სულ მალე გამოქვეყნდება ახალი თარგმანი - „საგალობელნი სიყვარულისა“, რომელიც უთუოდ გამორჩეული რომანია ფრანგი მწერლისა და მსახიობის, ანა ვიაზემსკის შემოქმედებაში. ნაწარმოებმა გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო კრიტიკოსების ყურადღება და რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოც დაიმსახურა. გამოცემისთანავე აღიარეს შედევრად. ფრანგმა რეჟისორმა, ჟან-პოლ სივეირაკმა, წიგნის მიხედვით გადაიღო ფილმი, რომელსაც ჟან ვიგოს სახელობის პრემია გადაეცა.
ანა ვიაზემსკი წარმოშობით რუსი, საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი მწერალია. მისი წინაპრები სოციალისტური რევოლუციის შემდეგ გამოიქცნენ რუსეთიდან და პარიზს შეაფარეს თავი. ანა ნანტერის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა, როცა გაიცნო ცნობილი რეჟისორი, ჟან-ლიუკ გოდარი და მის მუზად იქცა კიდეც. მრავალ მის ფილმშიც შეასრულა მთავარი როლი. ისინი 1968 წლის მაისის პარიზული მოვლენებისა და ისტორიული ქარტეხილების მომსწრენიც იყვნენ. ერთად იდგნენ უნივერსიტეტის წინ აღმართულ ბარიკადებზე და საკუთარი თვალით იხილეს სტუდენტური ამბოხი და გავეშებული ბრძოლა დამყაყებული პატრიარქალური მორალის წინააღმდეგ. ეს მოვლენები მწერალმა დიდი ოსტატობით აღწერა რომანში „ერთი წლის შემდეგ", რომელიც ვიაზემსკის ავტობიოგრაფიული და გარკვეულწილად, ისტორიული ნაწარმოებია. იგი აქტიურად იყო ჩაბმული ფემინისტურ მოძრაობაში და სიმონ დე ბოვუარის მხარდამხარ იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის.
ალბათ, მაინც „საგალობელნი სიყვარულისა“ არის ის რომანი, ყველაზე კარგად რომ დაგვანახებს მწერლის შინაგან სამყაროს და ნათელს მოჰფენს მის ცხოვრებას. რომანს უწყვეტ რეფრენად გასდევს სახელოვანი ფრანგი მომღერლის, ედით პიაფის ლეგენდარული სიმღერა, „საგალობელი სიყვარულისა“. პიაფმა, ამ გოგონა-ბეღურამ, ერთი საგალობელი უძღვნა ამ დიად გრძნობას, ანა ვიაზემსკიმ და მისმა მშობლებმა - მრავალი.
რომანი იწყება ავტორის დედის, კლერ მორიაკის, მოულოდნელი გარდაცვალებით. ეს ტრაგიკული ამბავი მიძინებულ მოგონებებს აშლის ნაწარმოების გმირად ქცეული მწერლის გონებაში, დედისეული სახლის დაცლისას გადაეშვება წარსულის მორევში და იგონებს ყველაფერს: ორად გახლეჩილ ბავშვობას, პარიზში, შვეიცარიასა და ვენესუელაში გატარებულ სიყრმეს; მშობლებს, რომლებიც სრულიად უცხონი იყვნენ ერთმანეთისათვის და ოჯახს მიღმა დაეძებდნენ სიყვარულსა და შვებას. იხსენებს ძიძას, თავის განუმეორებელ მადლენს, რომლის ხატებამაც საუკუნოდ დაივანა ანა და პიერ ვიაზემსკების გულში.
ყველაფერია ამ რომანში: სიყვარულიც, ღალატიც, სევდაც, კაეშანიც, ჯოჯოხეთური ტკივილიც, საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული უნუგეშო დარდიც, პარიზის დამატყვევებელი ხიბლიც, შვეიცარიის წყნარი სოფლების უბრალო მშვენიერებაც, ვენესუელის ეგზოტიკური შარმიც, სახელმწიფო გადატრიალებებიც, სამოქალაქო ომებიც...
ალბათ, გულწრფელობაა ის თვისება, ანა ვიაზემსკის რომ გამოარჩევს. მწერალი არ თვალთმაქცობს, არ გვიხატავს ოჯახური იდილიის ყალბ და ცრუ სურათებს, საოცარი სიმართლით აღწერს იმ მშობლების გაუცხოებას, ერთ ჭერქვეშ რომ ცხოვრობდნენ, მაგრამ მაინც უსაზღვროდ შორს იყვნენ ერთმანეთისაგან და საყვარლების მკლავებში ჰპოვებდნენ ნუგეშს. საოცარი გულწრფელობით გვიყვება დედის საყვარელზე, ჟან-ფრანსუაზე, რომელსაც იმპერატორი ნაპოლეონი შეარქვა, რომელიც კლერ მორიაკის ცხოვრების უდიდესი და ტრაგიკული სიყვარული იყო.
