Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თემირლანის 19 წელიწადი

05 თებერვალი 2019

დღეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დილის 9:55 წუთზე გაიმართა პროცესი, სადაც ცნობილი გახდა, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელი, რომლის მიხედვითაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედავებოდნენ. 

...ერთი წლის წინ

ცხედარი ქისტური წესისამებრ ეზოში დაასვენეს და ლოცვა აღავლინეს. რამდენიმე წუთის შემდეგ პროცესია სასაფლაოსკენ დაიძრა. ვაინახური ტრადიციის მიხედვით, გარდაცვლილს უკანასკნელ გზაზე  მხოლოდ მამაკაცები მიასვენებდნენ.

პროცესია ასობით მეტრზე გაიწელა. ქისტები მიდიოდნენ უტყვად, ძალიან სწრაფი ნაბიჯით. თავიდან მდუმარებას მხოლოდ შინ დარჩენილი ქალების ჩუმი ქვითინი არღვევდა, რომელიც რამდენიმე წუთში აჩქარებულმა ფეხის ხმამ ჩაანაცვლა.

პროცესიის ამგვარ ფორმას მუსლიმური ადათი ითხოვს, თუმცა, ამ დუმილში გლოვის ზართან ერთად მრისხანება, ტკივილი, შეშფოთება ისმინებოდა... და კითხვები, რომლებმაც 26 დეკემბრის სპეცოპერაციის შემდეგ მთელი ხეობა მოიცვა...



რა მოხდა

► 2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით ღამის ოთხ საათზე, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ადგილობრივი ქისტის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები შეიჭრნენ.

► მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ: "თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა, წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისთვის. კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანება მიიღო".

►ორკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ, "10 იანვარს, გამთენიისას, უეცრად
მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა გულის ოთხჯერ გაჩერება. მეოთხედ რეანიმაცია წარუმატებლად დასრულდა. გარდაიცვალა 8 საათზე”.

► უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ 19 წლის თემირლანმა და სხვა დაკავებულებმა ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე მოიყვანეს, საქართველოში შემოიყვანეს, თბილისში ჩამოიყვანეს, და ბინის დაქირავებასა და იარაღის მოძიებაში დაეხმარნენ.

კითხვები

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს თემირლანის გასვენებაში შევხვდი. ახალგაზრდა ადვოკატს გამოძიების ვერსიის არცერთი დეტალის არ სჯერა. მას ბევრი კითხვა აქვს და სწრაფად, დაბალი ხმით ჩამოთვლის, ისე, რომ სამგლოვიარო ცერემონიას ხელი არ შეუშალოს:

რატომ იყო სროლის აუცილებლობა, მით უმეტეს, შუბლში, სასიკვდილოდ?

იყო თუ არა საერთოდ დაკავების საფუძველი? რამდენად ადეკვატური იყო იგი? და რამდენად იყო არგუმენტებით გამყარებული?

რა საჭირო იყო დაკავების სპეცოპერაციის ამ ფორმით, სპეციალური დანიშნულების რაზმის სახლში შეჭრით, ჩატარება?

ჰყავდათ თუ არა მანამდე თემირლან მაჩალიკაშვილი დაბარებული დაკითხვაზე, დაუსვეს თუ არა კითხვა - რა ნაცნობობა აკავშირებდა მას გაბრიელ სალოსის სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან?

თუ მას ხელყუმბარით ეძინა, ანუ ელოდებოდა თავდასხმას და ემზადებოდა, მაშინ რატომ არ აღმოჩნდა სახლში სხვა იარაღი? ერთი ხელყუმბარით ცდილობდა თავის დაცვას?

თუ მას ხელყუმბარით ეძინა, ანუ ელოდებოდა თავდასხმას და ემზადებოდა, რატომ ელოდებოდა ამას საკუთარ სახლში, რატომ არ გაიქცა?

და ა.შ.

2018 წელი საქართველოს მოქალაქეებს მრავალი საპროტესტო აქციით დაამახსოვრდებათ. თუმცა პროტესტი, რომელიც დასაწყისიდან არ შეწყვეტილა, იყო შვილმკვდარი მამების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის  ბრძოლა სამართლიანობის მისაღწევად. 

