გერმანულენოვანი ბოჰემიელი რომანისტი, XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის გიგანტი, 1883 წლის 3 ივლისს, პრაღაში, საშუალო კლასის გერმანულენოვანი აშქენაზი ებრაელების ოჯახში დაიბადა.
ფრანცის მამა, ჰერმან კაფკა, პრაღაში გადასვლის შემდეგ ჯერ სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობდა, შემდეგ კი მოდური ტანსაცმლით ვაჭრობდა. საინტერესოა, რომ მან საკუთარი კომპანიის ლოგოტიპად ჭკის გამოსახულება გამოიყენა. მოგეხსენებათ, ჭკა ყორნისებრთა ოჯახის შედარებით მომცრო ფრინველია. სხვათა შორის, ამ ფრინველის სახელწოდება ჩეხურად - კავკაა, ხოლო სასაუბრო ენაში, გამოითქმის, როგორც - კაფკა.
გამორჩეული ქალი იყო ფრანცის დედა, ჯული, წარმატებული ვაჭრის - იაკობ ლიოვის ასული, რომელიც განათლებით ქმარს ბევრად აღემატებოდა.
ოჯახის 6 ბავშვიდან ფრანცი უფროსი იყო. ორი ძმა ბავშვობაშივე დაკარგა, სამ დას შორის კი, გამორჩეულად ახლოს იყო ოტილიესთან, „ოტლასთან“, როგორც თავად ეძახდა. კაფკას სამივე და 40-იან წლებში ჰოლოკოსტმა შეიწირა.
საზოგადოებაში უკეთესად ინტეგრაციის მიზნით, მშობლები შვილებს ახალისებდნენ, რომ გერმანულად ესაუბრათ. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა კაფკა გერმანულენოვან მწერლად.
ჰერმანი, ფრანცის მამა, შვილისგან განსხვავებით, გოლიათური აღნაგობის, ენერგიული, ძალაუფლების მოყვარული კაცი იყო. მწერლის აღწერით, ეს იყო ბიზნესმენი, ნამდვილი კაფკა, თავისი ძალით, ჯანმრთელობით, მადით, მაღალი ხმით, მჭერმეტყველებით, თვითკმაყოფილებით, ბატონობით, ამტანობით, სიმტკიცითა და ადამიანური ბუნების ცოდნით.
სამუშაო დღეებში, მშობლები სახლში არ იყვნენ, ფრანცის დედა ქმარს ეხმარებოდა და კაფკამ ბავშვობა, ფაქტობრივად, მარტოობაში გაატარა. ბავშვებს გუვერნიორები და მსახურები ზრდიდნენ.
ფრანცსა და მამამისის რთული ურთიერთობა ჰქონდათ. შემდგომში მამისადმი მიწერილ წერილში, ჰერმან კაფკას უხეში, ავტორიტარული ხასიათი იყო ხაზგასმული. დედისგან განსხვავებით, მამა ფრანცის მიმართ უკიდურესად მკაცრი იყო.
ამ კუთხით, კაფკას ბიოგრაფია საოცრად წააგავს დოსტოევსკისას, რომელსაც ასევე სათნო დედა და უხეში მამა ჰყავდა; პარალელი შეგვიძლია გავავლოთ ნიკოლოზ ბარათაშვილთანაც, რომელსაც კაფკა როგორც ოჯახის, ასევე სამსახურთან დამოკიდებულების თვალსაზრისითაც ჰგავს.
კაფკას ოჯახის, მამის თემაზე ამდენს იმიტომ ვსაუბრობთ, რომ მშობლის დომინანტმა ფიგურამ კაფკას შემოქმედებაში, მის მწერლობაში, გადამწყვეტი როლი შეასრულა. სხვათა შორის, 31 წლამდე კაფკა მშობლების სახლში ცხოვრობდა...
1889-1893 წლებში ფრანც კაფკა გერმანულ სკოლაში სწავლობდა, მისი ებრაული აღზრდა კი, როგორც ჩანს, ბარ-მიცვას რიტუალთან ერთად, 13 წლის ასაკში დასრულდა. როგორც ვიცით, მამასთან ერთად სინაგოგაში მხოლოდ 4 ძირითად დღესასწაულზე დადიოდა.
