Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოპოზიციის პოზიციები 2020-ის წინ - ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან

25 დეკემბერი 2018

საარჩევნო ციებ-ცხელება დასრულებულია. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხანგრძლივი, დაძაბული პოლიტიკური ბატალიების  შემდეგ ვითარებას აფასებს, საკუთარ და მოწინააღმდეგის პოზიციებს აანალიზებს. სამომავლო სვლების გათვლას ცდილობს... „ლიბერალი" „რესპუბლიკელების" ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ესაუბრა.

       აღიარებთ თუ არა არჩევნების შედეგებს?

ის, რომ არჩევნები ძალიან ბევრი დარღვევით მიმდინარეობდა, ეს დადასტურებულია. გაყალბების კადრებიც გვაქვს, ამას ვერავინ უარყოფს. იყო მოსყიდვა და ა.შ. არამარტო ქართული არასამთავრობოების, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერაც ძალიან მძიმე დასკვნები დაიდო.

თუმცა, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მე ხშირად ვამბობდი, რომ მიხეილ სააკაშვილი „პრეზიდენტად მუშაობს“. ბევრი ფორმულა მომიფიქრებია, სადაც ჩანდა, რომ მე მას არ მივიჩნევდი სამართლიან გარემოში არჩეულად. მაგრამ, არასოდეს მიხსენებია სიტყვა ლეგიტიმაცია.

მოცემულობაა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია. დემოკრატიული წესით, სამართლიანად და თავისუფლად არჩევნები არ ჩატარებულა, თუმცა ამ შემთხვევაში არ ვსვამ ლეგიტიმურობის საკითხს. ეს არ მიმაჩნია პოლიტიკურად გონივრულად და სწორად.

მიხეილ სააკაშვილის როლი წინა და პოსტსაარჩევნო პერიოდში...

მიხეილ სააკაშვილი არის მარცხის ფორმულა. რაც უფრო აქტიური და პრეტენზიული იქნება ის, რაც უფრო მეტი წამოცდენა ექნება, ვთქვათ ისეთი, როდესაც ჯარს და პოლიციას მოუწოდა დაუმორჩილებლობისკენ, მით უარესი იქნება მისთვის.  

როდესაც მიხეილ სააკაშვილი, ჯერ ფილარმონიაში 29 ნოემბერს, შემდეგ კი მიტინგზე ორ დეკემბერს, აცხადებს, რომ მივესალმოთ პრეზიდენტ გრიგოლ ვაშაძეს, ეს ჩვენთვის, რესპუბლიკელებისთვის მიუღებელია. ეს წითელი ხაზია. თავად ვაშაძესაც არასოდეს უთქვამს, რომ ის პრეზიდენტია.

სააკაშვილის როლი უკიდურესად ნეგატიურია. ამას ჩვენ არასოდეს ვმალავდით.

სამჯერ დანიშნა სპარინგ-პარტნიორად ბიძინამ მიშა. 2016-ში, 2017-ში, 2018-ში. მტრის ხატად გამოიგონა და რინგზე გალახა. თავიდან ორ შემთხვევაში ეს მიშას აწყობდა, რადგან სუსტი იყო, მაგრამ ახლა კინაღამ თავადაც გადავიდა კონტრშეტევაზე და რამდენჯერმე ნოკდაუნშიც ჩააგდო.

თუმცა თქვენ მხარი დაუჭირეთ გრიგოლ ვაშაძეს...

დიახ, ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, საჯარო აქტიურობის კუთხით, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ლევან ბერძენიშვილი, დავით ზურაბიშვილი, მე, აჭარაში ირაკლი შავლეიშვილი... ინტენსიურად ვიყავით საინფორმაციო სივრცეში, და მხარს  ვუჭერდით გრიგოლ ვაშაძეს, როგორც ოპოზიციურ კანდიდატს.

ამ მომენტში თქვენი მხარდაჭერა გრძელდება? თქვენ არ შეერთებიხართ ქუჩის აქციებს.

