ზოგადად, ნებისმიერი ცხოველისთვის, შეფერილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ამასთანაა დაკავშირებული მისი ცხოვრების ნირი. მაგალითად, სწორედ ცხოველის შეფერილობაა, ერთი მხრივ, შენიღბვის საშუალება, რათა ის არ გახდეს მტაცებლის მსხვერპლი, მეორე მხრივ კი, ისე იყოს შენიღბული, რომ საკვების მოპოვება, ნადირობა გაუადვილდეს. ამასთანავე, შეფერილობა ცხოველისთვის უმნიშვნელოვანესია თერმორეგულაციის თვალსაზრისით და ა.შ.
ხშირ შემთხვევაში, შეფერილობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარემო-პირობებში არსებობს ცხოველი. მაგალითად, პოლარული დათვი სწორედ გარემო პირობების გამოა თეთრი შეფერილობის და არა ვთქვათ, იმ მიზეზით, რომ ის ალბინოსი ცხოველია.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული სახეობის შეფერილობას კარგად გამოხატული ფუნქცია აქვს, ბუნებაში არსებობს დიდი რაოდენობით გადახრები. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სიტყვა - გადახრას ხშირად ნეგატიურ კონტექსტში აღიქვამენ, რაც არარელევანტურია, რადგან ეს ბიოლოგიური ტერმინია, რაშიც, მხოლოდ და მხოლოდ, ძირითადი მიმართულებიდან გადახრა იგულისხმება.
ასეთი მოვლენებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მელანიზმი, რის შედეგადაც, ცხოველის შეფერილობა შავი ხდება. მელანიზმი პიგმენტ - მელანინის ჭარბი რაოდენობის შედეგად წარმოიქმნება. მისი ჩამოყალიბება ცხოველებში ადრეულ პერიოდში, ჯერ კიდევ ემბრიონის დონეზე ხდება.
იმ ფონზე, რომ შავი ფერი თითქოსდა ბევრი ცხოველისთვის არ უნდა იყოს ხელსაყრელი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მათი დიდი რაოდენობა თბილი კლიმატის ქვეყნებში ცხოვრობს, შავი ფერი კი ენერგიის აკუმულირებას ახდენს, რამაც შეიძლება ცხოველის გადახურება გამოიწვიოს, მელანისტი ცხოველები, საკმაოდ ფართოდ არიან გავრცელებული და ხშირად, სწორედ ტროპიკებში გვხვდებიან.
მელანისტი ცხოველებიდან საყოველთაოდ ცნობილია შავი ლეოპარდი და იაგუარი. შავი იაგუარი შეიძლება შეგვხვდეს სამხრეთ ამერიკის ნებისმიერ ტერიტორიაზე, რადგან ის ნაკლებად არის მიბმული გარკვეულ გეოგრაფიულ რეგიონს. რაც შეეხება შავ ლეოპარდს, ის ყველგან არ გვხვდება - აზიაში, შავი ლეოპარდი მხოლოდ ინდოეთის დასავლეთ ნაწილსა და მალაიზიაში, აფრიკაში კი ერთ კონკრეტულ ადგილას - კენიის მთის მიდამოებშია დაფიქსირებული.
ფერის ასეთი გადახრები, რა თქმა უნდა, ყოველთვის გენეტიკასთან არის დაკავშირებული. რაც უფრო ჩაკეტილია პოპულაცია, მით მეტადაა შესაძლებელი, რომ განვითარდეს მელანიზმი. თუმცა, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ შავი იაგუარების წყვილს, აუცილებლად შავი ნაშიერები ეყოლებათ. მაგალითად, თბილისის ზოოპარკში გვყავდა შავი იაგუარების წყვილი. გვქონდა შემთხვევა, როცა მათ რამდენიმე შავი და ერთი ჭრელი ნაშიერი შეეძინათ. სხვა შემთხვევაში კი - რამდენიმე ჭრელი და მხოლოდ ერთი შავი.
ასე რომ, არ არის აუცილებელი, შავი ინდივიდების მხოლოდ შავი ნაშიერები ჰყავდეთ. ეს ცხოველები ჰეტეროზიგოტური არიან (რაც გენთა მრავალფეროვნებას ნიშნავს), ანუ, გამრავლებულ ინდივიდებს შორის ნაკლები ნათესაური კავშირი არსებობს. რაც უფრო მაღალი ჰეტეროზიგოტურობა ახასიათებს ცხოველს, მით უფრო მრავალფეროვანია მისი გენომი.