1893 წელს კაფკა სახელმწიფო გიმნაზიაში მიიღეს, სადაც მოწინავე ენა გერმანული იყო. როგორც ცნობილია, კაფკა ჩეხურადაც ლაპარაკობდა, თუმცა არასდროს იყო საკუთარი ჩეხურით კმაყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეუბნებოდა - მშვენივრად მეტყველებო. საინტერესოა, რომ კაფკას წუხილის მიუხედავად, გერმანულში მას ჩეხური აქცენტი ჰქონდა. ამ სასწავლებელში კაფკამ 8 წელი გაატარა, სწავლა 1901 წელს დაასრულა და ატესტატიც მიიღო.
შემდგომ ამისა, ფრანცმა პრაღაში მდებარე კარლ-ფერდინანდის სახელობის გერმანულ უნივერსიტეტში ჩააბარა. თავდაპირველად, ქიმიის შესწავლა სურდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ქიმია მისი საქმე არ იყო და იურიდიულ ფაკულტეტზე გადავიდა. მომავალ მწერალს დიდად არც ეს სფერო იტაცებდა, თუმცა, კარიერული ზრდისთვის იურიდიული სფერო უფრო მეტ შანსს იძლეოდა. ბუნებრივია, შვილის გადაწყვეტილებამ ფრანცის გოროზი მამა დიდად გაახარა. ამასთანავე, იურიდიული ფაკულტეტი უფრო ფართო განათლებას იძლეოდა, სადაც გერმანულ ენასა და ხელოვნების ისტორიასაც ასწავლიდნენ. ეს უკანასკნელი საოცრად იზიდავდა კაფკას.
დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე
ფრანცი მალევე გაწევრდა უნივერსიტეტში არსებულ კლუბში, სადაც მომავალი მეგობრები გაიცნო. ამ კლუბში კაფკა ძალიან აქტიური იყო, თუმცა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მოვლენა უნივერსიტეტში სწავლის პირველი წლის ბოლოს მოხდა, როდესაც მაქს ბროდი, მომავალში მისი უახლოესი მეგობარი და მისი შემოქმედების გადამრჩენი გაიცნო.
ბროდმა შეამჩნია, რომ კაფკა მორიდებული კაცი იყო და ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ, რასაც ამბობდა, ყველაფერი უჩვეულოდ ღრმა იყო. სხვათა შორის, კაფკა მთელი ცხოვრების განმავლობაში ფანატიკოსი მკითხველი იყო და აი, ბროდთან ერთად, ამ კუთხით მან არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარა. მაგალითად, ბროდის ინიციატივით, მეგობრებმა ძველი ბერძნული შეისწავლეს, რათა პლატონის - „პროტაგორა“ წაეკითხათ; კაფკას ინიციატივით კი, ფრანგული ისწავლეს და ფლობერის - „სენტიმენტალურ აღზრდას“, ასევე „წმინდა ანტონიუსის ცდუნებას“ ორიგინალში გაეცნენ.
როგორც უკვე ვთქვით, კაფკას ლიტერატურა უყვარდა და თავის ჭეშმარიტ, სისხლისმიერ ძმებად: დოსტოევსკი, ფლობერი, გოგოლი და კიდევ რამდენიმე მწერალი მიაჩნდა. გერმანელებიდან გამორჩეულად უყვარდა გოეთე.
1906 წელს კაფკა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი გახდა და ერთი წლის განმავლობაში, სავალდებულო სამსახურში - სამოქალაქო და სისხლის სამართლის სასამართლოში, კლერკის თანამდებობაზე საქმიანობდა. სწორედ აქედან მოდის სასამართლო სისტემის საფუძვლიანი ცოდნა, რაც რომან „პროცესში“ და ცალკეულ მოთხრობებში გამოვლინდა.
