Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მტირალა ბიჭები და „ვეფხისტყაოსანი“

21 მარტი 2019

ამას წინათ გადავწყვიტე ჩემი 4 წლის სპაიდერმენომანიით შეპყრობილი ბიჭის „ვეფხისტყაოსანთან“ დამეგობრება. გადმოვიღე სქელტანიანი, 30 წლის წინ გამოცემული წიგნი, აქა-იქ სული შევუბერე და ილუსტრაციების ძიებას შევუდექი. პოემის ფერადმა პერსონაჟებმაც არ დააყოვნეს: ჯერ როსტევან მეფის ფარშევანგის ბუმბულიანმა ტურბანმა მოგვჭრა თვალი, შემდეგ თინათინის მრავალთვლიანმა მოსასხამმა. აღმოსავლური რომანტიზმით თავბრუდახვეული ჩემი ბიჭი უკვე ამბის მოყოლას მთხოვდა და მეც შევუდექი „ვეფხისტყაოსნის“ ზღაპრად თხრობას.

იყო და არა იყო რა... იყო ერთი კეთილი მეფე როსტევანი, რომელსაც ვაჟი არ ჰყავდა და გადაწყვიტა ერთადერთი ქალიშვილი გაეხადა ხელმწიფედ. ამ ქალიშვილს ჰყავდა შეყვარებული სახელად ავთანდილი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს გაიცნო ნამდვილი ვეფხისტყაოსანი - ვეფხვის ტყავით შემოსილი მეომარი. მეომარს ტარიელი ერქვა და ავთანდილმა რომ პირველად ნახა, ის ცხარე ცრემლებით ტიროდა.

  • რას შვებოდა? - უცებ მაწყვეტინებს ჩემი შვილი.
  • ტიროდა, ტიროდა, - მეც ვპასუხობ.
  • ვინ ტიროდა? - ისევ იძიებს.
  • ტარიელი დედიკო, ტარიელი, აი ვეფხისტყაოსანი როა, ვეფხის ტყავში გახვეული.
  • ის ტიროდა?

მაშინ გამინათდა. ეს კითხვები შინაარსის გაუგებრობით არ იყო გამოწვეული. ჩემი შვილს ძლიერი მეომრისა და გმირის არქეტიპის ტირილთან დაკავშირება გაუჭირდა. მას ვერაფრით გაეგო, როგორ ხდება, რომ ტარიელისნაირი ვაჟკაცებიც ტირიან.

მიზეზი მარტივია: თავისი მცირეწლოვანი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერაც უტირია, თითქმის ყოველთვის გამოჩენილა მინიმუმ ერთი კეთილისმოსურნე დეიდა ან ბიძია, რომელსაც თავი ვალდებულად ჩაუთვლია, ბავშვისკენ გაეხედა და მოჩვენებულად შეძრწუნებული ტონით მიეთითებინა - “კი მაგრამ, შვილო, ბიჭები რომ არ ტირიან?” ამ სცენარს არაერთხელ შევსწრებივარ ოჯახში, პარკში, ქუჩაში, ტაქსიშიც კი. გამკვირვებია კიდეც, რამდენად ღრმად აქვს ფესვი გადგმული იმ გაგებას, რომ რეაგირების ასეთი ფორმა ადამიანებისთვის თითქმის ავტომატური ხდება.

ეს ერთი შეხედვით საკმაოდ უწყინარი შეძახილი იმაზე ბევრად მეტს აფუჭებს, ვიდრე წამოგვიდგენია.ზოგადად მამაკაცებისთვის დამახასიათებელი ემოციური მხარის პრობლემურობა, რომელიც სამყაროში არსებულ მრავალ განსაცდელს და გამოწვევას უდევს საფუძვლად, ნაწილობრივ სწორედ ასეთი შეძახილების ბრალია. ასეთი გზავნილებით ჩვენ ადამიანებს ბავშვობიდან ვაჩვევთ ებრძოლონ საკუთარ ემოციებს და არა საქციელს, ვაზიზღებთ საკუთარი გრძნობების ჯანსაღი ფორმით გამოხატვას, ვაჩვევთ ნეგატიური იმპულსების რეპრესიასა და უარყოფას. შეკავებული, დამარხული ემოცია კი ყოველთვის აგრესიით, დეპრესიით, სუბსტანციებზე დამოკიდებულებით ამოხეთქავს ზედაპირზე. ემოცია ჯანსაღ გასავალს საჭიროებს.

ეს შეძახილები, მით უმეტეს უცხო ხალხის მხრიდან, პატარა ადამიანების ზემგრძნობიარე ცნობიერებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. ასე ვაპროგრამებთ საკუთარ ბავშვებს ნაადრევი ასაკიდან და ამ პროგრამის სისწორესა თუ უვნებლობაში ეჭვიც არ გვეპარება.

ფსიქოლოგები გვასწავლიან, რომ სტრესში მყოფ ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავუკრძალოთ ამ გრძნობის გამოხატვა, არამედ უნდა დავეხმაროთ ამ შეგრძნების იდენტიფიკაციაში. ბავშვი, რომელიც საკუთარ შეგრძნებას სახელს არქმევს, ამ განსაცდელის გადალახვაში ლომის წილი უკვე გავლილი აქვს.

  • დედიკო, კაცები ტირიან და ამაში არაფერია სირცხვილი. მამიკოსაც ბევრჯერ უტირია და ეს ჩვეულებრივი ამბავია
  • მამიკოს? როდის?
  • ბევრჯერ.

მიყურებს გაფართოებული თვალებით. მეც ვიცი, დიდი ხნით ვერ დავტკბები მიღწეულით, მორიგი კეთილისმოსურნე მალე წყალში ჩამიყრის ნაშრომს. მათზეც არ ვბრაზობ, არ იციან, რას იქმან, თვითონაც ასე გაიზარდნენ. და მაინც, რა საოცრებაა ეს „ვეფხისტყაოსანი“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^