9 აპრილს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა „მდარე სერიალები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ, თუ ასე გაგრძელდება, „საზოგადოება გამოთაყვანდება“. ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტელეარხები „ბილწსიტყვაობის ჩვეულებრივ პრაქტიკად დანერგვას“ უწყობენ ხელს. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კინოინდუსტრია და სერიალები დააფინანსოს.
საზოგადოების ნაწილმა ივანიშვილის განცხადება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“ დაუკავშირა. „ლიბერალი“ სერიალის სცენარისტს, ქეთი დევდარიანს ესაუბრა და ჰკითხა, მანაც აღიქვა თუ არა ივანიშვილის განცხადებები „ჩემი ცოლის დაქალების“ კრიტიკად.
„საქართველოში არ გვაქვს ბევრი სერიალი... მე ინტერვიუ არ მომისმენია, მაგრამ, რადგან გინება ახსენა, ჩვენი პერსონაჟები იგინებიან ხოლმე და შეიძლება, ამიტომ ფიქრობს, რომ ქართველმა ერმა აქედან ისწავლა გინება. არ ვიცი, რას გულისხმობდა, ვიცი, რომ სერიალები ახსენა და ბევრ ადამიანს ერთად გაუჩნდა განცდა, რომ გულისხმობდა „ჩემი ცოლის დაქალებს“, მაგრამ მე მის ამ უცნაურ კომენტარს გაგებით მოვეკიდე", - ამბობს ქეთი დევდარიანი.
შეკითხვაზე, უნდა განიხილავდეს თუ არა ან რაზე მიუთითებს ის, რომ მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი პირდაპირ ეთერში სერიალს განიხილავს, დევდარიანი პასუხობს:
„ზოგადად, ვფიქრობ, რომ კრიტიკა არის ძალიან სასარგებლო რაღაც და აბსოლუტურად ყველა ადამიანის მადლობელი ვარ, ვინც თავის დროს და რესურსს უთმობს ამ პროდუქტზე მსჯელობას. მე, როგორც სცენარისტი, მოხარული ვარ, რომ როგორც პარტიის, ისე ქვეყნის მმართველი რესურსს და ენერგიას უთმობს „ჩემი ცოლის დაქალების“ განხილვას“.
შეკითხვაზე, შეძლებს თუ არა ივანიშვილის დაფინანსებული სერიალი, რომ კონკურენცია გაუწიოს „ჩემი ცოლის დაქალებს“, დევდარიანი გვპასუხობს:
„როდესაც მეცენატი აფინანსებს ხელოვნებას, არის ძალიან კარგი და კონკურენციას ვინ, რას, როგორ გაუწევს, დრო გვიჩვენებს. არსებობს ძალიან კარგი ფილმი მეცენატის მიერ დაფინანსებულ ხელოვნებაზე - „მოქალაქე კეინი“, - ვისაც არ უნახავს, ვურჩევ, რომ ნახოს.
9 აპრილს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქართული მედია „ბილწსიტყვაობის ჩვეულებრივ პრაქტიკად დამკვიდრებას უწყობს ხელს“, რაც, მისი აზრით, „ნორმალურ ქვეყნებში აკრძალულია და დედის გინება ტელევიზიებიდან მოდის“.
„ეს მდარე სერიალები და მდარე გადაცემები... ლამის ეროვნულ უსაფრთხოებაზე შეიძლება განგაში ავტეხოთ“.
ივანიშვილის თქმით, ტელევიზიები იაფი ტრიუკებით ცდილობენ მაყურებლის მიზიდვას.
„იმედიც“ შემიძლია ვაკრიტიკო, თუმცა რაც „რუსთავი 2-დან“ მოედინება, ეს ენით აღუწერელია, და აქედან გამომდინარე ის პრობლემა, რაც დგას, არის გაცილებით გლობალური, ვიდრე „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნები... თუ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდა, შეიძლება, გამოთაყვანებული საზოგადოება მივიღოთ. შესაბამისად ჩვენ ჩვენი მხრივ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კინოინდუსტრია და სერიალები უნდა აღორძინდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა - „ამ მდარე სერიალებით ჩვენ მივდივართ იქ, რომ შეიძლება საზოგადოება დავკარგოთ მთლიანად და არა არჩევნები. შესაბამისად მობილიზებას ვაკეთებთ მაქსიმალურს, მათ რიცხვში „ქართუ ფონდი“ დააფინანსებს კინოინდუსტრიას და სერიალებს“.
ივანიშვილმა ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ ის სწორედ ქართულ სერიალებზე საუბრობს.