხვათა შორის, ბარათაშვილებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაც).

მიუხედავად იმისა, რომ ტატოს საუნივერსიტეტო განათლების მიღების დიდი სურვილი ჰქონდა, არაფერი გამოუვიდა - ვერც სამხედრო განათლება მიიღო, შრომა მოუწია და როგორც დასრულდა ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, კარგად ვიცით...

ალექსანდრე ჭავჭავაძე - დაიბადა პეტერბურგში და დაამთავრა „ბამანის პანსიონი“, სადაც კარგად შეისწავლა რუსული, ფრანგული, გერმანული ენები. პაჟთა კორპუსში სწავლის შემდეგ, სამხედრო გზით წავიდა და საბოლოო ჯამში გენერლის ჩინი მიიღო.

გრიგოლ ორბელიანი კეთილშობილთა სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დასრულებამდეც, საარტილერიო სკოლაში გადაიყვანეს. სამხედრო კარიერას გაჰყვა და იცით, რომ ამ გზაზე ბევრს მიაღწია.

დიმიტრი ყიფიანმა, ჩვენმა ცნობილმა და მნიშვნელოვანმა მოღვაწემ, მათ შორის მწერლობაში - წერა-კითხვა, ანგარიში და საღვთო რჯული ბავშვობის ასაკში შეისწავლა; ქართულ-რუსულ ოჯახში იზრდებოდა, შესაბამისად, რუსულიც კარგად იცოდა. ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი, 1830 წელს, თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დასრულების შემდეგ, უფროსი მასწავლებლის თანამდებობა მიიღო. ასწავლიდა გეოგრაფიას, არითმეტიკას, ქართულსა და რუსულ ენებს.

ჩვენი დიდი კაცი, ილია ჭავჭავაძე, რაევსკის კერძო პანსიონში სწავლობდა, შემდეგ კი გიმნაზიაში. ილია ჭავჭავაძის განათლებასთან უკავშირდება ერთი უცნაური და ტრაგიკული შემთხვევა. ილია 15 წლისა იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ეს ამბავი მძიმედ გადაიტანა, ცუდი მოსწრება ჰქონდა და მეოთხე კლასში დატოვეს.

სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1857 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა და 4 წლის შემდეგ დაასრულა კიდეც.

ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, პეტერბურგის უნივერსიტეტში, აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, 1859-1863 წლებში სწავლობდა აკაკი წერეთელი, რომელიც რუსეთიდან კანდიდატის ხარისხით დაგვიბრუნდა.

პეტერბურგის უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ისწავლა გიორგი წერეთელმაც, „პირველი ნაბიჯის“ ავტორმა, რომელსაც აკაკის მსგავსად ქუთაისის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული.

ლავრენტი არდაზიანს დამთავრებული აქვს სასულიერო გიმნაზია, ხოლო დანიელ ჭონქაძეს თბილისის სასულიერო სემინარია.

დავით კლდიაშვილი, საინტერესო ბედის მქონე ქართველი მწერალი, რუსული ენის შესასწავლად ქუთაისში, რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს. ამის შემდეგ, გიმნაზიაში შესასვლელად რომ ამზადებდნენ, მამამ სამღვდელო სკოლაში მიაბარა, ბოლოს კი სახელმწიფო ხარჯით, კიევის სამხედრო გიმნაზიაში აღმოჩნდა. სწავლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, დავით კლდიაშვილი მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში შევიდა, საიდანაც სამსახურში ბათუმში განამწესეს. სხვათა შორის, ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ ბათუმში გაატარა. წლების შემდეგ, დავით კლდიაშვილს, სამხედრო სამსახურიდან გადადგომა აიძულეს.

ვასილ ბარნოვი, სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ ზაქარია ბარნაველის ოჯახში დაიბადა.  თბილისში, სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, იქვე მასწავლებლობდა. შემდეგ მოსკოვში, სასულიერო აკადემიაში გადაინაცვლა და იქ ისტორიას სწავლობდა.

ჩვენმა გენიოსმა, ვაჟა-ფშაველამ, ბავშვობა ფშავში, ჩარგალში გაატარა, სადაც მამის, სოფლის მღვდლის, პავლეს წვრილშვილიან ოჯახში იზრდებოდა. წერა-კითხვა მამამ ასწავლა, რომელიც თვითნასწავლი კაცი იყო. ვაჟა თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში სწავლობდა. ამის შემდეგ გორის სამასწავლებლო-საოსტატო სემინარიაში შევიდა, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. ერთხანს თიანეთშიც მასწავლებლობდა.

