Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამეფო კარის თამაშები ქართულად - რა მოხდა პროცესზე

12 მარტი 2019

ანა ბაგრატიონი სწრაფი, ენერგიული ნაბიჯებით მოძრაობს, ისე, რომ ჟურნალისტებს სასამართლოს დერეფნებში მის კვალდაკვალ სირბილი უჭირთ. მას გვერდით მიჰყვებიან თეთრ პერანგებსა და მუქ პიჯაკებში გამოწყობილი მძლავრი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცები, ერთი მათგანი უცნაური ფორმის ჰალსტუხით, რაც მის ჩაცმულობას უნიფორმის იერს ანიჭებს.

საქალაქო სასამართლოს N42 დარბაზი, მარჯვენა ფლიგელში, 0 სართულზე მდებარეობს და იქამდე მისაღწევად ისტორიული სამეფო ოჯახის წევრს ვიწრო გასასვლელებისა და კიბეების გავლა ათობით ოპერატორის ალყაში უწევს. ანა ბაგრატიონის პასუხი სეტყვასავით დაყრილ კითხვებზე, მშვიდი, მედიდური ღიმილია. პროცესი იწყება...

...ვიდრე პროცესი დაიწყებოდა, ჟურნალისტებმა ტრადიციულად, რესპონდენტების წინასწარ ჩაწერა დაიწყეს და აქ ერთგვარ უხერხულობას წააწყდნენ, რადგან აღმოჩნდა, რომ „საქართველოს სამეფო კარის“ წარმომადგენლებს, მაგალითად, კანცლერ კახა ქორიძეს სახეზე არ ცნობდნენ, ბაგრატიონთა თანმხლებთ კი ცოტა არ იყოს უკვირდათ, როდესაც ვინაობას ეკითხებოდნენ.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე ჩემ გვერდით აღმოჩნდა, გავიხსენე რომ "სამეფო კარის კანცლერი" კახა ქორიძე, იგივე თემურია, „ღიმილის ბიჭებიდან“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დავის სირთულიდან გამომდინარე“ პროცესისთვის მოსამართლეთა კოლეგიური  შემადგენლობა გამოყო – მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, და გიორგი გოგიჩაშვილი.

ბაგრატიონ-გრუზინსკებს ადვოკატი ლევან გორელაშვილი წარმოადგენს, დავით მუხრანბატონს კი ადვოკატი ლევან ჩხეიძე, რომელიც სხვათა შორის, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და ხმათა 0,18%, ანუ 2895 ხმა დააგროვა.

დღეს გამართულ პროცესზე მოსარჩელე მხარის მოწმე, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური დაიკითხა.

სხდომა გაიხსნა კითხვით, რომლის მსგავსაც ბევრჯერ ვერ მოისმენთ იურისპრუდენციის ისტორიაში:

„მოდით, დაწვრილებით გავიხსენოთ, რა მოხდა 1512 წელს“, - უთხრა ადვოკატმა მოწმეს და მომდევნო საათების განმავლობაში სასამართლომ მოკლე ისტორიული ექსკურსი მოისმინა, საქართველოს სამეფო ტახტის მპყრობელთა შესახებ.

გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ ერეკლეს II -ის შთამომავალი ნუგზარ ბაგრატიონია, (ანას მამა), თავის მხრივ ერეკლე გახლავთ გაერთიანებული საქართველოს მეფეთა შთამომავალი. შესაბამისად, ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურად მხოლოდ ნუგზარ ბაგრატიონი შეიძლება იყოს აღიარებული. ოთხმეზურმა სასამართლოს მუხრანბატონების შტოს შესახებ მოუთხრო, და უამბო, რომ ამ შტოსაც განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს ისტორიაში, თუმცა ის გვერდითი შტოა და არა პირდაპირი.

ამის შემდეგ კითხვებით დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის ადვოკატი ჩხეიზე ჩაერთო, მან ჯერ სცადა ოთხმეზურის კვალიფიკაციაში შეეტანა ეჭვი და განაცხადა, რომ ისტორია ძალიან ფართო, უფრო მეტიც, ყველაზე ფართო მეცნიერებაა და დაინტერესდა, რამდენად არის გიორგი ოთხმეზურის სპეციალიზაცია ამ პროცესის შესაბამისი. აღმოჩნდა, რომ ოთხმეზური აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს.

შემდეგ საუბარში მოსამართლეთა კოლეგია ჩაერთო. მოსამართლეები და ადვოკატები იმ საკითხებით დაინტერესდნენ, რომლებსაც ისტორიის სახელმძღვანელოებით ასწავლიან: ყოფილა თუ არა შემთხვევა როდესაც ტახტის მემკვიდრეობა მამიდან უფროს შვილზე არ გადაცემულა; შეიძლებოდა თუ არა, რომ მეფეს არაბაგრატიონი ეშვილებინა და ის გამხდარიყო მეფე; შეიძლებოდა თუ არა ტახტზე უკანონო შვილი ასულიყო. „მეფეებს ხომ ჰყავდათ ხოლმე სეფე-ქალები, საყვარლები, იკითხა მოსამართლემ, მათი შვილი არ იქნებოდა პრეტენდენტი?“ სეფე-ქალები და საყვარლები ერთი და იგივე რომ არ არის, ოთხმეზურმა აღარ აუხსნა სასამართლოს, მაგრამ თქვა, რომ უკანონო შვილის გამეფება წარმოუდგენელი იქნებოდა და დიდ არეულობას გამოიწვევდა.

სასამართლომ იმოგზაურა საქართველოს ისტორიულ წარსულში, მიმოვიხილეთ, დავით აღმაშენებლის გადაწყვეტილებები, დემეტრე მეფის ბერად აღკვეცისა და მობრუნების ამბავი, გიორგი მესამის გადაწყვეტილება თამარის თანამესაყდრეობის შესახებ, და ა.შ. და ა.შ.

ამ განხილვაში ერთვებოდა დარბაზის რამდენიმე აქტიური წევრი, რამდენიმე მათგანი, ძირითადად, "თავადური გვარებით", სასამართლომ კინაღამ დააჯარიმა ხმაურის გამო.

პროცესის ბოლოს მოსამართლეები დაინტერესდნენ, რა აზრი ჰქონდა დავას - ვინ არის ბაგრატიონთა სახლის მეთაური, თუკი როგორც ბაგრატიონ-გრუზინსკების, ისე ბაგრატიონ მუხრან ბატონების შთამომავლებს - ანას და დავითს საერთო ვაჟი ჰყავთ და ადრე თუ გვიან სახლის მეთაური ის იქნება. ამ „დილემაზე' მსჯელობასაც გარკვეული დრო დაეთმო.

შეგახსენებთ, რომ ბაგრატიონებს შორის დავა ნუგზარ ბაგრატიონის ოჯახმა დაიწყო, ისინი დავით ბაგრატიონს სამეფო სახლის მეთაურის სახელის მითვისებაში ადანაშაულებენ. გრუზინსკების ადვოკატი იმასაც  ამბობს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი  სამეფო სახლის ორდენს ფულის სანაცვლოდ სთავაზობს ნებისმერს, ვისაც ამის სურვილი აქვს.

მომდევნო პროცესი 11 აპრილს გაიმართება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^