Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვისია ჩემი ბოჩოლა", ანუ უნდა გადიოდეს თუ არა ქვეყნიდან მცირე წონის საქონელი

25 იანვარი 2019

საქართველოს მთავრობის დადგენილებით წლის დასაწყისიდან აიკრძალა იმ მსხვილფეხა საქონლის ქვეყნიდან გაყვანა, რომლის წონაც 140 კილოზე ნაკლებია.

საპასუხოდ, პოლიტიკური პარტია „გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას  გეგმავს და საინფორმაციო კამპანიასაც მართავს ჰაშთაგით #ჩემიბოჩოლაჩემია.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას ხორცის წარმოების განვითარების სურვილით ხსნის, „გირჩი“ კი მიიჩნევს, რომ დადგენილება ანტიკონსტიტუციურია და „ქართველ კაცს ეკუთვნის თავისი ბოჩოლა, მისი გადასაწყვეტია რა ასაკში გაამგზავრებს საზღვარგარეთ“. ფერმერი ბექა გონაშვილი კი არც „გირჩს" ეთანხმება და სახელმწიფოს გადადგმულ ნაბიჯსაც არასაკმარისად მიიჩნევს. 
_____________________________

არგუმენტები
 

„მაგალითად, ვინმე ჯემალა ძიას ფურმა ხბო მოიგო. მან ის მალევე გაყიდა, რადგან ვერ შეინახა.

მყიდველისგან ხბოს პირობითად ნარიმანა ყიდულობს და ასუქებს, 400-450 კილომდე აჰყავს, რათა დაკლას.

ამ ხორცს ნარიმანა ვთქვათ, ხორცის გამყიდველ ცუნას აწვდის, მას კი ხორცი დახლზე გამოაქვს და შენ ყიდულობ.

მაგრამ ნარიმანა, რომელმაც უნდა გაასუქოს საქონელი და დაკლას, ვეღარ აძლევს ცუნას პროდუქტს, იმიტომ რომ ახალგაზრდა საქონელს ვეღარ შოულობს.

შესაბამისად, მან ფასი უნდა გააძვიროს. შედეგად, ცუნამ ფასი უნდა გაგიძვიროს შენ, ხორცის მყიდველს“.

ასე აღწერს პრობლემას ფერმერი ბექა გონაშვილი.

ბექა, რომელიც თავად სასოფლო სამეურნეო ბიზნესითაა დაკავებული, გვეუბნება, რომ ქვეყანაში ხორცის მიწოდების დეფიციტი გვაქვს. მიზეზი კი ისაა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყნიდან  ასოცდაათი, მაქსიმუმ ასორმოცდაათი კილოგრამი, ორასი-სამასი ათასი სული საქონელი გავიდა.

„რა არის ალტერნატივა? - კითხვას სვამს ფერმერი და თავადვე პასუხობს - ნარიმანა უნდა ადგეს და საქონელი საიდანღაციდან შემოიყვანოს. მაგრამ 250 კილოზე ნაკლებს ვერსაიდან  შემოიყვან, ეგ არის ტყული, ალია-ბალია. გამოდის რომ ნარიმანამ 200$ უნდა გადაიხადოს იმაში, რაშიც ჯემალა ძიამ  გაცილებით ნაკლები აიღო".

"როცა მცირე წონის საქონელი გაჰყავთ,  სხვა ქვეყანაში ასუქებენ და ყიდიან, იქ იქმნება დამატებითი ღირებულება" - ამბობს ბექა.

ფერმერის თქმით, ეს ყველაფერი ხორცის გაძვირებას იწვევს, „შედეგად მყიდველი  უნდა გადაერთოს გაყინულ ხორცზე, ან სხვა ნაკლებად სასარგებლო პროდუქტზე.