1883-84 წლებში ვაჟა-ფშაველა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო, თუმცა ხელმოკლეობის გამო სწავლის გაგრძელების საშუალება არ მიეცა. მიუხედავად ამისა, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ვაჟა თავისი ეპოქის ერთ-ერთი უგანათლებულესი კაცი იყო და ამას, დიდი ალბათობით, თვითგანათლებით მიაღწია.

ყოველ შემთხვევაში, ლევ ტოლსტოი რომ გარდაიცვალა, საქართველოში მას, ვაჟას გარდა, გულშემატკივარი არ აღმოაჩნდა. ის შესანიშნავად იცნობდა არა მხოლოდ ტოლსტოის, არამედ ევროპულ ლიტერატურას, ჩახედული იყო ისეთი ფილოსოფოსის ნააზრევში, როგორიც იყო ნიცშე და ა.შ.

ლეო ქიაჩელი 1904-1905 წლებში ხარკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. შემდეგ დააპატიმრეს, ქუთაისის ციხიდან გაიქცა და 1912 წელს შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ჟენევის უნივერსიტეტში სწავლობდა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.  

შალვა დადიანმა, როგორც ჭეშმარიტმა თავადმა, ტრადიციისამებრ, განათლება შინ მიიღო.

გიორგი ლეონიძე სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. სწავლა ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1918 წელს დაამთავრა.

წინამძღვრიანთკარის სასწავლებლის შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილმა ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში ისწავლა. არ დაუმთავრებია, თუმცა ამ მწერალსაც კარგი თვითგანათლება ჰქონდა მიღებული. ბრწყინვალედ იცნობდა ევროპულ ლიტერატურას,  ფსიქოლოგიას, ფილოსოფიას. შეიძლება ითქვას, რომ ესეც ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანს საუნივერსიტეტო განათლება არ აქვს, მაგრამ ათასჯერ მეტი შეძლო, ვიდრე იმ ხალხმა, ვისაც ეს განათლება ჰქონდა.

ერთ-ერთი ყველაზე განათლებული კაცი, ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც, თვითნასწავლიც და უნივერსიტეტებში ნასწავლიც, კონსტანტინე გამსახურდია იყო. სენაკის სააზნაურო სკოლის შემდეგ, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა, მერე კი: პეტერბურგის, კენისბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში სწავლობდა.

1913-1914 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლა. 1914 წელს, თავისუფალი მსმენელი იყო გერმანიაში. ამ დროს ომი დაიწყო და დააპატიმრეს, როგორც უცხოელი. სასჯელს 1 წლის განმავლობაში იხდიდა და როგორც შემდგომში თავად კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, თომას მანის დახმარებით გათავისუფლდა.

1916 წელს უკვე ბერლინის უნივერსიტეტში სწავლობდა, საიდანაც შინ დაბრუნება მოუხდა.

კონსტანტინე გამსახურდიამ მთელი ევროპა სწორედ განათლების მიღების მიზნით მოიარა.  მიუხედავად იმისა, რომ დიპლომი ან ხარისხი არ წამოუღია, სერიოზული განათლება ჰქონდა მიღებული, ფლობდა ენებს, ბევრს კითხულობდა და მუშაობდა საკუთარ თავზე.

გერონტი ქიქოძეს სოფლის ორკლასიანი სკოლა ჰქონდა დამთავრებული, ქუთაისის რეალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ კი ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა. განათლება მიიღო ბერნის უნივერსიტეტშიც, თუმცა დიპლომი არც მას აუღია. მიუხედავად ამისა, გერონტი ქიქოძე ჩვენი მწერლობისა და მთარგმნელობითი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული კაცი იყო.

