Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაც მოგივა დავითაო...

01 მაისი 2019

თავდაცვისა და კიდევ სხვა რამის  ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, დავით გარეჯის მონასტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე  „უფასო რჩევის გამომეტებით“  მარიამ ჯაშის ნათქვამზე მეტი სიმძაფრით გააშიშვლა ის განწყობა, რაც 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების პირველ ნახევარში სუფევდა საქართველოში და დღესაც არ ჩამქრალა.

კერძოდ, ეთნიკური უმცირესობები (თვითონ არ უხსენებია, მაგრამ რელიგიური უმცირესობებიც ამ ქვაბში იხარშებიან) ვითარცა  საფრთხისშემცველი, პარაზიტი მასა, რომლებსაც ვერ აუტანიათ საქართველოს განვითარება, რომელთა „სტუმრობამაც“ გადაამეტა ყოველგვარ გონივრულ ვადას და ა.შ., უნდა მოიკვეთონ საქართველოდან. 

თუმცა ბატონი ირაკლის ნათქვამში ერთი ძალუმი სიახლე მაინც სჭვივის - მან 2005 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შსს მინისტრთან საქართველოს 500 ათასი  (დღეს ოფიციალური მონაცემებით 233 ათასი)  ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა მეტად მოქნილად და სარფიანად გამოიყენა,  ე.ი. ზოგადად, სტიქიური გაყრა კი არ ბრძანა 90-იანების პოლიტიკოსების დარად,  არამედ წნეხად დაისაჭიროვა და ამან გაჭრა.

თუმცა „კუალად პირველსავე სიტყვასა ზედა მივიდეთ“ 90-იანების პირველ ნახევარში ბატონი ირაკლის ეს „გონებამახვილურად“ აგებული „თამაშობანი“დიახაც მოიპოვებდა სრულ მხარდაჭერას ერსა და ბერში, მაგრამ ახლა ეპოქაა ცოტა სხვაგვარი, საზოგადოების შესაძლოა მცირე, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო ნაწილი ასეთ ემოციურ აღტკინებას ტაშს აღარ უკრავს, უფრო მეტიც, აგერ ბოლო 10 წელზე მეტია ქართულის მცოდნე, ქართულად განათლებამიღებულთა რიცხვიც იმატებს, რომლებისთვისაც ასეთი განცხადებები სასხვათაშორისოდ, როყიოდ ნათქვამი სიტყვები სულაც არ გახლავთ - ისინი კითხულობენ, განიცდიან, თარგმნიან, ავრცელებენ, ლაპარაკობენ და მსჯელობენ ამაზე. თან  ყველაფერს ამას მიმართავენ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებსა და კონტექსტში, რომელშიც  თითოეული მოქალაქე თანაბარი უფლებით სარგებლობს და თანაბარი მოვალეობები აკისრია.

მთელ ამ ტირადაში, გარდა ხსენებული 90-იანების განწყობებისა, ჩანს შემდეგი:

ა) ეთნიკური უმცირესობების სრულუფლებიან მოქალაქეებად აღუიარებლობა;

ბ) ეთნიკური უმცირესობების მეზობელი სახელმწიფოების გავლენის სფეროდ აღიარება, რომელიც მისი აზრით ორლესური მახვილივითაა - დაასწრებს საქართველოს მთავრობა გამოიყენებს მეზობელი ქვეყნებთან სავაჭროდ ან მეზობელი ქვეყნები დაასწრებენ და საქართველოსთან სავაჭროდ აქეთ გამოიყენებენ;

გ) პოლიტიკური კეკლუცობა და თამაში ქრისტიანი, ეთნიკურად ქართველი ამომრჩევლის ემოციაზე;

დ) და მთავარი - ანტისახელმწიფოებრივი, დისკრიმინაციული, სიძულვილის ენით დაღდასმული, შუღლის დამთესავი რიტორიკა.

