ოპერისა და ბალეტის თეატრში ბიძინა კვერნაძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
...როდესაც ბიძინა კვერნაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე, ფინალში „შემოდგომის ყვავილები“ აჟღერდა (ჯერ ნანი ბრეგვაძის შესრულებით, ხოლო შემდეგ, უკვე ბისზე მხოლოდ საორკესტრო ვერსია), გადაჭედილ ოპერის დარბაზს ტელეფონების ეკრანთა სილურჯემ გადაურა. თუმცა, მალევე ეს სილურჯე ფოიერვერკის ვერცხლისფერ წვიმაში ჩაიკარგა, რომელიც მთელს დარბაზს ლამის საახალწლო განწყობის დარად მოეფინა.
რაც არ უნდა ბანალურად და ვიკიპედიურად ჟღერდეს, ბიძინა კვერნაძის შემოქმედება პირველ რიგში ქართულ პოლიფონიურ მუსიკას, ეროვნულ მელოდიურ საწყისსა და კლასიკურ ტრადიციებს ეყრდნობა. ეს კარგად წარმოჩინდა ოპერისა და ბალეტის თეატრშიც, კომპოზიტორის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე. თუმცა თაყვანისმცემლებისა და უბრალოდ, პუბლიკისთვის ამჯერად სულ სხვაგვარი ბიძინა კვერნაძე ჟღერდა - მხოლოდ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მისი მუსიკა.
საღამოს იდეის ავტორია ბიძინა კვერნაძის მოწაფე, მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში ფიქრობდა საინტერესო და მისწვდომი ფორმით წარმოეჩინა კომპოზიტორის შემოქმედება. საბოლოოდ, მაინც შეირჩა მისი კინომუსიკა, სიმღერები კინოფილმებიდან და თეატრალური სპექტაკლებისთვის სპეციალურად დაწერილი მუსიკა. ასეთი კი მართლაც უამრავია.
საღამოს რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ კლასიკური, ასე ვთქვათ, სადა და ასკეტური ფორმა არჩია, როდესაც მთავარი თავად ნაწარმოები და შემსრულებელია და არა ნაწარმოების წარმოჩენის ორიგინალური ფორმა. კონცერტის დასაწყისში შესრულებული საორკესტრო ინტროდუქციის ფონზე (მუსიკა კინოფილმიდან „განაჩენი“) სცენის სიღმრეში, ეკრანზე გამოჩნდა ტიტრები, კონცერტის ორგანიზატორთა და მონაწილეთა გვარებით. შემდეგ ეკრანი გაქრა, რომელიც საოპერო სცენის ბოლომდე გახსნილმა სივრცემ შეცვალა. რაც ორმაგ მინიშნებას უფრო ჰგავდა: რომ ეს სწორედ კინოსა და თეატრისადმი მიძღვნილი უწვეტი ლაივ-მუსიკის საღამოა.
ლიზა ბაგრატიონის მიერ შესრულებულმა „გაზაფხული მაინც მოვა“ და „ასე მგონია“, თითქმის კამერტონის ფუნქცია შეასრულა. ამის შემდეგ თითქმის ყველა ნომერი (რამდენიმეს გამოკლებით) კამერულ, ინტიმურ და შეძლებისდაგვარად კლასიკურ-საკონცერტო შთაბეჭდილებას ტოვებდა. სამწუხაროდ, პროგრამაში მითითებული თამრიკო ჭოხონელიძის „თბილისის ღამე“ მომღერლის ავადმყოფობის გამო არ შესრულებულა. თუმცა შესრულდა დუეტი „მერცხალო მასწავლე ფრენა“ (რომელშიც უკვე მისი შვილი, სოპრანო მარიამ როინიშვილი და ნეკა სებიკვერაძე მღეროდნენ).
ოდნავ მოულოდნელი აქცენტებით ჟღერდა მანანა მენაბდისა და თეატრალური კვარტეტის მიერ შესრულებული „ასეთია ქურდი კაცის ბედი“ კინოფილმიდან „განაჩენი“, რომელშიც სახელდახელო, ნედლი იმპროვიაციის სურნელი იგრძნობოდა. ყველაზე შთამბეჭდავი კი ორი საკონცერტო ნომერი აღმოჩნდა - „ლიმონას სიმღერა“ სპექტაკლიდან „საბრალდებო დასკვნა“ ნატო მეტონიძის ბრწყინვალე ინტერპრეტაციითა და გემოვნებით და მეორე - „ნუ მწერ რომ ბაღში აყვავდა ნუში“ (ნინო ქათამაძისა და სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდის ერთობლივი მისტიციზმის ნაზავი, დირიჟორი სიმონ ჯანგულაშვილი).
კონცერტის მეორე ნახევარში სცენაზე გამოჩნდა ეკა მამალაძეც, რომელმაც ჯერ მიხეილ ჯავახიშვილთან დუეტში „რატომ მიხმობ“ შეასრულა, ხოლო შემდეგ „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“ კინოფილმიდან „შეხვედრა მთაში“. თუმცა პროგრამაში მითითებული იყო, რომ ეს სიმღერა თავად ამ სიმღერის უკვდავმყოფელს, ნანი ბრეგვაძეს უნდა შეესრულებინა. სამაგიეროდ, ქართული ესტრადის დივამ ფინალში საფირმო „შემოდგომის ყვავილებს“ შეასრულა სატელევიზიო ფილმიდან „დათა თუთახშია“. რაც შემდეგ უკვე ორკესტრმა დირიჟორ კახი სოლომნიშვილის ხელმძღვანელობით ბისზე გაიმეორა.
ეკრანზე კი ამ დროს ჩანდა სხვადასხვა დროს გადაღებული კადრები, სადაც ბიძინა კვერნაძე თავისი თბილი, რბილი და სევდიანი ღიმილით თითქოს გვესალმება და გვემშვიდობება კიდეც... და ალბათ, ბევრს გაახსენდა მისი უკვდავი, სხარტი და იუმორით გაჯერებული ფრაზები. მაგალითად, ასეთი -„ხანდაზმული ვარ, ხან არა!“