ბექას აზრით აკრძალვა შესანარჩუნებელია მაქსიმუმ 2 წელი, თუმცა იგი უნდა მოქმედებდეს არა 140, არამედ 200 კილოზე, "მერე ეს მოთხოვნაც აღარ იქნება საჭირო. მე ზოგადად არ ვარ დიდი აკრძალვების და რეგულუაციების მომხრე, მაგრამ რეალურად ქვეყანა დგება ხორცის დეფიციტის და გაძვირების საფრთხის წინაშე.  თუმცა, მოქმედი აკრძალვით რეალურად არაფერი იცვლება, უბრალოდ სალაპარაკოდ გაიხადეს,  თუ დადგენილების მიზანი ისაა, რომ აქ გაიზარდოს საქონელი, აქ სევქმნათ დამატებითი ღირებულება, მაშინ ეს აკრძალვა არაფერს ცვლის.“

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია გვეუბნება, რომ მათი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართკოში  სავარაუდოდ თებერვალში შევა, იქამდე კი ქვეყანაში კამპანია უნდა დაიწყოს, „რათა პარლამენტისთვის, სასამართლოსთვის, საზოგადოებისთვის, ყველასთვის იყოს გასაგები იმ ნორმის აბსურდულობა რასაც ვასაჩივრებთ“.

„მართლა ბოჩოლა ხომ არ არის მთავარი, ჩვენ სასამართლოში მივდივართ საკუთრების უფლების განსამარტავად.  - ამბობს ხვიჩია.

იურისტი გვიყვება, რომ ისინი მალე გაგვაცნობენ ადამიანს, რომელსაც რომელსაც კონკრეტულად ზიანი მიადგა ამ დადგენილებით.  "ის ეწეოდა ამ მეურნეობას, საზღვარგარეთ გაჰქონდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, და ამ ცვლილების გამო პრობლემა შეექმენა".

აკრძალვის მომხრებთან კი, თუნდაც იმ ადამიანებთან, რომლებიც საქონლის ბიზნესს აწარმოებენ, „გირჩს" კონსულტაციები არ გაუმართავს, რადგან „ისინი ან სულელები არიან, ან აფერისტები.“ 

ჩვენ იაგო ხვიჩიას ბექა გონაშვილის არგუმენტები გავაცანით.

           „ბექა სულელი ადამიანი არ მგონია“, ამბობს ხვიჩია, მისი აზრით ფერმერი „შეცდომაშია შესული“

„ბექა არ ვიცი რატომ ემხრობა, მაგრამ იმ ადამიანებს რომლებიც კრძალავენ ქვეყნიდან საქონლის გაყვანას აქვთ პირადი ინტერესი, აქვთ დიდი ფერმები, ნაკვეტები, და საქონლის საკვები მოჰყავთ. შესაბამისად აწყობთ, რო ქვეყენაში არსებობდეს კანონმდბელობა, რომ გასუქების გარეშე საქონლის გაყვანა არ შეიძლებოდეს“. -გვეუბნება ხვიჩია.

მისი თქმით, საქონლის გაყვანა ნადირობა არ არის რომ ტყეში ცხოველის რაოდენობა შემცირდეს.

„ეს ხომ მოგების წყაროა და ადამიანი იმდენ პროდუქტს სშექმნის, რა მოთხოვნაც ბაზარზე არსებობს. რა შუაშია ხორცის გაძვირებასთან არ მესმის. თუ ქვეყნიდან საქონლის გაყვანა მომგებიანი ბიზნესია რაღაც ასაკში, 140 კილომდე, უფრო ბევრი საქონელი იწარმოებს“.

ბექა გონაშვილი კი ფიქრობს რომ ხვიჩია თავად ცდება, რადგან ამ საკითხის ნიუანსებს არ იცნობს.

„მე ხომ არ ვლაპარაკობ ვენესუელას შიდაპოლიტიკის დეტალებზე, ვსაუბრობ იმაზე რაც ვიცი და მე, შენ და ყველას გვეხება, მოვიდენ და მელაპარაკონ. მაგრამ, თუ მელაპარაკები ზოგადი თეორიებით,  ვერ გადამარწმუნებ იმაში, რასაც ჩემი თვალით უშუალოდ ვხედავ“.

