Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აღდგენითი მართლმსაჯულება - დანაშაულის შემცირების თუ წახალისების გზა

16 მაისი 2019

უკვე წლებია, საზოგადოების ნაწილი დანაშაულის მატებაზე საუბრობს. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ზედმეტად ლიბერალურ მიდგომებს ასახელებს, რაც ადამიანთა მოსაზრებით, დაუსჯელობის სინდრომს აჩენს და დანაშაულს წაახალისებს. სწორედ ამ მიზეზით არ მოსწონს საზოგადოების ნაწილს აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომები.

რეალურად კი, ის დაზარალებულისა და შესაძლო დამნაშავის ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს, რათა  ორივე მხარეს ჰქონდეს სამართლიანობის განცდა.

რას გულისხმობს აღდგენითი მართლმსაჯულება, რატომაა ის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა დავიცვათ ზღვარი მასსა და დანაშაულის წახალისებას შორის - „ლიბერალი“ აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის თავმჯდომარეს, EU4JUSTICE ექსპერტს, ტიმ ჩაპმანს ესაუბრა.

საქართველოში აღდგენით მართლმსაჯულებას არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება უკვე გამოიწვია. როგორია აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ევროპის ქვეყნებში?

როცა საზოგადოება რაღაცაზე წუხს, ეს აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში. თუმცა ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან, რომ თუ აღდგენითი მართლმსაჯულება გარკვეულწილად უმსუბუქებს დამნაშავეს სასჯელს, ეს არ ნიშნავს, რომ სინამდვილეში ის დაუსჯელი რჩება.

ისინი ვერ იაზრებენ, რომ როცა არასრულწლოვანი თავად იღებს საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობას, გადის ამ პროცესს, შეიძლება თანახმა იყოს დაზარალებულისთვის რაიმე სამუშაოს შესრულებაზე, ამით ის უკეთ გრძნობს საკუთარ დანაშაულსა და პასუხისმგებლობას.

ხშირად, როცა ციხეში ვუშვებთ ბავშვს, ის ზემოხსენებულ პროცესს არ გადის, ყველაფერი მის გარეშე კეთდება. ის კი ვერ გრძნობს ვერანაირ პასუხისმგებლობას და მხოლოდ სასჯელს იღებს. შესაბამისად, ეს შესაძლოა, უარესი იყოს მისთვის; შესაძლოა, არასასურველ გარემოში მოხვდეს და ამით უფრო ჩაებას კრიმინალში. აღდგენითი მართლმსაჯულება კი ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციას და არა მის წახალისებას.

ჩრდილოეთ ირლანდიაში ძალიან ბევრი ადამიანი, მოსახლეობის 5% უკვე მონაწილეობდა აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესში. აქედან 90% კმაყოფილია  და იმედგაცრუება არ ჰქონია.

შესაბამისად, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და შევეცადოთ, რომ მათი დამოკიდებულებები კი არ უგულებელვყოთ, არამედ შევცვალოთ.

ჩრდილოეთ ირლანდიაში თუ ჰქონიათ იგივე პრობლემა და როგორ გაუმკლავდა სახელმწიფო ამას?

ირლანდიელი საზოგადოებაც არანაკლებ არის სადამსჯელო ღონისძიებების მომხრე. ამიტომ ნამდვილად გვქონდა აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართ მსგავსი დამოკიდებულების პრობლემა. თუმცა ამას დრო დასჭირდა და გადავლახეთ.

პირველ ყოვლისა, ეს იყო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამები; რეკლამები, რომლებიც ტელევიზიით გავიდა; დაიბეჭდა ბუკლეტები, სადაც აღდგენით მართლმსაჯულებაზე იყო საუბარი.

თუმცა აღდგენითი მართლმსაჯულება მაინც ისეთი რამეა, რაც თავად უნდა გამოსცადო. ის ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში, კმაყოფილი დარჩნენ და მიხვდნენ, რომ კარგი პროცესია. მერე მეგობრებს და ახლობლებს უზიარებდნენ ემოციებს და ასე გავრცელდა ინფორმაცია. ასე რომ, ყველაზე ეფექტური გზა ამ მიმართულებით პროცესში მეტი ადამიანის ჩართვაა.