მომდევნო წელს კაფკამ სადაზღვევო კომპანიაში დაიწყო მუშაობა, მაგრამ გრაფიკი საშინლად არ მოსწონდა - წერისთვის დრო არ რჩებოდა. სამსახურში ერთი წელი გაძლო, შემდეგ კი უბედურ შემთხვევათა დაზღვევის სახელმწიფო ინსტიტუტში გადავიდა. სწორედ აქ მუშაობდა კაფკა მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამსახურიც ეზიზღებოდა, დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებდა, რის გამოც დააწინაურეს კიდეც.
ნახეთ, როგორ გვანან გენიოსები ერთმანეთს - ზუსტად ასეთი ვითარება გვქონდა ნიკოლოზ ბარათაშვილთან, რომელსაც ეზიზღებოდა სამსახური, მაგრამ უაღრესად გულდასმით და გულმოდგინედ ასრულებდა.
როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილზე თქვა მისმა ხელმძღვანელმა - შეიძლება ჩემი ადგილიც კი დაიკავოსო, კაფკაზეც ითქვა, ისეთი გაქანებისაა, შესაძლოა თანამდებობრივ საფეხურზე უფრო წინაც წავიდესო...
სხვათა შორის, კაფკას საქმიანობა წლიური ანგარიშების მომზადებასაც ითვალისწინებდა. დღეს ეს ანგარიშები უკვე ლიტერატორებს აინტერესებთ და როგორც ამბობენ, დოკუმენტები მხატვრულად არის დაწერილი. ბუნებრივია, კაფკას ანგარიშები უფროსობასაც მოსწონდა, ამიტომაც, ყველანაირად ეხმარებოდნენ და ხელს უწყობდნენ მას. სხვათა შორის, მომავალში, როდესაც ფრანცს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ვადამდელი პენსია დაუნიშნეს.
საინტერესოა, რომ 1911 წელს კაფკამ თავი ბიზნესშიც სცადა, როდესაც დის ქმართან ერთად აზბესტის ქარხანა მოაწყო, თუმცა ინტერესმა მალევე გაუარა, რადგან ბიზნესი კაფკას საქმე არ იყო.
პირველ მსოფლიო ომში გაწვევისგან დაზღვევის სამსახურმა გადაარჩინა, რადგან სახელმწიფო უწყების დეპარტამენტი იყო. შემდგომში, თავად ფრანცმა სცადა სამხედრო სამსახურში წასვლა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარით გაისტუმრეს - 1917 წელს მწერალს ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუდგინდა და პრაქტიკულად, მთელი დარჩენილი ცხოვრება სანატორიუმებში გაატარა.
ფრანც კაფკა არასდროს დაქორწინებულა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქალთან ჰქონდა ურთიერთობა და რამდენჯერმე დანიშნულიც კი იყო, ქორწინებამდე საქმე არ მისულა. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც კაფკას ერთ-ერთი ქალისგან შვილიც კი შეეძინა. მაქს ბროდის ცნობით, ბიჭი 1921 წელს გარდაიცვალა, თუმცა, რამდენადაც ცნობილია, ეს ვერსია არ დასტურდება.
1924 წელს კაფკას ფიზიკური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ბერლინიდან პრაღაში დაბრუნდა, სადაც ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი მისი და - ოტლა უვლიდნენ. შემდგომში ვენის მახლობლად, კირლინგში მდებარე ჰოფმანის კლინიკაში გააგზავნეს, სადაც ამავე წლის 3 ივნისს გარდაიცვალა. მწერლის გარდაცვალების მიზეზი შიმშილი იყო - ავადმყოფობის გამო კაფკა საკვებს ვეღარ იღებდა.
მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი გენიოსი, რომელიც ცხოვრების განმავლობაში უცნობი იყო, პრაღაში, ჟიშკოვის ახალ ებრაულ სასაფლაოზე დაკრძალეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, მისმა შემოქმედებამ ნელ-ნელა დაიკავა საკუთარი ადგილი მსოფლიო ლიტერატურაში.
„გარდასახვა“
„გარდასახვა“, გნებავთ, „მეტამორფოზა“ ფრანც კაფკამ 1912 წელს დაწერა, ის 1915 წელს გამოქვეყნდა. საინტერესოა, რომ 1919 წელს „გარდასახვა“ ხელახლა გამოიცა, რაც კაფკას შემთხვევაში იშვიათი ამბავია.
