რევოლუცია „მეორე სქესი“
სიმონ დე ბოვუარი, თავისი „მეორე სქესით“, საავდრო ღრუბლად მოევლინა ,,ბეიბი-ბუმით’’ შეპყრობილ პატრიარქალურ სამყაროს 1949 წლის ივნისში. დემოგრაფიული აღორძინების მოსურნენი დიდის რიხით, გზნებითა და აღტყინებით იმეორებდნენ, რომ ერს გადაშენება ეწერა და ამიტომაც, სამშობლოს სჭირდებოდა უფრო მეტი „გმირი დედა“ - ნოყიერი ნიადაგი, იდეალური სათბურ-კონტეინერი, ბავშვების ინკუბატორი. ამგვარი მაჩოისტური დისკურსი მიზნად ისახავდა მეორე მსოფლიო ომის ,,წყალობით’’ შრომის ბაზარზე მოულოდნელად გამოჩენილი ქალების კვლავ სამზარეულოში გამწესებას, ტრადიციული, პატრიარქალური ოჯახის კიდევ უფრო გამყარებას. ,,სუსტი’’ სქესი არ დაიშვებოდა ეკონომიკის სადავეებთან. მძიმე რეალობამ და ცხოვრებისეულმა სირთულეებმა აიძულა ქალები, ფრონტის ხაზზე წასული მამაკაცების ადგილი დაეკავებინათ, მაგრამ ანდროცენტრული სახელმწიფო ითხოვდა არა ძლიერ, დამოუკიდებელ, ემანსიპირებულ ქალებს, არამედ მორჩილ ცოლებს, ოჯახზე გადამკვდარ, ბავშვებზე გადაგებულ, თავგადაკლულ დედებს, ქმარ-შვილზე დარდით თვალებამოღამებულ, უსურვილო, უხორცო ქმნილებებს, რომელთაც დღემუდამ უნდა ეზრუნათ წმინდა ოჯახურ კერაზე და უდრტვინველად დამორჩილებოდნენ ქმრის ბრძანებებს. უთვალავი ადამიანი იზიარებდა ჰიტლერის ამ დევიზს: ,,ქალის საქმეა ბავშვები, ეკლესია, სამზარეულო’’. აი, ამგვარ ანტიფემინისტურ გარემოში წამოიწყო ერთმა თამამმა, გულანთებულმა, შეუპოვარმა ქალმა რადიკალური ფემინისტური რევოლუცია, მთავარი საყრდენი გამოაცალა „მეორე სქესის“ დამმონებელ წყობას და იმედის ნაპერწკლად აელვარდა ქალთა გულებში. ცოტას თუ გაებედა ხმის ამოღება ქალთა მძიმე ხვედრზე; სულ რამდენიმე მოაზროვნეს თუ დაუწერია მითებისა და ლეგენდების გარეშე სექსისტურ იდეოლოგიაზე, ძვალ-რბილში გამჯდარ, ყოველდღიურ სინამდვილედ ქცეულ მიზოგინიაზე, გოგონათა დამაჩლუნგებელ აღზრდაზე, ქალწულობის ფენომენზე; იმ ქალებზე, რომელთაც შვილები არ უყვართ, დედობა კი ოდენ მძიმე ტვირთია მათთვის. ამ ავტორმა გააშიშვლა მიზოგინიური რელიგიის ,,წყალობით’’ მიჩქმალული, ჩახშობილი, ჩაკლული, იდუმალების საბურველში გამოხვეული, მასკულინური თქმულებებისა და მითების ჭაობში ჩაძირული ფემინური სექსუალობა და ის სხვა „საჩოთირო“ საკითხები, რომლებზე საუბარიც ესირცხვილებოდათ ხმაწართმეულ, უუფლებლო, ხელ-ფეხშეკრულ ქალებს. ვატიკანმა შერისხა ესოდენ თამამი ფემინისტური ნაშრომი და აკრძალული წიგნების სიაში მიუჩინა ადგილი. ურიცხვი შიშმორეული კაცი გამოხატავდა უსაზღვრო სიძულვილს იმ ქალისადმი, რომელიც გამოესარჩლა მათს ცოლებს, ქალიშვილებს, დებს, დედებსა და ბებიებს (უფრო სწორად, მათს ყურმოჭრილ, ღირსებაშელახულ მონებს) და ერთი ხელის მოსმით გამოააშკარავა ფალოცენტრული შეთქმულებები ქალების წინააღმდეგ. პატრიარქები შიშობდნენ, რომ სულ მალე აჯანყდებოდნენ მათი ვასალები, დაამსხვრევდნენ სიჩუმისა და მორჩილების მძიმე ბორკილებს, გააცამტვერებდნენ მათ ანდროცენტრულ სამფლობელოს და პატრიარქალურ სისტემასაც წყალი შეუდგებოდა. ვერავინ ლაპარაკობდა გულგრილად და მშვიდად