უაღრესად საინტერესოა გალაკტიონის შემთხვევა. ჩვენ გვყავდა ორი გენიოსი, რომელთაც „მოახერხეს“ და კლასში ჩარჩნენ - ილიასგან განსხვავებით, რომელსაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა - მამა გარდაეცვალა და დაობლდა და ამის გამო ჩარჩა კლასში, გალაკტიონს უფრო საოცარი გამამართლებელი მიზეზი ჰქონდა - გენიოსი იყო და არითმეტიკაში ვერ ერკვეოდა! 1902-1903 წელს არითმეტიკაში საშემოდგომო გამოცდა გამოჰყვა, რომელიც ვერ ჩააბარა და კლასში ჩარჩა. ამის გამო, ბიძაშვილის - ტიციან ტაბიძის კლასში აღმოჩნდა.

1908-1910 წლებში გალა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, სადაც ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა, გამოუშვა ჟურნალი „შუქი“ და ა.შ. ამასთან ერთად, გალაკტკიონს ორკვირიანი სარეჟისორო კურსები აქვს გავლილი მოსკოვში. სულ ესაა მისი ოფიციალური განათლება.

თუმცა, გალაკტიონი რომ უგანათლებულესი კაცი იყო, ამას რა დიდი მტკიცება უნდა?!  თვითგანათლებას მიჰყო ხელი და მშვენივრად იცნობდა მსოფლიო ლიტერატურას. სხვათა შორის, ესაა პოეტი, რომელიც ძალიან სერიოზულად საზრდოობდა ლიტერატურით. მისთვის მთავარი წყარო ყოველთვის ლიტერატურა იყო. ხშირად სდებდნენ ბრალს, რომ ლიტერატურულ წყაროებს იყენებდა, თუმცა ამაში ვერაფერს ვხედავ განსაკუთრებულს, ვინაიდან გალაკტიონი გენიოსი იყო, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, მთლიანად ლიტერატურას ეყრდნობოდა და ამიტომაც, მისი განათლების წყარო ის წიგნები იყო, რომლებსაც მუდმივად კითხულობდა.

დემნა შენგელაია თბილისის რკინიგზის სკოლაში სწავლობდა, საიდანაც ქართულ გიმნაზიაში გადაიყვანეს. შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასულიერო სიტყვიერების ფაკულტეტზე ისწავლა, მაგრამ არ დაუმთავრებია. ამის შემდეგ, 30-იან წლებში, 3 წელი ისწავლა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, თუმცა არც ის დაუმთავრებია.

გრიგოლ რობაქიძემ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ კი ლაიფციგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და დოქტორი გახდა. ოფიციალური თვალსაზრისით, ის ჩვენს მწერლობაში ერთ-ერთი ყველაზე განათლებული მწერალი იყო. შესანიშნავად ფლობდა ენებსაც.

რაც შეეხება სხვა „ცისფერყანწელებს“:

ტიციან ტაბიძე, გალაკტიონთან ერთად, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ კი, 1917 წელს, მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლა.

ასევე, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის შემდეგ, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილსა და ტიციან ტაბიძეს დაუახლოვდა, 1913 წელს პაოლო იაშვილმა ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში ისწავლა, მაგრამ არ დაუმთავრებია.

ვალერიან გაფრინდაშვილმა ჯერ ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა, შემდეგ კი - მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

გადავხედოთ საბჭოთა დროის მწერლობას და ასევე იმ ადამიანებს, ვინც უკვე დამოუკიდებელ საქართველოში მოღვაწეობდნენ:

ნოდარ დუმბაძემ საშუალო განათლების მისაღებად ბევრი იწვალა: სკოლაში სწავლა თბილისში დაიწყო. მშობლების რეპრესირების შემდეგ, აფხაზეთში გადავიდა, აფხაზეთიდან კი, ბოლოს და ბოლოს, ჩოხატაურში ჩავიდა, სადაც სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა დაამთავრა. სწავლის გასაგრძელებლად თბილისში დაბრუნდა და 1950 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა.

რთული საგანმანათლებლო ბედი აღმოაჩნდა ჭაბუა ამირეჯიბს, რომელმაც 46-ე საშუალო სკოლის შემდეგ ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ელექტრო-ტექნიკუმის რადიო ფაკულტეტი მესამე რანგის სამხედრო რადიო ტექნიკოსის წოდებით დაამთავრა. შემდეგ, მისაღები გამოცდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, საიდანაც, ერთი წლის შემდეგ, ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა.

