ფრანგი ფილოსოფოსი, გენიალური ავტორი და ჟურნალისტი 1913 წლის 7 ნოემბერს საფრანგეთის მაშინდელ კოლონიაში, ალჟირში დაიბადა. ალბერ კამიუს, როგორც ალჟირის ფრანგ მცხოვრებს, ე.წ. Pied-Noir-ს (შავფეხიანს) უწოდებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ კამიუ ფილოსოფიური მიმდინარეობის - აბსურდიზმის (როგორც თავად უწოდა) მამამთავარი იყო და ჯერ კიდევ „ამბოხებულ ადამიანში“ წერდა, რომ ცხოვრება ნიჰილიზმის ფილოსოფიას მიუძღვნა, უპირველეს ყოვლისა, ლიტერატურასთან დაკავშირებული გენიოსია.
ალბათ სწორედ კამიუა ყველაზე დიდი მწერალი, ვინც თავისუფლების, როგორც მთავარი ღირებულების, საკითხზე იმუშავა და XX საუკუნის ევროპელ ინტელექტუალთა სულთამპყრობელად იქცა.
ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი, რომ Le Monde-ის გამოკითხვაში, მსოფლიოს ნომერ პირველ წიგნად ფრანგებმა მისი რომანი - „უცხო“ დაასახელეს.
დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე
მსოფლიო აღიარებამ მწერალს ადრეულ ასაკში უწია - რედიარდ კიპლინგის შემდეგ კამიუ ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა. პრემია მან 44 წლის ასაკში მიიღო.
საინტერესოა, რომ კამიუს ხშირად ასახელებენ ფრანგ ეგზისტენციალისტად, თუმცა იგი ამას ყოველთვის უარყოფდა. 1945 წლის ინტერვიუში იმასაც კი ამბობდა, რომ ეგზისტენციალიზმთან იდეოლოგიური ასოციაცია არ ჰქონია - მე არ ვარ ეგზისტენციალისტი. მე და სარტრს ყოველთვის გვიკვირს, როდესაც ჩვენს სახელებს ერთად ახსენებენო.
როგორც უკვე ვთქვით, კამიუ ალჟირში დაიბადა. დღეს იმ ქალაქს (მონდოვი) - დრეანი ჰქვია. მამა ელსაზური წარმოშობის ფრანგი იყო, დედა კი მინორკანული წარმოშობის ესპანელი. მომავალი მწერლის მამა პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა. ისედაც უღარიბეს ოჯახს უფრო მეტად გაუჭირდა, რის გამოც კამიუს დედა უამრავ ადგილას დამლაგებლად მუშაობდა. ბიჭის ასაკის მატებასთან ერთად მატულობდა პრობლემებიც - მასწავლებელმა ბავშვში მომავალი გენიოსი ამოიცნო. აუცილებელი იყო, მას სწავლა უნივერსიტეტში გაეგრძელებინა.
სხვათა შორის, საკმაოდ გვიან, 1995 წელს გამოქვეყნდა კამიუს დაუსრულებელი ავტობიოგრაფიული რომანი - „პირველი ადამიანი“, სადაც სწორედ მისი ბავშვობა და საშინელი მდგომარეობაა აღწერილი.
საბოლოოდ, კამიუ ალჟირის უნივერსიტეტში მოხვდა. სწორედ ამ პერიოდს, 1930-იან წლებს უკავშირდება მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მომენტი - ტუბერკულოზით დაავადება, რის გამოც ფეხბურთისთვის თავის დანებება მოუწია.
როგორც ამბობენ, კამიუ უზარმაზარი პოტენციალის მეკარე იყო. წლების შემდეგ თავად იტყვის, რომ ყველაფერი, რაც მორალსა და ვალდებულებასთან არის დაკავშირებული, ჩემმა საფეხბურთო კლუბმა და ფეხბურთმა მასწავლაო. ჟურნალისტის კვიმატ კითხვაზე კი, თეატრი უფრო გიყვართ, თუ ფეხბურთიო, კამიუმ ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა - რა თქმა უნდა, ფეხბურთი, უყოყმანოდ - ფეხბურთიო...
ალჟირის უნივერსიტეტში, ბაკალავრის ხარისხი დაიცვა დისერტაციით - ქრისტიანობისა და ელინიზმის შეჯამება პლოტინისა და წმინდა ავგუსტინეს შემოქმედებაში. როგორც ამბობენ, ეს უბრწყინვალესი დისერტაცია იყო.
