Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამხანაგი საახოვი კარაბას-ბარაბასის ვნებებით

11 მარტი 2019

97 წლის ასაკში საბჭოთა კინოსა და თეატრის გამორჩეული კომიკოსი, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი - ვლადიმირ ეტუში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი მას ძირითადად სახასიათო კომედიური როლებით იცნობდა, მსახიობმა ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მრავალფეროვანი და მრავალმხრივი გმირების განსახიერება შეძლო, როგორც კინოში, ისე მოსკოვის ევგენი ვახტანგოვის სახელობის თეატრში, სადაც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა. 

ბრწინვალედ განსახიერებული როლების მიუხედავად, მაყურებელთა მეხსიერებას ვლადიმირ ეტუში მაინც ლეონიდ გაიდაის ფილმებით შემორჩა: პირველ რიგში ესაა ლეგენდარული საბჭოთა ფუნქციონერი საახოვი („კავკასიელი ტყვე ქალი“), ინჟინერი ანდრეი ბრუნსი („12 სკამი“), სტომატოლოგი ატონ შპაკი („ივან ვასილევიჩი პროფესიას იცვლის“); ასევე ბრწყინვალე კარაბას-ბარაბასი ლეონიდ ნეჩაევის სატელევიზიო ფილმში „ბურატინოს თავგადასავალი“ (ალექსეი ტოლტოის ზღაპრის მიხედვით).

ვლადიმირ ეტუშის სამსახიობო სივრცე მაინც კომედიაა, ბუფონადიდან დაწყებული მძაფრი სატირით დამთავრებული. მსახიობის უცნაური, გამორჩეული აქცენტი და გარეგნობა უთუოდ ანიჭებდა მას აღმოსავლური, კავკასიურ ან ებრაული წარმოშობის პერსინაჟების განსახიერების პრივილეგიას (სხვათა შორის, ის წარმოშობით სწორედ ებრაელია - ვლადიმირ აბრამოვიჩ ეტუში), რასაც ის ფანტასტიკური, მძაფრი, სატირული, მაგრამ, ყოველთვის დახვეწილი ხერხებით ცდილობდა.

ტირაჟირებულმა პერსონაჟებმა და განსახიერებულმა როლებმა მისი სამსახიობო „არსენალი“ ერთგვარად დაავიწროვა, თუმცა მისი სამსახიობო პალიტრა ძალიან მრავალფეროვანია. საბჭოთა დიდ მსახიობთა პანთეონიდან ალბათ არავის შეეძლო ისე გადმოეცა ადამიანის სიხარბის, ეშმაკობის, ნაივურობისა თუ  ვულგარულობის ნაირსახეობა, როგორც ეტუშმა გააკეთა. მან, ასე ვთქვათ, საფირმო ილეთები და საკუთარი პასაჟები შექმნა თეატრსა და კინემატოგრაფში უარყოფითი პერსონაჟის გადმოსაცემად. და ეს უბრალოდ და ბრწყინვალედ მოახერხა.

მეორე მსოფლიო ომში ეტუში მოხალისედ წავიდა. იბრძოდა ყაბარდო-ბალყარეთში, დონის როსტოვსა და უკრაინაში. სამხედრო მამაცობისთვის საბჭოთა ხელისუფლებამ მას სამხედრო ჯილდოები და მედლები გადასცა. 1944 წელს მძიმედ დაიჭრა და დემობილიზაციაში გაუშვეს. თუმცა მისი საბრძოლო გამოცდილება ეკრანზე და თეატრში არასოდეს ასახულა.

არცერთი გმირული როლი არ უთამაშია! არც სასტიკი სტალინზმის ეპოქის ჟამთააღმწერელი ყოფილა და არც რომანტიკული შეყვარებულების როლები ღირსებია. იგი არც ანტისაბჭოთა განწყობებით გამოირჩეოდა, მაგრამ გასაოცარი სიზუსტით შეძლო ეკრანზე სწორედ საბჭოთა ნომენკლატურული ტალახიდან მოზელილი პერსონაჟების ასახვა, გააზრება თუ რეფლექსია.

ლეონიდ გაიდაის მსგავსად, ვლადიმირ ეტუშის ანალოგი ალბათ ლიტერატურაში უფრო შეიძლება დავინახოთ, ვიდრე კინოში. სწორედ სატირიკოსმა მწერალებმა - ზოშჩენკომ, ილფმა და პეტროვმა რამდენიმე ათეული წლით ადრე თვითდაჯერებული საბჭოთა პლებეების მთელი გალერეა შექმნეს. შპაკიც, საახოვიც და ბრუნიც ამ გალერეის გააზრება თუ გაგრძელებაა. მათი „მაღალი“ მოთხოვნები და მდაბალი აზრები სწორედ იმ სოციალური იერარქიის სატირულ სიცხადეს გვიჩვენებს, რასაც საბჭოთა კინემატოგრაფი წლების განმავლობაში ასე ჩუმად და მორცხვად გაურბოდა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^