სულ რამდენიმე თვეში, „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ პირველ ადგილზე გასული სამეცნიერო გუნდი თიბისის მხარდაჭერით, აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება. გუნდი „ობერტონის” წევრები სკოლის მოსწავლეები არიან, თბილისიდან და ქუთაისიდან. „ბარნის სმარტ ლაბირინთი” კი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტია, რომლის საშუალებითაც მათ ზაფხულში, დიდი თავგადასავალი ელით. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, NASA-ში იმ პროგრამის მინი მოდელს გაეცნონ, რომელსაც კოსმონავტებს ასწავლიან.
28 მარტს, თბილისში „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელმა, მაგდა მაღრაძემ გახსნა. მან ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდამჭერებს.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” მიერ ორგანიზაებული კონკურსის სამი ფინალისტი 13 გუნდს შორის შეირჩა. სულ კონკურსში საქართველოს 9 რეგიონიდან, 500-მდე მოსწავლემ და 90-მდე ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. ჟიურიმ კი ნახევარფინალში სწორედ ეს ცამეტი გუნდი გამოარჩია.
პირველ ადგილზე გასული მოსწავლეები წელს, ზაფხულში NASA-ს უნივერსიტეტში წავლენ. მეორე ადგილის მფლობელი გუნდი, თბილისის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან და პროექტით „მოძრაობის სკანერი” ზაფხულში აშშ -ში, სილიკონ ველიზე, სტენფორდის უნივერსიტეტში ერთ კვირიან ბუთქემფზე გაემგზავრებიან. მესამე ადგილზე გასულები თბილისის და სენაკის მოსწავლეები არიან. ისინი პროექტით „ესკულაპე” ბელგიაში, ევროსფეისის საზაფხულო სკოლაში ისწავლიან.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award საქართველოში უკვე მეხუთე წელია ტარდება და ამ წლების განმავლობაში, სულ 1500-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ყოველწელს კი, პირველ ადგილზე გასული მოსწავლეების გუნდი, NASA-ში სასწავლო კურსს გადის.
კონკურსის ფინანსური მხარდამჭერი აშშ-ს საელჩოა, თუმცა, წელის უკვე, მოსწავლეების სასწავლო პროგრამაში ჩართულობას კერძო სექტორიც უჭერს მხარს. კონკრეტულად, NASA-ში მოსწავლეების გამგზავრების ერთ-ერთი დამფინანსებელი თიბისია.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი ამბობს, რომ კომპანიისთვის მომავალი თაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა. შესაბამისად, ბანკისთვის ახალგაზრდების განათლებაში ინვესტიციის ჩადება მათი მთავარი მიზანია:„ქვეყანას მომავალი მაშინ აქვს, როცა ვითარდება მეცნიერება და ტექნოლოგიები. ესაა მომავლის პროფესიები, შესაბამისად, თიბისი ბანკი სამომავლოდაც ამ პროექტის მხარდამჭერი იქნება”, - აღნიშნა დაჯილდოების ცერემონიალზე ნიკა ქურდიანმა.
რატომ ბარნის სმარტ ლაბირინთი? - დამოუკიდებელი ჟიურის გადაწყვეტილებით, სწორედ ეს პროექტი აღმოჩნდა ინოვაციური და საინტერესო. გუნდის წევრები სოფიო ჩიხლაძე, მარიამ გამრეკელაშვილი, ალექსანდრე ქაჯაია, გიორგი რეგიშვილი და იონა იობიძე არიან. მათ მოიფიქრეს ბარნის სმარტ ლაბირინთის ავტომატიზირებული ვერსია, რომელიც მეცნიერებს რუტინული სამუშაო პროცესისგან ათავისუფლებს.
ექსპერიმენტის მიზანია, გამოიკვლიოს, რამდენად მოქმედებს თაგვის მეხსიერებაზე გარკვეული მედიკამენტი. პირველ ეტაპზე თაგვს სვამენ მაგიდის ცენტრში, რომელიც მისთვის სტრესული გარემოა, ამიტომ ის ეძებს მაგიდაში დამალულ, თავისთვის კომფორტულ მუქ უჯრას. შემდეგ, თაგვს აძლევენ მედიკამენტს და აკვირდებიან, რამდენად ახსოვს ეს ქმედება კონკრეტული მედიკამენტის მიღების შემდეგ.