1935 წელს კამიუ კომუნისტურ პარტიაში გაწევრდა, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო, რადგან ბოლოს და ბოლოს, როგორც ტროცკისტი და დაუმორჩილებელი, პარტიიდან გარიცხეს. ამის შემდეგ, იგი ანარქისტებისა და ანარქო-სინდიკალისტებისკენ გადაიხარა, რომელთა მიმართაც დიდხანს ჰქონდა სიმპათია.
მორწმუნე არ ყოფილა, თუმცა თავად აქვს ნათქვამი - „მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ არ ვარ ათეისტი“.
დიდი მწერალი ქალების მოყვარული იყო - მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპათიური კაცი XX საუკუნის დიდი მორალისტია, ამ ნაწილში თავისუფლებისკენ უფრო იხრებოდა - ოჯახი, როგორც სუბსტანცია, როგორც ინსტიტუტი, ყოველთვის აღიზიანებდა. მიუხედავად ამისა, რამდენჯერმე იქორწინა; 1934 წელს სიმონ იე მოიყვანა ცოლად, მაგრამ ორმხრივი ღალატის გამო ქორწინება მალევე დასრულდა.
1940 წელს კამიუმ ხელახლა შექმნა ოჯახი. ამჯერად მისი მეუღლე პიანისტი და მათემატიკოსი, ფრანსის ფორი გახდა. მწერალს ცოლი უყვარდა, მაგრამ ოჯახის ინსტიტუტს მაინც დასცინოდა. 1945 წელს წყვილს ტყუპები - კატერინი და ჟანი შეეძინა. სწორედ ამ ფაქტმა, უფრო სწორად კი საყვარელმა, საქვეყნოდ ცნობილმა მსახიობმა - მარია კაზარესმა ოჯახში დაბრუნება აიძულა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, კამიუ პაციფისტად მიიჩნევდა თავს, თუმცა ერთ-ერთი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ომში ჩაერთო და ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა. წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობის ფარგლებში, „ბოშარის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა სტატიებს; 1943 წლიდან კი გაზეთ „ბრძოლის“ რედაქტორი იყო. როდესაც 1944 წლის აგვისტოში მოკავშირეებმა პარიზი გაათავისუფლეს, კამიუ უკანასკნელი საბრძოლო მოქმედებების მოწმე გახდა. ომის შემდეგ, მისი ფართო ჰუმანიზმის მიუხედავად, კოლაბორაციონისტების მიმართ მკაცრი ხაზის გატარების მომხრე იყო.
ომის პერიოდში კამიუმ დაამთავრა რომანი - „უცხო“, ამავდროულად კი ფილოსოფიური ნაწარმოები „სიზიფოსის მითი“ და დრამატული ნაწარმოები - „კალიგულა“. სამივე ნაწარმოები ერთ პერიოდში გამოიცა და ისინი ერთმანეთის ახსნას წარმოადგენს. ჩვეულებრივ, ლიტერატორები „უცხოს“ კითხულობენ, მაგრამ, თუ გვინდა სრულად გავიგოთ, რის თქმას აპირებდა ამ შესანიშნავი ნაწარმოებით კამიუ, „სიზიფოსის მითიც“ და „კალიგულაც“ უნდა წავიკითხოთ.
ბუნებრივია, კამიუ ლიტერატურულ მოღვაწეობას აგრძელებდა და ორი შესანიშნავი რომანიც გამოაქვეყნა: „შავი ჭირი“ და „დაცემა“.
პარალელურად, აქტიურად იბრძოდა ადამიანის უფლებების სფეროში, განსაკუთრებით კი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. 1953 წელს აღმოსავლეთ ბერლინში მუშათა ჩაგვრის საბჭოთა მეთოდები ამხილა. მუდმივად მხარს უჭერდა ყველას, ვინც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოდიოდა - იქნებოდა ეს უნგრეთი, პოლონეთი, თუ რომელიმე სხვა ქვეყანა.
შეიძლება სწორედ ამასთანაა დაკავშირებული ის მითი, რომელიც 2011 წელს გავრცელდა, თითქოს კამიუს სიკვდილი არ იყო შემთხვევითი და ეს საბჭოთა უშიშროებამ დაგეგმა.
