ტომ ვულფის დოკუმენტური ფილმი „კალასი მარიას შესახებ“
ახლახან დასრულებულ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც წლების განმავლობაში პოლიტიკური ბაზრობისა თუ სოციალური წახალისების საერთაშორისო ფორუმს დაემსგავსა, არასაკონკურსო პროგრამაში მარია კალასის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი უჩვენეს. ამგვარი არტ-დოკუმენტები საკმაოდ ხშირია სწორედ არასაკონკურსო „პანორამაში“.
მაგალითად, გასულ წელს უჩვენეს ბრეტ მორგენის „კურტ კობეინი: ეშმაკის მონტაჟი“ (დოკუმენტური ფილმი ჯგუფ „ნირვანას“ სოლისტის, კურტ კობეინის შესახებ“), ხოლო ორი წლით ადრე, კლერ დენის ასევე დოკუმენტური ფილმი „მატილდასკენ“ (რომელიც თანამედროვე ფრანგი ქორეოგრაფის, მატილდა მონიეს შემოქმედებას ახალი კუთხით გვაცნობს).
ტომ ვულფის სარეჟისორო დებიუტი Maria by Callas („კალასი მარიას შესახებ“), რომელიც ეკრანებზე გასული წლის დეკემბერში გამოვიდა, შთამბეჭდავი მცდელობაა საოპერო დივას შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ ახალი და უცნობი ამბები შევიტყოთ: კალასის ინტერვიუებიდან დაწყებული, ვისკონტ-ძეფირელ-პაზოლინის იშვიათი საარქივო კადრებით დამთავრებული. კარგად აწყობილ, ლამის ორსაათიან ფილმში მარია (როგორც კერძო პირი და პერსონა) თითქოს განზოგადოებულ კალასზე გვიყვება, როგორც შემოქმედსა და არტისტზე.
ფილმში კალასის გამოუქვეყნებელ წერილებსა და დღიურის ჩანაწერებს კითხულობს ჯოის დიდინატო (ცნობილი ამერიკელი მეცო-სოპრანო), ხოლო ფრანგული წერილების მცირე ნაწილს - კინოვარსკვლავი ფანი არდანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ითამაშა კიდეც კალასის როლი ფრანკო ძეფირელის ფილმში „მუდამ კალასი“.
ფილმში ნეიტრალურ-განყენებული თხრობის სტილი ბოლომდე შენარჩუნებულია, თუმცა საგრძნობია რეჟისორის ერთგვარი იდუმალი აღფრთოვანებაც. როგორ „აკვირდება“ ის კალასის შემოქმედების ყველაზე გამორჩეულ პერიოდს - 50-იანი წლების ტრიუმფს „ლა სკალაში“ („ჯოკონდა, „ბალ-მასკარადი“, „ტრავიატა“, „ნორმა“ „ტრუბადური“). კარგად იგრძნობა ის დამუხტული ატმოსფეროც, თაყვანისმცემელთა აღფრთოვანება და საოპერო სკანდალების ფონი, რომლებიც მარიას კალასს ყოველთვის ჰქონდა.
ტომ ვულფმა რამდენიმე წელი იმუშავა, ვიდრე იშვიათ საარქივო მასალებს, ხელის კამერით გადაღებულ, პრიმიტიულ, მაგრამ ცოცხალი შთაბეჭდილებებით გაჯერებულ პრივატულ კადრებსა და კერძო ინტერვიუებს მიაგნებდა; ასევე, კალასისა და მისი მეუღლის, ბატისტა მენეგინის ოჯახური სცენების ამსახველ უიშვიათეს კადრებს და რაც, ჩემი აზრით, ყველაზე შთამბეჭდავი და ფასეულია ამ ფილმში - პაწაწინა, ფერად ფირზე აღბეჭდილ გაელვებებს, რომლებიც „სკალაში“ ლუკინო ვისკონტისა და მარია კალასის ერთობლივ სარეპეტიციო სამუშაოს ასახავს.
ფილმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდია ლეგენდარული კონცერტი პარიზში 1958 წლის 19 დეკემბერს, რომელიც მაშინ ნაციონალურმა ტელეარხმა პირდაპირი ეთერით გადასცა. ეს იყო კალასის შთამბეჭდავი დებიუტი „გრანდ ოპერაში“. კადრებში გაიელვებენ ჟან კოკტო, ჩარლი ჩაპლინი, ბრიჯიტ ბარდო, მარტინ კაროლი და საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკის ბოლო პრეზიდენტი - ჟიულ კოტი, რომელიც ასევე ეწრება ამ საოცარ კონცერტს.
