ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ყველაზე ახალი ხელსაწყოები 80-იანი წლებით თარიღდება, ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრიდან ჩამოსულმა გია დვალმა ფიზიკასა და სამყაროს სიმეტრიაზე წაიკითხა ლექციები. ძველი აუდიტორია და სამოცი წლის წინანდელი კედლები რამდენიმე დღით ახალგაზრდებითაც კი გაივსო და ინსტიტუტის უზარმაზარი და ცარიელი შენობა უჩვეულოდ გამოცოცხლდა. თუმცა, ფუსფუსი მალევე შეწყდა. ქართველი მეცნიერი უკან გაემგზავრა და ფიზიკის ინსტიტუტის საბჭოთა ეპოქაში გაყინული ცხოვრებაც ჩვეულ, უხმაურო რიტმს დაუბრუნდა.
ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ყველაზე ახალი ხელსაწყოები 80-იანი წლებით თარიღდება, ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრიდან ჩამოსულმა გია დვალმა ფიზიკასა და სამყაროს სიმეტრიაზე წაიკითხა ლექციები. ძველი აუდიტორია და სამოცი წლის წინანდელი კედლები რამდენიმე დღით ახალგაზრდებითაც კი გაივსო და ინსტიტუტის უზარმაზარი და ცარიელი შენობა უჩვეულოდ გამოცოცხლდა. თუმცა, ფუსფუსი მალევე შეწყდა. ქართველი მეცნიერი უკან გაემგზავრა და ფიზიკის ინსტიტუტის საბჭოთა ეპოქაში გაყინული ცხოვრებაც ჩვეულ, უხმაურო რიტმს დაუბრუნდა.
ფიზიკის ინსტიტუტში 100 მეცნიერი მუშაობს. მათი საშუალო ასაკი 60 წელია. ამიტომ ამბობს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე ღონღაძე, რომ თანამედროვე ტექნიკაზე მეტად ადამიანები აკლიათ, უფრო ზუსტად კი - ახალგაზრდები. ახალგაზრდა ფიზიკოსების უმრავლესობა კი, გია დვალის მსგავსად, საზღვარგარეთ მუშაობს. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ინსტიტუტიდან საზღვარგარეთ ოთხმოცამდე მეცნიერი წავიდა.
ფიზიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ეს ის დარგებია, რომლებშიც საქართველომ ყველაზე დიდი "ინტელექტუალური მარაგი" "გაასხვისა". "ბრეინ დრეინი", სიტყვასიტყვით, "ტვინების გადინება" და იგივე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ემიგრაცია ის პრობლემაა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, განსაკუთრებულად მწვავედ დგას.
"გია ჯოხაძე, დათო ფრანგიშვილი, გიგიშა მუსხელიშვილი, ავთო კალანდაძე ... ბევრნი არიან", - სახელების ჩამოთვლას ვერ აუდის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის 90 წლის აკადემიკოსი მალხაზ ზაალიშვილი, რომელიც 66 წელია, მოლეკულურ ბიოლოგიაში მუშაობს და ინსტიტუტიც თვითონ დააარსა. იგი იმ მეცნიერებს იხსენებს, რომლებმაც ბოლო წლებში ინსტიტუტი ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. "გია ჯოხაძე ამერიკის 100 საუკეთესო მეცნიერს შორის დაასახელეს", - ამაყობს ზაალიშვილი. მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერების 50 პროცენტზე მეტი ახლა უკვე ამერიკის, გერმანიის, საფრანგეთის და სხვა წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობს.
"ტვინების გადინების" პროცესი საქართველოში საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდში, 80-90-იან წლებში მასშტაბურად დაიწყო და სტანდარტული გამომწვევი მიზეზები ჰქონდა: ხელფასების სიმცირე, უმუშევრობა, პროფესიული წინსვლის არარსებობა და, ზოგადად, მძიმე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო.
კონკრეტული რაოდენობრივი ან ხარისხობრივი კვლევა იმის შესახებ, თუ რამდენმა მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტმა დატოვა სამშობლო, ჩვენთან არ ჩატარებულა. თუმცა, ასეთი კვლევა ჩატარდა 2009 წელს სომხეთში, სადაც გაირკვა, რომ ინტელექტუალების 50 პროცენტი ქვეყნიდან წასულია. ჩღღჩ-ს მკვლევარი, აარონ ერლიჰი ვარაუდობს, რომ საქართველოში "ინტელექტის გადინების" მაჩვენებელი სომხეთისას გადააჭარბებს. "ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სომხეთში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შეძლეს კვლევითი ინსტიტუტები და მათი აღჭურვილობა საქართველოზე მეტად შეენარჩუნებინათ", - აცხადებს ერლიჰი.
საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდს და 90-იანი წლების მოვლენებს კვლევითი ინსტიტუტების კრიზისი მართლაც მოჰყვა. ზოგი ინსტიტუტი დანიშნულების გარეშე დარჩა. აპარატურა კი წყობიდან გამოვიდა - "ზოგი ხელსაწყო მხოლოდ იმიტომ გაგვიფუჭდა, რომ ლაბორატორიებში მათთვის საჭირო ტემპერატურას დენისა და გათბობის გარეშე ვერ ვინარჩუნებდით", - იხსენებს მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ნანი ჯაფარიძე. ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე თავის წიგნში "განჯადოება" წერს, რომ 2005 წლიდან ქართველი მეცნიერების ახალი კვლევები სულ უფრო მეტ საერთაშორისო ინტერესს იწვევს. თუმცა, იქვე შედგენილი ცხრილების მიხედვით, საქართველო რეგიონის დანარჩენ ქვეყნებსა და უფრო მცირე მოსახლეობის სახელმწიფოებს მაინც ჩამორჩება.
ჩვენთან ზოგიერთი სამეცნიერო მიმართულება საერთოდ არ არსებობს. ონისე შარია მერილენდის უნივერსიტეტში Mატერიალს სციენცე-ის დეპარტამენტის პოსტდოქტორანტია, მუშაობს ორგანულ კრისტალებში ქიმიური რეაქციების მოდელირებაზე და აცხადებს, რომ ამ მიმართულებას საქართველოში თითქმის არავინ მისდევს. "საქართველოში ამ განხრით ბევრს ვერაფერს შევძლებდი. აქ კი წელიწადში რამდენიმე კონფერენციაში ვმონაწილეობ, ვეცნობი სიახლეებს. ჩემი სპეციალობა მოითხოვს მძლავრ სუპერკომპიუტერებს, საქართველოში ასეთ კომპიუტერებზე მუშაობის საშუალება ნამდვილად არ მექნება. აქ ნებისმიერ უნივერსიტეტში გაცილებით უკეთესი სამეცნიერო გარემოა, ვიდრე მე მახსოვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში", - აცხადებს ონისე და ვარაუდობს, რომ ამერიკაში მინიმუმ 10 წლით მაინც დარჩება.
უმრავლესობისთვის მიგრაციის მიზეზი შემოსავალია. ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ნანი ჯაფარიძე ამბობს, რომ ბოლო წლებში მათი ინსტიტუტის საბაზისო დაფინანსება ფაქტობრივად აღარ გაზრდილა. კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომელი კი ხელფასის სახით თვეში საშუალოდ 200 ლარს იღებს. უფრო მაღალი ანაზღაურება მხოლოდ მათ ერგებათ, ვისაც გაუმართლებს და პერიოდულად პროექტების საგრანტო დაფინანსებას მიიღებს.
თუმცა, გია დვალი, რომელიც 1992 წლიდან ევროპის და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოღვაწეობს, მეცნიერების სხვა ქვეყნებში გადასვლას ასე მტკივნეულად არ აღიქვამს. "ფიზიკოსების სხვადასხვა ქვეყანაში მოძრაობა და მუშაობა ჩვეულებრივი მოვლენაა", - აცხადებს ის, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ ქართველი მეცნიერების ქვეყნიდან გადინებაზე სხვა ფაქტორებმა იმოქმედა. "ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე კარგი სკოლა გვქონდა საქართველოში", ახლა კი, სხვადასხვა მიზეზის გამო, "სიტუაცია ძალიან, ძალიან მძიმეა, ნებისმიერმა თავმოყვარე ქვეყანამ მეცნიერება უნდა დააფინანსოს", - ამბობს დვალი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიზიკური ექსპერიმენტის თანაავტორი.
მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ქვეყნის საერთო მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგენენ, თუმცა მათი წასვლა ქვეყნის განვითარებაზე მწვავედ აისახება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) 2006 წლის კვლევაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად Iთ სპეციალისტების და ტექნიკური დარგების სპეციალისტების გადინებას გამოჰყოფენ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით რუსეთში გამოვლინდა. ექიმების მიგრაციით გამოირჩეოდა ესტონეთი, მაკედონიას კი უფრო მასწავლებლები და ახალგაზრდა მკვლევრები ტოვებდნენ.