მოთხრობა იმ პერიოდში იწერება, როდესაც საცოლესთან განშორების გამო, კაფკას ოჯახში სიტუაცია გაურთულდა.
„თქვენ ყველანი უცხო ხართ ჩემთვის“, - სწერს კაფკა დედამისს, - „ჩვენ შორის მხოლოდ სისხლით ნათესაობაა, მაგრამ ის არაფერში ვლინდება“.
საცოლის მამისადმი მიწერილ წერილში კი ნათქვამია:
„რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო ჩემს მდგომარეობაზე, მე დამღუპავს, მომკლავს სამსახური, თან დამღუპავს ძალიან მალე“.
ორივე ეს მოტივი, ოჯახში გაუცხოება და „დაღუპვა სამსახურის გამო“, ბრწყინვალედ არის გამოვლენილი „გარდასახვაში“.
სიუჟეტის ფანტასტიკურობის მიუხედავად, მოთხრობაში წარმოდგენილია დაუნდობელი, ფიზიოლოგიურად ძალიან ზუსტი აღწერა დეტალებისა.
გრეგორი ზამზას ტანჯვის სურათი ერწყმის ოჯახის პანიკურ მცდელობას გაექცეს საშინელ მწერად გადაქცეულ შვილს, ძმას... ერთად, ეს ყველაფერი საოცრად დრამატული ძალის ეფექტს ქმნის. ვითარება იმდენად დრამატულია, დაძაბულობა ისე ფანტასმაგორიულად არის გაზრდილი, რომ ყავადანიდან ნოხზე დაქცეული ყავა ჩანჩქერის სიდიდეს იძენს.
ამ მოთხრობაში მასშტაბების ასეთი ცვლილება უზარმაზარი მნიშვნელობისაა, რადგან გმირთან ერთად, გარდასახვას განიცდის მთელი მისი გარემომცველი სამყარო. არა მხოლოდ გრეგორი ზამზა გადაიქცა მწერად, არამედ მისმა ოთახმაც, მისმა ნათესავებმაც და ახლობლებმაც განიცადეს მეტამორფოზა.
ის ვიწრო ადგილი, დივნის ქვეშ, ახლა გრეგორისთვის საუკეთესო სივრცეა თავის შესაფარებლად, რადგან ოთახი, რომელშიც მრავალი წელი გაატარა, თავისი ზომებით უკვე აშფოთებს ზამზას. ფანჯარა და ფანჯრის მიღმა სამყარო, რაც მის ოთახში ახლა თავისუფლების ერთადერთი წერტილია, უდაბნოდ იქცა - რუხი ცა და მიწა ერთმანეთსაა შერწყმული.
ნაწარმოების გმირი, გრეგორ ზამზა, ღარიბი ოჯახის შვილია. ამ ოჯახს ხაზგასმით მატერიალისტური მოთხოვნები აქვს, რადგან მამა გაკოტრდა და გრეგორი მშობლის ერთ-ერთ კრედიტორს დაუდგა სამსახურში, კომივოიაჟერი გახდა - ნაჭრებით ვაჭრობს. მთელი ოჯახი: გაკოტრებული, უმუშევარი მამა, ასთმით დაავადებული დედა, უმცროსი და, მატერიალურად, მთლიანად გრეგორზე არიან დამოკიდებული.
სამსახურის გამო, გრეგორი მუდმივად გზაშია, თუმცა:
„ერთ დილას, არეული სიზმრის შემდეგ გაღვიძებულმა გრეგორ ზამზამ აღმოაჩინა, რომ საზარელ მწერად გადაქცეულიყო. იწვა თავის საწოლში, ჯავშანივით მაგარ ზურგზე და თავის წამოწევისას ხედავდა ყავისფერ, თაღოვან, რკალებად დაქერცლილ მუცელს, რომლიდანაც საბანი იატაკისკენ მისრიალებდა. უამრავი, ტანის ზომასთან შედარებით უსაშველოდ წვრილი ფეხი უმწეოდ წრიალებდა მის თვალწინ. „რა დამემართა?“- ფიქრობდა გრეგორი. ეს არ იყო სიზმარი“.