... და რასაკვირველია, casta diva ბელინის „ნორმადან“, რომელსაც დიორის ძოწისფერი კაბით შემოსილი დივა ასრულებს. არადა, ამ კადრებს აქამდე მხოლოდ შავ-თეთრი კადრებით ვიცნობდით. განუმეორებელია ყოვლისშემძლე, ბოლომდე დამუშავებული და პერფექციონისტული ჟესტები; გრანდიოზული და ტრაგიკულად სავსე აქტიორული პაუზები ლეონორას არიის შემდეგ და „მიზერერეს“ დაწყებამდე „ტრუბადურში“. დაბოლოს, ლამის ფიზიოლოგიური დრამატიზმისა და ტემბრის ხმა და ჟღერადობა, რომელიც ბერძნული ტრაგედიების სადარი ტემპერამენტისაა და რომელიც არც მანამდე და არც მის შემდეგ საოპერო სცენაზე არავის ქონია.
ფილმში შემონახულია ჰამბურგის კონცერტის ფრაგმენეტიც 1959 წლის მაისში და საოცარი „ტოსკას“ ფინალი 1964 წელს, „კოვენტ გარდენში“ (ფრანკო ძეფირელის ცნობილი დადგმა მარია კალასის, ჯუზეპე დი სტეფანოსა და ტიტო გობის მონაწილეობით). მოწმე ვხდებით მისი ტრიუმფალური დაბრუნებისა „მეტროპოლიტენში“ 50-იანი წლების ბოლოს. ცოცხლდება რუდოლფ ბინგისა („მეტის“ გენერალური დირექტორი) და ელვირა დე იდალგოს (ერთადერთი პედაგოგი, რომელსაც მარია კალასი სიცოცხლის ბოლომდე წერილებს წერდა!) ინტერვიუებიც..
და ეს ყველაფერი ისევ სცენური ტრიუმფის, სკანდალების, ჭორების, უცნაური და საქმიანი ქორწინება-განქორწინების ფონზე ჯულიო მენეგინისთან. შემდეგ კი უეცარი სიყვარულისა და განადგურების მაუწყებელი ათწლიანი რომანი მილიარდერ არისტოტელე ონასისთან, რომელსაც კალასი წერილებში ასე მიმართავს - „ჩემო არისტო“! ფინალი: დანგრეული კარიერა და განადგურებული, ცარიელი პირადი ცხოვრება შავი ქვრივის - ჟაკლინ კენედის ფონზე, რომელიც სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა მისი მეტოქისა და ქალების „კოლექციონერ“ არისტოტელე ონასისის გვერდით.
ფილმში ასევ ხაზგასმულია კალასის ტრაგიკული ტალანტის ბოლო გაელვება - პიერ-პაოლო პაზოლინის ფილმი „მედეა“ (1970 წელი), რომელშიც მან უკვე გახარჯული, გადაღლილი და „გაბზარული“ საოპერო ხმა თითქოს იდუმალებით აღსავსე მედეას მონოლოგებითა და პაუზებით ჩაანაცვლა. თუმცა ეს უფრო შინაგანი არტისტული წვისა და თვითგანადგურებისკენ გადადგმული კიდევ ერთი სავალდებულო ნაბიჯი იყო: 1977 წელს, 53 წლის ასაკში, კალასი პარიზში გარდაიცვალა.
la mamma morta - მღერის მარია ცნობილ ტრაგიკულ არიას ოპერიდან „ანდრე შენიე“, რომელსაც ტომ ვულფის ფილმის ფინალური ტიტრები ედება და იქვე ხვდებით, რომ, რაც დრო გადის, ამ უდიდესი მომღერლის მაგია არც ამ უდავოდ საინტერესო დოკუმენტური ფილმით ამოიხსნება და არც ამის შემდეგ. რადგან ის ნამდვილი დივაა, რომელმაც საკუთარი თავი თავდაუზოგავი შრომითა და ღვთაებრივი ტალანტით სინთეზით შექმნა.