მუშაობა თითქმის ყოველდღე უწევთ, დგანან ფეხზე, შესვენებები ფაქტობრივად არ აქვთ. ხშირად რამდენიმე ადამიანის სამუშაოს ასრულებენ - მოლარეებიც არიან, კონსულტანტებიც დამლაგებლებიც...ზოგიერთი მათგანი ღამის ცვლაშიც მუშაობს და, გადაღლილობის მიუხედავად, დასვენებისთვის სათანადო დროს არ აძლევენ.
2015 წელს დაიწყო დამოუკიდებელი პროფკავშირის - „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრის“ - კამპანია „შრომა არ არის იოლი“. ეს იყო პირველი საპროტესტო კამპანია მომსახურების სფეროში მძიმე შრომის პირობების წინააღმდეგ. „სოლიდარობის ქსელის“ კამპანიას 2 წელიწადში „ბიბლუსისა“ და „ფრესკოს“ თანამშრომელთა პროტესტი მოჰყვა.
ცოტა ხნის წინ მომსახურების სფეროში დასაქმებულთა არასათანადო შრომის პირობების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ ერთხელ დაიწყო. კომპანია „სპარის“ ერთ-ერთმა ყოფილმა დასაქმებულმა მარიამ გვალიამ ვიდეო ჩაწერა, რომელშიც კონსულტანტებისა და მოლარეების ყოველდღიურობად გადაქცეულ მძიმე შრომაზე საუბრობდა.
„არა მონობას“ - ეს იყო მარიამ გვალიას მიმართვა და მომსახურების სფეროში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დასაცავად დაწყებული კამპანიაც. მარიამმა მის მიმართვაზე გამოხმაურებების შემდეგ Facebook-ზე ჯგუფი გააკეთა, რომელშიც დასაქმებულებს ერთმანეთისთვის უფლებების დარღვევის გამოცდილების გაზიარება შეეძლოთ.
ჯგუფში ახლა რამდენიმე ათასი ადამიანია. ის ისტორიების კრებულად იქცა - სუპერმარკეტებში, მაღაზიებში, სხვადასხვა ორგანიზაციაში დასაქმებულთა შელახული უფლებების გაზიარების სივრცედ. ბოლო ერთ თვეში, ყოველდღიურად რამდენიმე ადამიანი მაინც ჰყვებოდა თავის გამოცდილებას, ისტორიას - არასათანადო პირობებზე, მიზერულ ხელფასზე, დამამცირებელ მოპყრობაზე.
ახლა ჯგუფის წევრები თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლას გეგმავენ. ამბობენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, მარტივად შელახოს პერსონალის უფლებები. ახალგაზრდებს თვითორგანიზებით შრომის პირობების გაუმჯობესება სურთ.
მომსახურების სფეროში დასაქმებულთა პირობები - რას ჰყვებიან ახალგაზრდები
შრომის პირობები, როგორც ისინი ამბობენ, ძალიან მძიმეა. სერვისის სფერო ბევრი სხვადასხვა მიმართულების ბიზნესს აერთიანებს, მაგრამ დასაქმებულთა უმეტესობა თითქმის ერთნაირად შეუსაბამო გარემოზე, დაბალ ხელფასსა და მძიმე გრაფიკზე საუბრობს. რამდენიმე მათგანს „ლიბერალი“ ესაუბრა.
მარიამ გვალია, რომელიც კომპანია „სპარში“ იყო დასაქმებული, „ლიბერალთან“ ჰყვება, რომ ყოველდღიურად 12 საათის განმავლობაში უწევდა მუშაობა.
„ზოგადად იმდენი სამუშაო იყო, აღარც კი მახსოვს რამდენი ხანი მქონდა დასვენება, ან მქონდა თუ არა საერთოდ. დასვენება არ მახსოვს, მახსოვს ის, რომ მთავარი მიზანი სახლამდე მიღწევა და მეორე დღისთვის მზადება იყო“, - ჰყვება მარიამი.
