Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლო რეფორმა

26 ივნისი 2009

საქართველოში სასამართლო რეფორმა 1997 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის მიღებით დაიწყო. რეფორმა ამერიკის იურიდიული დეპარტამენტისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების მონაწილეობით ხორციელდება და ის სასამართლოს, პროკურატურისა და პენიტენციური სისტემის სრულ გარდაქმნას გულისხმობს. პროცესში ჩართულია არასამთავრობო სექტორიც. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის შედეგად თითქმის მთლიანად იცვლება სასამართლო სისტემა, საზოგადოება და მედია ამ თემაზე ნაკლებად მსჯელობს. რეფორმის მსვლელობისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო 2007 წლის კონსტიტუციური ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების ორგანოდ იქცა. მანამდე ის პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წარმოადგენდა და დღევანდელ ბერკეტებს არ ფლობდა. დღეს უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 9 მოსამართლეა, საბჭოს კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. რეფორმა შეეხო პროკურატურასაც. ეს სტრუქტურა მთლიანად იუსტიციის სამინისტროს დაექვემდებარა და მისი როლიც შეიცვალა. პროკურორი დღეს, ექსკლუზიური, გამონაკლისი საქმეების გარდა, მხოლოდ საპროცესო ზედამხედველია. რეფორმის შემდეგ ეტაპზე შეიცვლება მოსამართლეთა დანიშვნის წესიც. მოსამართლეებს, არა 10 წლის ვადით, არამედ, უვადოდ აირჩევენ და გამკაცრდება შერჩევის წესები. კონსტიტუციის მიხედვით, აუცილებელია, კანდიდატი 28 წლის იყოს, ჰქონდეს 5 წლის მუშაობის სტაჟი და ჩაბარებული ჰქონდეს გამოცდები. მოსამართლეების კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 14-თვიან კურსს გაივლიან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი ამბობს, - "ეს არ არის ჩვეულებრივი საუნივერსიტეტო სწავლება ან კვალიფიკაციის ამაღლება. ეს პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე გაწერილი პროგრამაა. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ არა მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს, არამედ, რიტორიკას, წერის უნარს. გვაქვს ასეთი თემები: სასამართლო და კინო, სასამართლო და საზოგადოება. ამ 14 თვის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სრული წარმოდგენა ექმნება კანდიდატზე. ეს რთული პერიოდი და რთული მოთხოვნები იმაზეა გათვლილი, რომ შეცდომის რისკი გამოირიცხოს". პარლამენტში წარსადგენად მზადაა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის მიღების შემდეგაც, როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ქართული სასამართლო სისტემა მთლიანად უნდა შეიცვალოს. კონტინენტური, ანუ ევროპული სამართალწარმოებიდან პრეცედენტულ, ანუ შეჯიბრებით სამართალზე გადავდივართ, რაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თინა ბურჯალიანის თქმით, "არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი ნოვაციაა". ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, რამდენიმე სიახლე დაინერგება, მათ შორის - შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც უპირველესად იმას გულისხმობს, რომ გამოძიება სასამართლო დარბაზში გადადის და მოწმეების ძირითადი დაკითხვაც იქ მოხდება. დაცვისა და ბრალდების მხარეებს მტკიცებულებების მოპოვებისა და წარდგენის თანაბარი უფლებები ენიჭებათ. "ახალი კოდექსით, ცალკე ერთი მხარე შეაგროვებს თავის მტკიცებულებებს, ცალკე - მეორე, და, რაც მთავარია, ამ მტკიცებულებების პირველადი გამოკვლევა სასამართლო დარბაზში მოხდება", - ამბობს ზაზა მეიშვილი. თუმცა, როგორც "ლიბერალთან" საუბარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ხიდაშელმა