ასევე, პროცესზე დაკვირვებისთვის დავპატიჟეთ პოლიტიკოსები და მოსამართლეები. მათ ნახეს, რომ ეს მიდგომები მართლა მუშაობს. მაგალითად, როცა ადამიანები ერთმანეთზე გაბრაზებული არიან, უნდათ, რომ ეს ბრაზი გამოთქვან. ეს მოთხოვნილება მართლა არსებობს და მედიაციის პროცესს რეალური ეფექტი აქვს - ბოლოს მონაწილეები ერთმანეთს უყვებიან ხოლმე რაღაცებს.

თუმცა ამას დრო სჭირდება. 16 წელია, აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესს მივდევთ და მხოლოდ ბოლო წლებია, რაც წინააღმდეგობა საგრძნობლად შემცირდა.

გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია თუ არა დადგეს ის რეალობა, რომლისაც საზოგადოებას ეშინია? ანუ სად გადის ზღვარი დაუსჯელობის სინდრომის გაჩენასა და აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომებს შორის?

ჩვენს სისტემას აქვს ორი მიზანი. პირველი ესაა დაზარალებულისთვის იმის მიგება, რაც ეკუთვნის. იქნება ეს ზიანის ანაზღაურება თუ მორალური ფაქტორები - ბოდიში, სინანულის გამოხატვა და ა.შ. მეორე მხარეს არის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი. ამ შეთხვევაში მიზეზებამდე ჩავდივართ - რამ გამოიწვია დანაშაული, რა საჭიროებები აქვს მას და ა.შ. აქ ერთვება სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და სხვა საჭირო ადამიანი. ვარკვევთ, როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მას, რომ გამოვაცალოთ კრიმინალურ სამყაროს და აღარ ჩაიდინოს დანაშაული.

მედიაციის პროცესში დაზარალებულს ხშირად სხვისი დაცვის ინტერესი ამოძრავებს,  რომ სხვა აღარ დაზარალდეს და იგივე არ გამოიაროს, რაც მან. ამიტომ ხშირად ისინი მოუწოდებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს, რომ აღარ ჩაიდინოს იგივე დანაშაული.

საბოლოო ჯამში, ეს პროცესი საკმაოდ წარმატებულია, რადგან ჩვენ პრაქტიკაში ვიხილეთ, რომ აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომები კი არ წაახალისებს დანაშაულს, ამცირებს კიდეც მას.  

რა ხდება მაშინ,  თუ მედიაცია ვერ შედგა. მაგალითად,  დაზარალებული ამბობს უარს?

თუ მედიაცია ვერ შედგა, ვიყენებთ დანაშაულთან ბრძოლის ტრადიციულ მეთოდებს. საქმე სასამართლოში ბრუნდება - სასამართლო ადგენს მომხდარს, განაჩენი გამოაქვს და სასჯელს აკისრებს დამნაშავეს. ასეთი შემთხვევები ნამდვილად გვაქვს, როცა ვერ შედგა მედიაცია. მაგრამ უმეტეს შემთხვევებში მედიაცია წარმატებულია.

უნდა ჰქონდეს თუ არა აღდგენით მართლმსაჯულებას არასულწლოვანებისა და სრულწლოვანების მიმართ განსხვავებული მიდგომა?

რასაკვირველია, განსხვავებული მიდგომა უნდა იყოს, რადგან ახალგაზრდები და ბავშვები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში არიან და ისე არ აზროვნებენ, როგორც უფროსები.

თუმცა მგონია, რომ უფროსების შემთხვევაში შეიძლება უფრო წარმატებული იყოს მედიაცია, რადგან მათ უკვე აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, შეუძლიათ საკუთარი ქმედებების გააზრება. ბავშვებში კი ამის ნაკლებობაა.