ჩვენ ამ მომენტში ვართ სოლიდარულნი არამარტო „ნაციონალურ მოძრაობის“, არამედ ყველა პარტიის მიმართ, ვინც ითხოვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

ჩვენ არჩევნების დასრულების შემდეგაც გვქონდა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრა, და დავადასტურეთ, რომ საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნაში ჩვენ ვართ პარტნიორები.

რაც შეეხება ფორმებს - ქუჩის აქციები რესპუბლიკელებისთვის არ იყო მისაღები. ქუჩა ჩვენ არ გვიკვირს, მაგრამ არ შეიძლებოდა გრიგოლ ვაშაძის ქუჩაში გაშვება. გრიგოლ ვაშაძე ქუჩაში  გაცილებით სუსტია, ვიდრე საპრეზიდენტო სოლიდური კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

მიხეილ სააკაშვილის მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ ისაა, რომ მან ფსევდორევოლუციურ, სკაიპის რევოლუციურ სცენარში დააპირა გრიგოლ ვაშაძის ჩართვა, და საწყენია, რომ ვაშაძე ნაწილობრივ დაჰყვა ამას. თუმცა, ცხადია, მისი რიტორიკა სააკაშვილის რიტორიკისგან განსხვავებულია, მას თავი არ გამოუცხადებია პრეზიდენტად.

და მაინც, რატომ არის მიუღებელი ქუჩის აქციები? აკი მართლაც არ არის თქვენთვის უცხო პროტესტის ეს ფორმა.

არჩევნების დამთავრების შემდეგ არ არსებობს მექანიზმები აქციებით წარმატების მიღწევისა. ამის შემდეგ ხდება ოპოზიციური ენერგიის განლევა. მე ვატარებ ამ გამოცდილებას, გრიგოლ ვაშაძისგან განსხვავებით. ის, რაც უფრო დიდხანს დარჩება ქუჩაში, მით უფრო დაღმავალი გზით წავა მის მიმართ განწყობა.

ზოგი ჭირი მარგებელია. დაანონსებული აქციები არ გამოვიდა, რაც მალე გაუსწორებენ თვალს რეალობას, რაც მალე ეტყვიან მიხეილ სააკაშვილს, მათ შორის საჯაროდაც, რომ სხვა ვითარებაში არიან და ფსევდო რევოლუციები არ უნდათ, რომ სურთ ერთიანად, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, პოლიტიკური პარტიების სრული კონსენსუსით დაიწყონ ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის და მოემზადონ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მით უკეთესი იქნება.

რატომ გაქვთ იმედი, რომ  ხელისუფლება დათმობს მაჟორიტარულ სისტემას?

ნებისმიერი პოსტსაბჭოთა სუსტი ხელისუფლება, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ევროპასა და ამერიკაზე, ხანდახან თმობს ხოლმე - ათმობინებენ.

მაგალითად?

თქვენ გახსოვთ, რომ აი, ამ პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია სამივე მოსმენით, სადაც ჩაწერს, რომ 2024 წლიდან არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ბონუსით. ასე იყო მიღებული - პირველ ადგილზე გასულს მიაქვს ყველაფერი. ამ სისტემით, დაახლოებით 38%, სალომემ რამდენიც აიღო, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ დაიმატოს უამრავი მანდატი, და ჰქონდეს ნახევარზე შესამჩნევად მეტი.

ჩვენ ვაკრიტიკებდით ამ ბონუსს, და მთელი ოპოზიციისთვის ეს იყო მიუღებელი.

ამის შემდეგ - ვენეციის კომისიის, ევროსაბჭოს რეკომენდაციებით და ა.შ. ხელისუფლებამ თვითონვე დაიწყო ინიცირება და წელს გაზაფხულზე დაამთავრა ცვლილებები, 2024 წლის არჩევნები ჩატარდება სუფთა სახის პროპორციული სისტემით, ყოველგვარი ბონუსის გარეშე.

შეიძლება არსებობს უკეთესი ფორმები, მაგრამ 2024 წლისთვის ჩვენ გვექნება კარგი საარჩევნო სისტემა. სუფთა პროპორციული, არცერთი მაჟორიტარი იქ არ არის. ხელისუფლებაზე ზეწოლები გადის ხოლმე.