"პატარა მოკვლევის შედეგად ჩემმა ნაცნობმა, რომელიც ვეკუას სახელობის სკოლაში სწავლობდა და ახლა ამერიკაში მოღვაწეობს, აღმოაჩინა, რომ მისი თანაკლასელებიდან მხოლოდ ერთიღაა საქართველოში, დანარჩენი ყველა საზღვარგარეთ მუშაობს", - იხსენებს მკვლევარი აარონ ერლიჰი. ერლიჰის ვარაუდით, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში მიგრაციას იკვლევდა, "საქართველოში მეცნიერებთან ერთად, Iთ პერსონალის, ვეტერინარების, ექიმების კრიზისი უნდა იყოს".
მკვლევრები ამბობენ, რომ "დაკარგული ინტელექტის" ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. მიგრაციაზე ჩღღჩ-ს 2010 წლის კვლევამ კი აჩვენა, რომ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში გასული ქართველი მიგრანტების უმრავლესობას - მათ 70%-ს უმაღლესი განათლება აქვს.
ზოგადად, ქართველი მიგრანტების რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა. გაერო-ს მონაცემებით, 2008 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 545 მოქალაქემ მოითხოვა, 2009 წელს კი - 10 994-მა.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, რომლის ვებგვერდზე ერთ-ერთ ქვეთავად "მიგრაციაა" მითითებული, აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით პროგრამები არ აქვთ. დიასპორის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით კი, მიგრაციის შესახებ პროგრამები აქვთ, მაგრამ "ინტელექტის გადინების" კუთხით - არც ერთი. განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის მეცნიერი, არჩევანში თავისუფალია. "მათ საზღვრებს ვერ ჩავუკეტავთ, რომ არ წავიდნენ". თუმცა, ეთანხმება იმ აზრს, რომ საჭიროა, თვითონ ქვეყანამ შეუქმნას მეცნიერებს სათანადო გარემო, საკუთარი ქვეყნიდან წასვლა რომ არ გადაწყვიტონ. ამისთვის მას აუცილებლად მიაჩნია სახელმწიფო უნივერსიტეტების სათანადო ტექნიკური ბაზებით აღჭურვა და ამ პროცესის დაწყებას ზაფხულიდან გეგმავს. ხოლო კვლევითი ინსტიტუტების საბაზისო დაფინანსება, მისივე თქმით, იქამდე ვერ მოიმატებს, ვიდრე ზოგადად ქვეყნის ბიუჯეტი არ გაიზრდება.
კლასიკური გაგებით "ინტელექტის გადინებას" არა, მაგრამ პოტენციურად "ტვინების" დაკარგვის საფრთხეს საქართველოდან ყოველწლიურად წასული უამრავი სტუდენტიც ქმნის. "ლიბერალთან" საუბარში ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებას საზღვარგარეთ დარჩენა და იქ მუშაობა ურჩევნია, მთავარ მოტივად კი მიღებული ცოდნის რეალიზების მეტ შესაძლებლობასა და შრომის ადეკვატურ ანაზღაურებას ასახელებს. დაბრუნებას კი ისინი აპირებენ, ვისაც მიღებული სტიპენდიის სანაცვლოდ ამას ხელშეკრულებით ევალება.
პრეზიდენტის ყოფილი ფონდი საზღვარგარეთ გაგზავნილ მაგისტრანტებს ასეთ ვალდებულებას არ აკისრებდა. მსგავსი შეთანხმება სტუდენტებთან არც მას შემდეგ გაფორმებულა, რაც საპრეზიდენტო ფონდის განკარგვა განათლების სამინისტრომ დაიწყო. თუმცა, სამინისტროს წარმომადგენლის მაია სიფრაშვილის განცხადებით, უკვე მუშაობენ ხელშეკრულების ახალ ვარიანტზე და რამდენიმე თვეში სტუდენტებს სწავლის დასრულების შემდეგ ერთი წლის საქართველოში გატარებას მოსთხოვენ.
მხოლოდ მსგავსი შეზღუდვები საქართველოს დაკარგულ ინტელექტს ვერ დაუბრუნებს. ამისთვის ცალსახა სახელმწიფო პროგრამების ჩამოყალიბებაა საჭირო, რომლის ჩანასახიც 2004 წელს თითქოს გამოჩნდა. მაშინ სააკაშვილმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ორმაგი მოქალაქეობის მიღების შანსი მისცა და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ წასული ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. ქვეყანაში ვითარება ისე უნდა შეიცვალოს, რომ მათ უკან დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ.