მეორე კურსზე იყო, როცა მისი ცხოვრება აირია და შეიარაღებული აჯანყების მზადების საქმის მონაწილეობისთვის 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

პროკურატურამ განაჩენი გაასაჩივრა, მოსამართლემ კი „ლმობიერი“ სასჯელი - დახვრეტით შეუცვალა. ჭაბუა ამირეჯიბმა 3 თვე სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა, ამ დროს კი სასჯელის ზომა კვლავ შეეცვალა. ვფიქრობ, რომ ეს წლები, თვეები, დღეები მისი განათლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი აღმოჩნდა, რადგან ციხეში სერიოზული თვითგანათლება მიიღო.

გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურება ჩვენი მეორე დიდი მწერალი, საყვარელი და ძვირფასი კლასიკოსი, რომელიც დღესაც აგრძელებს მოღვაწეობას - გურამ დოჩანაშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

საინტერესო ბედი ჰქონდა სიღნაღში დაბადებულ ოთარ ჭილაძესაც, რომლის ოჯახიც ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად და ოთარმაც სწორედ ბათუმში, რუსთაველის სახელობის სკოლაში დაიწყო სწავლა. მეორე მსოფლიო ომის გამო, ოჯახს სიღნაღში მოუხდა დაბრუნება, თუმცა დიდხანს ვერც იქ გაჩერდნენ და ბოლოს და ბოლოს, ოთარმა თბილისის ვაჟთა მე-7 სკოლის დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის კურსდამთავრებულია ანა კალანდაძეც, რომელიც კავკასიური ენების სპეციალისტი გახლდათ, შემდგომში კი ენათმეცნიერების ინსტიტუტში ისწავლა და იღვაწა. ჩვენი დიდი პოეტი ენათმეცნიერი იყო, რაც საკმაოდ იშვიათი ამბავია.

თავის დროზე, პოლ ვალერიმ ასეთი ხუმრობა თქვა - იყო ერთდროულად პოეტი და ფილოსოფოსი, იგივეა, რაც იყო მხატვარი მარინისტი და გემის კაპიტანი. ენათმეცნიერთან ერთად ენის მესაიდუმლე პოეტი იყო - ესეც პრაქტიკულად შეუძლებელი რამ არის, რაც ჩვენმა ანა კალანდაძემ მოახერხა.

დაბოლოს, ვიტყვი, ახალი თაობის წარმომადგენელზე - აკა მორჩილაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. შემდეგ კი დიდხანს მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში. წერდა სტატიებსაც, თუმცა, თავად ამბობს - კარგი ჟურნალისტი არ ვიყავიო. მიუხედავად ამისა, ყველამ კარგად ვიცით, რომ აკა შესანიშნავი პოსტმოდერნისტი მწერალია.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენს ყველაზე დიდ მწერლებს ვერ ვუდასტურებთ „ოფიციალურ“ განათლებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსთაველის განათლებასთან დაკავშირებით მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეიძლება საუბარი. არც ბარათაშვილს, არც ვაჟა-ფშაველას და არც გალაკტიონს არანაირი დიპლომი არ ჰქონიათ. ილია ჭავჭავაძეს იურიდიული ფაკულტეტის დიპლომი კი ჰქონდა, მაგრამ მანამდე, სკოლაში სწავლისას, კლასში ჩარჩა.

ამ თვალსაზრისით, საქართველომ განსაკუთრებული მაგალითი აჩვენა, რადგან, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს - რაც უფრო მეტი პრობლემა ჰქონდათ ჩვენს მწერლებს ოფიციალურ განათლებასთან მიმართებაში, მით უფრო დიდები იყვნენ! კი ბატონო, არაერთი წარმატებული დოქტორი გვყოლია, მაგრამ ლიტერატურაში ამ გენიოსების სიმაღლეებს ოდნავადაც ვერ მიუხლოვდნენ.

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ ყველა ჩვენს დიდ მწერალს სერიოზული მისწრაფება ჰქონდა განათლებისაკენ. აქ შეიძლება განსაკუთრებული სიტყვა ითქვას ნიკოლოზ ბარათაშვილზე - მას ძალიან უნდოდა მიეღო განათლება, იმდენად, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ვერც უნივერსიტეტში ისწავლა, ვერც სამხედრო გზას დაადგა, თვითგანათლება მაინც მიიღო. არავინ ვიცით, რა გზებით მიაღწია ამას, რადგან მაშინ წიგნები და სასწავლო მასალები ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, უდიდესი მადლობა უნდა ვუთხრათ მის მასწავლებელს, სოლომონ დოდაშვილს, რომელმაც შეძლო ბარათაშვილისთვის მთავარი იდეის - ევროპეიზმის მიწოდება! თანაც ეს ისე მოახერხა, რომ შემდეგში ბარათაშვილი მთავარ ქართველ ევროპეისტად იქცა და რუსულ გარემოში ევროპული ხაზის გატარება შეძლო!

