Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Celeste ამნერის!

23 იანვარი 2019

ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფი მაყურებელმა ამჯერად „ამირანის“ დიდი დარბაზის ეკრანზე იხილა

რამდენიმე წელია, რაც ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერის“ ხელმძღვანელობამ ოპერის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლე დაამკვიდრა - საპრემიერო სპექტაკლების ჩვენება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის კინოთეატრებში, თანაც ლაივსეანსის რეჟიმში! კარგია, რომ საქართველოშიც ცოტათი გვიან, მაგრამ მაინც მოვფხიზლდით და კინოთეატრმა „ამირანმა“ მსოფლიოს კინოთეატრებში დამკვიდრებულ ამ მნიშვნელოვან ტრადიციას მხარი აუბა.

რამდენიმე დღის წინ მაყურებელმა სწორედ „ამირანის“ დიდ დარბაზში „მეტროპოლიტენ ოპერის“ სპექტაკლი „აიდა“ იხილა, სადაც აიდას პარტიას ცნობილი რუსი სოპრანო ანა ნეტრებკო მღეროდა, ხოლო ამნერისს - ჩვენი მართლაც საამაყო მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი. რადამესის პარტიის შესრულება კი „მეტროპოლიტენმა“ ლატვიელ ტენორს, ალექსანდრ ანტონენკოს მიანდო, რომელთანაც სხვათა შორის, ანიტა რაჭველიშვილს უკვე ნამღერი აქვს ჟორჟ ბიზეს „კარმენში“ და სენ-სანსის ოპერაში „სამსონი და დალილა“.

აღსანიშნავია, რომ რეჟისორ სონია ფრიზელის დადგმა არ არის არც ახალი და არც პროვოკაციულ-ნოვატორული. ის „მეტროპოლიტენში“ 1988 წელს დადგმული კლასიკური წარმოდგენის ერთგვარი რესტავრაციაა, სადაც ეგვიპტის მეფის გრანდიოზული სასახლე, ოქროცურვილი დარბაზები და ბრწყინვალე კოსტიუმები თვალისმომჭრელი და ამავე დროს, გემოვნებიანია.

განსაკუთრებით საინტერესოდაა მოფიქრებული მეორე აქტში ამნერისის ოთახიდან მემფისის კარიბჭესთან გადასვლა, სადაც ეგვიპტელები ეთიოპელებთან გამარჯვებას ზეიმობენ. ცნობილი ტრიუმფალური მარშის დროს სცენაზე ცხენებიც ჩაივლიან, ხოლო ეთიოპელებთან მოპოვებული ნადავლის დემონსტრაცია ლამის მცირე ეთნოგრაფიული მუზეუმის ჩვენებას ემსგავსება. ნილოსის სცენა თითქმის ავანსცენამდეა გამოტანილი, სადაც ჩირაღდნების ფონზე ტაძრის შესასვლელი მოჩანს, ხოლო უზარმაზარ სცენურ სივრცეს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა შთამბეჭდავად ავსებს. ბოლო, მეოთხე აქტი ისევ სასახლეში გვაბრუნებს, სადაც სივრცე ორ ნაწილადაა გაყოფილი - ქვედა, სადაც აიდა და რადამესი ცოცხლად უნდა დაიმარხონ აკლდამაში და ზედა, მდიდრული, ლამაზი მაგრამ სასტიკი, სადაც უსიყვარულობისთვის განწირული ამნერისი სიმშვიდისთვის ლოცულობს.