"2003 წლის რევოლუციის შემდეგ უკან დაბრუნების ტენდენცია მართლაც შესამჩნევი იყო. მაშინ მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე უცხოეთში მომუშავე ქართველები დანიშნეს. ოღონდ ეს "გადენილი ტვინების" ძალიან მცირე ნაწილი იყო. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი ნებისმიერი სახის მიგრანტების დაბრუნებისტენდენცია კვლავ მკვეთრად შემცირდა", - აცხადებს ერლიჰი.
2008 წლიდან საქართველოსთვის პრიორიტეტული სულ სხვა ხარისხის პრობლემები გახდა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი დღეს საქართველოში არსებულ პრობლემებს ორ ნაწილად ჰყოფს - უსაფრთხოების პრობლემა და სხვა დანარჩენი პრობლემები. "ინტელექტის გადინება" სწორედ ამ სხვა დანარჩენში შედის. "ქვეყანას ახლა ყოფნა-არყოფნისთვის უწევს ბრძოლა, ამიტომ ქვეყნიდან გადენილი ინტელექტის დაბრუნებაზე ზრუნვის დრო ჯერ არ არის", - დასძენს დარჩიაშვილი.
ინტელექტის ხანგრძლივი გადინება ნებისმიერ ქვეყანას განვითარების შეფერხების საფრთხეს უქმნის. მაგრამ, იდეალურ შემთხვევაში, ექსპერტების აზრით, "ბრეინ დრეინს" სასიკეთო შედეგიც შეიძლება ჰქონდეს - კიდევ უფრო განათლებული მიგრანტის უკან დაბრუნება. მკვლევრები და მეცნიერები საქართველოდან წასული მათი კოლეგების უკან დაბრუნების ზოგიერთ შემთხვევას მართლაც იხსენებენ, ოღონდ - მხოლოდ საპენსიო ასაკში.
ქვეყნის განვითარებაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გამოყენება რომ შესაძლებელი გახდეს, ამისთვის "სახელმწიფომ, პირველ რიგში, შრომის სათანადო გარემო უნდა შექმნას, დახვეწოს შრომის კანონმდებლობა და გააუმჯობესოს ეკონომიკური გარემო, - ამბობს აარონ ერლიჰი, - პირველ რიგში კი, მეცნიერების დაფინანსებაზე ზრუნვაა საჭირო".
როცა სინგაპურში შენიშნეს, რომ ადგილობრივი კვალიფიციური იურისტები სამსახურის საძებნელად საზღვარგარეთ მასობრივად მიდიოდნენ, ამ ტენდენციას კრეატიული პროექტებით დაუპირისპირდნენ: ახალ კურსდამთავრებულებს არა მხოლოდ მაღალი ხელფასები დაუნიშნეს, დამატებითი სარგებლობის პაკეტებიც შესთავაზეს, რომლებიც სავარჯიშო დარბაზებს, მასაჟს, სტრესთან გამკლავების საშუალებებს და კიდევ სხვა შეღავათებს მოიცავდა. ყატარში კი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მასშტაბური გადინების შემდეგ მეცნიერების განვითარებისთვის დიდძალი ფინანსები გამოყვეს.
განვითარებულ ქვეყნებს ტერმინი "ინტელექტის გადინება" დღეს მწვავედ აღარ აწუხებთ. ამის მიზეზი შრომის ღია ბაზარია, სადაც მულტინაციონალური გიგანტური კომპანიები იოლად პოულობენ სასურველ მაღალკვალიფიციურ კადრებს. იმ ქვეყნებში, სადაც ინფრასტრუქტურა, სამეცნიერო ბაზა და შრომის ბაზარი განვითარებულია, სევდიანი ტერმინის - "ინტელექტის გადინების" ნაცვლად, უკვე "ინტელექტის გლობალიზაციაზე", "ინტელექტის ბრუნვასა" და "გაცვლაზე" საუბრობენ.
საქართველოსთვის კი "გასხვისებული ინტელექტის" მარაგს ვერც ჩვენს ქვეყანაში სამუშაოდ ჩამოსული უცხოელები შეავსებენ. თავისი სულ სხვა, "ნომერ პირველი" პრობლემით საქართველო ჯერჯერობით კვლავაც იმ ქვეყნების რიგში დგას, საიდანაც "ტვინები" გაედინებიან და უკან თითქმის აღარ ბრუნდებიან.