„12 საათი ხანდახან გადაბმულად ვმუშაობდით, 10-წუთიანი შესვენების გარეშე. გვიწევდა სალაროსთან დგომა, კონსულტანტობა და ხაზის თანამშრომლობაც. ღამე იატაკის წმენდა და დაცვის როლის შესრულებაც, რადგან „ალგანის“ თანამშრომელი ძირითადად დროს ძილში ატარებდა“, - ჩივის ნიკა ბაბლუანიც, რომელმაც „სპარში“ წელიწადზე მეტი იმუშავა.
მარიამ გვალია კი ჰყვება, რომ სამსახურის დაწყებისას ბევრი არაფერი მოუთხოვიათ, უთხრეს, რომ მხოლოდ მენეჯერის მითითებები უნდა შეესრულებინა. ეს კი, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე პროფესიის შეთავსებას გულისხმობდა.
„საშინელება ხდებოდა სალაროებთანაც. გვიწევდა ბოსტნეულის სექციის დალაგება, მოწესრიგება. შაქრის, წიწიბურის ან სხვა მსგავსი პროდუქტის მომხმარებლებისთვის აწონა. ჩვენი მოვალეობის ამ ყველაფრით ზედმეტად გადატვირთვის გამო, ფაქტობრივად ვერ ვისვენებდით“.
ანასტასია ტორიაშვილიც „სპარის“ მარკეტში მუშაობდა, ორი თვით. შეთანხმებისამებრ, ხორცეულისა და მზა პროდუქტების სექციაში, ე.წ. „ხაზში“ უნდა მდგარიყო.
„თავიდან მითხრეს, რომ მხოლოდ ჩემი ადგილის მოსუფავება მევალებოდა. შემდეგ ჩემი მოვალეობები გაიბერა. ჯერ მითხრეს, რომ მზა პროდუქტებიც მე მეკუთვნოდა. ნუ, კარგი, ეს მივიღე ჩვეულებრივად. მერე დაიწყეს, რომ იატაკიც უნდა მომეწმინდა. ვასრულებდი, რატომღაც მეგონა, რომ მართლა შედიოდა ეს ჩემს მოვალეობაში. მაგრამ, როგორც ჩანს, როცა ყველაფერს ასრულებ, მერე უფრო მეტს გთხოვენ - ბოლოს უკვე ფანჯრების დაწმენდაც მე მევალებოდა. დამლაგებელი დიდხანს არ გვყავდა, დაბალი ხელფასი იყო და არავინ მოდიოდა“, - ჰყვება ანასტასია ტორიაშვილი „ლიბერალთან“.
დამლაგებლისა და მოლარის ფუნქციებს ითავსებდა „ორ ნაბიჯში“ დასაქმებული მარიამ მსხალაძეც. ჰყვება, რომ ჯერ კიდევ მისვლისთანავე ახლადგახსნილ მაღაზიაში გაუშვეს და ადმინისტრატორთან ერთად ფილიალის მოწყობა-დასუფთავებაც მას მოუწია.
მარიამის თქმით, მის ცვლაში მხოლოდ ორნი იყვნენ, ამიტომ ერთდროულად კონსულტანტებიც უნდა ყოფილიყვნენ, მოლარეებიც, დამლაგებლებიც.
„სამი კვირის თავზე სალაროდან აიღეს ის ერთადერთი სკამი, რომელიც თურმე დეკორაციისთვის იდგა და დაჯდომა არ შეიძლებოდა. რამდენიმე მომხმარებელმა მკითხა კიდეც - სკამები რატო არ გიდგათ?! სად ხდება ასე?! რა მონსტრები არიანო! - ეს ყველაფერი ვუთხარი მენეჯერს და ასეთი პასუხი მომცა - ვერ უთხარი, რომ არ ეტევაო!“ - იხსენებს მარიამ მსხალაძე.