ტრადიციული ფორმით დადგმულ „აიდას“ დიდი  წარმატება ხვდა წილად (მათ შორის კომერციულიც), რაც „მეტროპოლიტენის“ კარგად გათვლილი სტრატეგიისა და ზუსტად შერჩეული მომღერლებისა და დირიჟორის სინქრონიცაზიის  შედეგიცაა. საერთოდ, იშვიათია ვერდის ეს შედევრი ჩავარდეს, თუ მას კარგად მღერიან და მეტ-ნაკლებად კლასიკურად დგამენ. თუმცა სიმართლე ითქვას, 21-ე საუკუნის მზერა გაცილებით მეტს გულისხმობს და შესაბამისად, თანამედროვე ინტერპრეტაციებისადმი კრიტიკის ინტერესი გაცილებით დიდია. ამას მოწმობს თუნდაც ცნობილი რეჟისორების, ესპანელი კალიქსტო ბიეიტოს (ბაზელის საოპერო თეატრი) და დიმიტრი ჩერნიაკოვის (ნოვისიბირსკის ოპერა, რომელმაც რეჟისურისათვის რუსეთის უმაღლესი თეატრალური ჯილდო, „ოქროს ნიღაბი“ დაიმსახურა) საოპერო დადგმები.

რაც შეეხება ანიტა რაჭველიშვილს, პრესამ ქართველ მომღერალს უმაღლესი შეფასება მისცა, ხოლო სახელოვანმა დირიჟორმა, რიკარდო მუტიმ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ პირდაპირ აღნიშნა, რომ ვერდის რეპერტუარში დღეს ის მსოფლიოს საუკეთესო მეცო-სოპრანოა. ანიტა მართლაც შთამბეჭდავად მღერის. ამნერისის მრისხანება, ეჭვი, ვნებათა ქარიშხალი და ამავე დროს ტანჯვა და უძლურება გაუზიარებელი სიყვარულის გამო, გაზავებულია საოცრად მსუყე, მდიდარ და მოცულობით სავსე ხმაში. ეპიზოდში, როდესაც ის მოსამართლეებს რადამესის შეწყალებისკენ მოუწოდებს, ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ამ სპექტაკლის კულმინაციად, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეს შემთხვევაში ეს არის აიდას არია ნილოსის სცენაში „O patria mia”, ან რადამესისა და აიდას დუეტი ფინალში.

ანა ნეტრებკოს, რომელიც დღეს „მეტროპოლიტენის“ ფავორიტი სოპრანოა, ზალცბურგის საოპერო ფესტივალზე, 2017 წელს უკვე აქვს ნამღერი ეს პარტია, ამდენად მისთვის „მეტროპოლიტენის“ დადგმა უფრო გამოცდილების გამდიდრებაა, ვიდრე სიახლე. თუმცა სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მის კარიერაში ეს ყველაზე რთული პარტიაა. მისი ხმა, დრამაზიტმი და ულამაზესი პიანოები პუბლიკამაც და კრიტიკამაც სათანადოდ შეაფასა. თუმცა მღერისას მაინც საგრძნობია მისი გამოკვეთილი რუსული აქცენტი.

რადამესის პარტიას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალექსანდრ ანტონენკო მღერის, რომლის მაღალი რეგისტრი არც ისე შთამბეჭდავია და სუფთა და თანაც, რადამესი მისი ინტერპრეტაციით ზედმეტად ლირიკულია და არა დრამატული. სამაგიეროდ, ვნებაც და ძალაც იგრძნობა ამერიკელი ბარიტონის ქვინსი კელსის ხმაში, განსაკუთრებით კი აიდა-რადამესი-ამონასროს ტრიოში. ცხადია, უმაღლესი კლასის შეფასებას იმსახურებს „მეტროპოლიტენის“ გუნდი და ორკესტრი, რომელსაც მაესტრო ლუიზოტი დირიჟორობდა...

P.S. ვიდრე „ამირანის“ მაყურებელი აიდა-რადამეს-ამნერისის ვნებებს უცქერდა და უსმენდა, „მეტროპოლეტენ ოპერამ“ იანვარში კიდევ ერთი „ლაივი“ გამოაცხო. ისევ ანა ნეტრებკოსა და ანიტა რაჭველიშვილის მონაწილეობით. ფრანჩესკო ჩილეას ყველაზე ცნობილ ოპერაში „ადრიანა ლეკუვრერი“, ანიტა პრინცესა დი ბულონის პარტიას მღერის, ხოლო ანა ნეტრებკო -ადრიანა ლეკუვრერს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^