Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრობლემებს ამ მასშტაბის ცვლილებები ბოლომდე ვერ გადაჭრის - ჯანაშია გამოცდების ახალ მოდელზე

28 იანვარი 2019

დღეს განათლების სამინისტროში გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა გამოცდების ახალ მოდელზე ისაუბრა. ცვლილებების მიხედვით, უქმდება საატესტაციო გამოცდები - წელს მე-11, მომავლიდან წლიდან კი მე-12 კლასშიც.

ცვლილებები ეხება მისაღებ გამოცდებსაც.  სავალდებულო ოთხი გამოცდის ნაცვლად იქნება 3 გამოცდაზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო გამოცდების სიიდან ამოვა.

განათლების სისტემის მკვლევარი სიმონ ჯანაშია ცვლილებების ნაწილს მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ სისტემაში არსებულ პრობლემებს ამ მასშტაბის ცვლილებები ბოლომდე ვერ გადაჭრის და უნივერსიტეტში მისაღები სავალდებულო გამოცდების რაოდენობის შემცირების მომხრეა.

რატომ არის კარგი საატესტატო გამოცდების გაუქმება? 

 მე-11 და მე-12 კლასში გამოცდების გაუქმება კარგი გადაწყვეტილებაა რამდენიმე მიზეზის გამო. ამ გამოცდების შემოღების მიზანი იყო მისაღები გამოცდების რაოდენობის შემცირება, თუ ის ამ მიზანს არ ემსახურება, აზრს კარგავს. მისი შემოღების მიზანი იყო, რომ მისაღები გამოცდები გამხდარიყო 8+1. ანუ 8 გამოცდა  იქნებოდა სკოლაში და ერთი იქნებოდა მისაღები. ამ სისტემაზე უარი თქვა სახელმწიფომ და დაგვრჩა 8+4 და რაც იყო ცუდი.

გამოსაშვები გამოცდების სისტემა კარგ სკოლებს განაწყობდა, რომ დაეკმაყოფილებინათ ამ გამოცდების მიზნები და არა ის საგანმანთლებლო მიზნები, რომლებიც ეროვნული სასწავლო მიზნებით არის განსაზღვრული. აქცენტი გამოცდების მომზადებაზე გადადიოდა და არა მოსწავლეთა მრავალმხრივ აღზრდაზე.

მესამე - რატომაც არის კარგი, არის ის, რომ ამ გამოცდებმა გამოიწვია რეპეტიტორების პრობლემის კიდევ უფრო გამწვავება, ვიდრე ამ სისტემამდე იყო. მეტი დანახარჯი მიდიოდა ისეთი საგანმათლებლო სერვისის შეძენაზე, რომელსაც რეალური საგანმანათლებლო ღირებულება არ აქვს;

მეოთხე - ის ამცირებდა სკოლების ავტონომიას, რაც კარგი არ არის. ბევრი სკოლისთვის შეუძლებელი ხდებოდა მრავალფეროვანი პროგრამების განვითარება.

საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ საატესტატო გამოცდებმა მოსწავლეებს აიძულა, ესწავლათ ის საგნები, ომლებსაც შესაძლოა სკოლაში არ სწავლობდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენა იყო საგანმანათლებლო სისტემისთვის.

ამ განწყობას, რომ რაღაც დადებითი მოიტანა სისტემისთვის, საფუძვლად განათლებაზე არასწორი წარმოდგენა უდევს. მაგალითად, ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ბავშვები, რომლებიც ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული ფიზიკით, ფიზიკის გამოცდისთვის  მომზადების დროს ფიზიკას შეისწავლიდნენ და რომ გამოცდა იძულებითი ინსტრუმენტია. სინამდვილეში, როცა გამოცდისთვის ემზადებიან, იმ „რაღაცასაც“ არ სწავლობდნენ. ეს საერთოდ არ არის განათლება, ეს არის ინერტული ცოდნის დაგროვება, რომელიც გავიწყდება მაშინვე, როგორც კი სხვა სისტემაში გადადიხარ. იძულებითი სწავლების ეფექტი ძალიან დაბალია, ამიტომ ამაზე ამდენი რესურსის ხარჯვა არ ღირს.

როგორ შეაფასებთ გადაწყვეტილებას მისაღები გამოცდების რაოდენობის შემცირების თაობაზე?

ცალსახად კარგია, მაგრამ არ არის იმ მასშტაბის გადაწყვეტილება, რომ სისტემა გაჯანსაღდეს. ამ სისტემისთვის სამი გამოცდაც ბევრია.

ეს სისტემა უსამართლოა და ემსახურება მათ ინტერესებს, ვისაც უკეთესი წინაპირობები აქვთ. თუ სწავლობ უკეთეს სკოლაში, ცხოვრობ უკეთეს პირობებში და შენი მშობლები განათლებული არიან, შენ ამ უპირატესობას არათუ ინარჩუნებ, ასეთი მისაღები სისტემით იმყარებ კიდეც.

შედეგებიდან ვიცით, რომ ეს სისტემა მათ ინტერესებს ემსახურება. თბილისელებს უფრო კარგი საშუალო ქულები აქვთ, ვიდრე აბიტურიენტებს სხვა ქალაქებიდან. მობილობა საქართველოს შიგნით სოციალური ნიშნით არის შემცირებული და ამას ეს სისტემა ეხმარება.

სახელმწიფო გრანტსაც იღებენ ისინი, ვისაც წინასწარ მეტი ფული აქვს დახარჯული და არა ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს, ან ვინც ყველაზე ეფექტურად გამოიყენებდა მას, არამედ ისინი, ვინც უკეთეს რეპეტიტორს ქირაობს და ა.შ.