ამ თითქმის ათასგვერდიან ფემინისტურ ოპუსზე. ან საშინლად სძულდათ ეს შედევრი, ან უსაზღვროდ უყვარდათ. გააფთრებული მამრები არნახული გამძვინვარებითა და გავეშებით დაესხნენ თავს სიმონ დე ბოვუარს. ფრანსუა მორიაკმა, პიერ დე ბუადეფრიმ, როჟე ნიმიემ და ჟან გიტონმა უკიდურესად დამამცირებელი, სექსისტური ეპითეტებით შეამკეს მწერალი: ,,უკვე ყველაფერი ვიცით მისი ვაგინის შესახებ’’; ,,ნევროზით შეპყრობილი გოგონა’’; ,,ზნედაცემული დედა’’; ,,გახრწნილი მეძავი“, ,,ტანჯული ცოლი’’ და სხვა. თავისი მემუარების მეორე ტომში მწერალი იხსენებს: ,,როცა კაფეში შევიდოდი, კაცები მუჯლუგუნს წაჰკრავდნენ ერთმანეთს და ქირქილით გამოიშვერდნენ ხოლმე თითს ჩემკენ. რას აღარ მიწოდებდნენ: ხან - მარგინალს, ხან - ლესბოსელს, ხან - ფრიგიდულს, ხანაც - მუდმივად აღგზნებულ, ვნებამორეულ ქალს, რომლის ბილწი ჟინის მოკვლაც ჯერ ვერცერთმა მამრმა ვერ შეძლო. მსაყვედურობდნენ, ძალიან უხამსია ეგ თქვენი „მეორე სქესიო“. ისიც განაცხადეს, მადამ დე ბოვუარი ნიმფომანია და ათასჯერ მაინც აქვს გაკეთებული აბორტიო. ზოგი ამბობდა, იმის აღიარებისა რცხვენია, მალულად რომ გააჩინა შვილიო. უამრავმა კაცმა მითხრა, არა გაქვთ ქალებზე ლაპარაკის უფლება, რადგან ერთხელაც არ გიმშობიარიათო’’. ცხადია, ბოვუარი დაკნინებულ ქალად მიაჩნდათ მტრებს, რადგან არც გათხოვილი იყო და არც შვილი ჰყავდა. იმანაც გამოიწვია ქილიკით გართული ბრბოს გაღიზიანება, რომ ქალი ცოლად არ გაჰყოლია სარტრს, ოჯახურ (უფრო სწორად, მონობის) უღელქვეშ არ გმინავდა და საფრანგეთს არ უზრდიდა გმირებს, უფრო სწორად, საზარბაზნე ხორცებს. ჟან-პოლი და სიმონი - ეს ახალგაზრდა ფილოსოფოსები არ ზღუდავდნენ ერთიმეორეს; ორივეს შეეძლო, სხვასთან გაება რომანი, დამტკბარიყო თავისუფალი სასიყვარულო კავშირით. ბრწყინვალე მოაზროვნეები ერთ სასტუმროში, თუმცა, სხვადასხვა ნომრებში ცხოვრობდნენ; არ სურდათ, ქორწინების მჩაგვრელი, დამყაყებული ტრადიციის წინაშე მოეხარათ ქედი. ნიშნობის ბეჭედი, საპატარძლო კაბა და ბავშვები სულაც არ ესახებოდათ ბედნიერების, სიყვარულის, ურთიერთგაგებისა და ჰარმონიული ერთობის საწინდრად. ქალთმოძულე სამყარო იმიტომ გააფთრდა ასე, რომ ქალმა ხელაღებით უარჰყო ფალოცენტრული ზღაპრები, ომახიანად უთხრა თავისი სქესის წარმომადგენლებს, რომ ევასა და მარიამის (ბინძური, ზნედაცემული vs წმინდა, სათნო ქალის) დაპირისპირება (,,ცოდვით დაცემული ევას ნაცვლად, აღმობრწყინდა წმინდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი, სასძლო უფლისა’’) ოდენ მითი იყო, პატრიარქალური ბინარული ოპოზიცია. მწერალმა აღწერა მხოლოდ რეალური ქალების ცხოვრებისეული გამოცდილება და მათი ის სურვილები, რომელთა მიჩქმალვასაც ასე გულმოდგინედ ცდილობდა მჩაგვრელი სისტემა. ურდენმა განაცხადა: ,,ეს წიგნი არაჩვეულებრივია, ბრწყინვალე, შესანიშნავი, უხეში, უხამსი, გამაღიზიანებელი, მაგრამ საჭირო. არაფერს გვიმალავს. ყველაფერს იკვლევს, იძიებს, დღის სინათლეზე გამოაქვს და მწარედ მოგვახლის ცხვირ-პირში. ბოვუარი ამბობს იმას, რისი აღიარების გამბედაობაც აქამდე არავის გვეყო. როცა ამ წიგნს კითხულობ, ღიზიანდები, მაგრამ იძულებული ხდები, გააღმერთო’’. გულმხურვალე დამცველები გამოუჩნდნენ სიმართლის მთქმელ მწერალს: მწერლები, გამოჩენილი მოაზროვნეები, ფემინისტები, ფილოსოფოსები... მორის ნადომ ხოტბა შეასხა ავტორს და ცამდე აიყვანა. ,,სიმონ დე ბოვუარი - ქალი, რომელიც თამამად უხმობს ქალებს და ნანატრი თავისუფლებისაკენ მიმავალ გზას უჩვენებს!’’ - წერდა ფრანგული პრესა. ათასობით ქალი სამადლობელ წერილებს სწერდა ფილოსოფოსს: ,,თქვენ შეცვალეთ ჩემი ცხოვრება. ნათლად დამანახეთ ის, რასაც აქამდე, თითქოს, დაორთქლილი მინის მიღმა ვხედავდი’’. „მეორე სქესის“ პირველი ტომის 22 000 ეგზემპლარი სულ რაღაც ერთ კვირაში გაქრა დახლებიდან. უამრავ ენაზე ითარგმნა ის წიგნი, რომელშიაც ისმოდა ღაღადი ჩაგრულთა.
ნაწარმოების პირველი ტომი პატრიარქალური მითების დამსხვრევას ისახავს მიზნად; დაწვრილებით მიმოიხილავს ბიოლოგიას, ქალის ფიზიოლოგიას, კაცობრიობის ისტორიას, ანთროპოლოგიას, ფსიქოანალიზს, ისტორიულ მატერიალიზმს, გოგონების აღზრდას, სქესობრივ ტაბუებს, ფალოცენტრულ მითებს, რელიგიას, მონტერლანის, კლოდელის, ბრეტონისა და სტენდალის შემოქმედებაში ასახულ მითებს. პირველი ტომი, სახელწოდებით ,,მითები'' და ,,ისტორია'' პრეისტორიულ, ანტიკურ და თანამედროვე კულტურებში ქალთა მდგომარეობის მკლევართათვის სერიოზული ანთროპოლოგიური მასალაა. სიმონ დე ბოვუარი ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის შუქზე აანალიზებს ისტორიას, ისტორიულ მატერიალიზმს და თვალნათლივ გვიჩვენებს, რატომ ,,იქცა’’ ქალი ,,მეორე'' სქესად. ,,როდესაც ქალი აზროვნებს, ამბობენ, მამაკაცს ბაძავსო“, - წერს იგი. პრეისტორიულ ხანაში კაცი ბუნებასა და ქალს აიგივებდა და სწორედ მდედრობითი სქესი ესახებოდა სიკვდილის ერთადერთ წყაროდ. ეს შიშნარევი თაყვანისცემა და მოწიწება ცხადად გამოვლინდა დიადი დედის, ძლევამოსილი ქალღმერთის კულტში, თუმცა შემდგომში კაცი ,,ამხედრდა'', ბუნების დაურვება, დამორჩილება, მისი ტახტის დამხობა განიზრახა. ამ ,,აჯანყებას’’ მოჰყვა დიადი დედის / მიწის კულტის ხელყოფა და ფემინურობაზე (ზოგადად, მატრილინეალურ ხაზზე) მასკულინურობის (პატრილინეალური ხაზის) გამარჯვება. პატრიარქატმა რელიგია და ყოველგვარი სამოქალაქო კანონი ქალთა წინააღმდეგ მიმართა. ,,მეორე“ სქესის დაჩაგვრა ,,პირველის’’ სოციალურ-ეკონომიკური უპირატესობის საწინდარი იყო; ქალის სხეული და მისი სექსუალობა მთლიანად დაექვემდებარა იმ მასკულინურ წეს-კანონებსა და ნორმებს, რომლებშიაც შეჩვენებული და შერისხულია ქალი, როგორც შავ-ბნელ ძალებთან ზიარებული, მაცდური, ბინძური, საშიში არსება, რომელსაც თვეში ერთხელ „სისხლი სდის“; იგი განსაკუთრებით მკაცრ აკრძალვებს აწყდებოდა მენსტრუაციისას; პატრიარქატმა ქალებისა და ქალურობის შესახებ შეთხზა უამრავი მითი; ამ თქმულებებში უკვალოდ გაქრნენ ძლევამოსილი ქალები და კაცის ძალაუფლებას დამორჩილებული, მეორეხარისხოვანი, საკუთარი უმწეობის შეგნებით განმსჭვალული მდედრები გამოჩნდნენ. ასეთ მითებსა და ზღაპრებში კაცი ბატონია, ქალი კი მისი