აღნიშნა, `საპროცესო კოდექსის უკანასკნელ ვერსიაში, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის გახდა ხელმისაწვდომი, გარდამავალი დებულების სახით მითითებულია, რომ 2012 წლის 1 ივლისამდე გამოძიების დროს მოწმის დაკითხვა მოხდება დღეს მოქმედი სისხლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი კოდექსის ამოქმედების პირობებშიც კი, 2012 წლამდე პროკურატურის მიერ დადგენილი პრაქტიკა გაგრძელდება, რომლის მიხედვითაც, გამომძიებლისა და პროკურატურის მიერ მოწმის სახით დაბარებული პირი დაკითხვის პროცესშივე გარდაიქმნება ეჭვმიტანილად ან პირდაპირ ბრალდებულად. გარდა ამისა, საყურადღებოა საპროცესო კოდექსის პროექტის 114-ე მუხლიც, რომელიც გამონაკლისის სახით ითვალისწინებს მოწმის დაკითხვას გამოძიების სტადიაზე. მართალია, ამ შემთხვევაშიც მოწმე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება, მაგრამ იმისთვის, რომ პირი დაცულ იყოს საკუთარი თავის ინკრიმირებისგან, აუცილებელია, მოწმეს ადვოკატის ყოლის უფლება ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საქმეებში, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს ბრალდებული, და მოწმე დაკითხვის შემდეგ შეიძლება იქცეს ასეთად". კიდევ ერთი სიახლე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტია, რომელიც, რეფორმის ავტორების აზრით, სამოქალაქო საზოგადოებას აღზრდის და სამართლიანობის განცდას გაუჩენს, რადგან მოქალაქეები თვითონ გამოუტანენ მსჯავრს ბრალდებულს, ექნებათ ინფორმაცია, რა ხდება სასამართლო დარბაზში, მიხვდებიან, რამდენად რთულია, იყო მსაჯული. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ეტაპობრივად დაინერგება. თავიდან შემოდის მხოლოდ მძიმე დანაშაულზე და მხოლოდ თბილისში. ზაზა მეიშვილი თვლის, რომ კონკრეტული საქმისთვის 12 ნეიტრალური ადამიანის შერჩევა შესაძლებელია. "შერჩევაც თავად მხარის პასუხისმგებლობაა და საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რამდენად სამართლიანი ნაფიცი მსაჯული შეარჩია. მეორეა ამისთვის მზად ყოფნა. თუ ვიძახებთ, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არ არის, ის არც არასდროს იქნება მზად". თინა ბურჯალიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოსა და ამერიკის იურიდიული დეპარტამენტები აქტიურად მონაწილეობენ რეფორმირების პროცესში, მაინც იქნება სუსტი წერტილები, რომლებიც მხოლოდ პრაქტიკაში გამოჩნდება. მნიშვნელოვანია ერთი თემაც: სახელმწიფო და უცხოური ორგანიზაციები უამრავ ფულსა და რესურსს ხარჯავენ ბრალდების მხარის მომზადებაზე, ხოლო იმაზე, თუ რამდენადაა მზად რეფორმისთვის ადვოკატთა კორპუსი, ნაკლებად ფიქრობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე, ადვოკატი მანანა კობახიძე ამბობს, რომ დღეს სასამართლო პირდაპირ ახდენს ყველაზე წარმატებული ქართველი ადვოკატების დისკრედიტაციას იმით, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს უმაღლეს სასჯელს უსჯიან. მან ორი ასეთი ადვოკატიც დაასახელა - შალვა შავგულიძე და სოსო ბარათაშვილი. ადვოკატთა კორპუსი პროკურატურიდან წამოსული, წარუმატებელი იურისტებითაც შეივსო. ადვოკატები ხშირად გადახდისუუნარო კლიენტების ჯიბეზე არიან დამოკიდებულნი და უჭირთ, პროფესიული დონის ამაღლებაზე იზრუნონ. თუმცა, მანანა კობახიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ხშირად ბრალდების მხარეც სუსტია და ვერ ახერხებს მტკიცებულებების გამოკვლევასა თუ დაცვას, და თუკი ადვოკატები პროცესებს ხშირად ვერ იგებენ, ეს უმეტესწილად მიკერძოებული სასამართლოს ბრალია. საერთაშორისო და ადგილობრივი სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნის სასამართლო სისტემას არაეფექტურად მიიჩნევს და