ღამის ცვლა
„საერთოდ კოშმარი იყო ღამის ცვლა“, - ჰყვება მარიამ გვალია. მაღაზიაში სულ ორი კონსულტანტი რჩებოდა, რომელთაგან მონაცვლეობით მთელი ღამის განმავლობაში ერთი მოლარის მოვალეობას ითავსებდა, მეორე კი, ასე ვთქვათ, პერიმეტრს აკონტროლებდა - კონსულტანტი იყო“.
იმ შემთხვევაში, თუ ფილიალში მომხმარებელი არ იყო, ორივეს ღამის განმავლობაში იქაურობის დალაგება და დაწმენდა, კონტეინერების დარეცხვა, ძველი პროდუქციის გადარჩევა, საწყობიდან სხვა პროდუქტის ამოტანა და მაღაზიის დილისთვის მოწესრიგება, დილით ადრიანად კი დისტრიბუტორების მიღება ევალებოდა.
როგორც ანასტასია ტორიაშვილი ჰყვება, იმის გამო, რომ ორ კონსულტანტს ამდენი საქმის შესრულება ფიზიკურად არ შეეძლო, დილით მისულ მენეჯერს მათთან მუდმივად კონფლიქტი ჰქონდა.
დაბალი ხელფასი და ბონუსად - ჯარიმები
ხანგრძლივი სამუშაო დღე, ზედმეტი მოვალეობები, არასათანადო პირობები... ამის კომპენსირების ნაცვლად, მომსახურების სფეროში დასაქმებულ ბევრ ადამიანს ხელფასი კიდევ უფრო გამოუვალ სიტუაციაში აყენებს.
მაგალითად, „სპარში“ დასაქმებისას ანასტასია ტორიაშვილს ჯერ ორკვირიანი სტაჟირების გავლა მოუწია, შემდეგ კი 400-ლარიან ანაზღაურებაზე დაიწყო მუშაობა. როგორც თავად ამბობს, პირობების გათვალისწინებით ხელფასი მიზერული იყო და იმ შრომად არ უღირდა, რაც მაღაზიაში უწევდა.
„იმდენად დაღლილი ვიყავი 6-ის მერე, რომ ცხოვრება აღარ იყო მერე ჩემთვის. ასე ორი თვე რომ მუშაობ, ძნელია“, - ჰყვება ანასტასია.
მაგრამ, დაბალი ფიქსირებული ხელფასი, როგორც აღმოჩნდა, მთავარი პრობლემა არ ყოფილა. დასაქმებულებს, ხშირად მისი სრულად აღების საშუალებაც არ აქვთ.
„ჩემი მისვლისას, როცა ფიქსირებული ხელფასი 400 ლარია, ყველამ ნახევარი აიღო, ზოგიერთ კონსულტანტს 200 ლარიც არ აუღია. მაშინ თითქოს დაგვარწმუნეს, რომ ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები, რატომ არ მოგვცეს ეს ფული“, - იხსენებს ანასტასია.
როგორც თავად ამბობს, გაუგებარი მიზეზით ჩამოაჭრეს ხელფასი მარიამ გვალიასაც. „სპარის“ ყოფილი დასაქმებული იხსენებს, რომ მისი მორიგეობისას მაღაზიაში დაახლოებით 6 ლარის პროდუქტი გაუფუჭდათ. რაზეც ხელმძღვანელებს თავად უამბო. თუმცა, ხელფასზე 6 ლარზე გაცილებით მეტი დააკლეს.
„ვერავინ მეტყვის, რომ, ამის გარდა, უყურადღებობა გამოვიჩინე ან რაიმე მოვიპარე. არადა, ძალიან მიზერული თანხა ავიღე“, - იხსენებს მარიამ გვალია.
მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ გაფრთხილებული ჰყავდა ხელმძღვანელობა, ვადაგასული ხორცის საფასურის დაკისრება სურდათ ანასტასია ტორიაშვილისთვისაც. თანაც, როგორც თავად ჰყვება, საკმაოდ მაღალის. თუმცა, საბოლოოდ, უსამართლო ჯარიმას მაინც გადაურჩა.
ჯარიმას ვერ გადაურჩა ნიკა ბაბლუანი. ის, ავლაბარში „სპარის“ ერთ-ერთ მარკეტში ერთი წელი მუშაობდა. ამბობს, რომ როგორც კარგ თანამშრომელს ზოგჯერ დასახმარებლად სხვა ფილიალებშიც აგზავნიდნენ.
მერე იყო საახალწლო დღეები - სერვისის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი პერიოდი. როგორც ნიკა იხსენებს, ღამისთევების შემდეგ სალაროში 70 ლარი დააკლდა. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მონიტორინგის სამსახური ციხით დამუქრებოდა.
„ბრალი დამდეს თაღლითობაში, როდესაც სალაროზე გადაღლილობისაგან 70 ლარი დამაკლდა. ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში ღამისთევის შემდეგ ხშირად ისევ ღამის ცვლა გვიწევდა.
თუმცა, მონიტორინგის უფროსმა გენიალური დასკვნა გააკეთა, მითხრა, რომ სალაროსთან დილის 10-ის წუთებზე დავჯექი და დაღლილი არ უნდა ვყოფილიყავი“.
3-წლიანი პატიმრობის შიშით ხელი 120-ლარიან ჯარიმას მოაწერა. იხსენებს, რომ მონიტორინგის სამსახურს მთელი ხელფასის დაკავება სურდა. „სასჯელის“ შემსუბუქებაზე ხელმძღვანელობა მენეჯერმა დაითანხმა. იანვრის ხელფასზე 200 ლარი დააკლეს. ასეთი საჩუქარი გაუკეთეს ნიკას საახალწლოდ მუშაობისთვის.
მარიამ მსხალაძე კი ჰყვება, რომ „ორ ნაბიჯში“ მუშაობის დაწყებისას იმედი ჰქონდა მძიმე პირობებს გაუძლებდა, მაგრამ მალევე მიხვდა, ასეთ რთულ გარემოში ვერ იმუშავებდა და თვის ბოლოს წამოსვლა გადაწყვიტა. სანამ შემცვლელს იპოვიდნენ, დამატებით ერთი კვირა ამუშავეს, ამ დროის ანაზღაურება კი არ მისცეს.
„კვირას, დავამთავრე ცვლა და წამოვედი. თუმცა, სამშაბათს დილით მირეკავენ, რაღაც პრობლემები შეიქმნა და აუცილებლად უნდა დაბრუნდე, რადგან მაღაზია ერთი კადრით ვერ იმუშავებსო.
უარი ვუთხარი და ცინიკური ხმით გამითიშეს ტელეფონი. ოთხშაბათს ისევ დამირეკეს და „დამემუქრნენ“, თუ დღესაც არ გამოხვალ, გადავცემთ, რომ აპრილის ნამუშევარი არ ჩაგერიცხოსო და ასეც მოხდა“, - ჰყვება მარიამ მსხალაძე.
ღირსეული შრომა - შელახული უფლებები
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტი კოტე ერისთავი „ლიბერლთან“ ამბობს, რომ სერვისის სექტორში შექმნილი მძიმე სამუშაო პირობები დასაქმებულებს ართმევს ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან - ღირსეული შრომის უფლებას.
EMC-მა სუპერმარკეტის ქსელებში დასაქმებულთა შრომის უფლებების დარღვევაზე 2017 წელს კვლევაც გამოაქვეყნა.
თვისებრივ კვლევაში მონაწილე სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული შვიდი რესპონდენტიც იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებზეც „ლიბერალის“ რესპონდენტები ჩივიან.