დედის გარდაცვალებისას ანა ვიაზემსკი შემთხვვით აღმოაჩენს მამის დავიწყებულ ანდერძს. ამ უკანასკნელ ხელნაწერში კაცი დაჟინებით მოითხოვს, ჟენევაში მცხოვრებ ქალს, ვინმე მო ჟაკეს გაუგზავნონ მისი პირადი ნივთები და რაც მთავარია, პიაფის საყოველთაოდ ცნობილი ფირფიტა, სახელწოდებით „საგალობელი სიყვარულისა“. ამ სიმღერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მამისთვის, არამედ დედისთვისაც. რატომ? იქნებ, ესაა საგალობელი კარგა ხნის წინ დასამარებული სიყვარულისა და უკვე გამქრალი, მაგრამ მაინც გულდამწველი ვნებისა?
ანა მამის გარდაცვალებიდან ოცდაათი წლის შემდეგ შეუდგება იდუმალებით მოცული მო ჟაკეს ძებნას და ბოლოს გაემგზავრება კიდეც იმ ქალთან შესახვედრად, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა იმ კაცს. წარსულის აჩრდილთა გამოსატირებლად წავა შვეიცარიაში, იქ, სადაც ოდესღაც ცხოვრობდა მშობლებთან და გადიასთან ერთად, სადაც ჯერ კიდევ იდგა მათი სახლი. გარდასულ დღეთა ნანგრევებში დაეხეტება და მომაჯადოებელ სამყაროს ქმნის მკითხველისათვის.
საოცრად ნაზი მელანქოლიით გაჟღენთილი ეს რომანი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველია „საგალობელნი სიყვარულისა“; მეორეს ეწოდება „მადლენი“ და მოგვითხრობს ვიაზემსკების შვილების ძიძის ცხოვრების მომნუსხველ, მძიმე, მხიარულ, ნაღვლიან და ტრაგიკულ ამბავს. იმ მადლენისა, თვალისმომჭრელად რომ აცისკროვნებდა ანასა და მისი ძმის სიყრმეს; იმ მადლენისა, რომელსაც ზოლას რომანის, „ხაფანგის“, მთავარ გმირს, ჟერვეზ კუპოს ადარებს ავტორი - ფრანსუა მორიაკის შვილიშვილი.
მწერლის წარუხოცელი და შეუბღალავი მოგონებები, წერის დახვეწილი სტილი, ლექსიკის სიმდიდრე, ენის სინატიფე, სიფაქიზე და ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ სამყაროთა ოსტატური აღწერა დაუვიწყარ სიამეს ჰპირდება მკითხველს. ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ ქართველი მკითხველი ინტერესით შეხვდება ფრანგული ლიტერატურის ამ თვალსაჩინო წარმომადგენლის პირველ თარგმანს და შეიყვარებს მის რომანს, რომელიც ესოდენ ელეგიური ხიბლით გამოირჩევა.
მე და ანა ვიაზემსკიმ 2017 წლის აპრილში დავგეგმეთ შეხვედრა ფრანგული გამომცემლობის წყალობით. მოუთმენლად ველოდი იმ დღეს, როცა საკუთარი თვალით ვიხილავდი საყვარელ მწერალს, დაუსრულებლად ვისაუბრებდით მის რომანებზე, სიყვარულისთვის მიძღვნილ საგალობლებზე, სიმონ დე ბოვუარზე, 1968 წლის მაისზე, მის განუმეორებელ გადიაზე, სახელად მადლენზე, კლერ მორიაკის ცხოვრების ერთადერთ სიყვარულზე... საუბედუროდ, არ დაგვცალდა. ვერ შევხვდით, რადგან პარიზში გაფრენამდე სულ რამდენიმე დღით ადრე შევიტყვე თავზარდამცემი ახალი ამბავი: ანა ვიაზემსკი პარიზის ერთ-ერთ საავამყოფოში გარდაიცვალა 2017 წლის 5 ოქტომბერს. ისღა დამრჩენია, მისი „საგალობლების“ თარგმანითა და თეთრი ვარდებით შევამკო მისი საფლავი და მონპარნასის სასაფლაოს მელანქოლიურ მდუმარებაში გავაბათ ის უტყვი დიალოგი, რომელიც ვერ შედგა ჩვენ შორის, როცა ის ცოცხალი იყო. ამ სიყვარულის საგალობლების პირველ ქართულ თარგმანს დიდი სიყვარულით ვუძღვნი მაია ქაცანაშვილს.