ზოგადად, რამდენად დიდი როლი აქვს სოციალურ მუშაკების პროფესიას ჩვენნაირი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ქვეყანაში?
ნებისმიერ სოციალურ-ეკონომიკური მოწყობის ქვეყანაში, განვითარების რა საფეხურზეც არ უნდა იყოს ქვეყანა, სოციალურ მუშაკს ყოველთვის აქვს ფუნქცია, იმიტომ, რომ გაჭირვება და ჩაგვრა არასდროს არ არის მიბმული მხოლოდ ეკონომიკურ მიზეზზე ან მხოლოდ დისკრიმინაციაზე. როგორ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდე, როგორ გარემოშიც არ უნდა გიწევდეს ყოფნა და როგორი მატერიალური სტატუსიც არ უნდა გქონდეს, ეს სფერო უდიდესი ფუნქციის მატარებელია.
ჩვენი კონტექსტიდან გამომდინარე, რასაკვირველია სოციალური მუშაკების ძირითადი სამუშაო არეალი არის სოციალურად დაუცველი ადამიანები და ოჯახები. მეტიც, ვინაიდან სოციალურად დაუცველობა ბიუროკრატიას არის მიბმული, ბევრი ადამიანი, ამ დრომდე ყურადღების მიღმა რჩება და თითქოს სრულიად უხილავია. მაგალითად, სოციალურად დაუცველი ვერ გახდება უსახლკარობის პრობლემის წინაშე მდგარი ადამიანი, იმიტომ, რომ სოციალურად დაუცველობაც მიბმულია საცხოვრისთან: ნაქირავები ფართი იქნება, სარდაფი თუ სხვა, საცხოვრებელი უნდა გქონდეს. სოცმუშაკები ჩვენთან მუშაობენ სოციალურად დაუცველებთან, მაგრამ ასევე მათ საქმიანობაში შედის ნივთიერებაზე , თამაშზე დამოკიდებული ადამიანები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო, LGBTQI ჯგუფი, და ა.შ.
სოციალური მუშაკების საჭიროებებზე რომ გვესაუბროთ, რა გახდა მათი პროტესტის მიზეზი და თავად რატომ აღმოჩნდნენ სისტემის წინაშე დაუცველი?
სოცმუშაკის პროფესია ორი ათწლეულია, რაც საქართველოში შემოვიდა და აკადემიურ დისციპლინად 2006 წლიდან გადაიქცა. არსებობს პროფესიული ასოციაცია. საქართველოში უკვე ექვსასამდე სოციალური მუშაკია, არსებობს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაც. სახელმწიფომ ბევრი ვალდებულება აიღო და შეუერთდა ძალიან მნიშვნელოვან კონვენციებს, თუმცა, ეს პროცესი სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერების გარეშე წყალში ჩაყრილია, რადგან სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერებაზე, ერთიანი ხედვა არ შექმნილა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომელიც სოციალური მუშაკების ყველაზე დიდი (250-მდე სოციალური მუშაკის) დამსაქმებელია და მთელს საქართველოს მოიცავს.
ეს უწყება არ ზრუნავს არც კადრების რაოდენობის გაზრდაზე, არც მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, არც შრომითი პირობების მოგვარებაზე და საერთოდ უგულებელყოფილი აქვს სოციალური მუშაკის საჭიროებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლი სახელმწიფოსა და ხალხს შორის, თუ სოციალური მუშაკია და შენ მის საჭიროებებს არ იცნობ, ვეღარ ემსახურები მოსახლეობას სათანადოდ.
თუ შენ გყავს დაჩაგრული, უხმო, ღარიბი სოცმუშაკი, ის იმ ადამიანის ხმას შენამდე არ მოიტანს. იმიტომ, რომ დღეს მათ დაამახინჯეს თვითონ სოციალური მუშაკის გაგება. პროფესია მუშაობს სამ დონეზე: მიკროდონე (მუშაობს ადამიანთან, რომლებსაც აქვს, პირობითად, ნარკოტიკთან დაკავშირებული პრობლება ან არიან უმუშევრები), მეზოდონე (მუშაობს ამ ადამიანის ოჯახთან, გარშემომყოფებთან და სამეზობლოსთან, რომ მოახდინოს მისი ინტეგრირება) და მესამე, მაკროდონეზე (მუშაობს ადამიანებთან, რომელთაც საერთო პრობლემები აქვთ, მათ გასაერთიანებლად და მათი პრობლემების უფრო ზემოთ, ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ან ეროვნულ დონეზე ასატანად, პარლამენტში ინიცირებისთვის და ა.შ.).
სოციალური მუშაკები გაჭედილნი არიან შუაში, მაქსიმუმ მივიდნენ ოჯახამდე და უკვე ადამიანების ხმის გაჟღერებას ზემოთ ვერ ახერხებენ. მგონია, რომ ეს მიზანმიმართულად არის გაკეთებული. როცა ჩაგრულ მდგომარეობაში ამყოფებენ თვითონ სოცმუშაკს, ის სხვისი ყოფის რეალურ გარდაქმნას ვერ შეძლებს.
