Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარკ ტვენი - მდინარე, რომელშიც უნდა შეცურო...

13 თებერვალი 2019

მარკ ტვენის ბიოგრაფიაში უხვადაა მომენტები, რომლებიც, პრინციპში, განსაზღვრავს კიდეც ადამიანის ცხოვრებას. ისეთ ადგილას დაიბადა, ისე იცხოვრა, ისეთი მწერალი გახდა, რომ ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში მოხდა, სრულიად ახალი მნიშვნელობა მიენიჭა.

ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი, ერთ-ერთი პირველი ამერიკელი მწერალია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული მწერლობა, ბუნებრივია, მარკ ტვენამდეც არსებობდა, არაერთი თვალსაზრისით, ის ევროპული ლიტერატურის შემადგენელი ნაწილი უფრო იყო. აი, მარკ ტვენის ხელში კი დაიბადა ნამდვილი ამერიკული ლიტერატურა, დაწერილი იმავე ენაზე, რომელზეც ამერიკელები საუბრობენ.

სემიუელ ლენგჰორნ კლემენსი, ანუ მარკ ტვენი, მისურის შტატის პატარა ქალაქ ფლორიდაში დაიბადა და როგორც მომავალში, სატირის დიდოსტატმა, ხუმრობით აღნიშნა - მისი დაბადებით „ფლორიდას მოსახლეობა 1%-ით გაიზარდა“. ამით ხაზი გაუსვა, თუ რამდენად პატარა, მცირერიცხოვან ქალაქში დაიბადა.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

მისი მშობლები ვირჯინიისა და კენტუკის შტატებიდან იყვნენ. 13 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა, დედამ კი ხანგრძლივი, ნაყოფიერი ცხოვრება განვლო - 87 წლამდე იცოცხლა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის უფროსის როლი სემიუელის ძმამ, ორაინიმ იტვირთა. სწორედ მან წამოიწყო საოჯახო ბიზნესი - გაზეთის გამოცემა. აქედან გამომდინარე, მარკ ტვენის ადრეული ბიოგრაფიაც წერასთან და ჟურნალისტიკასთან არის დაკავშირებული. ძმასთან დიდხანს იმუშავა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ მდინარე უხმობდა და ჯერ ლოცმანის თანაშემწე, შემდეგ კი ლოცმანი გახდა. მარკს ეს საქმე მოსწონდა, თუმცა სამოქალაქო ომმა ვითარება შეცვალა - ომის დასრულების შემდეგ ეს სამუშაო უბრალოდ გაქრა.

საინტერესოა, რომ სამოქალაქო ომის დაწყებასთან ერთად, სემიუელი მასონთა ლოჟის წევრი გახდა, თუმცა ამ, ე.წ. საძმოს ყოველთვის იუმორით ეკიდებოდა და საკუთარ მასონობას სერიოზულად არასდროს აღიქვამდა.

გარკვეული დროის განმავლობაში, სემიუელი სამოქალაქო ომშიც იბრძოდა, სახალხო რაზმში, თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი ძმა ნევადის შტატის გუბერნატორის მდივანი გახდა, მასთან ერთად გაემგზავრა დასავლეთში.

ნევადაში სემი მაღაროში, ვერცხლის მომპოვებლად მუშაობდა. შემდეგ გაზეთ „Territorial Enterprise“-ში მოეწყო, 1864 წელს კი სან-ფრანცისკოში გადავიდა, სადაც რამდენიმე გაზეთთან თანამშრომლობდა. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მისი ლიტერატურული დებიუტიც - 1865 წელს პირველი იუმორისტული მოთხრობა გამოაქვეყნა, რამაც სერიოზული წარმატება მოუტანა - მისი ნაწარმოები ამერიკაში, ამერიკელი მწერლის მიერ შექმნილ საუკეთესო იუმორისტულ მოთხრობად დასახელდა!

