- უკრაინის გაერთიანებული ეკლესიის დამოუკიდებლობის გამოცხადება
უკრაინის პოლიტიკური ელიტისა და ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ნაწილის კონსტანტინოპოლთან რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებებისა და ძალისხმევის შედეგად, მიმდინარე წლის 6 იანვარს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ოფიციალურად მოიპოვა.ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოეწერა სტამბოლში, კონსტანტინოპოლში მსოფლიო პატრიარქის – „თანასწორთა შორის პირველად“ წოდებულის მიერ. საეკლესიო დიპლომატიურ ენაზე ეს ნაბიჯი ნიშნავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის თვითმმართველი სტატუსის მინიჭებას და მისი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან სრულად გამოყოფას. უკრაინისთვის ავტოკეფალიის ქონა ნიშნავს არა მხოლოდ ეკლესიის დამოუკიდებლობას, არამედ რუსეთისგან ქვეყნის მეტ კულტურულ და პოლიტიკურგამიჯვნასაც. რუსეთის საპატრიარქოს კონსტანტინოპოლისა და უკრაინის ეკლესიებთან დაპირისპირებამ შესაძლოა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებას დაუდოს საფუძველი. საქართველოს სახელმწიფოს მიერ სწორი პოზიციის დაკავება ამ მოვლენასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინის მომავლისთვის, ისე შავი ზღვის რეგიონში გეოპოლიტიკური ლანდშაფტისთვის, რომელიც გარდაქმნის პროცესშია.
- რამ განაპირობა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება?
რუსეთის ეკლესია ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეშალა უკრაინის 2018 წლის 15 დეკემბერს გაერთიანებულიმართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის, თუმცა ოფიციალურმა კიევმა მაინც მოახერხა წარმატების მიღწევა. უკრაინის მთავრობის მხრიდან ამ საკითხის მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენებას დიდწილად ხელი შეუწყო უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაშვებულმა სტრატეგიულმა შეცდომებმა. კერძოდ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინული ეკლესიის სასულიერო პირთა ნაწილის გამოხატულმა მხარდაჭერამ სეპარატისტებისადმი, რამაც მკვეთრად შეამცირა უკრაინის მოქალაქეების ნდობა ზემოთ ხსენებული ეკლესიისადმი. ამ ბრძოლაში უკრაინის წარმატება ასევე განაპირობა, პეტრო პოროშენკოს პიროვნულმა ფაქტორმა: უკრაინის სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მოლაპარაკებების დროს იგი მედიატორის როლს ასრულებდა და პირდაპირ იყო ჩართული კონსტანტინოპოლთან მოლაპარაკებებშიც. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საარჩევნო დაპირებებს შორის იყო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გამოცხადების ხელშეწყობა, რაც ბუნებრივია მართლმადიდებელ ამომრჩევლებში მის მიმართ კეთილგანწყობას ზრდის. აღსანიშნავია რომ, მართლმადიდებლობასთან უკრაინელების 78% ახდენს იდენტიფიცირებას, აქედან 67% კი თავს მორწმუნედ მიიჩნევს.
- რამდენად ემიჯნება რუსეთის საპატრიარქო კრემლის გეოპოლიტიკურ ინტერესებს?
მიუხედავად არაერთგზის უარყოფისა, მოსკოვის საპატრიარქოს ქმედებები რუსეთის მთავრობის პოლიტიკურ პოზიციებთან, მის იმპერიალისტურ და გეოპოლიტიკურ ზრახვებთან თანხვედრაშია. ბოლო პერიოდში ამის დამალვა სულ უფრო ჭირს. რუსი სასულიერო პირების მიერ ყირიმზე შეტევის განსახორციელებლად გამიზნული რუსული სამხედრო თვითმფრინავების და რაკეტების კურთხევა ამის ერთ-ერთი ბოლო მაგალითია.
