მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მასწავლებლის ნომინირება დასრულდა.
წარდგენილია 714 მასწავლებელი.
სააპლიკაციო განაცხადების მიღება 20 აპრილამდე გაგრძელდება.
შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მასწავლებლის წარდგენა არა მარტო სკოლებს, არამედ ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც შეუძლიათ. სიახლე არის ისიც, რომ წელს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მხარი დაუჭიროს პროექტს და გახდეს ჯილდოს დონორი.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მოქმედ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო ან კერძო ავტორიზებულ სკოლაში.
კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გახდება ”მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი.
კონკურსანტთა შერჩევის სამ-ეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
შერჩევის კრიტერიუმები
მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა;
სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება;
ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება;
საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;
პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.
წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კამპანიას ბაქსვუდის სკოლა და გიმნაზია „შავნაბადა“ უერთდებიან. ბაქსვუდის სკოლა გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების 2 კვირიან პროგრამას დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“ სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთელიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს.
გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან გადაეცემა 10 000 ლარი.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წელს მესამედ ტარდება და მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, წარმატებული მასწავლებლის გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
გასულ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ქალაქ ბაღდათის № 2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელს, მანანა კაპეტივაძეს გადაეცა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლადო აფხაზავას გადაეცა. ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ დაწესდა კოალიციის „განათლება ყველასათვის“ ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით. ჯილდოს მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.