მომდევნო წელი მივლინებებში გაატარა, სარედაქციო დავალებებს ასრულებდა და პარალელურად, ლექციებსაც კითხულობდა. ამავე, 1866 წელს, პირველად ჩავიდა ევროპაში, იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში; იმყოფებოდა რუსეთშიც, კერძოდ კი ყირიმშიც. მოგზაურობის ჩანაწერები მარკ ტვენმა წიგნად გამოსცა („უბრალო ხალხი უცხოეთში“) და ისე, რომ არცერთი რომანი არ ჰქონდა დაწერილი, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მწერლად იქცა.

ალბათ ეს იყო ის წერტილი, რომლის შემდეგაც მარკ ტვენი მთლიანად მწერლობას დაუკავშირდა. პარალელურად, ასწავლიდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის რამდენიმე უნივერსიტეტში და თამამად შეიძლება ითქვას - მისი ლექციები საოცრება იყო!

შედარებით გვიან, საკუთარ ნაწარმოებებში ტვენი რასიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ გამოვიდა, აკრიტიკებდა მოქმედ ამერიკელ სენატორებს; ნეგატიურ მოსაზრებებს გამოთქვამდა აშშ-ის პრეზიდენტებზე. საყურადღებოა ისიც, რომ მისი რომანი „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ „არალიტერატურული ენის, სცენების მეტისმეტად ნატურალისტური გამოხატვისა და რიგი სიტყვების გამო“ რამდენჯერმე აკრძალეს.

მარკ ტვენის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო მეუღლის გარდაცვალება. ეს ამბავი მწერალმა იმდენად განიცადა, რომ სიცოცხლის ხალისითა და იუმორით სავსე კაცი დეპრესიამ შეიპყრო.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, ტვენის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, თუმცა, მწერალს ერთგვარ მხსნელად მოევლინა ჰენრი როჯერსი, ნავთობმაგნატი, რომელიც მარკის უახლოესი მეგობარი გახდა. სხვათა შორის, მწერალს სერიოზული გავლენა ჰქონდა ჰენრიზე და ის ნამდვილად მეცენატად, ქველმოქმედად აქცია.

საინტერესოა ისიც, რომ მარკ ტვენი სიცოცხლეში რამდენჯერმე გამოაცხადეს გარდაცვლილად. მორიგი ნეკროლოგის გამოქვეყნების შემდეგ, მწერალმა წარმოთქვა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა: „ჭორები ჩემი სიკვდილის შესახებ მეტისმეტად გადაჭარბებულია“.

მასვე ეკუთვნის შესანიშნავი ფრაზა იმის შესახებ, რა იოლია მოწევისთვის თავის დანებება: „ეს უმარტივესი საქმეა, თავად მე ათასჯერ მაინც დამინებებია მოწევისთვის თავი“.

სემიუელ ლენგჰორნ კლემენსი სტენოკარდიის შეტევის შედეგად, 1910 წელს გარდაიცვალა, მაშინ, როდესაც დედამიწას კომეტა ჰალეამ ჩაუარა. ეს ის კომეტაა, რომლის გამოჩენიდან სულ ცოტა ხანში, 1835 წელს, მწერალი დაიბადა. 

მარკ ტვენიც კომეტასავით გამოჩნდა ლიტერატურაში და აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ორი მნიშვნელოვანი კაცის ფრაზა, უპირველეს ყოვლისა კი, ფოლკნერის სიტყვები: „პირველი, დანამდვილებით ამერიკელი მწერალი მარკ ტვენია და ჩვენ, ყველანი, მისი მემკვიდრეები ვართ“. ხოლო ჰემინგუეის მიაჩნდა, რომ მთელი ამერიკული ლიტერატურა მარკ ტვენის „ჰაკლბერი ფინის თავგადასავლიდან“ მოდიოდა.