მხევალი. ერთ-ერთი მითი ,,ჭეშმარიტ’’ და ,,მარადიულ ქალზე’’, ასეთია: ქედმოხრილი, მორჩილი, პასიური ქალი, რომელიც მართალია, ჭკუა-გონებით არ ბრწყინავს, მაგრამ დღედაღამ ქმარ-შვილზე ზრუნავს. ეს ოჯახის ბურჯი არასოდეს გაიმეტებს ფულს საკუთარი თავისთვის. თავის დღეში არ იტყვის: ,,მე მინდა’’, რადგან არ იცის ამ სიტყვების მნიშვნელობა. მხოლოდ ის იცის, რა სურს მის მბრძანებლებს - თანამეცხედრესა და შვილებს. მისი სანთელი ღამით არ ქრება, ქსოვს, კერავს, სახლს ალაგებს, რეცხავს, ოჯახის წევრებს თავს დაჰკანკალებს, მუდამ დღე მჭმუნვარე იერით დააბიჯებს და, რაც მთავარია, თავშლით იბურავს თმასა და სახეს. ქმრის სიტყვა უზენაესი კანონია ამ მომთმენი, მუდამ მოფუსფუსე, მუდამ თავდახრილი, მორცხვი, მოკრძალებული, ხელშეუხებელი და სპეტაკი ქალისათვის, სკის ამ „დედოფლისათვის“. პატრიარქალურმა წყობამ, „მარადი ქალის’’ მითის გარდა, კიდევ ერთი მითი შეთითხნა, მისი „საპირისპირო პოლუსი“, ანუ ,,ზნედაცემული ქალი.’’ იგი ,,ჭეშმარიტის’’ სრული ანტიპოდია: ახირებული, ხარბი, უზნეო, სულსწრაფი, ამპარტავანი, ვნებიანი, ავხორცი და მომხვეჭელობის ჟინით შეპყრობილი. ანდროცენტრულ მოწყობას სჭირდებოდა როგორც წმინდა, სპეტაკი და ,,ჭეშმარიტი’’ ქალი, ასევე ,,ბინძური’’ და ,,ზნედაცემული’’. ლილითისა და მარიამის, ევასა და მარიამის რადიკალური დიქოტომია სწორედ ამ პატრიარქალური იდეოლოგიის წისქვილზე ასხამს წყალს. ბოვუარის აზრით, განურჩევლად ყველა რელიგია მკვეთრად ანტიქალური და მიზოგინიური იდეოლოგიითა გაჟღენთილი. ამის დასტურად ვრცელ მონაკვეთებს იშველიებს ძველი და ახალი აღთქმიდან, ყურანიდან, სახარებიდან პავლე მოციქულის, ტერტულიანეს, თომას აქვინელის, ნეტარი ავგუსტინესა და ეკლესიის სხვა მამების სიტყვებს. მისი აზრით, რელიგიამ ქალები დააკნინა და მონობის უღელში შეაბა. ყველა თეოლოგიური მოძღვრება პატრიარქალურია და შესაბამისად, ყალბი. წმინდა, უბიწო და სათნო მარიამი „ზნედაცემულ“ ლილითსა და ევას უპირისპირდება, თუმცა იგი დაბალ იერარქიულ საფეხურზე დგას და მისთვის არავის მიუნიჭებია სამყაროს შემოქმედის, ადამიანთა მოდგმისათვის წეს-კანონის დამდებლის, უზენაესი მსაჯულის ფუნქცია. არ განსჯის ბრალიანსა და უბრალოს, ცოდვილსა და უცოდველს. მისი სიტყვა არ ისმის ღვთიურ სამსჯავროზე, არ „წონის“ სულის სიკეთესა და ბოროტებას. ის მხოლოდ წმინდა ჭურჭელია, რომელმაც მესია უნდა შვას. ქალი შვილთა სიმრავლით ცხონდება. ერთადერთ ქალს, ლილითს, რომელმაც ქმრის მორჩილებაზე უარი თქვა და თანასწორობა ისურვა, ღვთის რისხვა დაატყდა თავს და სწორედ ამ სიურჩის გამოა დალექილი ადამიანის ცნობიერებაში ბოროტების სიმბოლოდ, ავ, შესაზიზღარ და სამარადისოდ დაწყევლილ დემონად. სამაგიეროდ, ნეტარმა ავგუსტინემ ხოტბა შეასხა და ცამდე აიყვანა მორჩილი ქალი: ,,მამაკაცო, შენა ხარ მბრძანებელი, ქალი კი შენი მონაა. უფალმა ასე ინება. წმინდა წერილი ამბობს, რომ სარა ემორჩილებოდა აბრაამს და მბრძანებელს უწოდებდა. დიახ, ქალები თქვენი მონა-მორჩილნი არიან, თქვენ კი მათი ბატონნი’’ (Saint AUGUSTIN (354-430), Sermon 322).