ეს მაშინ, როდესაც საშინაო და საგარეო ფაქტორები სწორად არის მობილიზებული.

წარმოვიდგინოთ, რომ საჭადრაკო დაფასთან ვსხედვართ, სადაც ფიგურების განლაგება პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაციას გამოსახავს. ეს ალბათ მიტელშპილია, რადგან ამ პარტიის ენდშპილამდე, 2020-მდე ორი წელია დარჩენილი. სწორი სვლის გასაკეთებლად როგორც თქვენი ისე მოწინააღმდეგის პოზიციების ობიექტურად შეფასება გჭირდებათ. შევაფასოთ ეს პოზიციები:

იმის მიხედვით, თუ როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის და განსაზღვრავს საარჩევნო სუბიექტების კონფიგურაციას. ამიტომ, რამდენიმე სხვადასხვა ვერსია უნდა განვიხილოთ.

თუ რჩება არსებული საარჩევნო სისტემა, სადაც 77 დეპუტატი ირჩევა პროპორციული სიით, და 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქით, 50%-იანი ბარიერით, ანუ ბევრი მეორე ტურით (ეს ცუდი სისტემაა, ჯახის სისტემა, ორპოლუსიანი სისტემა), ასეთ ვითარებაში იქნება მოთხოვნილება, რომ შეიქმნას დიდი ოპოზიციური, პროდასავლური გაერთიანება, რომლის მიერ წარდგენილი კანდიდატი ერთმანდატიან ოლქში სახელისუფლებო კანდიდატთან კონკურენტუნარიანი იქნება.

აქ მესამე ძალის პერსპექტივები დაბალია, რადგან მაჟორიტარულ სისტემა ძლიერ ალტერნატივას ითხოვს.

 ასე იყო 2003-შიც და ასე იყო 2012-შიც, სადაც უფრო მეტი მაჟორიტარული ოლქი მოიგო ოპოზიციამ, თბილისში - ათიდან ათი; ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი,  თელავი...

ასეთ ვითარებაში ეს საარჩევნო სისტემა ხელისუფლებისთვის სახიფათოა. ის, რომ ჩვენ შეგვიძლია დიდი ანტისახელისუფლებო კოალიციის შექმნა, ეს დადასტურდა ამ 800 000 ხმით, რაც ვაშაძემ ჩვენი მხარდაჭერით მიიღო. (ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ რესპუბლიკელები მხარს დაუჭერდნენ სააკაშვილის მიერ დასახელებულ კანდიდატს. მაგრამ ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს, არც იმის გვეშინია, რომ სააკაშვილის ან ივანიშვილის სატელიტს დაგვიძახებს ვინმე).

რაც უფრო კარგად ვაჩვენებთ ხელისუფლებას ამ საფრთხის რეალურობას, მით უფრო გაუჩნდება მას სურვილი, წამოვიდეს პროპორციულ სისტემაზე. რადგან არსებული სისტემა გვაძლევს ყველაფერს ან არაფერს. ხელისუფლებას დარჩება არაფერი. ისევე როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც 2012 წელს 40% აიღო და არაფერი დარჩა.

პროპორციული სისტემის პირობებში დიდი გაერთიანების საჭიროება აღარ იქნება. 3%-იანი ბარიერის პირობებში მრავალი სხვადასხვა გაერთიანება მოხვდება პარლამენტში და აი იქ შეიკრიბება კოალიციები. კოალიციები არის ევროპული არჩევანი. და კოალიციებთან არც ბიძინა და არც მიშა თავსებადები არ არიან. კოალიციები არის ამ პოსტაბჭოთა ბელადების, ვარსკვლავბიჭუნების, რომლებიც მერე გაურჩხულდებიან ხოლმე, დასასრული. ივანიშვილი და სააკაშვილის ხელს უშლიან ქართულ პოლიტიკურ მომავალს, მათი ჯახი - ანტიმიშა უფრო მაგარია, თუ ანტიბიძინა - პოსტსაბჭოტა საქართველოში ჩაკეტვაა.

ისტორიული გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, რას ნიშნავს თქვენთვის პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა?