ორი სიტყვა ვთქვათ მის ფსევდონიმებზეც. სემიუელ ლენგჰორნ კლემენსს რამდენიმე ფსევდონიმი ჰქონდა, თუმცა, ბუნებრივია, ყველაზე ცნობილი მარკ ტვენია. ამ ფსევდონიმის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ის სამდინარო ნავიგაციის ტერმინოლოგიიდან არის აღებული. ლოცმანად მუშაობისას, როდესაც მდინარე მისისიპის სიღრმეს ზომავდნენ, ხშირად ესმოდა შეძახილი „მარკ თვენ“ — თუკი აღმოჩნდებოდა, რომ მდინარის სიღრმე დაახლოებით 3.7 მეტრს აღწევდა, ეს ნიშნავდა, რომ მდინარე „ვარგისია“ ნავიგაციისთვის და მასში გემით შეცურვა შესაძლებელი იყო. 

მეორე ვერსიით, მარკ ტვენი სემიუელ კლემენსის საყვარელი მწერლის, ჩარლზ ბრაუნის ნაწარმოებიდან არის აღებული. მის ერთ-ერთ იუმორისტულ მოთხრობაში, პერსონაჟს სწორედ მარკ ტვენი ჰქვია.

მიუხედავად ამისა, საიდანაც უნდა მოდიოდეს სემიუელ კლემენსის ფსევდონიმი - პერსონაჟის სახელიდან, თუ სამდინარო ტერმინოლოგიიდან, ფაქტია, რომ მარკ ტვენი ის ავტორი, ის მდინარეა, რომელში გაცურვაც აუცილებელია!

„ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“

იმ პერიოდში, როდესაც მარკ ტვენი ამ რომანს წერს, მთელ მსოფლიოში კულტურული ჰეგემონი დიდი ბრიტანეთია, ამერიკის შეერთებული შტატები კი ერთი დიდი პროვინციაა, სადაც მშვენიერების, მორალის, ხელოვნებისა და ყველაფრის მთავარი კრიტერიუმი, მათ შორის სტილიც და ენაც დიდ ბრიტანეთს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნეში ამ „პროვინციას“ დიდი მწერლები ჰყავდა, რეალურად, ისინი ამერიკაში მცხოვრები ევროპელი მწერლები იყვნენ. „ჰაკლბერი ფინის თავგადასავლის“ დაწერამდე, ასეთი იყო თავად მარკ ტვენიც, რადგან „ტომ სოიერის თავგადასავალიც“ კი, კლასიკური ინგლისური ენით არის დაწერილი.

სწორედ ჰაკით დაიწყო ამერიკული ლიტერატურა, როდესაც დაიწერა წიგნი, სადაც ასახულია ამერიკული რეალიები, „ამერიკული“ ენა, ამერიკული სიუჟეტი, აბსოლუტურად არაევროპული გარემო, ამერიკელი პერსონაჟები და რაც მთავარია, დიდი მდინარე - მისისიპი, რომელიც სრულიად წარმოუდგენელია ევროპასა და ევროპულ ლიტერატურაში.

ამ თვალსაზრისით, ეს არის პირველი დიდი ამერიკული წიგნი, რომელმაც გადალახა ვიქტორიანული ეპოქა და გახდა ამერიკული ლიტერატურის ფუძემდებლური ნაწარმოები - მისისიპი და მოძრაობა კი ამ წიგნის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია.

ყველაფერი მისურის შტატის გამოგონილ ქალაქ სანქტ-პეტერსბურგში იწყება. თავად ამ ქალაქის პროტოტიპი რეალურად არსებული ქალაქი ჰანიბალია; სწორედ აქ გაატარა მარკ ტვენმა ბავშვობა. ამას გარდა, „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალში“ მწერლის ბიოგრაფიის არაერთი ელემენტი გვხვდება.