მის მიმართ დაბალი ნდობა აქვს. ამის მიზეზად ზაზა მეიშვილი ტრადიციიის არქონას, პოლიტიკოსების ბრალდებებს და მოსახლეობის გაუთვითცნობიერებულობას ასახელებს: "საზოგადოებამ არ იცოდა, რა დატვირთვა აქვს სასამართლო ხელისუფლებას, რა არის მისი უფლებამოსილება, რაზე შეიძლება შეედავო, რა ცოდვები უნდა მოჰკითხო. ეს ძალიან კარგად შეუძლიათ გამოიყენონ მათ, ვისაც სურს გარკვეული პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს სასამართლოს დისკრედიტაციის ფონზე. სასამართლო არ გახლავთ პოლიტიკური ავანსცენების ადგილი. ადვილია დაბრალება და რთულია "თავის მართლება". რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, მოქალაქეების უმრავლესობა ისე აფიქსირებს თავის მოსაზრებას, რომ არ ჰქონია შეხება სასამართლოსთან. მისი პოზიცია კი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლენით ჩამოყალიბდა. ეს ჩვენთვის დიდი პრობლემაა. თინა ბურჯალიანიც თვლის, რომ ეს უფრო აღქმის პრობლემაა და არა თვითონ სასამართლო სისტემისა. როცა პროცესის ერთ-ერთ მონაწილეს აქვს შეგრძნება, რომ პროკურატურა ზეწოლას ახორციელებს, ცოტა მეტი არგუმენტაციის თუ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს. როცა ერთი მხარე - ადვოკატი ან პროკურორი უფრო ძლიერია, უფრო კარგადაა მომზადებული, უფრო კარგად იცის საქმე და ამით მეტ შთაბეჭდილებას ახდენს მოსამართლეზე, ეს ზეწოლა არ არის". მანანა კობახიძის აზრით, რეფორმა აუცილებლობამ განაპირობა, რადგან ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლო ხელისუფლება პროკურატურის ნების აღმსრულებელად იქცა. "პრობლემა რეალურია - პროკურატურას დღეს დიდი გავლენა აქვს სასამართლოზე. მტკიცებულებები, რომლებიც წინასწარი ძიებიდან სასამართლოში მიდის, უაპელაციოდაა გაზიარებული მოსამართლის მიერ, მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა სასამართლო დარბაზში იშვიათად ხდება. მაშინაც კი, როცა საქმეებში არსებითი დარღვევებია. არ არსებობს პოლიტიკური ნება, თორემ ჩვენ მოსამართლეებს ნამდვილად აქვთ კვალიფიკაცია, მცდარი მტკიცებულება ნამდვილისგან განასხვავონ". თამარ ხიდაშელი ფიქრობს, რომ ცალკე აღებული ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტი ვერ შეძლებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემების მოგვარებას. "მართლმსაჯულებასთან ეფექტურად თანამშრომლობასთან დაკავშირებული პრეტენზიების უმეტესი ნაწილი სწორედ სასამართლო სისტემის პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე მოდის, მაგრამ სასამართლო არასასურველი გავლენისაგან არც ადმინისტრაციული წარმოების დროსაა დაცული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მიმართ ხელისუფლებას შეიძლება პოლიტიკური ინეტერესი ჰქონდეს". მას მაგალითად საარჩევნო დავები მოჰყავს, რომლებსაც სასამართლოები ადმინისტრაციული წესით განიხილავენ. 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნით ანგარიშში მითითებული იყო, რომ "კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სასამართლო სისტემის შესაძლებლობა, იმუშაოს, როგორც დამოუკიდებელმა ორგანომ არჩევნებთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადასაჭრელად". სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ I ინსტანციის სასამართლოებმა 2008 წელს სულ 6709 ადმინისტრაციული საქმე განიხილეს. აქედან 2973 საქმე ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ დამთავრდა, 3292 საქმე - ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ, 95 საქმე - მორიგებით; ანუ იურიდიულმა და კერძო პირებმა სახელმწიფოს საქმეების დაახლოებით 60 % მოუგეს. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, აქ განსხვავებული სურათია - 2007 წელს სასამართლომ მხოლოდ 13 ბრალდებული გაამართლა, რაც საერთო რაოდენობის 0,1 %-ია, 2006 წელს - 35, ხოლო 2005 წელს 78 ბრალდებულს, ანუ 0,8%-ს, გამოუტანეს გამამართლებელი განაჩენი. ამ ციფრების მიხედვით აშკარაა, რომ წლიდან წლამდე სასამართლო ერიდება გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რაც, ზაზა მეიშვილის აზრით, სულაც არ არის გასაკვირი, რადგანაც, "არ უნდა მოველოდეთ, რომ 100-დან 80 ბრალდებული გამართლდება. ეს კატასტროფა იქნებოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლის საქმეების 90% საპროცესო შეთანხმებებით მთავრდება, დარჩენილი 10%-დან 2% შემდეგ ისევ გარიგებით, ნაფიცი მსაჯულები საქმეების დაახლოებით 3-5%-ს განიხილავენ, 2 %-ს - პროფესიონალი მოსამართლეები, იქაც 40% - 60%-ზეა გამამართლებელი განაჩენი. ასევეა დიდ ბრიტანეთშიც. ნუ შეგვექმნება შთაბეჭდილება, რომ რადგან არსებითი განხილვიდან 40% გამართლდა, ეს საერთო რიცხვის პროცენტია. ჩვენთანაც დაახლოებით ასეთი სტატისტიკაა: 50% საპროცესოთი მთავრდება, გამართლებას რაც შეეხება, არსებობს მთლიანი გამართლება, მეორეა - როდესაც პიროვნებას რამდენიმე ბრალი აქვს წარდგენილი. შეიძლება ყაჩაღობაში გამართლდეს და ქურდობისთვის მოხდეს მსჯავრდება. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი პირველმა ინსტანციამ გაამტყუნა, სააპელაციომ გაამართლა ან ნაწილობრივ გაამართლა, ან საკასაციოში გამართლდა. ჩვენი მონაცემები დიდად არ განსხვავდება აშშ-ს და დიდი ბრიტანეთისგან. ნუ ექნება საზოგადოებას იმის მოლოდინი, რომ ნორმალურ სასამართლოში გამამართლებელ განაჩენთა რიცხვი დიდი იქნება". მანანა კობახიძის აზრით, მოსამართლეებს გამამართლებელი განაჩენის გამოტანისა ეშინიათ, რადგან ამ შემთხვევაში, კანონის მიხედვით, გამომძიებელი ან პროკურორი უნდა დაისაჯოს, ანუ ის, ვინც ეს განახორციელა. მოსამართლეებს ურჩევნიათ ის პირი დასაჯონ, ვისაც ისედაც განსასჯელის სტატუსი აქვს, ვიდრე ამას ჩინოვნიკების პასუხისგებაში მიცემა ან თანამდებობიდან განთავისუფლება მოჰყვეს. თამარ ხიდაშელი პოლიტიკური ნების არარსებობასთან ერთად არასრულყოფილ საკანონმდებლო ბაზაზეც ლაპარაკობს, რომელიც "ნებისმიერი მოსამართლის მიმართ იძლევა დისციპლინარული სამართალწარმოების დაწყების და თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას. კანონის მიხედვით, დისციპლინარულ გადაცდომად მიიჩნევა "მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას კანონის უხეში დარღვევა".ეს სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსობრივ გადამოწმებას გულისხმობს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ზემდგომი სასამართლოს და არა უშუალოდ ზემდგომი პირის პრეროგატივა უნდა იყოს. თუმცა არსებული ფორმულირების მიხედვით, "კანონის უხეშ დარღვევად" შეიძლება კანონის არასწორი განმარტება ან პროცესუალური ნორმების არასწორი გამოყენებაც შეფასდეს, რისგანაც არც ერთი მოსამართლე არაა დაზღვეული. აღნიშნული გადაცდომისთვის კი მოსამართლეს, დისციპლინური სახდელის სახით, შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლება დაეკისროს~. ერთ სტატიაში შეუძლებელია სასამართლო რეფორმის მთელი სპექტრის მიმოხილვა, თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ "სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირებისათვის საჭიროა კომპლექსური ცვლილებები, რომლებზე კონსენსუსს ფართო საზოგადოებრივი განხილვის შედეგად უნდა მივაღწიოთ". სამწუხაროა, რომ დღეს პოლიტიკოსების დიდი ნაწილი და საზოგადოება სასამართლო რეფორმაზე მსჯელობისთვის ვერ იცლის. ჯერჯერობით არც ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამხდარა საჯარო განხილვის საგანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^