მოსკოვის საპატრიარქო ახლა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. არსებობს რეალური რისკი, რომ მოსკოვს მართლმადიდებელ სამყაროში თავისი ზეგავლენა და ავტორიტეტი მკვეთრად შეუმცირდეს. ამას ემატება საკუთრივ უკრაინაში გავლენების დაკარგვის საფრთხე, რაც უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს მრავალმილიონიანი ქონების ნაწილის ჩამორთმევით შეიძლება დასრულდეს. რასაკვირველია, ყოველივე ზემოაღნიშნული რუსეთის ეკლესიას წამგებიან პოზიციაში ამყოფებს, შესაბამისად იგი ცდილობს უკრაინის ავტოკეფალიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები მოსკოვის საპატრიარქოს სამართლებრივი უფლებებით ახსნას. ეს მოსაზრება გამომდინარეობს რუსული ეკლესიის აღქმიდან, რომ კიევი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაბადების ადგილია. გარდა ამისა, ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას კირიარქარული (მმართველი) ეკლესიის (მოსკოვის) თანხმობის გარეშე სრულიად ანტიკანონიკურად მიიჩნევს.
- როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ეკლესიამ კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილების საპასუხოდ?
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს რუსული ეკლესიის მიერ 100 წლის წინ დაფიქსირებული პოზიცია, რითაც ის წინააღმდეგობას უწევდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას და ამით აჭიანურებდა მისთვის ტომოსის გადაცემის პროცესს. ნაწილობრივ ამის გამო, საქართველომ მსოფლიო საპატრიარქოსგან ტომოსი 1990 წლამდე ვერ მიიღო. საქართველოს ეკლესიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ იგი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ არის აღქმული, როგორც მისი მორალური ნების წარმომადგენელი (თავადვე ამ ინსტიტუტს აქვს იმავეს მკაფიო პრეტენზია). შესაბამისად, აუცილებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყოს ქართველი ხალხის მორალური ნების ადეკვატური გამომხატველი. საზოგადოებრივი კვლევების მიხედვით საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ემხრობა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებას, რაც თანხვედრაშია უკრაინის საგარეო პოლიტიკურ კურსთან. ამიტომ უკრაინის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისა და თანამებრძოლის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
უკრაინის მხარდამჭერის შემთხვევაში არსებობს გარკვეული გამოწვევებიც. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკური ეკლესიის მსგავსად ცენტრალიზებული არ არის. შესაბამისად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილება ვალდებულებითი ხასიათის არ არის, მაგრამ გასათვალიწინებელია. თუ საქართველოს საპატრიარქო უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიას უპირობო მხარდაჭერას გამოუცხადებს, მას მოუწევს მისი ამ დრომდე არსებული პოზიციების ახსნა. ეს ეხება იმ ფაქტს, რომ უკრაინაში აქამდე მოქმედი სამი ურთიერთდამოუკიდებელი ეკლესიათაგან, მხოლოდ ერთი იყო მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აღიარებული, კერძოდ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესია (უმე-მპ). ხოლო კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (უმე-კპ), ისევე როგორც პატარა „უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია“ ამ დრომდე კანონიკურად არ იყო მიჩნეული, მათ შორის არც საქართველოს ეკლესიის მიერ. მეტიც, მათი მეთაურები მოსკოვის საპატრიარქოს თაოსნობით სასულიერო პირობიდან განკვეთილი და ანათემას გადაცემულები იყვნენ.უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერასთან ერთად მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა ანათემა გაუქმებულად ცნო. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიურად აღიარების შემთხვევაში საქართველოს ეკლესიასაც, სავარაუდოდ, იგივეს გაკეთება მოუწევს, რაც საქართველოს საპატრიარქოში გარკვეულ უხერხულობას იწვევს.
- არის თუ არა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საქართველოს ეკლესიისთვის მაპროვოცირებელი?
საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერის შემთხვევაში, რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების დამოუკიდებლობას აღიარებს და ამ ტერიტორიებს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში აღარ ცნობს, რაც ეკლესიური კანონიკური წესებიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა. მეორეც, მიუხედავად ფორმალური არაღიარებისა, ამ რეგიონებს დღემდე ფაქტობრივად რუსეთის ეკლესია აკონტროლებს. კერძოდ, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას აფხაზეთში მივლენილი ჰყავს თავისი წარმომადგენლები, რომლებიც იქ თავისუფლად მოღვაწეობენ და არაფრად მიიჩნევენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური საზღვრების დარღვევას. მიუხედავად მსგავსი ქმედებისა, უკრაინის შემთხვევაში რუსეთის ეკლესია კანონიკური წესების მცველად ასაღებს თავს და უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების გამო კონსტანტინოპოლს უცხო საპატრიარქოს ტერიტორიაზე შეჭრაში ადანაშაულებს, რაც ცალსახად ორმაგ სტანდარტებზე მიანიშნებს. იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვებთ, რომ მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის საეკლესიო იურისდიქციად გამოაცხადებს, ან დამოუკიდებლად ცნობს, გადაწყვეტილებას საეკლესიო სამართლებრივი ძალა არ ექნება, თუმცა სიტუაციის უფრო დაძაბვას ცალსახად შეუწყობს ხელს.
- როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია?
უკრაინა-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობიდან გამომდინარე, პოლიტიკურად მართებული იქნება, თუ საქართველოს მთავრობა მეგობარი უკრაინის სახელმწიფოს ამ დიდ გამარჯვებას ოფიციალურად მიულოცავს და მხარს დაუჭერს უკრაინის გაერთიანებული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას. ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღქმული იქნება საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ამ ორ ქვეყანაზე ზეწოლის და მათი ეროვნული სუვერენიტეტის დაკნინების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ადეკვატურ პასუხად.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავებას და სირაქლემის პოზიციაში ყოფნას, ამით ის არა მარტო საფრთხეს უქმნის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, არამედ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მიერ დეკლარირებული საგარეო პოლიტიკურ არჩევანს და განსაკუთრებით კი მის ღირებულებითი კომპონენტს. მეტიც, მაშინ როცა მთელი პროგრესული სამყარო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს კიევმა საქართველოს ამბივალენტური პოზიცია შესაძლოა სოლიდარობის ნორმებიდან გადახვევად აღიქვას და საქართველოს მიმართ უნდობლობა გაუჩნდეს. მოვლენების ამ სცენარით განვითარება და უახლოეს სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობების გაფუჭება კი მხოლოდ კრემლის მესვეურების ინტერესებში შედის და ხელს არ უწყობს საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას და ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. გარდა ამისა, არსებობს დიდი რისკი რომ ასეთი ქმედებით რუსეთს ვაფიქრებინოთ, რომ მას ყოველთვის შეუძლია შანტაჟის ენით ესაუბროს საქართველოს.
ამასთანავე, პრაგმატული გარემოებებიდან გამომდინარე, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერა უკვე ისედაც უკიდურესად გაფუჭებულ რუსულ-ქართულ ურთიერთობას მეტად ვეღარ დაამძიმებს. შესაბამისად, ხელისუფლებამ არჩევანი ქართველი ხალხის მიერ დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე დაყრდნობით უნდა გააკეთოს. ასევე გასათვალისწინებელია საქართველოს და უკრაინის სახელმწიფოების საერთო ისტორიული წარსული და გამოცდილება, რაც ორი სახელმწიფოს საერთო ანტიიმპერიალისტურ ბრძოლას უფრო ეფექტიანს გახდის. საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საერთო ინტერესების მქონე უკრაინის, როგორც სტრატეგიული მოკავშირის შენარჩუნებას, რომლის მხარდაჭერა მას წარსულში ყოველთვის ქონდა და მომავალშიც დასჭირდება. ამის უზრუნველსაყოფად კი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მრავალნაცადი და სანდო პარტნიორის სიტყვიერი მხარდაჭერა ის მცირე საფასურია, რისი გაღებაც მას აშკარად შეუძლია.
- ავტორი: სალომე კანდელაკი – პროექტის კოორდინატორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
- აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის შეხედულებებს.