ზოგადი უნარების გამოცდა აღარ იქნება სავალდებულო - როგორ აფასებთ ამ ცვლილებას?

ზოგადი უნარების გამოცდა რომ სავალდებულო არ არის, კარგია ორი მიზეზით. ერთი ის, რომ სავალდებულო გამოცდების რაოდენობა შემცირდა. არის არა 4, არამედ სამი სავალდებულო გამოცდა მისაღებ გამოცდებზე. მეორე არის ის, რომ თავად ზოგადი უნარების ტესტში მიღებულ საშუალო ქულებში ჩანდა ყველაზე დიდი განსხვავება დედაქალაქისა და საქართველოს სხვა ქალაქების მონაცემებში.

ეს უპირატესობა ამ გამოცდაზე ყველაზე მეტად ვლინდებოდა. მეორე პრობლემური საგანი უცხო ენაა. ამაზეც უნდა დაფიქრდნენ, რომ არ იყოს სავალდებულო.

რეალურად სხვა პრობლემები, რაც ამ სისტემას ჰქონდა, ამ ცვლილებებით არ გვარდება.

მაგალითად, უნივერსიტეტების ავტონომია ისევ შეზღუდულია. უნივერსიტეტებს არ შეუძლიათ ისეთი რამის შემოღება, რაც არ არის გამოცდის ტიპის, მაგალითად, ისე როგორც მაგისტრატურაშია, გასაუბრება. 

ეს შეამცირებს რეპეტიტორების დაქირავებას და მეტი ფული დარჩებათ ოჯახებს მართლა საგანმანათლებლო სერვისებში დასახარჯად, და არა ერთი ბარიერის გადასალახავად, რაც არაფრის მომტანია.

მიიჩნეოდა, რომ, ვინც უნარების ტესტს აბარებდა, ის უკეთესად იყო მომზადებული უნივერსიტეტისთვის, ეს არცერთი კვლევით არ არის დადასტურებული.

უნარების ტესტიშექმნა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საგანმანთლებლო სისტემისთვის. რა იყო ამის მიზეზი და რატომ დაკარგა აქტუალურობა ახლა?

იყო ილუზია, რომ უნარებისთვის არ იქნებოდა საჭირო წინასწარი მომზადება და ნაკლებად იქნებოდა დამოკიდებული სკოლების ხარისხზე, ეს დებულებები რომ ჭეშმარიტი ყოფილიყო, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ტესტების გამოყენება. არცერთი ეს დებულება სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

მომზადება ცვლის შანსებს, რომ უკეთესი ქულები მიიღო; და მეორე - ქულები დამოკიდებულია იმაზე, რა რესურსი აქვს ბავშვს სკოლასა და სახლში.

ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო, რომელიც უნდა ცდილობდეს, რომ სკოლები თანაბარი ხარისხის განათლებას აძლევდნენ მოსწავლეებს, თვალს ხუჭავს, რომ წინაპირობები არ არის თანაბარი და აწესებს ისეთ ბარიერს, რომელიც ამ უთანაბრობას ამძაფრებს.

ფიქრობენ, რომ უნივერსიტეტის როლის გაზრდა მისაღებ ეტაპზე გაზრდის კორუფციის რისკებს. რას უპასუხებდით ამ არგუმენტს?

დღეს საქართველოში არის ორი სხვადასხვა გამოცდილება, მაგალითად, ბაკალავრის დონეზე ზოგ უნივერსიტეტს აქვს უფლება იმისა, რომ ჯერ შიდა გამოცდა ჩაატარონ და მერე მიიღონ სტუდენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, მაგალითად, სახელოვნებო მიმართულება და სასპორტო მიმართულების გამოცდები.

კი იყო პრობლემა ამ უნივერსიტეტებში, თითქოს თავად უნივერსიტეტის პროფესორები ამზადებდნენ აბიტურიენტებს, მაგრამ ძალიან სწრაფად გახდა ცნობილი და დღეს აღარ არის ისეთი სისტემა, რომ ადამიანს დანაშაული მარტივად შერჩეს.

მეორე სისტემა, რაც ვიცით, რომ არსებობს, არის მაგისტრატურა. აქ კი იყო ნეპოტიზმის შემთხვევები, მაგრამ კორუფცია არ დაბრუნებულა.

უნივერსიტეტებისთვის გადაცემა არ ნიშნავს, რომ გადასცე იმ ფორმით, როგორიც იყო მაშინ, როცა არანაირი გარედაკვირვების მექანიზმი არ არსებობდა.

დღეს გვაქვს ასეთი ვითარება - სტუდენტი არჩევს უნივერსიტეტს, მაგრამ უნივერსიტეტი ვერ არჩევს სტუდენტს. უნივერსიტეტი, რომელიც თავად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ვინ იქნება მისი სტუდენტი - მე არ გამიგია.

რატომ არის კარგი, რომ თავად არჩევდეს? იმიტომ, რომ თავისი პროგრამების პრიორიტეტების გათვალისწინება შეეძლება. მაგალითად თუ უნივერსიტეტს უნდა, რომ განავითაროს სოფლის მეურნეობის პროგრამა და დაისახა პრიორიტეტად თავის რეგიონში მისი განვითარება, მაშინ უნდა შეეძლოს, რომ თავისი რეგიონიდან წამოსულ აბიტურიენტებს მიანიჭოს პრიორიტეტი.

  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^