დემოკრატიული პროცედურით რომ იყოს არჩეული, დემოკრატიული მანდატი რომ ჰქონდეს, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები რომ აღიარებდნენ პროცესს სამართლიანად წარმართულად, პატიოსან ალალ ბრძოლად, მაშინ რაღაც მნიშვნელობა ექნებოდა. რაც შეეხება დანიშნულს, გინდ ქალი დაგინიშნავს და გინდ კაცი.

მე ვიცნობ სალომე ზურაბიშვილს, სხვადასხვა ოპოზიციური ფორმატებიდან. ის არასდროს ყოფილა ოპოზიციის ლიდერებში. ყოველთვის იყო პოლიტიკური თვალსაზრისით აუტსაიდერებში. მისი პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“ 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველმა შეაფასა 2%-ად, მაშინ როდესაც რეპუბლიკელებმა და კონსერვატორებმა ავიღეთ 12%.

ის არც პერსონალურად და არც პოლიტიკურად ქართული ოპოზიციის წინა რიგებში არ ყოფილა. ამასთან ის ყოველთვის მეტს იღებდა, იყო პრეტენზიული. 2013 წლის არჩევნების წინაც, ის შეხვდა ბიძინას და უთხრა - მზად ვარ პრეზიდენტობისთვისო. მაშინ ბიძინას რეაქცია იყო ღიმილიანი.

ან რისი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო 2016 წელს, როგორც მთაწმინდის დეპუტატი, მთელი „ქართული ოცნება“ ეხმარებოდა.

ან ახლა რა დამოუკიდებელ კანდიდატზეა საუბარი? ადამიანის, ლამაზი ქალის სურათი ჩამოხსნეს და ბიძინა ივანიშვილი დაკიდეს. ის გააქრეს, ის იყო „ქართული ოცნების“ მძევალი. ახლაც ის არის „ქართული ოცნების“ დანიშნული კანდიდატი.

ქალებს რაც შეეხება, საქართველოს იმ ქვეყნების ავანგარდში იყო, ვინც საყოველთაო ხმის მიცემის სისტემა ქალებზეც გაავრცელა, და 130-კაციან დამფუძნებელ კრებაში 5 ქალიც იყო. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ქალი პოლიტიკოსები და მათი განვლილი გზა.

საქართველოში ქალი პოლიტიკოსები არ უკვირთ. ამ თვალსაზრისით რესპუბლიკელებს სიტყვა გვეთქმის. პარტიის პირველი ორი ფიგურა ქალია. მაგრამ იმის გამო კი არ არიან, რომ ქალები არიან. ჩვენ შიდა კვოტირების სტანდარტსაც ვიცავთ, ყველა მესამე განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ჩვენთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობაა.

ბიძინამ რომ თქვა არც თამარ მეფე იყო შემთხვევითი და არც სალომე ზურაბიშვილია შემთხვევითო, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავისი ცნობიერებით ამ საუკუნეში გადმოსული არ არის.

„თამარ მეფე ქალები“ ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.

მწარე კრიტიკას მიიღებთ ამ სიტყვებისთვის...

იმასაც გეტყვით რომ, თამარ მეფეზე არ ვგიჟდები. სულ არ მიმაჩნია ისეთ ფიგურად, როგორადაც სკოლის სახელმძღვანელოებში გვიხატავენ, რომ თითქოს ის იყო ძალიან მაგარი მეფე.

დავით აღმაშენებლის საგარეო პოლიტიკური კურსი, დასავლური, მოატრიალა აღმოსალეთისკენ. იერუსალიმს რომ იღებდა სალადინი, თამარმა შეუთვალა ზურგი დაცული გექნება, ნუ გეშინიაო.

ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანია. და კვოტირებასაც მხარს ვუჭერთ, თუმცა თამარ მეფედ დანიშნულ ქალებს - არა.

ზოგადი კითხვით დავასრულოთ: პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის ერთი რამ არის ცხადი - დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, პოლიტიკური მოვლენები თავისი შინაარსით ჩაკეტილ წრეს ჰგავს. მისი გარღვევა ჭირს. როგორ აღწერთ ამ ვითარებას, რას დაარქმევთ, მიზეზად რას მიიჩნევთ და გამოსავლად რა გესახებათ?

