ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის შედეგად მე-3, მე-4 კლასებში ახალი საგნის “მე და საზოგადოების” შემოტანა იგეგმება. საგანი, რომლის მიზანიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების სწავლებაა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიერ არაერთგვაროვნად შეფასდა.
მიმდინარე წლის მაისში მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა განათლების სამინისტროს საგნის დანერგვამდე ეკლესიის, ასევე, საზოგადოებისა და რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით საგნის განხილვა სთხოვა.
ამავე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრის სახელზე კანცელარიის შენობაში "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, თბილისის საკრებულოს წევრმა სოსო მანჯავიძემ და დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორმა ზვიად ტომარაძემ მიმართვა დატოვეს, სადაც ნათქვამია, რომ ახალი საგანი, რომლის სწავლების დაწყებაც 3-4 კლასიდანაა დაგეგმილი, წარმოადგენს “ე.წ. ახალი აზროვნების ნიმუშს, რომელიც მთელ მსოფლიოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტულობის ნიღბის ქვეშ უპირისპირდება კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ ტრადიციებს”.
ამავე საკითხზე ტელეკომპანია მაესტროს ეთერში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის დამფუძნებელმა და დემოგრაფიული განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ - ლევან ვასაძემ ისაუბრა.
“მე და საზოგადოება” ახლა ეს ძალიან კარგად შეფუთული პროგრამაა. მიამიტი ადამიანი წაიკითხავს და იტყვის, რომ იქ კაი რაღაცები წერია, გარემოს დაცვა, პასუხისმგებლობა ა.შ. განა შეიძლება საგანს ერქვას “მე და საზოგადოება” და არსად ეწეროს დედა და მამა?” - განაცხადა ვასაძემ.
ვასაძის გამოსვლის შემდეგ Manifest.Ge-ზე საგან “მე და საზოგადოების” მხარდასაჭერ პეტიციაზე ხელმომწერების შეგროვება დაიწყო.
საგნის მხარდასაჭერი განაცხადება გაავრცელა კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველომაც", რომელიც განათლების სფეროში მოღვაწე 13 საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს.
“მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო განათლების როლი უმნიშვნელოვანესია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევისათვის, რომელიც, თავის მხრივ, დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მოქალაქის აღზრდას მოიაზრებს”.
როდის დასრულდება ახალი საგნის გარშემო მიმდინარე განხილვები, რა შეიცვალა პროგრამაში საპატრიარქოსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შედეგად - ამ კითხვებით “ლიბერალმა” განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს - ლია გიგაურს მიმართა.
“განხილვებში ყველა დაინტერესებული ჯგუფი იყო ჩართული. ეს განხილვები გაიმართა როგორც ფართო, ისე ვიწრო ჯგუფებში. საპატრიარქოდან განათლების კომიტეტი იყო ჩართული. ბუნებრივია, რომ საპატრიარქოს განათლების კომიტეტს აქვს ინტერესი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართ. საპატრიარქოს აქვს სკოლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. მათ ჰქონდათ რეკომენდაციები და თანამშრომლობა იყო კონსტრუქციული. ეს დიალოგი დღემდე გრძელდება. მათი შენიშვნები ძირითადად აქტივობების ნაწილს ეხებოდა და არა სტანდარტის ნაწილს. ტერმინებთან დაკავშირებით ჰქონდათ შენიშვნები. საპატრიარქოს წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს საგანი მნიშვნელოვანია და მოსწავლეს ღირებულებების ფორმირებაში ეხმარება”.
როდის იგეგმება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცება?
სტანდარტის დანერგვას მომავალი სასწავლო წლიდან ვეცდებით. სტანდარტთან დაკავშირებული განხილვები ამ თვეში უნდა დასრულდეს. შემდეგ ის დამტკიცდება, მერე დაიწერება პროგრამა, მერე სახელმძღვანელოებზე კონკურსი გამოცხადდება. ამის შემდეგ მასწავლებლების ტრენინგმოდული უნდა გავაკეთოთ და გადავამზადოთ პედაგოგები. მერე უნდა დავნერგოთ საგანი და იმპელემენტაციის პროცესს მონტირონგი გავუწიოთ. დანერგვის შემდეგაც შესაძლოა შევიდეს ცვლილებები. ის, რომ ჩვენ სტანდარტის დამტკიცება საზოგადოების დიდი ინტერესის გამო გავახანგრძლივეთ, იმის მაჩვენებელია, რომ სამინისტრო მზადაა და ღიაა მოსაზრებების მოსასმენად. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ შენიშვნები უნდა იყოს არგუმენტირებული და არა ინტერეპრეტაციებზე დაფუძნებული. დოკუმენტი ხელმისაწვდომია და ვინც გვეუბნება, რომ ამ წინადადების უკან ამ რისკს ხედავს, ჩვენ ამას ვისმენთ, მაგრამ ფანტაზიის სფეროში გადასული ინტერეპრეტაციები კონსტრუქციულ დიალოგს ხელს არ შეუწყობს.
განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საგან “მე და საზოგადოების” შესახებ საზოგადოების სხვადასხვა წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, სამოქალაქო განათლების წინააღმდეგაა მიმართული და მის დისკრედიტაცია უწყობს ხელს. ეთანხმებით ამ შეფასებას?
ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ არჩევანი გააკეთა ღირებულებებთან და განათლების სისტემის ორიენტირებთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ორიენტირი აქტიური, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე ადამიანის აღზრდაა. შესაბამისად ცალკეული ადამიანების სურვილი, დისკრედიტაცია გაუწიონ ამ პროცესს და ჩვენ უარი ვთქვათ აღზრდასა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაზე, შეუძლებელია, რადგან პროგრესი გარდაუვალია და ამ პროცესებს უკან ვერავინ დააბრუნებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს იყო კერძო და სუბიექტური აღქმები. შეიძლება რისკი დაინახეს, შეიძლება სხვადასხვა სტერეოტიპებიდან გამომდინარე მათთვის მიუღებელი იყო რაღაც. ეს არის დოკუმენტი, რომლის განხილვაშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ასეთი ჩართულობით შექმნილი დოკუმენტი ღირებულია იმიტომ, რომ ყველას საჭიროება და ინტერესია გათვალისწინებული. საზოგადოების დაკვეთაა, რომ ჩვენს მოსწავლეებს მივცეთ არამხოლოდ ინფორმაციული ცოდნა არამედ ვიზრუნოთ მათ აღზრდაზე. აღზრდა ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც სხვადასხვა საგანში ცოდნის მიცემა.
აღზრდისა და განათლების გაყოფა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. ამ საგანს კეთილშობილური მიზნები აქვს. ერთ-ერთი მიზანია, მოსწავლეს დაეხმაროს პიროვნებად ფორმირებაში, თავისი და სხვისი უფლებების გაცნობიერებაში.