ალბერ კამიუ 1960 წლის 4 იანვარს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მწერალი გამომცემელ და მეგობარ მიშელ გალიმარის მანქანაში იჯდა. ქალაქ ვილებლევინში, გალიმარის ავტომობილი გზაზე მოცურდა და ხეს დაეჯახა. ავტოკატასტროფის შედეგად კამიუ ადგილზე გარდაიცვალა, გალიმარი კი - რამდენიმე დღეში.
2011 წელს მილანურ გაზეთ „კორიერე დელა სერაში“ გამოქვეყნდა თეორია, რომლის მიხედვითაც კამიუს სიკვდილი კგბ-ს აგენტებმა დაგეგმეს. მიუხედავად ამისა, მწერლის მთავარმა ბიოგრაფმა და ავტორიტეტულმა პირმა - ოლივიე ტოდმა ეს შეუძლებლად მიიჩნია.
კამიუს ცოლი და ტყუპი ქალ-ვაჟი დარჩა. სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა მისი ორი ნაწარმოები: „ბედნიერი სიკვდილი“, სადაც ვინმე პატრიკ მერსო გვხვდება („უცხოს“ მერსოსგან განსხვავებით, ამ მერსოს გვარი სხვაგვარად იწერება). მეორე ნაწარმოები მწერლის დაუსრულებელი რომანი - „პირველი ადამიანი“ იყო, რომელიც1995 წელს გამოქვეყნდა, მასში კამიუს ბავშვობაა ასახული.
კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი, რომელიც მთელი ცხოვრება ამტკიცებდა ჩვენი არსებობის აბსურდულობას, თავისი თეორიის შესაბამისად - აბსურდულად გარდაიცვალა, თანაც მაშინ, როდესაც უზარმაზარი პოტენციალით იყო სავსე.
***
„უცხო“
მიუხედავად იმისა, რომ კამიუს მოთხრობების კრებული ჰქონდა გამოქვეყნებული, მსოფლიო სახელი და დიდება სადებიუტო რომანმა „უცხომ“ მოუტანა, რომელიც 1942 წელს გამოიცა.
ხანდახან ამბობენ, რომ „უცხო“ რომანი კი არა, ვრცელი მოთხრობაა, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ზოგიერთს შეიძლება ის აშფოთებს, რომ ეს რომანი მოცულობით არ არის ისეთი დიდი, როგორც, ვთქვათ - „დაკარგული დროის ძიებაში“, ან „ომი და მშვიდობა“, მაგრამ „უცხო“ რომანია, რომანი ორ ნაწილად და ათ თავად.
მთავარი პერსონაჟი, კამიუს მსგავსად, „შავფეხიანი“, ანუ ფრანგული წარმომავლობის ალჟირელია. მისი სახელი არა, მაგრამ გვარი კი ვიცით - მერსო. რომანი დაწერილია პირველ პირში, უაღრესად ლაკონიური ენით, მაქსიმალურად მშრალად და არც ის არის შემთხვევითი, რომ საოცარი წინადადებით იწყება:
„დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ - გუშინ.
რა ვიცი: მოხუცთა თავშესაფრიდან დეპეშა მივიღე:
- „დედა გარდაიცვალა, დაკრძალვა ხვალ, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას”.
როგორც უკვე ვთქვით, არ არის შემთხვევითი, რომ რომანი დეპეშის ტექსტით იწყება, ნაწარმოებიც დეპეშასავით: მშრალად, ემოციების გარეშე, მჭიდრო ტექსტითა და ყოველგვარი ლირიზმის გარეშეა დაწერილი. ესაა კამიუს გაუცხოებული სტილი, როდესაც მთხრობელი არ დებს თავის თხრობაში არანაირ ემოციას; სტილი, რომელსაც მომავალში მსოფლიოს არაერთი მწერალი მიბაძავს.
ორი სიტყვა ვთქვათ შინაარსზეც. წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც დედის დაკრძალვაზე მაინცდამაინც დიდ ემოციას არ გამოავლენს, დედის კუბოსთან ყავას დალევს, უკანასკნელად არ დახედავს დედის ცხედარს. ბუნებრივია, გარშემომყოფნი ამ ყველაფერს იმახსოვრებენ.