იმდენად მასშტაბური საკითხია, როცა კოლექტიურ დავას ვწერდით, ჩვენ გვითხრეს, რომ ასე არ შეიძლება, ყველაფერს ითხოვთ. მაგრამ ახლაც ზუსტად ამ აზრზე ვართ, რომ ერთი, ორი, სამი ან თუნდაც ხუთი პრობლემის მოგვარებით სურათი არ შეიცვლება. ამიტომ გვინდა, რომ სისტემურად ყველა პუნქტი, რაც გვიწერია, ყველაფერი თუ არ შესრულდა, ვერც სოციალური მუშაკი და ვერც სოციალური სამსახური წელში ვერ გაიმართება.
რატომ გახდა საჭირო სოციალურ მუშაკთა პროფკავშირების შექმნა?
გაფიცვა სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა. ეს ადამიანები მართლა მანქანა-დანადგართან ხომ არ მუშაობენ, რეალური ქეისები აქვთ დატოვებული. ამიტომ მოგვიწია დავბრუნებულიყავით სამუშაო ადგილებზე. მაგრამ, გვჭირდებოდა ბრძოლის ახალი მექანიზმი, რაღაც ახალი ველი და საუკეთესო გზად პროფესიული კავშირის შექმნა ჩავთვალეთ.
არსებობს დიდი პროფესიული კავშირების გაერთიანება და ჩვენი ალტერნატივა იყო, რომ მათი ნაწილი გავმხდარიყავით. თუმცა, ჩვენ ვარჩიეთ, არავის შევერთებოდით, პირიქით ვყოფილიყავით აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ჩვენი პროფკავშირები არის წევრობაზე დაფუძნებული - გვაქვს დემოკრატიული წესდება. გაწევრება არის ნებაყოფლობითი. უბრალოდ გვაქვს ოთხი კრიტერიუმი, რომელსაც სოციალური მუშაკი უნდა აკმაყოფილებდეს: სწავლობდეს სოციალური მუშაკის სამაგისტრო, საბაკალავრო ან სადოქტორო პროგრამაზე; ან დასრულებული უნდა ჰქონდეს; ან უნდა მუშაობდეს სოციალურ მუშაკად; ან ჰქონდეს სოციალურ მუშაკად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.
გაერთიანება 61-მა ადამიანმა დავაფუძნეთ. უკვე დაახლოებით 25-მდე განცხადება გვაქვს მიღებული, ახლა უნდა დავსხდეთ, განვიხილოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები შემოერთებაზე. თვითონ პროფკავშირი, კლასიკური გაგებით, ეს არის შენი წევრების ეკონომიკური და შრომითი უფლებების დაცვა და საუკეთესო შემთხვევაში, უფრო მაღალ დონეზეც მუშაობა, ცვლილებების ინიცირება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ ჩავიკეტოთ მხოლოდ ჩვენს წრეში, არ ვისაუბროთ მხოლოდ ჩვენს საჭიროებებზე.
სოციალური მუშაკი შეიძლება მშენებლობაზე არ მუშაობს, მაგრამ შრომითი ინსპექტირება, რომელსაც შრომითი უფლებების შემოწმების ვალდებულება უნდა მიანიჭოს, ამას ჩვენც მხარს დავუჭერთ და უფრო ფართო ბრძოლის ნაწილიც უნდა გავხდეთ.
რომელი საკითხია ამჟამად ყველაზე აქტუალური, რასაც თქვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილი შეგვიძლია ვუწოდოთ?
სოციალური მუშაკი უმეტესად მუშაობს ბავშვთან და ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი, მათ შორის ოჯახებთან მუშაობის დროსაც. ხომ არ არის მშობლის დისფუნქცია ან ხომ არ არის ჩაგვრა. შეძლებს თუ არა ის მომავალში პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავებას, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაცულია, რამდენად უსაფრთხოა ბავშვობაში, რამდენად სწორად იკვებება (ბევრს ეს საკითხი ძალიან ხელ-წამოსაკრავი ჰგონია, მაგრამ, მაგალითად, ხუთ წლამდე როგორ იკვებება ბავშვი, ეს მის ჯანმრთელობაზე ძალიან მოქმედებს). ამიტომ, სოციალური მუშაკების ამოსავალი ძირითადად არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი და ძირითადი აქცენტი მათზე სწორედ ამიტომ კეთდება.
საიდან უნდა დაიწყოს ძირეული ცვლილებები?