,,ის რელიგია, რომელმაც საუკუნოდ დაწყევლა ადამიანის სხეული და შეაჩვენა ხორციელი სიამე, ქალს მიიჩნევს ეშმაკის ყველაზე საშიშ და სულისწამწყმედ საცდურად. ტერტულიანე ამბობს: ,,ქალო, შენა ხარ ეშმაკის სამფლობელოს კარიბჭე. შენ თავგზა აურიე იმას, ვისთან შერკინებასაც თვით ეშმაკი ვერ ბედავდა. სწორედ შენ გამო აწამეს და მოკლეს ძე ღვთისა. დღემუდამ ძაძა უნდა გემოსოს’’.
ავტორი ამბობს, რომ ოდითგანვე ამ პატრიარქალური მითებით ზრდიდნენ გოგონებს, ბავშვობიდანვე ცრუ იდეებს უნერგავდნენ, ლამაზი ტყუილებით ასულდგმულებდნენ, არწმუნებდნენ, რომ უსუსური იყვნენ და აიძულებდნენ, ქალის ამ ორი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული არქეტიპიდან ერთ-ერთს ,,დამსგავსებოდნენ’’. ქალი, როგორც მეორეხარისხოვანი, უმწეო, ,,ნაკლული’’ არსება და მამაკაცის ,,დანამატი’’, პატრიარქალური კულტურისგან შეთითხნილი მითია და არა ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური მოცემულობა. ამ ფრაზით იწყება განუმეორებელი ,,მეორე სქესის’’ მეორე, სქელტანიანი ტომი: ,,ქალად კი არ იბადებიან, არამედ ხდებიან. არც ბიოლოგიური, არც ფიზიოლოგიური, არც ეკონომიკური ,,ხვედრი’’ არასგზით არ ქმნის იმ ხატს, იმ სახეს, რომელსაც ქალი იღებს ტრადიციულ საზოგადოებაში. მარტოოდენ პატრიარქალური ცივილიზაცია აქცევს მას მამრსა და კასტრატს შორის გარდამავალ არსებად’’.
ცრურწმენებით გაჟღენთილი ოჯახი და გარემო ბავშვებს ერთიმეორისაგან სრულიად განსხვავებული გენდერული როლების შესისხლხორცებას აიძულებს. გოგონა პასიური და თვინიერი ,,უნდა იყოს’’, სულმოუთქმელად ელოდოს იმ ,,ნეტარ’’ დღეს, როცა თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი მოაკითხავს და მზრუნველ დედად და სათნო ცოლად აქცევს; ბიჭი რაციონალური უნდა იყოს, კეთილისა და ბოროტის შემცნობი, დიდების მწვერვალთა დამპყრობელი; სახიფათო მოგზაურობაში წავიდეს, მეცნიერი, მწერალი, ფილოსოფოსი, მხატვარი, ან კომპოზიტორი გახდეს და ,,ცხოვრება ნახოს’’. გამრავლება მისთვის მეორეხარისხოვანი ფუნქციაა, გოგონას კი ყველა ასწავლის, რომ შვილების გაჩენა მისი ცხოვრების ერთადერთი მიზანი და წმინდათაწმინდა მოვალეობაა.
