დავიწყოთ იმით, რომ რამდენიმე წლის წინ, 2014 წელს, თბილისში ჩამოსული უკრაინული ცირკის თანამშრომელს, მომთვინიერებელს, ლომი დაესხა თავს. მიყენებული დაზიანებების შედეგად მომვლელი გარდაიცვალა.
რა თქმა უნდა, ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც მტაცებელი ცხოველი მომთვინიერებელს დაესხა თავს და არც იშვიათი გამონაკლისი - ბოლო წლებში, ცხოველების ცირკის აკრძალვამდე, აშშ-ში 140-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც წესი, ასეთ დროს ყველაზე მეტად მომთვინიერებლები ზარალდებოდნენ, რადგან, ძირითადად, ცხოველის მხრიდან თავდასხმა სწორედ წარმოდგენის დროს ხდებოდა.
რა არის ამ თავდასხმების მიზეზი?!
ბუნებრივია, ცხოველის მხრიდან ადამიანზე თავდასხმა არათუ ცირკში, არამედ ნებისმიერ გარემოში შეიძლება ველოდოთ, თუმცა, როგორც წესი, როდესაც მტაცებელი ადამიანს ესხმის თავს, უმეტეს შემთხვევაში, დამნაშავე ადამიანია, მით უმეტეს, როდესაც ტყვეობაში მყოფ ცხოველზე გვაქვს საუბარი.
შეიძლება ადამიანთა გარკვეული კატეგორიისთვის ცირკი ატრაქციის სახეობაა, მაგრამ, რეალურად, ეს არის ადგილი, სადაც ცხოველებს აიძულებენ მათთვის არაბუნებრივი მოქმედებები შეასრულონ. ველოსიპედით მოსეირნე დათვები, ან ყირაზე გადასული სპილოები შესაძლოა აღფრთოვანებას იწვევდეს, მაგრამ ასეთი ქმედებები აბსოლუტურად შეუსაბამოა მათ ბუნებრივ ქცევასთან.
ამ ეფექტის მიღწევას მომთვინიერებლებისგან „დიდი ძალისხმევა“, ცხოველების მხრიდან კი სერიოზული სტრესისა და ტკივილის გადატანა სჭირდება.
წარმოიდგინეთ, ცხოველი იძულებულია შეასრულოს იმ ტიპის მოქმედებები, რომლებიც მისთვის სრულიად წარმოუდგენელია. ამას თან ერთვის ის მავნე და ბარბაროსული პრაქტიკა, როდესაც მიზნის მისაღწევად გამოიყენება ცხოველის დაშინება, ან მისთვის ტკივილის მიყენება. ამის ამსახველი კადრები არაერთხელ გავრცელებულა ინტერნეტში. ასევე, არანაკლებ დიდი ბარბაროსობაა დასჯის სხვადასხვა მეთოდები (საკვების არ მიცემა, ელექტროშოკის გამოყენება), რაც ცხოველის ფსიქოლოგიას ანგრევს და მასში შიშს ნერგავს.
ასევე, მაგალითად, ისეთი პოპულარული ცხოველის გასაწვრთნელად, როგორიც სპილოა, ცირკში ხშირად იყენებენ ინდოელ მოჰაუტებში დამკვიდრებულ კაუჭებსა და სხვადასხვა საჩხვლეტს (მოჰაუტები ამ ინსტრუმენტებს სპილოს სამართავად იყენებენ).
ყველაფერთან ერთად, ბუნებრივია, როდესაც სპილოს აიძულებენ თავზე ან უკანა ფეხებზე დადგეს, ცხოველის ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე, ეს მისთვის სრულიად მიუღებელია. სწორედ ასეთი მიდგომები იწვევს სერიოზულ ტრავმებს, რაც ცვლის ცხოველის ხასიათს და ხშირ შემთხვევაში მისი დაღუპვითაც კი მთავრდება.
შედარებისთვის, როდესაც ზოოპარკში ცხოველის გაწვრთნა და მისთვის გარკვეული ქცევის დასწავლა ხდება, ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ემოციები გამოიყენება. იმისთვის, რომ ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საშუალება ყოველგვარი იმობილიზაციისა და ტრანკვილიზაციის გარეშე შეგვეძლოს, პირველ რიგში, საჭიროა, რომ ის მომვლელის მოხმობაზე რეაგირებდეს. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ემოციების გამოყენებით უნდა მოხდეს.
ამასთანავე, ცხოველებისთვის ბუნებრივი რამ არის განწყობის ცვალებადობა. ასეთ დროს, მისთვის, მით უმეტეს მტაცებლისთვის, რაიმეს იძულება უკვალოდ არ ჩაივლის - ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩნდება კონფლიქტი და ცხოველი შეტევაზე გადადის.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოველები ყველაზე კარგად აცნობიერებენ, როდის არის მოწყვლადი მომთვინიერებელი. და არის მომენტი, როდესაც ცხოველი ივიწყებს ყოველგვარ შიშს, ტკივილს და თავს ესხმის იმ ადამიანს, რომელიც მას აწუხებს.