ასევე, მელანისტები შეიძლება შეგვხვდნენ ფრინველებშიც, თუმცა მათ რიცხვს არ მიეკუთვნებიან ყორნისებრთა ოჯახის წარმომადგენლები, ისინი უბრალოდ შავი შეფერილობისანი არიან.
მელანისტი ცხოველები ნებისმიერ სახეობაში შეიძლება შეგვხვდეს, მაგალითად, ზღვის გოჭი ან თუნდაც შავი ვეფხვი. (ვეფხვების შემთხვევაში ისინი აბსოლუტურად შავები არ არიან, მაგრამ მათი კანის დიდი მოცულობა შავი შეფერილობისაა).
მელანიზმის ერთ-ერთი ფორმა გვხვდება ავაზებშიც, რისი კარგი მაგალითია სამეფო ავაზა. ამ ცხოველს სხეულზე ლაქები ცალ-ცალკე წერტილების სახით კი არა, ერთიანი, მთლიანი ფიგურით აქვს გამოსახული. სამეფო ავაზა საკმაოდ ძვირადაც ფასობს, რადგან შინ ამ ცხოველის ყოლა არაბ შეიხებშია პოპულარული.
მელანიზმის საპირისპირო ფორმაა ალბინიზმი - თუკი მელანიზმი პიგმენტ მელანინის მოჭარბების შედეგად წარმოიქმნება, ალბინიზმი ის შემთხვევაა, როცა პიგმენტები საერთოდ არ აქვთ. შესაბამისად, ცხოველები არიან თეთრი ფერის, ან ვარდისფერი შეფერილობის და ყველა მათგანს წითელი თვალები აქვს.
ამ კუთხით ყველაზე მეტად ცნობილია თეთრი თაგვი და ვირთაგვა, რომლებიც სამეცნიერო მიზნებისთვის ხელოვნურად გამოიყვანეს.
ალბინიზმის ერთ-ერთ ფორმასთან შედარებით უფრო ახლოს მდებარე ფენომენია ლეიციზმი. თუ ალბინიზმის შემთხვევაში პიგმენტები საერთოდ არ არსებობს, ლეიციზმის დროს უბრალოდ პიგმენტების ნაკლებობასთან გვაქვს საქმე. ეს არ ნიშნავს, რომ ლეიცისტ ცხოველებს პიგმენტები არ აქვთ. აქვთ, ოღონდ მცირე რაოდენობით.
ლეიციზმი ბუნებაში საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული, ფართოდ ცნობილია თეთრი ლომები, რომლებიც ალბინოსი ცხოველებისგან განსხვავებით, აბსოლუტურად თეთრი შეფერილობის არ არიან და თვალებიც არა წითელი, არამედ ღია ფერის აქვთ.
თეთრი ლომების შემთხვევაში, ლეიციზმის ფორმა სამხრეთ აფრიკის პროვინცია ტიმბავატიში ბუნებრივად წარმოიქმნა. მათი გარკვეული რაოდენობა ფიქსირდება სამხრეთ აფრიკის სხვა ტერიტორიაზეც, მაგალითად, კრუეგერის ეროვნულ პარკში. თეთრი ლომი პირველად 1938 წელს იქნა აღწერილი, თუმცა 1970 წლამდე მათ არსებობას ძალიან ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. 1970 წელს კი დადგინდა, რომ ასეთი ცხოველები ბუნებაში ნამდვილად არსებობენ. ამის შემდეგ, თეთრი ლომების ერთგვარი ბუმი დაიწყო, ეს ცხოველი იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ მათი პოპულაცია ბუნებაში დღეს ძალიან შემცირებულია.
ლეიციზმის ერთ-ერთი ფორმა გვხვდება ვეფხვებშიც. ისინი სრულიად თეთრები არ არიან და შავი პიგმენტიც აქვთ, თუმცა, ყვითელი პიგმენტი არ აქვთ.
ანუ ლეიციზმის შემთხვევაში, თუკი ცხოველს რომელიმე პიგმენტი არ აქვს, ამ ფერს - თეთრი ანაცვლებს.