საქართველოში საბჭოურობა არ დაუმარცხებია დემოკრატიას. ლიბერალურ-კონსერვატულ იდეოლოგიას არ დაუმარცხებია კომუნიზმი საქართველოში (კომუნიზმს ვიყენებ, როგორც საბჭოურობის სინონიმს, საბჭოთა ცხოვრების წესის გაგებით). ის დაამარცხა ეთნიკურმა ნაციონალიზმმა. ქართული ეთნონაციონალიზმის პატრიარქი იყო ზვიად გამსახურდია. „აფხაზი ერი არ არსებობს, წავიდნენ თავის სამშობლოში, ჩრდილოეთ კავკასიაში, დაგვითმონ ჩვენ ეს ტერიტორიები“ - ეს არის მისი დამოკიდებულება, მიტინგზე თქმული, კადრებიც არსებობს. ეს არის ზვიად გამსახურდიას დამოკიდებულება აფხაზების მიმართ. არ მინდა გავიხსენო კიდევ როგორი იყო დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ, სხვადახვა ეროვნული მოძრაობის ლიდერისა თუ ლიდერობის პრეტენზიის მქონესი. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, „გაუმარჯოს ქრისტიანულ მართლმადიდებლურ საქართველოს“, „საქართველო ქართველებისთვის“, „ყველა დანარჩენი არის ჩამოთესლილი“. და ა.შ.  

საქართველოში 89 წლის აღწერით 165 000 ოსი ცხოვრობდა. 38 000 ოსი იყო 2002 წლის აღწერით. ახლანდელი აღწერით გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შიდა ქართლიდან გავყარეთ ქართულ ენაზე მოსაუბრე ქართულ სკოლადამთავრებული ჩვენი თანამოქალაქეები.

საქართველოში დემოკრატიას დაარტყა საბჭოურობამ და ნაციონალიზმმა ერთად.

90 წელს არჩეულ უზენაეს საბჭოში ეს ძალები გაერთიანდა. მაშინ შეიქმნა მრგვალ-წითელი ხელისუფლება. მე ვიყავი იმ უზენაესი საბჭოს წევრი, ბათუმის მაჟორიტარი, სულ 11 კაცი ვიყავით არამრგვალი, არაწითელი.

მათთვის, ორივესთვის ჩვენ ვიყავით ყველაზე მიუღებლები, არაზვიადისტური ნაწილი ქართული ოპოზიციისა. ჩვენ წარმოვადგენდით კონსერვატიულ-ლიბერალულ ღირებულებებს. თერთმეტნი ორას ორმოცდაათს შორის. ასეთი იყო ქართველი ერის მაშინდელი არჩევანი. ჩვენ ამას ვიმკით.

ზვიადი - შევარდნაძე, შევარდნაძე - აბაშიძე, სააკაშვილი - შევარდნაძე, ბიძინა - მიშა... ამის გაგრძელება აღარ გვინდა, ეს უნდა დავამთავროთ.

21 დეკემბერს იყო ზურაბ ჭავჭავაძის გარდაცვალების დღე. 13 ოქტომბერს, 89 წელს მოყვა იმ საშინელ ავარიაში. ორთვენახევარი იბრძოლა სიცოცხლისთვის. იმდროინდელმა ხელისუფლებამ ექიმიც დააკლო, წამლებიც.

ის იყო ერთადერთი, იმდროინდელი, ქართველი, პროევროპელი, საერთო ნაციონალური ცნობადობის მქონე პოლიტიკოსი. სხვა ასეთი ჩვენ არ გვყოლია. მას ორი მხრიდან დაარტყეს.

ზურაბ ჭავჭავაძე მისი ფიზიკური დაღუპვიდან თითქმის ერთი წლით ადრე ქართულმა ხელისუფლებამ და ქართულმა რადიკალურმა, პრიმიტიულმა ეთნიკურმა ნაციონალიზმმა მოკვეთა.