,,როცა გოგონა მომავალზე ფიქრობს, ეჩვენება, რომ თვალუწვდენელ სიშორეში ჩაკარგულ, ნარეკლიან, ციცაბო გზას უნდა გაუყვეს და ნისლის ფთილებში ჩაძირული, შორეული მწვერვალი დაიპყროს, თუმცა ხედავს, რომ დედა ყოველ ცისმარე დღეს რეცხავს ჭურჭელს სამზარეულოში და ერთ ავბედით დღეს, უეცრად, თვალისმომჭრელ სიმართლეს დაინახავს. მიხვდება, რომ უკვე მრავალი წელია, დედის ხელები ასე ეფლობა ცხიამიან წყალში და უხეში სახეხით რეცხავს თეფშებს. მისი ცხოვრება ამ მოსაწყენ და ქანცგამწყვეტ შრომაში გაილევა. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. თითქოს, ერთგვარ მარადიულ, უიმედო, უსიხარულო, უნაყოფო და ამაო აწმყოს ტალღებში შთანთქმულა’’. ,,ყოველივე ის, რასაც ბიჭები ჩაიდენენ, მყისვე მამაკაცურ ტრანსცენდენციად გადაიქცევა. კაცები მხატვრები, მწერლები, მეცნიერები და შემოქმედები უნდა იყვნენ, თამამად მიიღონ გადაწყვეტილებები, გეგმები დააწყონ, ქალს კი ფრთხილად ასწავლიან, რომ მოკრძალებულ ყოფას, არსებობას უნდა დასჯერდეს. გოგონას ბუნებრივი მისწრაფებაც ,,შექმნაა’’, მაგრამ მას არწმუნებენ, რომ პასიურ ობიექტად უნდა იქცეს, მეტად ვიწრო სფეროში დარჩეს და საკუთარი ნებით შეაბიჯოს შემზარავ პატრიარქალურ ჯოჯოხეთში. ქალის ხვედრი, მისი დანიშნულება და უმთავრესი მოვალეობები, თითქოს, მრავალი საუკუნის წინათ ჩაწერა უხილავ წიგნში და ,,სუსტი’’ სქესიც იძულებულია, განუსჯელად და წარბშეუხრელად დაემორჩილოს ამ უსამართლო განაჩენს. კაცებს შეუძლიათ, თავად იყვნენ თავიანთი ბედის მჭედელნი. ბიჭს ყველა დაუღალავად უმეორებს, რომ უნდა იმოქმედოს, რაღაც შექმნას, მეზღვაური, ან ინჟინერი გახდეს, ფერმაში დარჩეს, ან ქალაქში წავიდეს, მსოფლიო შემოიაროს და გამდიდრდეს. იგი სრული თავისუფლებით ტკბება. უფლება აქვს, გულუშიშრად შეეგებოს მოულოდნელობებით სავსე მომავალს. გოგონა კი გათხოვდება, ბავშვებს გააჩენს და მერე ბებიაც გახდება. დედამისივით მოუვლის სახლს, ქმარ-შვილზე იზრუნებს... იგი თოთხმეტიოდე წლისაა, მაგრამ მთელი მისი ცხოვრების ამბავი, თითქოს, ზეცაშია დაწერილი. ის შემზარავი ამბავი, რომელიც თანდათან, დღითიდღე გაცხადდება მისთვის, ნელ-ნელა ფარდას ახდის ამ გულსაკლავ, სასტიკ სიმართლეს, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლის, ვეღარ გაასაჩივრებს თავის ,,განაჩენს“, ვერ შეცვლის ,,ღვთის ნებას’’, რადგან მისთვის არავის უწყალობებია საკუთარი ბედის საკუთარი ხელით ,,დაწერის’’ უფლება. ,,გულნატკენი, შეცბუნებული, დარცხვენილი, შეშფოთებული, დამწუხრებული გოგონა მომავლის გზას მიუყვება და ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს, რაღაც მიუტევებელი დანაშაული ჩაედინოს. ამგვარი საზოგადოებრივი ზეწოლა და გაწბილება გოგონას აიძულებს, შეეგუოს უსამართლო ბედს და იფიქროს, რომ ,,ნაკლული’’, მეორეხარისხოვანი და არასრულფასოვანი არსებაა. ხან ნარცისიზმს აფარებს თავს, ხან - მაზოხიზმს. აი, ასე დაჰყრის ფარ-ხმალს, საბოლოოდ დანებდება მშობლებსა და საზოგადოებას და აღასრულებს უმთავრეს მოვალეობას - ვინმეს მისთხოვდება და სამშობლოს შვილებს აღუზრდის. ფრანგი ათეისტი ფილოსოფოსისათვის ქორწინება ამაზრზენი პატრიარქალურ-რელიგიურ მიზოგინიური ინსტიტუციაა, რომელიც უფლებააყრილ ქალს აიძულებს, ქმრის ბატონობას შეურიგდეს, მონასავით მოიხაროს ქედი მის წინაშე და ხმაწართმეულმა და ხელფეხშეკრულმა, გუნდრუკი უკმიოს მჩაგვრელს. ეს ადამისჟამინდელი ტრადიცია და ოჯახის მძიმე უღელი საბოლოოდ ჩაკლავს და მოაშთობს მასში თავისუფლების წყურვილს, მისწრაფებებს, ოცნებებსა და მწველ სურვილებს.