საკმაოდ ხშირად, ასეთი მომენტის პროვოცირება სწორედ ადამიანებისგან ხდება. მაგალითად, გამოდევნება მტაცებლების ბუნებრივი ქცევაა. ამიტომაც, თუნდაც ზოოპარკში, მნიშვნელოვანია, რომ ცხოველთან მუშაობის დროს მის მიმართ ზურგით არ დავდგეთ. ამის საპირისპიროდ, როდესაც მომთვინიერებელი საჰაერო კოცნას უგზავნის მაყურებელს და ამ დროს მტაცებლის მიმართ ზურგით დგას, ეს ცხოველისთვის გარკვეული სიგნალია. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენებით ცირკში ცხოველთა ინსტინქტების დათრგუნვაზე მუდმივად მუშაობენ, შესაძლოა ცხოველმა რაღაც მომენტში დაივიწყოს ეს ყველაფერი და თავს დაესხას მომთვინიერებელს.
ასევე, ფართოდ გავრცელებულია დიდ კატისებრთა წარმომადგენლებისთვის ხახაში თავის ჩაყოფა. ცხოველმა იცის, რომ პირი არ უნდა დახუროს, რადგან გაწვრთნის პროცესში ამის გამო მას ძლიერი ტკივილი მიადგა. მიუხედავად ამისა, ტრაგედია ცხოველის მხრიდან ყოველგვარი აგრესიის გამოვლენის გარეშე, ბუნებრივი ქცევის გამოვლენით შეიძლება დატრიალდეს.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, წარმოდგენების დროს ცხოველთა მხრიდან თავდასხმები სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ ისინი კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამ საკითხს უფრო დეტალურად ქვემოთ მიმოვიხილავთ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ცირკის მესვეურთა ინტერესებში არ შედის ცხოველის მიერ ბუნებრივი ქცევის გამოვლენა. შესაბამისად, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მათში ბუნებრივი ქცევა დაითრგუნოს. სწორედ ეს იწვევს სტერეოტიპული ქცევის ჩამოყალიბებას.
სტერეოტიპული ქცევა ცხოველის არანორმალური ქცევაა, რომელიც, ძირითადად, ცუდ პირობებში ცხოვრების გამო განუვითარდათ.
ზოოპარკში მაქსიმალურად ვცდილობთ შევამციროთ ისეთი არასასურველი მოქმედება, როგორიც არის, ე.წ. სტერეოტიპული ქცევა და ამისთვის სპეციალური პროგრამებიც კი არსებობს.
მაგალითად, ზოოპარკში გვაქვს დათვების უზარმაზარი ვოლიერი. ტერიტორია ჰექტარზე მეტია, თუმცა ის დათვები, რომლებიც რესტორნებს ჩამოერთვათ და ჩვენ გადმოგვეცა, სწორედ ამ სტერეოტიპულ ქცევას ავლენენ - წრეზე მოძრაობენ, ზუსტად იმ ფართობზე დადიან, რასაც რესტორანში, 3-4 კვადრატული მეტრის გალიაში ცხოვრებისას მიეჩვივნენ.
სწორედ ამ სტერეოტიპული ქცევის ასარიდებლად გამოიყენება გარემოს გამდიდრების (ქცევის გამდიდრების) პრაქტიკა. ზოგადად, მტაცებელმა, თუკი მისი ბუნებაში რეინტროდუქციის საკითხი დღის წესრიგში დადგა, აუცილებლად უნდა იცოდეს ნადირობა! ქცევის გასამდიდრებლად, ზოოპარკში, მაგალითად, აფრიკული მოხატულ მგლებს საკვებს გარკვეულ სიმაღლეზე ვუკიდებთ, რათა ცხოველმა საკვების მოპოვებისთვის ენერგია დახარჯოს, ისე, როგორც ეს ბუნებაში მოხდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგიის სიჭარბე წარმოქმნის მისი დახარჯვის აუცილებლობას, რის გამოც ცხოველი არაადეკვატურ, უაზრო ქცევებს მიმართავს. ეს კი შესაძლოა სტერეოტიპულ ქცევაში გადაიზარდოს.
წარმოიდგინეთ, რამდენად შესაძლებელია გარემოს გამდიდრება ცირკში, ან რამდენად დახარჯავს ცხოველი ენერგიას, რომელსაც არათუ ფართო ტერიტორია აქვს, არამედ ხშირად საჭმელსაც ჭარბად აწვდიან, რათა რაიმე სხვა სურვილები არ გაუჩნდეს. ბუნებრივია, ცხოველისთვის ესეც დამაზიანებელია, რადგან ბუნებაში მტაცებელი რამდენიმე დღეში ერთხელ იკვებება. ზოოპარკებში მკაცრად მისდევენ ამ წესს, თუმცა არ მგონია ცირკში მსგავსი პრაქტიკა ჰქონდეთ.