სუპერმარკეტებში დასაქმებულთა უმრავლესობა ახალგაზრდაა. როგორც EMC წერს, ისინი სხვადასხვა ადგილას დამოუკიდებელი საარსებო სტრატეგიების გამონახვის სურვილით დასაქმდნენ, მაგრამ იმედები გაუცრუვდათ.
„სხვადასხვა რესპონდენტის შემთხვევაში, ბინის ქირის, განათლების, გადამზადების, ქვეყნის ფარგლებში მგზავრობისა თუ ჯანდაცვის ხარჯს აქ დასაქმებულთა შემოსავალი სრულად ვერ ფარავს და უმეტესად ოჯახის სხვა წევრების პასუხისმგებლობა ხდება“, - ნათქვამია კვლევაში.
ამასთან ერთად, სუპერმარმკეტებში მომუშავე სტუდენტების უმრავლესობა, როგორც EMC წერს, გადატვირთული გრაფიკისა და მძიმე სამუშაოს გამო, პარალელურად უნივერსიტეტში სწავლას ვერ ახერხებს.
კომპანიების პასუხი
„ლიბერალი“ კომპანია „სპარს“ დაუკავშირდა. მათ კითხვების ელ. ფოსტით გადაგზავნა გვთხოვეს. კომპანიის დასაქმების პოლიტიკის შესახებ, „სპარისგან“ კომენტარი არ მიგვიღია.
ტელეფონით უშედეგოდ დაკავშირების მცდელობის შემდეგ, ელ. ფოსტით გავუგზავნეთ კითხვები „ორ ნაბიჯსაც“, თუმცა არც ამ ქსელიდან მიგვიღვია პასუხი.
რა არის გამოსავალი?
შრომის ინსპექცია, კანონმდებლობა და კანონის აღსრულება
კოტე ერისთავი ჰყვება, რომ საკანონმდებლო დონეზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ მთავარი პრობლემა მისი აღსრულება და აღსრულებისთვის საჭირო მექანიზმებია.
ამ მხრივ ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი სახელმწიფოს ხელში შრომის ინსპექციაა. ამიტომ საჭიროა, მისი მანდატის გაზრდა და ინსტიტუციონალური გაძლიერება. დღეს შრომის ინსპექცია მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე მუშაობს. ერისთავი კი ფიქრობს, რომ შრომის ინსპექციის მანდატი შრომის უფლებებზეც უნდა გავრცელდეს.
ამჟამად შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს 40 ინსპექტორი ჰყავს, მაგრამ როგორც EMC-ის იურისტი ამბობს, თუ გავითვალისწინებთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტს განვითარებადი ქვეყნებისთვის, საქართველოს მინიმუმ 85 ინსპექტორი უნდა ჰყავდეს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ინსპექციისთვის სასამართლოს თანხმობაა საჭირო, რაც კოტე ერისთავის თქმით, მის ეფექტიანობას ამცირებს. ეს რეგულაცია სექტემბრიდან გაუქმდება, მაგრამ ინსპექციის მანდატი ისევ მხოლოდ უსაფრთხოებაზე გავრცელდება.
შრომის ინსპექცია ვერ შეამოწმებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს, დაურეგულირებელ სამუშაო დღეს. რაც, კოტე ერისთავის თქმით, დაუშვებელია.
„ადამიანი თუ ერთი კვირა 24 საათი მუშაობს და არ სძინავს, იზრდება რისკი, რომ ის სამუშაო ადგილზე დაზიანდეს ან დაიღუპოს.
ასე რომ, ეს გადაჯაჭვული საკითხებია და აუცილებელია შრომის უფლების ინსპექტირება ამავე დეპარტამენტის მიერ მოხდეს. უკვე ძალიან ბევრი კვლევაა თუნდაც იმაზე, როგორ მძიმედ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე ღამისთევა“, - ამბობს EMC-ის იურისტი.
„სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის თქმით, მოქმედი შრომის კოდექსი სუსტია, მაგრამ კიდევ უფრო ცუდია ის, რომ არ გვაქვს თუნდაც ამ კოდექსის აღსრულების მექანიზმი.პრობლემაა ისიც, რომ შრომის კოდექსი დაწერილია უფრო ტრადიციული სექტორებისთვის. სექტორები, რომელშიც მომუშავეებს ისედაც უფრო მეტი გამოცდილება აქვთ თვითორგანიზების კუთხითაც და კოლექტიური ბრძოლით იცავენ მათ უფლებებს.
თვითორგანიზება
როგორც „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, სერვისის სფეროში სუსტია თვითორგანიზებაც, რომელიც დაარეგულირებდა იმ საკითხებს, რომელთა რეგულაციასაც შრომის კოდექსი ვერ ახერხებს.
„ამ სფეროში ვერ ხდება კოლექტიური მოლაპარაკებები, რადგან კოლექტივი უბრალოდ ვერ იკრიბება.
ხალხი მუშაობს 3, მაქსიმუმ 6 თვე. მერე მიდიან, ისვენებენ ცოტა ხანს და იმავე სფეროში, სხვა კომპანიაში იწყებენ მუშაობას. პროფკავშირული ბრძოლა ამ მხრივ ძალიან რთული წამოსაწყები იყო.
ამასთან, დასაქმებულთა უმეტესობა ახალგაზრდაა და უჭირთ ჯერ კიდევ თავიანთი უფლებების გაცნობიერება. დრო დასჭირდათ გაეაზრებინათ, რომ ბრძოლა მათი მოვალეობაა“, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
თუმცა, მარიამ გვალიას დაწყებული ბრძოლა შრომის უფლებებისთვის „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელს იმედს აძლევს. მისი აზრით, წელს დაწყებული მოძრაობა ყველაზე ორგანიზებულია. ისეთი პირი უჩანს, რომ შეუძლია შრომის უფლებებისთვის ბრძოლაში თვითორგანიზებით ცვლილებები შეტანა.
სამართლებრივი ბრძოლა და „ფაბლიქ შეიმინგი“
ღირსეული შრომის უფლების დაცვის კიდევ ერთი ბერკეტია სამართლებრივი ბრძოლა. მაგრამ ახალგაზრდებისთვის ხშირად ეს გზაც რთულია.
სოფო ჯაფარიძის თქმით, ბრძოლას მოუწესრიგებელ კონტრაქტებთან ერთად თავად ამ სისტემის ცუდი მუშაობაც ართულებს.
„უჩივი სასამართლოში, რაც ასევე ძალიან რთულია, რადგან ყველა საბუთი უნდა გქონდეს შეგროვებული. ეს კი თითქმის არავის აქვს, ხელში არ უჭირავთ ხელშეკრულება და ა.შ.
თუმცა, რომც გქონდეს ეს ყველაფერი, უჩივი და სამი წელი სასამართლოში ხარ. ჩვენ წელიწად-ნახევრის წინ შევიტანეთ ერთი სარჩელი და პროცესი ჯერაც არ ჩანიშნულა. სამართალს სისწრაფე სჭირდება“, - ამბობს „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი „ლიბერალთან“.
„კიდევ ერთი ბერკეტია, ე.წ. „ფაბლიქ შეიმინგი“, - დასძენს სოფო ჯაფარიძე. „რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ვწერთ პოსტებს და რა შედეგიც მივიღეთ, ეს არის „გაბანძება“. - რომ ეს არის ცუდი კომპანია.
საბოლოო ჯამში ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ პრობლემის გადაჭრას კომპლექსურად უნდა მიუდგნენ, ერთი მხრივ აიძულონ სახელმწიფო, სათანადოდ ჩაერთოს დასაქმებულთა უფლებების დაცვაში, მეორე მხრივ თავად იბრძოლონ სასამართლებში, მესამე მხრივ მიმართონ ე.წ. „საჯარო შერცხვენის" მეთოდს და ა.შ.