,,პატრიარქალური ქორწინება საფუძველშივე გახრწნილი, გადაგვარებული და დომინაციის პრინციპზე დამყარებული ტრადიციაა’’. ,,ფალოცენტრული კულტურა ქალს აიძულებს, თვალისჩინივით გაუფრთხილდეს უმწიკვლოებას. საზოგადოებაში გაბატონებული აზრის თანახმად, კაცს ქორწინების გარეშეც აქვს სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უფლება, ქალს კი მხოლოდ მაშინ დართავენ ამის ნებას, როცა ქორწინებას ეკლესია აკურთხებს. თუ ვნებას აჰყვება, ზნედაცემულ, შესაზიზღარ არსებად იქცევა, მიუტევებელ ცოდვას ჩაიდენს და დასაძრახ სისუსტეს გამოიჩენს’’. ,,ქალს ოდითგანვე ნივთივით ათხოვებდნენ. მას, ვინც გაბედავს ამ ძველთაძველი, მჩაგვრელი ადათ-წესის უარყოფას, პარაზიტსა და შეშლილს უწოდებენ’’. ,,სანამ კაცებს უპყრიათ ეკონომიკის სადავეები, ქალი ვერ მოიპოვებს ნანატრ თავისუფლებას. ვიდრე არ დასამარდება მჩაგვრელი პატრიარქალური წყობა და გოგონათა აღზრდის დამყაყებული წესი, ქალები იფიქრებენ, რომ გათხოვება და დედობა მათი ერთადერთი მოვალეობაა’’. ,,ბევრი ქალი მუხლჩაუხრელი შრომის წყალობით ირჩენს თავს და თავისი ოფლით მოიპოვებს სარჩოს, მაგრამ ისინი საზოგადოების არასრულფასოვან წევრებად ითვლებიან. უცილობლად ქორწინების ბეჭედი, ანუ მონობის ბორკილი უნდა ჰქონდეთ წამოცმული, რათა სრულქმნილ, ღირსეულ პიროვნებად მიიჩნიონ’’. ბოვუარი ფსიქიატრების ნაშრომებს, სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომების პასაჟებსა და ქალების მონათხრობებს აანალიზებს და ქალის ფრიგიდულობას ხსნის ქორწინების პირველ ღამეს ნაგემები იმედგაცრუებით, ტკივილით, ქმრის სიუხეშითა და პირუტყვული სიველურით. ,,ქორწილის ღამეს დეფლორაცია სახელმწიფოსგან დაკანონებული და ეკლესიისგან ნაკურთხი გაუპატიურებაა’’. ,,ცნობილი ფსიქიატრის, სტეკელის პროფესიული სტატისტიკის თანახმად, ქალთა მხოლოდ ოთხმა პროცენტმა მიიღო სიამოვნება ,,პირველ ღამეს’’, ორმოცდაათი პროცენტი მრავალი დღის, კვირის, თვეებისა და წლების განმავლობაშიც კი ვერ იგემებს ამ ნეტარებას, ხოლო ორმოცდაექვსი პროცენტი სამუდამო ფრიგიდულობისთვისაა განწირული. კინსის სტატისტიკის მიხედვით, მილიონობით ქალი ისე ხდება დედა და ბებია, თავის დღეში არ განუცდია ორგაზმი.
ბოვუარმა კიდევ ერთ პატრიარქალურ მითს, ,,დედურ ინსტინქტს’’ შემოაძარცვა იდუმალების, იდეალიზმის, ზღაპრებისა და ილუზიების საბურველი. ყალბი პათოსით გაჟღენთილ პატრიარქალურ „სადღეგრძელოებს“ დაუპირისპირა იმ უამრავი რეალური ქალის მონათხრობი, რომელთათვისაც დედობა ბედნიერების წყარო კი არა, ჯოჯოხეთური ტანჯვა-წამების, გაწბილების, უიმედობის, სევდისა და სასოწარკვეთის მორევად იქცა. ბოვუარის აზრით, ქალისთვის დედობა მძიმე ტვირთია, რომელიც აფერხებს მის განვითარებას. პატრიარქალური საზოგადოება გოგონას აკვნიდანვე კვებავს ცრუ იდეებით. იმ ქალების გამოცდილება (რომელთაც სწორედ დედობამ დაუნგრია ცხოვრება) გვიჩვენებს, რომ ისინი, ვინც გაუთავებლად ენამზეობენ მრავალშვილიანობის სიკეთეზე, დედათა უღრუბლო ბედნიერებაზე, ღიმილიან, უშფოთველ ცხოვრებასა და ქალის უმთავრეს მოვალეობაზე, სინამდვილეში, მხოლოდ ის უნდათ, მასკულინურ წესრიგს დაუმორჩილონ ქალები, მჩაგვრელი მორალი მოახვიონ თავს, ცრუ დაპირებებითა და საამო ტყუილებით გააბრუონ და დაარწმუნონ, რომ მონობა თავისუფლებაა, თავისუფლება კი მონობა. ამ ,,ლამაზი’’ სიტყვების მიღმა ვერაგი და სახიფათო ანდროცენტრული მიზნები იმალება. ეს დისკურსი მხოლოდ პატრიარქალური დომინაციის უკვდავყოფას ემსახურება და მიზნად ისახავს ქალის გამომწყვდევას შემზარავ ოჯახურ საპყრობილეში.