ჩვენ არ გაგვისამართლებია საკუთარი თავი კომუნიზმის გამო. მხოლოდ 30-იან წლებზე არ ვსაუბრობ. (ძალიან ცნობილი ქართველები ერთმანეთზე რას კადრულობდნენ და თითზე ჩამოსათვლელია, ვინც არ კადრულობდა). მე ვლაპარაკობ ჩემს თაობაზე. ვინც ამ 80-იან წლებში უკვე ასპარეზზე გამოვედით.

ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიაში ყოფნა თუ ცუდი იყო, 400 000 კომუნისტი რომ იყო კომპარტიაში, ჩვენ ეს არ მიგვაჩნია ცუდ საქციელად.

ჩვენ საკუთარ ნიურნბერგი არ მოგვიწყვია.

ამჟამად თუ მოვახერხებთ ასეთივე დიდი ოპოზიციური პოლუსიდან ამ ხელისუფლების დამარცხებას, ეს დიდი წარმატება ვერ იქნება. ყველა ასეთ პოლუსში ვმონაწილეობდით. გამონაკლისის გარეშე. საქართველოში ხელისუფლება არ შეცვლილა რესპუბლიკელების გარეშე. მერე ყველა ხელისუფლებას ვუპირისპირდებოდით. მე მინდა, რომ ეს დამთავრდეს. რადგან ამგვარ სიტუაციებში ამ პოლუსი პატარა ნიშის დაკავებას ცდილობ, აი როგორც ბიძინასთან მოხდა, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოს პარლამენტმა მიიღო 111-ით 0-ის წინააღმდეგ, ასეთი ანალოგი არ არსებობს. ვითომ საქართველოში ყვავის ადამიანის უფლებები. მაგრამ მაშინ ბიძინა დავარწმუნეთ, რომ ეს საჭიროა, თინა ხიდაშელმა ამეცადინა. იმანაც კარგად იმეცადინა,  შეკრიბა უმრავლესობა, ჩვენ ვესწრებოდით, ცოტა შევეშველეთ. ჯერ კარგი ლექცია წაუკითხა მათ, და მერე თითი უქნია, არ გაბედოთ წინააღმდეგ ხმა არ მისცეთო.

       დიდად დემოკრატიული პროცესისთვის არ შეგიწყვიათ ხელი...

ასეთი იყო მოცემულობა. რომ არ ყოფილიყო ანტიდისკრიმინაციული კანონი, არ იქნებოდა ვიზალიბერალიზაცია.

მაგრამ ასეთ ვითარებებში ერთხელ დაითანხმებ, მეორედ - ვერა.

როდესაც ასეთ სისტემაში ხარ, ისეთი დათმობები გიწევს, რომლისთვისაც ვზღეთ მერე. რესპუბლიკელებმა ქვეყნის წინსვლას ხელი შევუწყვეთ და იმაზე მეტხანს შევრჩით ივანიშვილის კოალიციაში, ვიდრე ამის საჭიროება იყო. ამომრჩეველმა პატიოსნად გაგვცა პასუხი, დაბრძანდით, ახლა ერთხანს დაისვენეთო. იმიტომ, რომ თუ ოპოზიციონერობა გინდა, არჩევნებამდე 5 თვით ადრე კი არ უნდა გაოპოზიციონერდე. ერთი-ორი წლით ადრე მაინც უნდა ჩაუყარო ამას საფუძველი. 

გაიყო რეალურად „რესპუბლიკური პარტია“ და რეალურადაც 2014-ში უნდა გაყოფილიყო. ვისაც ბიძინას პატრონაჟის ქვეშ უნდოდა ყოფნა, იქნებოდნენ ბიძინას ორბიტაზე, ვისაც არ გვინდოდა, ვიქნებოდით უფრო ძლიერად, ვიდრე ვართ ახლა.

პოსტსაბჭოურობა დამთავრდება მაშინ, როდესაც ზურა ჭავჭავაძის ტიპის პოლიტიკა, რომელიც ძალიან ადრე იყო 30 წლის წინანდელ საქართველოში, იქნება რეალისტური 21-ე საუკუნის 20-იან წლებში.

This interview is part of the #DemocraCE project, organized by Visegrad/Insight and the Res Publica Foundation as well as leading publications and editors from across Central and Eastern Europe.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^