Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უვადოა თუ არა ვაკის პარკში სასტუმროს აშენებისთვის გაცემული შეთანხმება

24 იანვარი 2019

გუშინ, 23 იანვარს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 2013 წელს გიგი უგულავამ გამოსცა სპეციალური აქტი, უვადო სპეცნებართვა, რომლის საფუძველზეც ინვესტორ კომპანიას ვაკის პარკში 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობის აშენების უფლება მიეცა. 

საუბარია თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის განკარგულებაზე, რომლითაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა.

სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეს აქტი არაა უვადო, ის ეხება მხოლოდ კონკრეტული მშენებლობის განხორციელების ვადას (თუ მშენებლობის ნებრთვას ვადა გაუვიდა, ზონალური შეთანხმებაც თავიდან განსახილველია). მერია კი საპირისპიროს აცხადებს და ამბობს, რომ სპეციალურ ზონალურ შეთანმებას კანონმდებლობით ვადა არ აქვს.

[ზონალური შეთანხმების გარეშე ინვესტორი პარკის ტერიტორიაზე ამ მასშტაბის სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებს. ზონალური შეთანხმება ამა თუ იმ ტერიტორიაზე განაშენიანების წესებს ადგენს].

„ზონალური შეთანხმების შესახებ დოკუმენტი, რომელიც გიგი უგულავამ გამოსცა, ვერ იქნება უვადო, რამდენადაც ის კონკრეტული მშენებლობისთვის ქალაქგეგმარებით პარამეტრებს განსაზღვრავს და შესაბამისად, კონკრეტული მშენებლობის განხორციელების ვადით შემოიფარგლება. ვაკის პარკში სასტუმროს აშენების ვადა კი უკვე ამოწურულია“, - აცხადებს „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის" ხელმძღვანელი ანანო ცინცაბაძე.

ვაკის პარკის ინვესტორისთვის მშენებლობის ნებართვა 2016 წლის სექტემბერში ამოიწურა და ინვესტორმა ვერ შეძლო კანონით დადგენილ ვადაში მისი გაგრძელება. ანანო ცინცაბაძის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ სურვილის შემთხვევაში, ინვესტორმა ხელახლა უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მერიას და მშენებლობის ნებართვის მისაღებად კანონით დადგენილი ყველა სტადია უნდა გაიაროს. 

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კი აღნიშნავს, რომ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას მოქმედი კანონმდებლობით ვადა არ აქვს.

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განმარტებით, ზონალურ შეთანხმებასთან დაკავშირებით მაშინდელი თბილისის მერის გიგი უგულავას გადაწყვეტილება დღემდე ძალაშია და მას ახლა უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებაც უმაგრებს ზურგს.

მისი თქმით, მაგალითად, მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობებზე კანონმდებლობაში არის პირდაპირი ჩანაწერი, რომ ბრძანების ვადა არის 5-წლიანი. ასევე, მშენებლობის ნებართვაზე კანონმდებლობაში არსებობს პირდაპირი ჩანაწერი,  რომ ის უნდა იყოს ვადიანი. ზონალურ შეთანხმების ვადასთან დაკავშირებით კი კანონმდებლობაში ასეთი რამ არ წერია.

ასევე, მისივე თქმით, მოქმედ კანონმდებლობაში წმინდა კავშირი ამ ორ დოკუმენტს შორის [მშენებლობის ნებართვა და ზონალური შეთანხმება] არ არის. „ლიბერალთან“ საუბრისას ბითაძე ამბობს, რომ მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ სასამართლომ იმსჯელა სპეციალური ზონალური შეთანხმების შინაარსზე და თქვა, რომ პარკის მიმდებარედ სასტუმროს აშენება დასაშვებია.

„ანუ [ზონალურ შეთანხმებასთან დაკავშირებით] ორი გარემოება გვაქვს: ერთი ის, რომ საკანონმდებლო ვადაში ის არ არის შებოჭილი, როგორც სხვა უფლებააღმჭურველი აქტები, მაგალითად: მშენებლობის ნებართვა. არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას ვადას უწესებს“, - განაცხადა ბითაძემ.

რაც შეეხება კითხვას, შეუძლია თუ არა მერიას, რომ თავიდან იმსჯელოს აღნიშნული ტერიტორიის ზონალურ სტატუსზე, ბითაძის განმარტებით, პრობლემა ის არის, რომ უგულავას გადაწყვეტილება სასამართლოს მიერაა გამყარებული.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ერთი არის სპეციალური ზონალური შეთანხმება, რომელიც კანონმდებლობით არ არის მიბმული მშენებლობის ნებართვასთან და მშენებლობის ნებართვის ვადის ამოწურვა მის ავტომატურად ძალადაკარგულად ცნობას არ ნიშნავს. მეორე - ზონალურ შეთანხმებაზე სასამართლომ იმსჯელა და გაამყარა მისი შინაარსიც, სასამართლომ პრაქტიკულად ურბანური გადაწყვეტილება მიიღო“, - ამბობს ბითაძე.

რაც შეეხება უკვე შემდგომ პროცედურებს, ანუ მშენებლობის ნებართვის გაგრძელებას, ბითაძე ამბობს, რომ მერიას ამ შემთხვევაში რამდენიმე ბერკეტი აქვს:

„[მშენებლობის ნებართვა] რომ გაცოცხლდეს, ამისთვის საჭიროა ახალი აქტის გამოცემა, ან მშენებლობის ვადის გაგრძელება, ან მშენებლობის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმა. მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმა შესაძლებელია. მშენებლობის ნებართვის ფარგლებში თავიდან უნდა განვიხილოთ [სხვადასხვა საკითხი], მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე იქნება ეს საკითხი განსახილველი, მათ შორის იქნება მშენებლობის ნებართვის ფარგლებში პარამეტრებზე მსჯელობა, ვინაიდან კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. უბრალოდ ამ შემთხვევაში, რადგანაც ვხედავთ რისკს იმისას, რომ ინვესტორი არ არის თანახმა, არც პარამეტრების შემცირებაზე, ჯერჯერობით, არც მონაცვლეობაზე, ვხედავთ რისკს იმისა, რომ ის კვლავ მიმართავს სასამართლოს, ოღონდ სხვა რამის გამო, რომ მას ხელოვნურად უჭიანურებენ და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას. ამის დაზღვევა გვინდა. გვინდა, რომ მოლაპარაკებები გავმართოთ მასთან და საკითხი მომდევნო დღეებში გადავწყვიტოთ“, - აცხადებს ბითაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^