ეგზისტენციალისტი მწერლის თანახმად, პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი მწვავე კრიზისს განიცდის სიბერეში. მიუსაფრობისა და განწირულობის შეგრძნება მოსვენებას არ აძლევს და უსარგებლო ნივთად ეჩვენება საკუთარი თავი. ხვდება, ვერაფერს მიაღწია ცხოვრებაში, ქალთმოძულე კულტურამ მონობის უღელი დაადგა და ვერაფერი შექმნა. ,,ქალიშვილი დღედაღამ იმაზე ფიქრობს, როგორი მომავალი ექნება, უიმედო მოხუცი ქალი კი დანანებით წარმოიდგენს, როგორი უნდა ყოფილიყო მისი ცხოვრება. განუწყვეტლივ იხსენებს, რომ ნაირფერი ოცნებებითა და მგზნებარე სურვილებით სულდგმულობდა, მაგრამ ვერ შეძლო სანუკვარ გულისწადილთა ახდენა და ხელი მოეცარა. დღითი დღე იძირება სასოწარკვეთის მორევში’’, - წერს ბოვუარი. ქალი თავდაუზოგავად ცდილობს დაკარგული ცხოვრების, სამარადჟამოდ გამქრალი წასულის დაბრუნებას, ებღაუჭება გარდასულ დღეებს, მაგრამ სულ ამაოდ. ულმობელი დრო შეუჩერებლად მიაქანებს სიკვდილისაკენ. ცდილობს, სიკვდილიც უარყოს და წარმოსახვით სამყაროს აფარებს თავს. ,,ის არის თავზარდაცემული და შეძრწუნებული მსხვერპლი იმ ცხოვრებისა, რომელიც მას არ აურჩევია’’, - ამბობს ფრანგული ფემინიზმის დედა.
,,მეორე სქესის’’ ბოლო თავი, ,,თავისუფლებისაკენ’’, ქალის ემანსიპაციის საკითხს ეხება. ავტორი აცხადებს, რომ სანამ სამუდამოდ არ დასამარდება პატრიარქალური მონსტრი, მშობლები გოგონებს აღზრდიან დიასახლისებად, მორჩილ ცოლებად და დედებად, პასიურ, დამყოლ, სუსტ, სულელ, ქარაფშუტა თოჯინებად და ამიტომაც, ქალი ვერ მოიპოვებს საოცნებო თავისუფლებას. არც არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, არც სექსუალურ თავისუფლებას შეუძლია მისთვის სრული ემანსიპაციის მოტანა. თავისუფლებას მყარი ეკონომიკური დამოუკიდებლობა სჭირდება. ავტორის თქმით, ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის უთანასწორობა უნდა მოისპოს, უნდა დაკანონდეს აბორტი, კონტრაცეფცია. ქალებს უნდა მიეცეთ უფლება, ნამდვილ პროფესიებს დაეუფლონ, იმ ხელობებს, რომელთა დაუფლებასაც ფიქრადაც ვერ გაივლებდნენ; თავად უნდა გადაწყვიტონ, გააჩინონ თუ არა ბავშვები და მათი სხეული მხოლოდ მათ ეკუთვნოდეთ. ბოვუარი დამაიმედებელი დაპირებებითაც გვავსებს: ,,ყველაფერი წინაა’’. ასეთია მისი საბოლოო გზავნილი: არასოდეს დანებდეთ. ქალებმა დაუღალავად უნდა იბრძოლონ თავიანთი უფლებების დასაცავად, მაგრამ წუთითაც კი არ უნდა იფიქრონ, რომ ყველა მიზანს მიაღწიეს და მწვერვალები დაიპყრეს, რადგან ადამიანი ვერასოდეს ვერაფერს დაისაკუთრებს სამარადჟამოდ. გამუდმებული, მუხლჩაუხრელი ბრძოლის წყალობით უნდა მოვიპოვოთ ყოველივე. აი, ასე მთვარდება ,,მეორე სქესი’’. ესაა ის დიდი რევოლუცია, დღემდე რომ არ დასრულებულა.