ყველასთვის კარგად ცნობილი ტომ სოიერის მეგობრის, ჰაკლბერი ფინისთვის, რომელიც ამ რომანის მთავარი გმირი და მთხრობელია, ერთ ადგილას გაჩერება წარმოუდგენელია - ჩვენ წინაშე ისეთივე ადამიანია, როგორიცაა თავად ქვეყანა, რომლის გაჩერებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ჰაკლბერი ფინი გამოხატავს კიდეც თავისი ქვეყნის ყველაზე უფრო ღრმა ინტერესს - ჩემი ადგილი არსად არაა, მაგრამ ყველგან ჩემი ადგილია! ანუ, არ ხარ მიჯაჭვული იმ ქალაქთან, იმ კონკრეტულ წერტილთან, სადაც იბადები, შენ წინაშე მთელი ქვეყანა, შესაძლებლობათა მაქსიმუმია!

ბუნებრივია, ჰაკი გაიქცევა... საერთოდაც, ეს წიგნი გაქცევაზეა, სწორედ ამიტომაა ერთ-ერთი ყველაზე ამერიკული წიგნი, თავისუფლებისადმი მიძღვნილი ოდა, რომელშიც თავისუფლებასთან ერთად, რასიზმის წინააღმდეგ მიმართული სატირა და სერიოზული სოციალური კრიტიკა გვხვდება. ერთი სიტყვით, ეს არის უბრწყინვალესი წიგნი იმაზე, თუ როგორ გარბის და როგორ პოულობს ადამიანი.

თუკი მაინცდამაინც ძველ ლიტერატურას შევადარებთ, „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ „ოდისეაზე“ მეტად, „ენეიდას“ ჰგავს - გმირი კარგავს სამშობლოს, მშობლიურ ქალაქს და ეძებს ახალ ადგილს, ახალ სამშობლოს.

ნაწარმოებში გვხვდება ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო პასაჟიც, როდესაც ჰაკი აცნობიერებს, რომ ადამიანის კანის ფერს მნიშვნელობა არ აქვს - 13 წლის ბიჭი ძალიან სწრაფად ერკვევა იმაში, რის გასაგებადაც კაცობრიობას საუკუნეები დასჭირდა! საერთოდაც, ჰაკისა და ჯიმის მეგობრობა ამერიკული ლიტერატურის საფუძველთა საფუძველია. ეს არა მხოლოდ რასებს შორის, არამედ ადამიანებს შორის ურთიერთობაზე დაფუძნებული, განსაკუთრებული წიგნია, რადგან ხშირ შემთხვევაში, ჰუმანიზმი სულ სხვანაირად წარმოდგება, ვიდრე ეს მანამდე წარმოედგინა ლიტერატურას, მით უმეტეს - ამერიკულს.

თაღლითები, გვართა დაპირისპირება, დიდი მდინარე მისისიპი, ჰაკისა და ჯიმის ოცნებები, მოგზაურობა, რომელსაც დასასრული არ აქვს, უსასრულო ქვეყანა და ქვეყანა, რომელსაც მომავალი აქვს! ჰაკლბერი ფინი, როგორც ტიპური ამერიკელის მშობელი, რომანი, რომელმაც დაბადა ერთდროულად ფოლკნერიც, ჰემინგუეიც და სკოტ ფიცჯერალდიც, ლიტერატურაში გრანდიოზული შემობრუნების ის წერტილი და ნაბიჯია, რომელიც მარკ ტვენმა გადადგა!

საინტერესოა, რომ ჰაკთან ერთად, რომანის მთავარი პერსონაჟი მდინარე მისისიპია, აკი, ავტორსაც მდინარესთან, მასში ნავიგაციასთან დაკავშირებული სახელი ჰქვია! ეს სახელი ამბობს, რომ ამ კაცის შემოქმედებაში, „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალში“, ნავიგაცია არათუ შესაძლებელია, არამედ, როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ, „სიცოცხლე სავალდებულო არ არის, ნავიგაცია სავალდებულოა“.

დიახ, მსოფლიო ლიტერატურის კითხვა სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო... მაგრამ, მარკ ტვენის წაუკითხაობა არ შეიძლება!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^