თუმცა შეიძლება, მედიაციის პროცესი დაეხმაროთ მათ საკუთარ დანაშაულზე პასუხისმგებლობის აღებაში. ასე უნდა გამოვუმუშაოთ მათ ეს გრძნობა და დავანახოთ საკუთარი ქმედებების შედეგი, რათა ამან ხელი შეუწყოს მომავალში მათი მხრიდან დანაშაულის შემცირებას.

საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ქვედა ზღვარი 14 წლია. თუმცა საზოგადოება ხშირად გამოთქვამს პრეტენზიას, რომ ეს ზღვარი უნდა დაიწიოს. როგორია საუკეთესო პრაქტიკა და რას უნდა სთავაზობდეს სახელმწიფო 14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს?

ვფიქრობ, 14 წელი შესანიშნავია. ეს ის ასაკია, რომლის შემდეგაც მეტად იაზრებს ბავშვი თავისი ქმედებების შინაარსს. ჩემს ქვეყანაში ზღვარი 12 წელია, რადგან ზოგიერთ პოლიტიკოსს არ უნდა, რომ ეს ასაკი გაზარდოს.

რაც შეეხება ბავშვებს, რომლებიც კანონს არღვევენ, მაგრამ ვერ გამოვიყენებთ სისხლისსამართლებრივ დევნას, შეგვიძლია მათთან აღდგენითი მართლმსაჯულების ელემენტები გამოვიყენოთ. ეს ხელს შეუწყობს დანაშაულის შემცირებას.

აღდგენითი მართლმსაჯულების პრაქტიკა შეიძლება იმაში დაეხმაროს ამ ბავშვებს, რომ მეტ-ნაკლებად ავუხსნათ, რა არის პრობლემა მათ ქცევაში. რეალურად ეს არის ის, რასაც მშობლები ყოველდღიურად აკეთებენ. ეს გარკვეულწილად აღზრდის პროცესია და ამ დროს შეიძლება აღდგენითი მართლმსაჯულების პრაქტიკა გამოვიყენოთ. ეს შეიძლება მოხდეს სკოლაშიც.

როცა სკოლებში აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესზე საუბრობთ, მასწავლებელი იგულისხმება მედიატორად თუ სპეც ადამიანი?

კი, მასწავლებლებს გამოვუმუშავებთ ამ უნარებსა და თვისებებს. შეიძლება 5 წუთი გაგრძელდეს მედიაციის პროცესი. მაგალითად, 2 ბიჭი ჩხუბობს, მასწავლებელმა თავისი უნარები უნდა ჩართოს ამ დროს და არ გადაწყვიტოს ეს კონფლიქტი ძალადობრივი გზით. და საბოლოო ჯამში, როცა მასწავლებლები მომზადებული არიან, ისინი ამას ყველა მიმართულებით იყენებენ და ეს ამცირებს ბულინგისა და ძალადობის შემთხვევებს.

ალბათ არ არსებობს ყველასთვის ერთი უნივერსალური მოდელი, რომელსაც ყველა ქვეყანაში დავნერგავთ. გასათვალისწინებელია სტერეოტიპები, ტრადიციების გავლენა, მენტალიტეტი და ა.შ. რა რეკომენდაციები გაქვთ, რა უნდა გავითვალისწინოთ საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის დანერგვის პროცესში?

სამწუხაროდ, ქართულ მოდელს ისე არ ვიცნობ, რომ რაიმე კონკრეტული შეფასება ან რეკომენდაცია მოგცეთ. თუმცა შევხვდი მინისტრს, მოსამართლეებს, პროკურორებს, მედიატორებს, სოც. მუშაკებს და მივხვდი, რომ აქ ადამიანების ინტელექტუალური მომზადება არ ჩამოუვარდება სხვა ქვეყნების მომზადებას. დავინახე, რომ აქ ადამიანებს აქვთ ახალი იდეებისა და გამოცდილების გაზიარების ხედვა, სურვილი და მზაობა. მთლიან პროცესს ძალიან დადებითად ვაფასებ და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი - რაც აქ ხდება, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^