ბრძოლის ამ გზაზე თემირლანის მშობლების წინ მრავალი ბარიერი აღიმართა - სამთავრობო ტელეარხები სიტყვასიტყვით, კითხვების გარეშე იმეორებდნენ უსაფრთხოების სამსახურის ნარატივებს; სახელისუფლებო „ტროლები" სოციალურ ქსელებში შავ პიარს აგორებდნენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წინააღმდეგ; პანკისის ხეობის ირგვლივ წლობით ნაშენი სტერეოტიპებით ნაკვები მოქალაქეები „არ გამორიცხავდნენ" 19 წლის თემირლანის ტერორიზმთან კავშირს; ბოლოს მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ შსს-მ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაც დაიწყო, რომელიც მალევე შეწყდა, რადგან საფუძველს იყო მოკლებული. 

ამასთან, სუს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მედიასაშუალებების გამოყენებით პერიოდულად ავრცელებდა სხვადასხვა ფრაგმენტულ ინფორმაციას, ვიდეოჩანაწერებს, საიდანაც რეალურად არაფრის დადგენა არ იყო შესაძლებელი, და რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას ცდილობდა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში თავიდანვე ჩაერთო EMC - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორნიგის ცენტრი, თემირლანის უდანაშაულობის პრეზუმფციის საქმეზეც სარჩელი ორგანიზაციის იურისტებმა მოამზადეს. 

EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე საქმეს ზედმიწევნით იცნობს. მას რამდენჯერმე პანკისშიც შევხვედრივარ, თუმცა ამჯერად თბილისის ოფისში ვესტუმრე.

თამთა ფიქრობდა, და დღესაც დადასტურდა, სწორედ რომ სახელმწიფოს მაღალი ინტერესის გამო, სასამართლო თემირლანის უდანაშაულობის პრეზუმფციაზე სარჩელს მარტივად არ დააკმაყოფილებდა.

"პანკისელებს ახსოვთ ისტორიული სპეცოპერაციები", - მიყვება თამთა. ის ფიქრობს, რომ პანკისზე არსებული წარმოდგენებისა და ხედვების შედეგია  „რეპრესიული აპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია", რამაც „ძალის გამოყენების მაღალი რისკები შექმნა".

თამთა მიქელაძესთან ერთად კიდევ ერთხელ აღვიდგინეთ 2017 წლის დეკემბრის მოვლენები, საიდანაც ცხადად იკვეთება, რომ "სახელმწიფოს შეეძლო მისი სხვაგვარად დაკავება, და მერე ვნახავდით - არსებობდა თუ არა ამის კანონიერი საფუძველი".

EMC გეგმავს, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ბრძოლის გაგრძელებას აპირებს მალხაზ მაჩალიკაშვილიც. 

თემირლანი

თემირლან მაჩალიკაშვილი დაიბადა 1998 წელს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, პანკისის ხეობაში. 9 კლასი დუისის საჯარო სკოლაში დაასრულა. შემდეგ კი, 2016 წელს, თბილისში, კოლეჯ “კავკასიონში” ერთი წელი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამაზე სწავლობდა, პარალელურად ოფთალმოლოგიური პრობლემების გამო მკურნალობდა. 2016 წლის მაისში კვლავ სოფელს დაუბრუნდა.

სოფელში თემირლანი მშობლებს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდა, თავისუფალ დროს კი ინგლისურში მეცადინეობას ანდომებდა. თავისი სპეციალობით მუშაობა და სწავლის გაგრძელება სურდა.

“მეგობრული და ოდნავ ჩაკეტილი ბავშვი იყო, იხსენებს მისი მასწავლებელი ლალი კუშტანაშვილი. მასწავლებელს საუბარს ცრემლები აწყვეტინებს - ახლაც თავის მერხზე წარმომიდგება ხოლმე, როგორ ზის, როგორ მეცადინეობს, როგორ ჰყვება გაკვეთილს...  კუშტანაშვილი თემირლანს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

თემირლანი ყველა პანკისელის ოჯახიდან გაასვენეს  - ამბობს მასწავლებელი და ცრემლს იწმენდს - ვიღაცას რომ იცნობდა, არ ნიშნავს, რომ მას ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი, ამას გამოვრიცხავ”.

ერთი წლის წინ, 11 იანვარს, შუადღისას, დაახლოებით სამ საათზე, როცა მზე დუისის გორაკზე მდებარე სასაფლაოს თავზე მოექცა, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, პაპის გვერდით, მიწას მიაბარეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^