ამის შემდეგ მერსო ბრუნდება ქალაქში, გაიჩენს საყვარელს, წავა კინოში, შემდეგ ერთ კონფლიქტში გაერევა და არაბს ესვრის. ამას არ იკმარებს და ცივსისხლიანად მოკლავს, კიდევ ოთხ ტყვიას დაახლის. როცა დაიჭერენ, სასამართლოზე იტყვის, რომ ყველაფერი რაც მოხდა, მზის ბრალია...
მერსოს სიკვდილით დასჯას მიუსჯიან, თუმცა მისი განაჩენის გამოტანისას, ნაფიცი მსაჯულები საქმის გარემოებებით კი არ იხელმძღვანელებენ, არამედ ჩათვლიან, რომ მერსო ადამიანი არ არის, მან ხომ დედა არ დაიტირა.
ნაფიცი მსაჯულები მიიჩნევენ, რომ ადამიანი, რომელსაც დედა თავშესაფარში ჰყავს ჩაბარებული, რომელსაც დედის სიკვდილის გამო ცრემლი არ წამოუვიდა, რომელსაც მშობლის სიკვდილიდან მალევე შეუძლია საყვარელი გაიჩინოს, კინოში იაროს და ა.შ. ის ადამიანი არ არის. სწორედ ამიტომ, მან ცივსისხლიანად მოკლა არაბი და ის სიკვდილს იმსახურებს, იმდენად, რამდენადაც იგი ჩვენს სამყაროს, ადამიანთა უმრავლესობას, ადამიანთა კლასს არ მიეკუთვნება.
ანუ, როცა ადამიანი ისე არ იქცევა, როგორც ამას საზოგადოება მიიჩნევს საჭიროდ, ის შეიძლება აღარ მიიჩნეოდეს ადამიანად.
მოგვიანებით კამიუ იტყვის, ამ ნაწარმოებით იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს დიდი რისკი - ადამიანი, რომელიც დედის დაკრძალვაზე არ იტირებს, შეიძლება სიკვდილით დაისაჯოს, მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულია. ანუ, ადამიანს საზოგადოება უდგენს თავისუფლების საზღვრებს: იტიროს თუ არ იტიროს; უყვარდეს თუ არ უყვარდეს; გამოხატოს თუ არ გამოხატოს... კამიუს აზრით, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული თავისუფლების წინააღმდეგ.
სწორედ ამიტომ, კამიუ გვიხატავს კაცს, რომელიც შეიძლება ყველაში არ აღძრავდეს სიმპათიას, მაგრამ, მისივე შეფასებით, განა ასე არ იყო ქრისტეს შემთხვევაშიც?! კამიუმ თქვა, რომ ჩვენს წინაშეა ერთადერთი ქრისტე, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ!
კამიუმ აღნიშნა, რომ ამ რომანში მან სიზიფოსის მითიც აღწერა. მოგეხსენებათ, სიზიფოსმა სიკვდილი მოატყუა, რის გამოც სასტიკად დაისაჯა - მიათრევს ლოდს, ააქვს სიმაღლეზე, თუმცა ბოლოს უგორდება. ეს მითი მარადიული ტანჯვის სიმბოლოდ მიიჩნეოდა, თუმცა კამიუს ნაშრომში, სწორედ იმ მომენტში, როდესაც სიზიფოსი ხედავს, რომ მისი შრომა უაზროა, რადგან ლოდი კვლავაც ქვემოთ გორდება, აი, ზუსტად ამ დროს, სიზიფოსი ბედნიერია!
მსგავსად „უცხოშიც“, როდესაც მერსო გაერკვევა, რომ სიკვდილით დასჯა არ ასცდება, იგი თავისუფლდება შიშისგან და ბედნიერია. სიკვდილის წინ მერსო ბედნიერია, ისე, როგორც იმ მომენტში, როდესაც ქვა უგორდება, ბედნიერია სიზიფოსი.
შესაბამისად, მერსო, სიზიფე და კალიგულა ადამიანის სამი სახეა. შეიძლება ისინი არ იწვევენ სიმპათიას, მაგრამ თითოეული მათგანი იმსახურებს თავისუფლებას.