ასევე იშვიათია, რომ ჩვენს რეგიონში მოქმედ ცირკებში ვეტექიმი ჰყავდეთ. აქედან გამომდინარე, ვერც დაავადებათა პრევენცია ხერხდება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცირკში ყველაფერს აკეთებენ, რათა ცხოველთა ბუნებრივი, „არასასურველი“ ქცევა მაქსიმალურად დათრგუნონ. ანუ, რასაც ზოოპარკებში, კონსერვაციულ ცენტრებში, ასწავლიან ცხოველებს, ცირკში თრგუნავენ. სწორედ ამიტომ, ცირკის ცხოველები ხშირ შემთხვევაში განწირული არიან დაღუპვისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ცირკებისთვის ჩამორთმეული ცხოველების ქცევის გამოსწორებაზე მუშაობენ.
წარმოიდგინეთ, ისეთი მტაცებელი ცხოველი, როგორიც არის ავაზა, რომელიც დაბადებიდან მხოლოდ შეზღუდულ ტერიტორიაზე, პატარა გალიაში იზრდება და რომლისთვისაც თავისუფლად მოძრაობის ერთადერთი სივრცე ცირკის არენაა, ისიც რეპეტიციებისა და წარმოდგენების დროს.
ერთ-ერთი ქვეყნის ცირკმა სწორედ თბილისის ზოოპარკს სთხოვა, რომ 4 მოზრდილი ავაზა რამდენიმე დღით ვოლიერში შეგვეშვა. რა თქმა უნდა, დავთანხმდით, იმიტომ, რომ ამ ცხოველებისთვის ნებისმიერი ასეთი შანსი ყოველდღიური, მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებაა.
მიუხედავად ამისა, იმდენად დათრგუნულები იყვნენ, რომ გრუნტზე, ბალახზე თათის დადგმის დროსაც კი ფრთხილობდნენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ არ იცოდნენ, რა არის გრუნტი, რა არის ბალახი...
ასევე, გვქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა უცხოურმა ცირკმა გასამრავლებლად დედალი აქლემი შემოგვთავაზა. ცხოველისთვის თვალის შევლებაც კი საკმარისი იყო იმის მისახვედრად, რომ არათუ გამრავლება, ამ ცხოველის გადარჩენაც რთულად სავარაუდო იყო - აქლემს მკაფიოდ გამოხატული ნევროზის ფორმა ჰქონდა, სიარულის დროს კანკალებდა და ბალანი პრაქტიკულად აღარ ჰქონდა შერჩენილი. მიუხედავად ამისა, მაინც გვსურდა ცხოველის ჩვენთან დატოვება, თუმცა იმ ოდენობის თანხა მოგვთხოვეს, იძულებული გავხდით უარი გვეთქვა.
ისმის ლოგიკური კითხვა - სად შოულობენ ცხოველებს, მით უმეტეს იშვიათ სახეობებს?!
ცირკებში, ძირითადად, კონტრაბანდული გზით, შავ ბაზარზე ნაყიდი ცხოველები ხვდებიან. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სპეციალურად გასაყიდად ამრავლებენ გარეულ სახეობებს. ეს საკმაოდ შემოსავლიანი საქმეა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ბოლო დროს ამ საქმიანობას სერიოზული პრობლემები შეექმნა - საცირკო წარმოდგენებში გარეული ცხოველების გამოყენების აკრძალვამ ამ ბიზნესზე სერიოზულად იმოქმედა, რადგან სწორედ ცირკის პატრონები იყვნენ მათი ძირითადი კლიენტები.
უკვე არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის თითქმის ყველა წევრმა მიიღო ცირკში გარეული ცხოველების ჩართვის სრულად ან ნაწილობრივ აკრძალვის გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, საბედნიეროდ, ნელ-ნელა ქრება ლომის ტუმბოდან-ტუმბოზე გადახტომის, ან დათვის მიერ ველოსიპედის ტარების მავნე პრაქტიკა.
დასასრულ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ერთ მნიშვნელოვან საკითხს - ზოოპარკსა და ცირკს შორის ხშირად ავლებენ პარალელს, რაც სრულიად არარელევანტური შედარებაა - ზოოპარკი კონსერვაციული, სამეცნიერო ორგანიზაცია, რომლის მთავარი ამოცანა ცხოველების შენარჩუნება და მათი გადარჩენაა. აი, ცირკს რამდენად აქვს ასეთი ფუნქცია, ეს თავად განსაჯეთ.