ფერმერი გვიყვება, რომ რქოსანი პირუტყვის მოშენებას სხვა სპეციფიკა აქვს და არ ჰგავს, მაგალითად, ღორის მოშენებას, რომელიც სწრაფად ხდება, მსხვილფეხა საქონლის შემთხვევაში კი 4-5 წელია საჭირო.

მისი თქმით, საქართველოში დაახლოებით 600 000 ფურია. ფერმერი ამას რომ ამბობს, სტატისტიკის დეპარტამენტს ეყრდნობა „რომელსაც კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ, არ მგონია რომ მაგდენი ფური იყოს. თუნდაც ასე იყოს, ნაწილი ბერწდება, ბრუცელოზი ემართება და 500 000 ხბოსაც  ვერ მოგცემს. აქედან ნახევარი დედალია, რომელსაც არ ყიდის ფერმერი, წარმოებისთვისაც იტოვებს. თანაც იმ ქვეყნებს სადაც ჩვენი საქონელი გადის მამალი, დაუკოდავი საქონელი სურთ. 250 ათასიდან ყოველ წელიწადს 150 000-ს თუ გაიყვან, რა თქმა უნდა ხორცის დეფიციტი იქნება.

ბექას თქმით, დღეს თბილისი ყველაზე მეტად ხბოს ხორცი იყიდება. რადგან დიდი საქონელი ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშაა. შესაძლოა გაზრდილი იყოს რაღაც ჰორმონებით და ა.შ. "ყველას ურჩევნია რომ გადაიხადოს კიდევ იფრო ძვირი და შვილისტვის ხბოს ხორცი იყიდოს".

„ხბოს ხორცი დღეს უკვე 17 თუ 18 ლარი ღირს და გახდება 25. ერთ წელზე მეტია ვამბობ, რომ ქვეყანაში ხორცის დეფიციტია".

გონაშვილი ხვიჩიას იმ მოსაზრებასაც პასუხობს, რომლის მიხედვითაც აკრძალვა საკვების მწარმოებლებს აწყობთ, რათა თავიანთი პროდუქცია გაყიდონ.

ის ამბობს, რომ პრაგმატული თვალსაზრისით, მას აწყობს დეფიციტის შექმნა და შედეგად პროდუქტის გაძვირება  - "მე როგორც ფერმერს, ჩემი საქონელი მყავს, ჩემი საძოვარი მაქვს, ჩემი საკვები მაქვს და მერე ბაზარზე ჩემს პროდუქტს გავყიდი არა 13, არამედ 20 ლარად,  მაწყობს, 5 ლარიც რომ მოვუმატო 200 კილოიან საქონელს რომ დავკლავ, ეს განსხვავება ერთ სულ საქონელზე 1000 ლარის მოგებას მომიტანს, მაგრამ ქვეყანა დაზარალდება.

„რატომ გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, და რატომ არის ის დაახლოებით 1200 გვერდიანი? გაცილებით მეტ რეგულაციაზეა საუბარი, ვიდრე დღეს საქართველოში არსებობს. 2020-იდან უფრო მეტი რეგულაციის შემოღება რომ მიგვიწევს, მაშინ ყველაფერზე საკონსტიტუციო სასამართლოში სირბილი მოუწევთ“.

ბექა აქვე ამატებს, რომ  "გირჩთან" დავას აზრი არ აქვს, "მათი მიდგომა მარტივია, ყველაფერზე ამბობენ რომ უნდა იყოს ნაკლები რეგულაცია. მე და იაგო ხვიჩია იქამდეც მივედით, რომ სახელმწიფოც უნდა გავაუქმოთ, უბრალოდ ჯარი უნდა გვყავდეს. ამ აბსურდებში შესვლა აღარ მინდა“.

ფასი თუ აიწევს ეს ჩემთვის უკეთესია. მაგრამ ქვეყნისთვის არ არის კარგი. შენ გიწევს მეტი ფასის გადახდა, რომელსაც წესით არ უნდა იხდიდე, იმიტომ რომ საქართველოს აქვს ბევრი საძოვარი და ზოგადად ბევრი რესურსი, რომ აქვე იქმნებოდეს დამატებითი ღირებულება - ამბობს ის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^