ეს არ იყო სიზმარი, ეს კეთილი, ფაქიზი, ოჯახისთვის, სხვებისთვის თავდადებული ადამიანის მწერად გადაქცევის დასაწყისი იყო.
კაფკა დეტალურად აღწერს გრეგორის ტანის ახალ აგებულებას, მის განცდილ უხერხულობებს და ახალ სიტკბოს, ახალ სიამოვნებებს, ახალ გემოვნებას.
ზამზას ახალ გარსში ადამიანობის დაკარგვის პროცესი მიმდინარეობს, ჯერ მეტყველების უნარს კარგავს, შემდეგ სულიერ თვისებებს, რომლითაც, ადამიანად ყოფნის დროს ამაყობდა. მიუხედავად ამისა, ამ ახალ, შემაშფოთებელ და ამაზრზენ გარსში იგი უფრო რჩება ადამიანად, ვიდრე გარსის შეუცვლელი მისი ოჯახის წევრები.
დიახ, მათ საშინელი უბედურება დაატყდათ თავს, ოჯახის წევრი მწერად ექცათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამაოგნებელია ზამზას ოჯახის რეაქცია გრეგორის გარდაქმნაზე. კაფკა გვიხატავს ადამიანებს, რომლებიც არაფრით და არაფერში არანაირ მცდელობას არ ავლენენ, რომ რამენაირად შეებრძოლონ იმ ზიზღს, რაც საკუთარი სისხლისა და ხორცის მიმართ გაუჩნდათ.
ერთი სიტყვით, არ ჩანს ადამიანობის არავითარი ნიშანწყალი იმ ადამიანის მიმართ, ვინც საკუთარი თავი, ახალგაზრდობა, ოჯახისთვის გადადო. მეტიც, მთელი ოჯახი იმაზე იწყებს ზრუნვას, თუ რით უზრუნველყონ საკუთარი ცხოვრება და რაც მთავარია, დამალონ ოჯახური საიდუმლოება.
გრეგორ ზამზა იყო შვილი, იყო ძმა, მაგრამ ახლა საიდუმლოა!
თანაც, როგორც კი ოჯახი კარგავს იმედს, რომ გრეგორი ადამიანად გარდაიქმნება, მის მიმართ იზრდება მამის სიძულვილი. მამას უჩნდება წარმოუდგენელი ზიზღი საკუთარი შვილის მიმართ და ერთ-ერთ ეპიზოდში, მამა გრეგორს წითელ ვაშლებს დაუშენს... ერთი ვაშლი, რომელიც მწერის წინააღმდეგ ბრძოლაში საშინელი იარაღია, გრეგორს სხეულში გაეჭედება, რაც გახდება კიდეც საბოლოოდ მისი სიკვდილის მიზეზი.
გრეგორ ზამზას სიკვდილი ოჯახისთვის ტრაგედია კი არა, თავისუფლებაა! ამ მომენტისთვის მისი ოჯახი აყვავდა - შემოსავლის წყარო გაუჩნდათ, შეუძლიათ შეიცვალონ ბინა და ა.შ.
და, აი, ბოლო სცენაც, როდესაც ყველანი ერთად, ტრამვაით მიდიან ქალაქგარეთ, სასეირნოდ, ახალი ცხოვრების დასაგეგმად...
ირკვევა, რომ გრეგორ ზამზა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ოჯახს შესწირა, უბრალო ტვირთი იყო, რომლის მოშორების შემდეგაც, ოჯახის ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო და უკეთესი გახდა.
არ შეიძლება არ გავიხსენოთ ვლადიმირ ნაბოკოვის შესანიშნავი კომენტარი, რომელიც აღფრთოვანებული იყო კაფკათი და ამბობდა, რომ მასთან შედარებით თომას მანი და რილკე სათამაშოები არიან... აი, ნაბოკოვმა ასეთი რამ თქვა - გრეგორი ამ ოჯახის სული იყო, გრეგორთან ერთად, სწორედ ეს სული მოკვდა, სულის სიკვდილის შემდეგ კი ოჯახის ცხოველური ნაწილი აყვავდა.
ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი უბრწყინვალესი შეფასება, რითაც ვიგებთ, რომ ოჯახი, გრეგორთან ერთად, სულიერი არსება იყო, მისი სიკვდილის შემდეგ კი, ოჯახს მხოლოდ ხორციელი ნაწილი შერჩა. აი ეს ხორცი აყვავდა, მანამდე ალბათ სული, თავდადება, სიყვარული უშლიდა ხელს...
ამ მოთხრობაში ერთმანეთს სამი სამყარო უპირისპირდება:
გარე სამყარო - საქმიანი, რომელშიც გრეგორს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ უწევს ცხოვრება. მას ძალიან უნდა, რომ უფროსს პირში მიახალოს სათქმელი, მაგრამ ოჯახისადმი თავდადება ყველაფრის ატანას აიძულებს;
ოჯახის სამყარო - ზამზას ბინის სივრცით შემოფარგლული სამყარო, ოჯახი, რომელიც ცდილობს ნორმალურობის შესახედაობა მაინც შეინარჩუნოს;
გრეგორ ზამზას სამყარო...
პირველი ორი სამყარო საშინლად მტრულად ეპყრობა ზამზას სამყაროს, რომელიც ნაწარმოების ცენტრალური სამყაროა. ეს ყველაფერი კი მატერიალიზებული კოშმარის კანონითაა აგებული.
ამ მოთხრობაში გამოყენებულია ერთი უძველესი ხერხი, რომელსაც ჯერ კიდევ არისტოფანე იყენებდა. ამ ხერხს ჰქვია - მეტაფორის რეალიზაცია. მაგალითად, შეიძლება მეტაფორულად ითქვას, რომ ადამიანი მწერია, მაგრამ არ იგულისხმებოდეს, რომ ის რეალურად არის მწერი. ჩვენი ნაწარმოების შემთხვევაში, ისე, როგორც არისტოფანეს კომედიებში, მეტაფორული ნათქვამი რეალობად იქცევა, ანუ, მეტაფორის რეალიზაცია ხდება.
მეტაფორის რეალიზაცია ხდება როგორც ამ, ასევე კაფკას სხვა ნაწარმოებში („პროცესი“). მოცემულ კოშმარს, ავტორი ნათელი ტექსტით, მკაცრი, ზუსტი ინტონაციებით აღწერს, რაც კოშმარულ შინაარსთან მიმართებაში საოცარ კონტრასტს ქმნის. მარტივად რომ ვთქვათ, შინაარსი არის აღუწერელი, მაგრამ აღიწერება ზუსტი, ნათელი, გასაგები ენით.
კაფკას მკვეთრი, ვიტყოდი, წერის შავ-თეთრი მანერა, არსადაა პოეზიით გაფერადებული, არ არის მეტაფორები, შედარებები, სიტყვების თამაში... ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მეტაფორებით ბევრს აღუწერია კოშმარი, კაფკა იყო პირველი, ვინც კოშმარი ისე აღწერა, როგორც რეალობა - კოშმარი არ არის კოშმარი, ეს არის სინამდვილე!
ამაში, მის ენაშია კაფკას საშინელი ძალა, ენაში, რომელიც გამჭვირვალეა და სწორედ ეს გამჭვირვალე ენა უსვამს ხაზს პირქუში ფანტაზიის საშინელ სიმდიდრეს.
„გარდასახვა“ ის ნაწარმოებია, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა საფრთხეშია, რა ემუქრება ადამიანს, რომელიც სხვებისთვის ყველაფერს აკეთებს, ეს სხვები კი ზიზღით, სიძულვილით, არაფრად ჩაგდებით, მწერად, უმწეო არსებად გადააქცევენ, მისი სიკვდილით კი ახალი სიცოცხლის წყაროს იძენენ.
საზოგადოება ებრძვის ყველაფერ იდეალურს, სწორედ ამიტომ ისჯება გრეგორ ზამზა - იდეალური ადამიანი.