საერთოდაც, „უცხოში“ არაერთი ძლიერი პასაჟი გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებულია სიკვდილმისჯილ მერსოსა და კაპელანის დიალოგი, როდესაც მღვდელი ჭეშმარიტების გზაზე მის მოქცევას ცდილობს. და სწორედ აქ ვკითხულობთ მერსოს ბრწყინვალე დამოკიდებულებას და პასუხს:
„მას უნდოდა ელაპარაკა ღმერთზე, მაგრამ მისკენ წავედი და ვცადე უკანასკნელად გამეგებინებინა, რომ დრო აღარ მრჩებოდა. მე არ მინდოდა ღმერთის გულისთვის ეს დრო დამეკარგა. იგი ეცადა, შეეცვალა საუბრის თემა. მკითხა, რატომ ვეძახდი მას „ბატონოს” და არა „მამაოს“. გავცხარდი და ვუპასუხე, რომ ის მამაჩემი არ იყო, რომ ის სხვებისთვის იყო მამა“.
აქ ძალიან კარგად ჩანს, რომ თუ ადამიანი უმცირესობაშია და უმრავლესობას არ ეპოტინება, თუკი თავისუფალია, საკუთარი აზრი აქვს და არ იქცევა ისე, როგორც საზოგადოებას მიაჩნია სწორად, თურმე ამაზე საზოგადოება ძალიან ღელავს. ანუ, პიროვნებისა და საზოგადოების, ადამიანისა და საზოგადოების დაპირისპირება, დაწყებული ძალიან ძველი დროიდან, ან თუნდაც ჩვენი ვაჟა-ფშაველას ალუდა ქეთელაურიდან, კამიუსთანაც ანალოგიურ პასუხს პოულობს. ეს პასუხი ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რადგან ჩვენი ღმერთი გამორჩეული იყო, სხვებს არ ჰგავდა და აკი ამის გამო ჯვარს აცვეს კიდეც.
კამიუს მერსო საკუთარ თავში დარწმუნებული კაცია, მას არ იპყრობს სინანულის გრძნობა. პირიქით, უხარია, რომ ისეთია, როგორიც არის. ამიტომაც, მთელი მისი დანაშაული ისაა, რომ საზოგადოების თამაში არ ითამაშა, არ ეკეკლუცა საზოგადოებას.
ესაა უზარმაზარი მნიშვნელობის რომანი, რომელმაც თავად მწერალსა და მის შემოქმედებაზეც სერიოზული ზეგავლენა იქონია.
სხვათა შორის, 1942 წელს, „უცხო“ 4400 ტირაჟით გამოიცა, თუმცა მაშინვე ბესტსელერად არ ქცეულა. მიუხედავად ამისა, რომანი კარგად მიიღეს. შესაძლოა, ამას იმ ფაქტმაც შეუწყო ხელი, რომ Le Monde-ში გამოქვეყნდა სარტრის სტატია - „უცხოს“ განმარტება“.
რომანი ორჯერ არის ეკრანიზებული. ერთხელ მის ეკრანიზაციას კამიუს თანატოლმა გენიოსმა - ლუკინო ვისკონტიმ მოჰკიდა ხელი, რომელმაც ფილმი 1967 წელს გადაიღო და მასში მერსოს როლს მარჩელო მასტროიანი ასრულებდა. „უცხო“, სათაურით - „ბედისწერა“ თურქ რეჟისორს - ზეკი დემირკუბუზსაც აქვს გადაღებული, 2001 წელს.
დასასრულ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კამიუს ეს გენიალური რომანი, ჰიმნი თავისუფლებისადმი XX საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ტექსტია, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა დილემა, თუ ვინაა ცენტრალური ფიგურა სამყაროში: საზოგადოება, ნაცია, პარტია, იდეოლოგია თუ ადამიანი...
ამ კითხვას კამიუ მარტივად პასუხობს - ადამიანი მთელი სამყაროა, მისი თავისუფლება კი - ყველაზე მნიშვნელოვანი. უფლება იმისა, თავად გაერკვეს, როგორი სურს, რომ იყოს...
კამიუმ დაგვიტოვა უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელიც გვეუბნება, რომ როცა არ ვიცით რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დავეკითხოთ და გავაკეთოთ თავისუფალი არჩევანი, მიუხედავად იმისა, ვის მოეწონება და ვის არა! სწორედ ამას გვასწავლის მერსო, ამას გვასწავლის „უცხო“, ალბერ კამიუ.