რა თქმა უნდა, ესაა მისი მთავარი საგანმანათლებლო მიღწევა, იმიტომ, რომ კაცი, რომელსაც უმაღლესში არ უსწავლია, საქართველოში ევროპეიზმის მასწავლებელი გახდა! იმ ხალხმა კი, ვინც განათლების მიღება შეძლო, ეს ქვეყანა, სამწუხაროდ, რუსეთისკენ წაიყვანა...

ილია ჭავჭავაძემ, იურისტმა კაცმა, გააგრძელა ბარათაშვილის ხაზი და მოახერხა, რომ თავისი ხალხისთვის განათლება მიეცა და მკვდარი ქვეყანა გაეცოცხლებინა.

როგორც უკვე ვთქვით, ვაჟას წერა-კითხვა მამამ ასწავლა, კაცმა, რომელსაც ფშავში დასცინოდნენ - წერა-კითხვა იცისო! დედამ ქართული მითოსი შეასწავლა და ამ ორმა ადამიანმა გვაჩუქა გენიოსი, რომელმაც წარმოუდგენლად მაღალი კლასი გვაჩვენა სწორედ განათლების თვალსაზრისით.

„პატრიოტიზმისა და კოსმოპოლიტიზმის“ ავტორი შესანიშნავი ევროპული საგანმანათლებლო ცენზის მქონე კაცია, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის დამადასტურებელი დიპლომი არ ჰქონია და პეტერბურგში მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი მსმენელი იყო. განათლების თვალსაზრისით, სწორედ ვაჟა-ფშაველამ მოგვცა განსაკუთრებული მაგალითები. მიუხედავად ამისა, სწორედ მან მიიღო საყვედური ქართველი ხალხისგან, რომ თურმე გაუნათლებელი იყო. სხვათა შორის, ასეთი საყვედური გერონტი ქიქოძისგანაც კი მიიღო, რომელსაც განათლებად ევროპის უნივერსიტეტებში სწავლა მიაჩნდა - „ვაჟამ ელექტრონი არ იცოდაო“...

ელექტრონის რა მოგახსენოთ, მაგრამ ვაჟამ ის იცოდა, რომ ქრისტიანების გარდა, სხვა მრწამსის მქონე ადამიანებიც ცხონდებიან!

მხოლოდ ეს აზრიც კი კმარა იმაში დასარწმუნებლად, რომ განათლების თვალსაზრისით, ვაჟა სერიოზულ ფორას მისცემდა ნებისმიერი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს. ამიტომაც არ გვიკვირს, რომ ჩვენმა ყველაზე განათლებულმა მწერალმა, გრიგოლ რობაქიძემ, ერთადერთმა კაცმა, ვინც ევროპიდან დოქტორის ხარისხი ჩამოიტანა - სწორედ ვაჟა-ფშაველა დაასახელა სიმბოლიზმის მამამთავრად!

ვფიქრობ, ვაჟა-ფშაველამ სერიოზულად იძია შური ყველაზე, ვინც მასზე ცუდი სიტყვა თქვა, იმიტომ, რომ დღეს ყველამ ვიცით - მთელი ჩვენი მომავალი ეკუთვნის იმ იდეას, რომელიც მან გვასწავლა - ადამიანი იმაზე მაღლა დგას, ვიდრე ამას ნებისმიერი რელიგიური მოძღვრება გვიხსნის, ხოლო ღმერთი თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს, მათზე, ვისაც სწამთ, ვისაც არ სწამს, ვისაც სხვა ღმერთი სწამს და ა.შ.

საინტერესოა, საერთოდ, როგორ იბადება მწერლობა, რამდენად შეიძლება ამის სწავლა, თუმცა, ჩვენს, ქართულ გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, დავრწმუნდებით, რომ ამ საქმეში თვითგანათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^