წამლის ეფექტის შესასწავლად თაგვის გადაადგილების ტრაექტორიას აქამდე ბიოლოგები ხელით აღწერდნენ. „ობერტონის” გუნდის წევრებმა კი, ეს პროცესი გაამარტივეს, კამერის საშუალებით აღწერეს თაგვის გადაადგილება და ახლა ამის შესახებ ინფორმაციის მიღება ბიოლოგებს ავტომატურად შეუძლიათ:„აქამდე თუ ხელით აღწერდნენ თაგვის გადაადგილებას, ჩვენი რობოტი ამას ღილაკის საშუალებით აკეთებს და ბიოლოგებს ისღა დარჩენიათ, თაგვის ტრაექტორიას და მოქმედებას ანალიზი გაუკეთონ”.
მეორე პროექტი, რომელმაც ჟიურის წევრების ყურადღება და მოწონება დაიმსახურა, „მოძრაობის სკანერია”. გუნდის წევრები მეცხრე კლასელები არიან და კომაროვის სკოლაში სწავლობენ. იაკობ ბიგვავა სამომავლოდ პროგრამირების განხრით აპირებს სწავლის გაგრძელებას, ამიტომ, ამბობს, რომ მისთვის პროექტში მონაწილეობა და ზაფხულში კი, სტენფორდში წასვლა დიდი გამოცდილება იქნება:„ჩვენი პროექტის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი მოძრაობის სკანერი უკვე არსებობს, თუმცა, უკვე ნაცადი სკანერის ერთი სამაგრი თუ 1000 ევრომდე ღირს, ჩვენ ეს სულ რაღაც 5-6 დოლარად გავაკეთეთ. დავისახეთ მიზნად, შეგვექმნა მათი ანალოგიური სისტემა - იაფი და ფართოდ გავრცელებული სენსორების გამოყენებით”.
გარდა იმისა, რომ კონკურსმა გამარჯვეულები გამოავლინა, მონაწილე 13-ვე გუნდს სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცა: „NASA-ში წასვლა ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი არაა. გვირჩევნია ისეთი პრიზი მივიღოთ, რაც პროექტის უფრო დახვეწაში დაგვეხმარება”, - გუნდ „ინოვატორის” წევრები ქუთაისის სკოლიდან არიან.
მეთორმეტე და მერვე კლასელმა ნატა სულაქველიძემ და ნიკა ბუხარაძემ საკუთარი პროექტი უსინათლოების დასახმარებლად შექმნეს. სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, უსინათლო ადამიანებს საშუალება აქვთ, წინასწარ გაიგონ გადაადგილების დროს არსებული წინაღობების - კიბის ან ჩაღრმავებების შესახებ და უსაფრთხოდ და დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლონ. მეორე მოწყობილობით კი, მიიღონ წინასწარ დასტიკერებული პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია: „უსინათლო ადამიანს ამ მოწყობილობით შეუძლია პროდუქტზე წაიკითხოს დასახელება ან გამოშვების ვადა”, - ამბობს ნატა. მათ ერთ-ერთი მოწყობილობა უკვე გაყიდეს, რომელსაც უსინათლო მოხუცებული ადამიანი იყენებს: „ჯერ კიდევ ბევრი დეტალი გვაქვს დასახვეწი, ამას უსინათლოებთან ერთად ვაკეთებთ, ამიტომ, პროექტში მონაწილეობის ერთ-ერთი მიზანი სწორედ არსებული ვერსიის გაუმჯობესებაა”.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილიც ესწრებოდა. სამინისტრო პროექტის ასევე ერთ-ერთი მხარდამჭერია. ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროექტს შეუძლია ასობით მოსწავლის ცხოვრება შეცვალოს. მეცნიერება და ტექნოლოგიები კი სწორედ ის სფეროებია, რომლის განვითარებაც დღეს საქართველოს სჭირდება: „ამიტომ, მადლობა ფონდს და ამერიკის საელჩოს, მადლობა კერძო სექტორს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის”.
აშშ-ს საელჩო საქართველოში კონკურსის დამფინანსებელი მისი დაფუძნების დღიდანვეა. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა, როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს აღნიშნული სფეროების განვითარებამ ქვეყნის ეკონომიკაზე. ახალგაზრდებს კი მოუწოდა, გააგრძელონ სწავლა და ეძიონ ახალი იდეები: „თქვენ ხართ ქვეყნის მომავალი, დემოკრატიის და სიძლიერის გარანტი”.