Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საბავშვო პოეტის, ვასილ გულეურის ღია წერილი თეა წულუკიანს

30 იანვარი 2019

ქალბატონო თეა, 

ჩემი სახელი, ალბათ, არაფერს გეუბნებათ, მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურაში ვმუშაობ აი, უკვე მეცხრე წელია. ის კი არადა, ფეისბუქ-მეგობრებიც ვართ. მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებისთვის წერა ყველა საქმიანობას მირჩევნია, უკვე მეცხრე წელია ამ საქმისთვის თითქმის ვეღარ ვიცლი. სამაგიეროდ, კვირაში ხუთი დღე, 9-დან 18 საათამდე სრულიად რუტინულ საქმეს ვეწევი - მე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოს წამკითხველ-კორექტორი ვარ (აბა, მწერლობით ვის უცხოვრია, მით უფრო, საბავშვო მწერლობით) და დილიდან საღამომდე ვკითხულობ ათასგვარ მოსაწყენ და უინტერესო დოკუმენტს - დაბადების თუ გარდაცვალების მოწმობებს, ქორწინების თუ განქორწინების ცნობებს, სანოტარო აქტებს თუ მინდობილობებს, საარქივო ცნობებს თუ  ამონაწერებს... ცხადია, ეს დოკუმენტები ჩემთვის არის უინტერესო, თორემ მათი პატრონებისთვის ძალიანაც საინტერესოა. მით უფრო, თუკი ერთი გვერდის თარგმანის საფასური 8 სამუშაო დღეში 20, ხოლო იმავე დღეს - 240 ლარია.

ამ ხნის განმავლობაში ჩემს ხელში დაახლოებით 80 ათასზე მეტმა დოკუმენტმა გაიარა. შთამბეჭდავი რიცხვია. შთამბეჭდავია ის თანხაც, რაც მხოლოდ აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოდან შემოდის ბიუჯეტში - წელიწადში რამდენიმე მილიონი ლარი. მაგრამ შთამბეჭდავი სულაც არ გახლავთ ჩემი და ჩემი თანამშრომლების ხელფასი. ოთხნიშნა რიცხვამდე მას ბევრი აკლია. მაგრამ საქმე იმაშიც არის, რომ იგივე იყო ცხრა წლის წინაც (ცხრა საკრალური რიცხვია ამ ხელისუფლებისთვის და ამიტომ სიტყვით ვწერ). თუმცა, მისი მსყიდველუნარიანობა მაშინ ბევრად მეტი იყო. ამჯერად კი მინიმუმ ერთი მესამედით არის შემცირებული. ადვილი წარმოსადგენია - ამ ხნის მანძილზე ყოველწლიურად იზრდება კომუნალური გადასახადები, იზრდება ფასები საკვებ პროდუქტზე (საარსებოდ აუცილებელზეც კი), იზრდება (და უკვე მერამდენედ) ფასები მედიკამენტებზე, იზრდება ყველაფერზე... ხელფასის გარდა!

შეიძლება ვინმემ თქვას, ქვეყანაში, სადაც ადამიანების უმრავლესობა კიდევ უფრო დაბალ, 200-300 ლარიან ხელფასებსაც სანატრელად მიიჩნევს, რა სალაპარაკოა ხელფასის მომატებაო. ისიც ბევრი ჩინოვნიკისგან გამიგია - ვისაც არ მოსწონს, წავიდეს, მსურველიო ბევრიაო. იმედია, თქვენ ასე არ ფიქრობთ, რადგან ასეთი დამოკიდებულება ძალიან შორს არის სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან. სახელმწიფოში, თუკი ვთვლით, რომ სახელმწიფო შემდგარია, ასე არ უყურებენ ადამიანებს. მით უფრო, გამოცდილ და პროფესიულ კადრებს. სახელმწიფოში ზრუნავენ მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ყველა პირობას უქმნიან მუშაობისა და დასვენებისთვის! ის კი არა, ევროპაში უკვე ოთხდღიან სამუშაო კვირაზე და მის უპირატესობაზე ლაპარაკობენ, რადგან ამით შრომის ნაყოფიერება იზრდება და ადამიანს მეტი თავისუფალი დროც რჩება.

მაგრამ, აბა, რომელ ზრუნვაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა რამდენიმე წლის წინ სამედიცინო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც კი მოგვიხსნეს. 25 ლარიანი პაკეტი, რომელსაც სამსახური ანაზღაურებდა. მოგვიხსნეს ასეთი ტექსტით - ქვეყნის ინტერესებიდან და სახელმწიფოს პრიორიტეტებიდან გამომდინარე... საინტერესოა, ხომ? ანუ, სახელმწიფოს პრიორიტეტებში არ შედის საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე!

თუმცა, მართალს არ ვამბობ, არ მოგვიმატეს-მეთქი ხელფასი. ერთი წლის წინ გაიზარდა ხელფასები... 8 (რვა!) ლარით!

როგორ ფიქრობთ, არის ეს დაცინვა თუ არა? როცა ადამიანი წლებია მუშაობს სამსახურში, როცა კარგად ასრულებს თავის საქმეს და ამ ხნის მანძილზე 25 ლარიან დაზღვევას უუქმებ და ხელფასს 8(!) ლარით უზრდი, არის თუ არა ეს დაცინვა? როგორ ფიქრობთ, ადამიანს შრომის მოტივაცია უძლიერდება თუ უქრება? არადა, შინაგანაწესში ლამაზი სიტყვებით კი წერია - დამსაქმებელი ზრუნავს თანამშრომლების შრომის ნაყოფიერების და მოტივაციის ამაღლებაზე, მათ პროფესიულ წინსვლაზე, მათი უფლებების დაცვაზე... და ა.შ.

შარშან შემოდგომით იყო ლაპარაკი, რომ ახალი წლიდან ხელფასები გაიზრებოდა. მაგრამ ეს მხოლოდ საუბარი აღმოჩნდა. არათუ ხელფასი არ გაიზარდა, ამდენი წელია უმეტესობა შტატგარეშე თანამშრომლები ვართ და ჯერაც არავინ აპირებს, რომ შტატი დაუშვან.

არ ვიცი, ამ ღია წერილს რა რეაგირება მოჰყვება, მაგრამ მაინც მინდა, დავიტოვო იმედი, რომ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, ადამიანებმა იგრძნონ თავი დაცულად, იგრძნონ თავი დასაქმებულებად და არა მონებად, იგრძნონ, რომ საარსებო მინიმუმს კი არა, მათი შრომის შესაფერის ხელფასს იღებენ, რომ დამსაქმებელი ზრუნავს მათზე და რომ სახელმწიფო გვაქვს!

სხვა შემთხვევაში, სახელმწიფოს ნაცვლად მხოლოდ მისი აჩრდილი შეგვრჩება, ევროპამდე კი ვერასოდეს, ვერასოდეს მივალთ!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^