როგორც უკვე ცნობილია, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება. როგორც კალაძე ამბობს, განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი,რომელთაგან შეჯერდნენ ორზე, კონცეფცია კი ესტონურმა კომპანიამ „კოკო არქიტექსტიმ“ შეიმუშავა. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ორივე პროექტი წარადგინა.
ამის საპასუხოდ ფეისბუქზე ვრცელდება მანიფესტი, რომელსაც უკვე 500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და რომლის ავტორიც ასაბუთებს თუ რატომ უნდა ეთქვას უარი თბილისის ანძაზე წარმოდგენილ პროექტს.
გთავაზობთ მანიფესტის ტექსტს:
თბილისის ანძა ჩვენი ქალაქის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირი და სავიზიტო ბარათია, აგერ უკვე 45 წელი. მიუხედავად იმისა, რომ ის ტექნიკური ნაგებობაა, მისი სილუეტი გამოირჩევა დახვეწილი პროპორციებით და რელიეფთან სწორი შეხამებით. ცნობისათვის ქ. ერევნის სატელევიზიო ანძა, ფაქტობრივად, თბილისის ანძის ზუსტი ასლია (აგებულია იმავე კომპანიის მიერ, იმავე პროექტით) თუმცა მისი პროპორციები მცირედით განსხვავდება თბილისის ანძისაგან, რაც სრულიად უკარგავს მას იმ ხიბლს რაც ჩვენს ანძას აქვს. ამიტომაც თბილისისგან განსხვავებით ერევანში ის ვერ იქცა ქალაქის სიმბოლოდ.
დღეს ჩვენს ანძას იგივე ემუქრება. მის ქვედა ნაწილში მძლავრი ვერტიკალური მასის დამატებით და სამკუთხედი მოცულობის მკვეთრი გასქელებით ვიღებთ სრულიად უსახურ და უპროპორციო ქაოსს. ეს ცვლილება კიდევ უდრო მტკივნეულია, რადგან ანძა ქალაქის უდიდესი ნაწილიდან ხილვადია და ყველა ჩვენთაგანის ყოველდღიურ მხედველობის არეშია.
დაბოლოს, ანძა მდებარეობს მთაწმინდის პლატოზე, რასაც მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მერიასთან არსებული ისტორიული საბჭოს გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, დადებითია, თუმცა წევრთა უმრავლესობას მითითებული აქვს, რომ ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ არსებული პროპორციების უცვლელად.
მოგიწოდებთ, ყველას უთხრათ უარი ამ პროექტის განხორციელებას! წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუდამოდ დავამახინჯებთ თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოს.
ავტორი: გიორგი მახარაშვილი