მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარემონტო სამუშაოები თითქმის ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, როდის გაგრძელდება და დასრულდება სადგურის რეაბილიტაცია. კომპანიასთან, რომელსაც სადგურის განახლება ევალებოდა, მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება შეწყვიტა.
მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. თითქმის 580 000-ლარიანი ტენდერი კომპანია „კიევმეტრომშენმა“ მოიგო. მან თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან ხელშეკრულება 2017 წლის 7 სექტემბერს გააფორმა და სამუშაოს დასრულების ვალდებულება 2018 წლის აპრილამდე აიღო.
კახა კალაძე თბილისის მერის უფლებამოსილების შესრულებას „ავლაბრის“ რეაბილიტაციის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, 13 ნოემბერს შეუდგა. სადგურში მიმდინარე სამუშაოები კი მერად არჩევიდან 16 თვის შემდეგ გააკრიტიკა.
დღეს, 13 მარტს, კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ასეთი დიზაინითა და ფორმით სამუშაოების წარმოება მიუღებელია და არსებული პროექტი უნდა გადაიხედოს.
„გუშინ დავათვალიერე მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარემონტო სამუშაოები. გულწრფელად გეტყვით, რომ ამ ფორმით, ამ დიზაინით სამუშაოების წარმოება პირადად ჩემთვის და ყველასთვის, ვინც ამას ნახავს, დარწმუნებული ვარ, კატეგორიულად მიუღებელია.
ჩვენ არ ვსაუბრობთ კოსმეტიკურ შეკეთებაზე. რასაც გავაკეთებთ, ათეული წლები უნდა გაძლოს და უნდა იყოს საუკეთესოდ შესრულებული. ამიტომ ვფქრობ, რომ არსებული პროექტები გადასახედია“, - თქვა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
„კიევმეტრომშენის“ შესრულებული სამუშაოები ნაწილი დაიწუნა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამაც.
როგორც „ლიბერალს“ სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, კომპანიას ხელშეკრულების ვადა 2018 წლის 5 აპრილამდე გაუფორმდა. თუმცა „კიევმეტრომშენმა“ მიცემულ ვადებში სამუშაოს დასრულება ვერ მოახერხა, დასრულებული სამუშაოების ნაწილი კი დაუწუნეს.
„კომპანიამ რამდენჯერმე მოგვმართა თხოვნით და ხელშეკრულების ვადა გაუხანგრძლივდა, მაგრამ შესრულებული სამუშაოების ვადად დათქმული 150 კალენდარული დღე, პირობად დარჩა. მაგრამ, რადგან ამ ვადის დაცვა ვერ ხერხდებოდა, ხელშეკრულების გაგრძელების შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კომპანიას ერიცხებოდა საურავი.
საბოლოოდ ამ ვადების დარღვევის გამო ჩვენ ხელშეკრულება ვეღარ გავაგრძელეთ. გარდა ამისა, კომპანიამ დაიწუნა გარკვეული ტიპის სამუშაოების ნაწილი და ამ ეტაპზე ჩანიშნულია საექსპერტო პროცედურები“, - უთხრეს „ლიბერალს“ სატრანსპორტო კომპანიაში.
კომპანიის განმარტებით, საექსპერტო პროცედურები სტანდარტულია. ამგვარად მოწმდება ობიექტის მიღებამდე შესრულებული სამუშაო. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელ სამუშაოებს ჩათვლის სატრანსპორტო კომპანია შესრულებულად და რას დაიწუნებს. ანგარიშსწორებაც საექსპერტო დასკვნის შემდეგ მოხდება.
„კიევმეტრომშენმა“ საბოლოოდ 575 000 ლარამდე ღირებულების სამუშაოს ჩაატარების ვალდებულება აიღო, თუმცა როგორც „ლიბერალს“ სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, კომპანიას თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი გადაუხადეს. დარჩენილ ანაზღაურებაზე კი შესრულებულ სამუშაოზე ექსერპტიზის დასკვნის შემდეგ შეჯერდებიან.
„რა თქმა უნდა, სრული თანხის ანაზღაურება ვერ მოხდება, რადგან სამუშაოები არ არის ბოლომდე მიყვანილი. თანხები დასათვლელია და ჯერ ზუსტად ვერ გეუბნებით. აქ არის ექსპერტიზის საკითხი - შეფასება, ამას დამატებული საურავები. შესაძლოა გარკვეულწილად გაბათილებაც კი მოხდეს. დეტალურად ამ ეტაპზე ვერაფერს გეუბნებით“, - უთხრეს „ლიბერალს“ სატრანსპორტო კომპანიაში.
„ლიბერალი“ „კიევმეტრომშენსაც“ დაუკავშირდა. მაგრამ მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.
სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით კი, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციას სხვა კომპანია დაასრულებს. თუმცა, მანამდე აპირებენ თავად ის პროექტები შეცვალონ, რომლითაც აქამდე მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა.
„დღის წესრიგში დადგება მეტროსადგურის სამუშაოების დასრულების საკითხი. თუმცა, ამას იგივე კომპანია აღარ გააკეთებს, ის უნდა უზრუნველყოს ახალმა კომპანიამ.
სანამ ავლაბრის დარჩენილი სამუშაოების შესახებ ტენდერი გამოცხადდება და კომპანია შეირჩევა, მანამდე კომპანიამ შეცვალა მიდგომა და არსებული პროექტების საფუძველზე სადგურების რეაბილიტაცია აღარ ჩატარდება. რადგან არსებული პროექტები, რომლითაც „ავლაბარსა“ და „ახმეტელის თეატრს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდათ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაიწუნა.
შესაბამისად, მთლიანად შეიცვალა მიდგომა და აღარ გაკეთდება იმ პროექტების მიხედვით რეაბილიტაცია. ყველა სადგურისთვის უნდა შევქმნათ ახალი საპროექტო წინადადება. ახალი პროექტირება გულისხმობს როგორც ტექნიკურ მხარეს, ასევე არქიტექტურული და დიზაინერული მხარის გათვალისწინებასაც, რათა ჩვენი მოთხოვნები ვიზუალურმა მხარემაც დააკმაყოფილოს“, - უთხრეს „ლიბერალს“ სატრანსპორტო კომპანიაში.
სატრანსპორტო კომპანია ამ ეტაპზე გეგმავს გამოაცხადოს ტენდერი პროექტირებაზე, რომელშიც „ავლაბრის“ საკითხიც შევა. თავად სადგურის რეაბილიტაცია კი ჯერჯერობით ვერ დასრულდება.