საინტერესოა, რომ ჩვენთან, შავი ზღვის ვეშაპისნაირებში, განსაკუთრებით ზღვის ღორებში, ლეიციზმი ფართოდ არის გავრცელებული. რამდენიმე წლის წინ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ პირველად დააფიქსირა თეთრი ღორების ერთი ინდივიდი. ამის შემდეგ, დღემდე შავ ზღვაში 8 თეთრი ზღვის ღორია დაფიქსირებული. შედარებისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ 100 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მხოლოდ 35 თეთრი ზღვის ღორი იყო დაფიქსირებული.
ასევე, ახლახან ილიას უნივერსიტეტის ექსპედიციამ, კიდევ 2 თეთრი ზღვის ღორი დააფიქსირა, ერთი მათგანი აბსოლუტურად თეთრი, მეორე კი - ჭრელი, თეთრი, ნაცრისფერი შეფერილობით. ვიზუალურად, საკმაოდ ეფექტური ცხოველები არიან.
მელანიზმის მსგავსად, ლეიცისტური შეფერილობაც ხელს უშლის ცხოველს ნორმალურ ცხოვრებაში. ზოგადად, ვეშაპისნაირების მაგალითზე რომ ვთქვათ, ნაცრისფერი შეფერილობა მათ საკვების მოპოვებაში ეხმარება, რადგან ნაცრისფერის გამო თევზები „მტერს“ ადვილად ვერ ამჩნევენ. ლეიცისტი ზღვის ღორების შემთხვევაში, თეთრი ფერის გამო, საკვების მოპოვება საკმაოდ რთულდება. შეფერილობა ასევე წარმოადგენს თავდაცვის საშუალებას, შეხამებული ინდივიდები გაცილებით უფრო შესამჩნევია, ვიდრე თეთრი ინდივიდები, რომლებიც მკვეთრად გამოირჩევიან ფონიდან, ამიტომაც მტაცებლის მიერ უფრო ადვილად მოსაპოვებელია. ამის გამო, ლეიცისტების რაოდენობა საკმაოდ დაბალია, ხოლო შავ ზღვაში, ლეიცისტი ზღვის ღორების ასეთ მაღალი რაოდენობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, მტაცებლების არარსებობა იყოს.
ასევე, არსებობს კიდევ ერთი ფორმა - ერითრიზმი, როდესაც ცხოველს მოწითალო პიგმენტი ჭარბი რაოდენობით აქვს. ასეთ ცხოველებს ყოველთვის მკაფიო, მოწითალო შეფერილობა აქვთ.
გარდა ამისა, საინტერესოა, ე.წ. ცისფერი ვეფხვი. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად მათ ნაცრისფერი შეფერილობა აქვთ, ვიზუალურად ცისფერი ელფერი დაჰკრავთ. ამ ცხოველებს როგორც შავი, ისე ყვითელი პიგმენტი ნაკლებად აქვს და ისინი ბუნებაში იშვიათია.
იშვიათად გვხვდება ბუნებაში თეთრი გორილაც, რომელიც ლეიცისტი ცხოველია და საკმაოდ ეფექტური ვიზუალი აქვს.
ლეიციზმი ფართოდ არის გავრცელებული ქვეწარმავლებშიც - ისინი მკრთალი, თეთრი და მოყვითალო შეფერილობით გამოირჩევიან.
ზოგადად, ამ ტიპის ცხოველების ცოცხალ მდგომარეობაში ყოლა პოპულარულ გატაცებად იქცა. სწორედ ამიტომ გაიზარდა ტყვეობაში, მაგალითად, თეთრი ვეფხვების პოპულაცია - მათ ინტენსიურად ამრავლებდნენ, რადგან ეფექტური, უცნაური შეფერილობის გამო განსაკუთრებულად მიმზიდველ ცხოველებს წარმოადგენენ. უნდა აღინიშნოს, რომ თეთრი ლომებისაგან განსხვავებით, თეთრი ვეფხვების ბუნებრივი პოპულაცია არ არსებობს.
დროთა განმავლობაში, თეთრი ვეფხვებისა გამრავლებამ იმდენად ინტენსიური ხასიათი მიიღო, რომ მათ ჩვეულებრივი, „ნორმალური“ შეფერილობის ცხოველების ადგილის დაკავება დაიწყეს. ვითარება კიდევ უფრო გართულდა იმ ფონზე, რომ ვეფხვი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. სწორედ ამიტომ, ზოოპარკების გაერთიანებებმა მათ გამრავლებაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესეს და დღეს ამ გამორჩეული, მაღალი კომერციული ღირებულების ცხოველების გამრავლება მკვეთრად არის ლიმიტირებული.