პოლიტოლოგი გია ნოდია Facabook-ზე წერს, რომ მან აღმაშენებლის გამზირზე შეისწავლა საკვები ობიექტების ეთნოკულტურული პროფილი. მისი თქმით, შეისწავლა ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც ცნობილია თურქული კაფეების სიჭარბით.
„ეს ის მონაკვეთია, რაც „ნაცებმა" დაარესტავრირეს და ცნობილია თურქული კაფეების სიჭარბით (ამ ორ ფაქტს შორის არის თუ არა კორელაცია, ვერ გეტყვით). დავითვალე მხოლოდ უშუალოდ ქუჩაზე გამომავალი ობიექტები, გვერდითი ვიწრო ქუჩები დავაიგნორე.
შედეგები ასეთია:
სულ 22 ობიექტია, აქედან:
- ქართული - 7
- თურქული - 6
- ინდური ან ინდოპაკისტანური - 2
- ამერიკული - 2
- იტალიური - 2
- ირანული - 1
- გაურკვეველი - 2.
(იმედია, ჩემზე უფრო მოწადინებული მკვლევრები გაარკვევენ „მაჯიქ ფიშისა“ და „კასაბლანკას“ ეთნოკულტურულ პროფილს. ამ ეტაპზე ჩემი კვლევის ხარვეზად დარჩეს).
ვინც აღმაშენებელზე და ზოგადად თბილისში ხშირად არ სეირნობთ, გეტყვით, რომ სწორედ ეს მონაკვეთი ითვლება თბილისის ყველაზე უფრო „გათურქებულ“ ნაწილად. თურქული რესტორნების ასეთი სიჭარბე სხვაგან არსადაა.
აღმაშენებლის, ასე ვთქვათ, „ქოცურ“ მონაკვეთზე მარჯანიშვილის ქუჩიდან ვორონცოვამდე იმდენი კაფე-რესტორანია, რომ სპეციალური გრანტის გარეშე ვერ დავითვლი, მაგრამ იქ თურქულების თუ ირანულების წილი აშკარად ნაკლებია (თუმცა ერთი-ორი იქითაც არის),
თქვენ განსაჯეთ, რამდენად დიდ საფრთხეშია აღმაშენებლის გამზირის ქართული იდენტობა. მე მხოლოდ ნედლ მასას გაწვდით“, - წერს გია ნოდია.
დავით აღმაშენებლის გამზირს ხშირად მოიხსენიებენ „თურქულ“ უბნად. 2016 წელს აღმაშენებლის გამზირზე „ქართული მარშის“ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აღმაშენებლის გამზირზე ქსენოფობიური შეძახილებით გამოირჩეოდნენ.