ახლა  ამ ყველაფერში ჩვენ ვცადოთ სინათლის შეტანა:

  • საქართველოს აზერბაიჯანელი მოსახლეობა ყოველთვის ერთგულებდა საქართველოს მაშინაც, როცა ეს უკანასკნელი უამრავ სამეფო-სამთავროდ იყო დაშლილი. ასპინძისა და კრწანისის ომში ბორჩალოელების გვარდია ხუდუ ბორჩალოელის (ქართული წარმოთქმით ხუტია) მოთავეობით იბრძოდა ერეკლე მეორესთან ერთად. მაგრამ აქამდე მხოლოდ 300 არაგველის გმირობის შესახებ ვიცით (ნეტა რატომ?!). მეფე ერეკლეს პირად დაცვაში ზოგი მონაცემით თორმეტიდან ხუთი, ზოგი მონაცემით თორმეტიდან შვიდი კაცი ქვემო ქართლში მოსახლე დღევანდელი აზერბაიჯანელების წინაპარი იყო.  კრწანისის ომის შემდეგ მეფის დაცვის ოპერაციას ხევსურებთან ერთად ასამდე ბორჩალოელთა რაზმის წევრიც ემსხვერპლა. პირველი რესპუბლიკის დროს, 1918 წლის ომში ბორჩალოელებმა შენაერთი შექმნეს და გამოჩენილი გმირობისთვის მარნეულის რაიონის მკვიდრი, მეტყვიამფრქვევე  ალი მეტდსახელად „ჩოფურა“ სახელმწიფო ორდენითაც დაჯილდოვდა მაშინ. საკმაო რაოდენობით აზერბაიჯანელები იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 90-იან წლებში და 2008 წელსაც.
  • აზერბაიჯანელები საქართველოში ქმნიან შიდა პროდუქტსა და მატერიალურ დოვლათს, იხდიან გადასახადებსა და ირიცხებიან ჯარში. უმაღლესდამთავრებულები ეწევიან საგანმანათლებლო საქმიანობას, სკოლის მოწაფეებს მოხალისეობრივად ამზადებენ ქართულ ენასა და სხვა საგნებში. დაჰყავთ ექსკურსიებზე სხვადასხვა ისტორიულ ალაგებში.

და მიუხედავად ამისა:

  •  ისინი ფართოდ არ არიან წარმოდგენილნი  არც ერთ გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე (პარლამენტარებზე არ მიმანიშნოთ, ოთხიდან ორმა ქართული არ იცის და იქ მაინცდამაინც ისინი რომ სხედან და არა ქართულის მცოდნე, განათლებული აზერბაიჯანელები ირაკლი ოქრუაშვილისნაირ „პოლიტიკოსებს“ მოჰკითხეთ).  მაგალითად 2005 წელს ოქრუაშვილმა რომელი აზერბაიჯანელი დაასწარო მეზობელი ქვეყნის მინისტრთან შეხვედრაზე, რომ ახლა სთხოვს ხმის ამოღებას? ან რომელი აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეა ჩართული საზღვრის დელიმიტაციის პროცესში საქართველოს მხრიდან და არ უჭერს მხარს საქართველოს პოზიციას? - არცერთი.
  • ისე, ბატონი ირაკლი როგორ ფიქრობს, საქართველოს მოქალაქეების მეზობელ სახელმწიფოზე მიტმასნვით, მეზობელი ქვეყნის საქციელის გამო პასუხის მათთვის გებინების სურვილით და ჯავრის მათზე ამოყრის წადილით სახელმწიფოებრივად აზროვნებს?!

დავით გარეჯის ირგვლივ არსებული ვნებათაღელვა საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების ბრალი არ არის. მათ არც საქართველოს მთავრობა ეკითხება რამეს და არც მით უმეტეს აზერბაიჯანისა.  სარკეში თავად ჩაიხედოს და დაფიქრდეს, მინისტრად რომ იყო წარმოდგენილი, აი, იმ ხელისუფლებამ რატომ ვერ მოაგვარა?

თან ხომ ასეთი გამოჯეკილი გვყავს დიპლომატიურ სჯა-ბაასებსა და საკითხის გადაწყვეტაში.

პ.ს.  ცნობისათვის, ყველაფერი ეს მე დავწერე - ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტმა, აზერბაიჯანული წარმოშობის უპარტიო ქართველმა -  ოქტაი ქაზუმოვმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^