პროფკავშირი ჩვენთან ძირითადად ასოცირდება საბჭოთა გადმონაშთთან, რომელიც ფორმალურად არსებობს და რომელიც მხოლოდ პირველ მაისს უნდა გამოვიდეს და რაღაცები იყვიროს. ხალხშიც ნიჰილისტური განწყობაა, რადგან ნაკლებად ვიცით წარმატებული მაგალითები, თუ რა გააკეთა პროფკავშირმა. პროფკავშირი, ინდუსტრიული, მუშის დამცველი ორგანიზაცია გვგონია: აუცილებლად კასკა უნდა გეხუროს, აუცილებლად მშენებლობაზე უნდა იყო, ან შახტში, ან მაღაროში. და ჩვენი ტიპის პროფესიონალებისთვის, პროფკავშირის ცნება ცოტა უცხოა. ჩვენს შემთხვევაშიც არავის დაგეგმილი არ გვქონდა, არავის ნაფიქრი არ გვქონდა, სიტუაციამ მოგვიყვანა აქამდე და მგონია, რომ სწორედ ასე, გარემოებებმა უნდა გამოიწვიოს ძირეული ცვლილებები. მგონია, რომ სწორად მივდივართ, რადგან არცერთი წამით არ მოვდუნებულვართ, მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვა შევწყვიტეთ.
პრობლემები სოციალურ მუშაკებში - ეფექტიანობა და პრობლემები, როგორ უყურებთ ამ საკითხს?
ჩვენ ვაღიარებთ, რომ სოციალურ მუშაკებშიც არის პრობლემა, რომელიც სისტემური პრობლემის ნაწილია. პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს სოციალური მუშაკების უწყვეტი განათლების სტანდარტი: ისწავლა, გამოვიდა, დაიწყო მუშაობა. მერე? საქმეები დაემატა, კანონმდებლობა შეიცვალა, კონვენციები შევიერთეთ. ამას პროფესიული ზრდა უნდა მოჰყვეს. მაგალითად, ვერცერთ ნორმალურ ქვეყანაში ვერ ნახავთ და წარმოუდგენელია სოციალური მუშაკი მუშაობდეს პროფესიული ზედამხედველობის გარეშე. ერთი სოციალური მუშაკიც რომ გყავდეს ორგანიზაციაში, მას უნდა ჰყავდეს პროფესიული ზედამხედველი, იმიტომ რომ გადაწვის მაღალი რისკის პროფესიაა, სულ ბეწვის ხიდზე დადიხარ და ეს პროფესიული ზედამხედველი შენ აუცილებლად გჭირდება. არის რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც კარგად გაცნობიერებული აქვთ და ამას აკეთებენ, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოში ასეთი რამ საერთოდ არ არსებობს. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა: პროფესიული ზედამხედველობა, იმიტომ რომ განსხვავებით სხვა პროფესიებისგან, სოციალური მუშაკი ვერ იკეტება მხოლოდ სამუშაო აღწერილობაში, ვერ შემოიფარგლება მხოლოდ იმით კანონი რას ეუბნება. მან რაღაც გადაწყვეტილებები მისი შინაგანი რწმენიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.
თუ გაქვთ შემუშავებული კონკრეტული გეგმა: რა ნაბიჯებს გადადგამთ სოციალურ მუშაკების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად?
ჩვენი პროფკავშირი ყველა სოცმუშაკისთვის ღიაა და უბრალოდ ჯერჯერობით ხმამაღლა ვსაუბრობთ სოციალური მომსახურების სააგენტოს პრობლემებზე, იმიტომ, რომ აქ ყველაზე მეტი ადამიანია და ყველაზე მეტი წნეხი იყო. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრგან არ არის კარგი მდგომარეობა და თავისუფლად შეიძლება ბრძოლის სხვა კერებიც გაჩნდეს. როგორც მომწიფდება სიტუაცია, ჩვენ მხარს დავუჭერთ. მაგრამ უშუალოდ ამ პროტესტს რომ მივყვეთ, თუ გონივრულ ვადებში რაღაცები არ მოხდება, ბრძოლის რა მეთოდს ავირჩევთ, არ ვიცი. ერთ-ერთ ვარიანტად რასაც განვიხილავთ, არის შემდეგი -არსებობს ასეთი ცნება - კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც პროფკავშირში გაწევრებულ რაღაც დასაქმების ადგილას მყოფ ადამიანებს შეუძლიათ გააკეთონ. შეიძლება მოვითხოვოთ ეს კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც დგას ინდივიდუალურ ხელშეკრულებაზე მაღლა და დგას შრომის კოდექსზე მაღლაც, თუკი დამსაქმებელი ამაზე თანხმდები. ამ კოლექტიურ ხელშეკრულებაში რასაც გაწერ, რა თქმა უნდა, მისი აღსრულების ვალდებულება მას ენიჭება. ეს არის ერთ-ერთი. თუმცა როგორ რეჟიმში ვართ იცით? ყოველდღე სამ წერილს რომ წერ, შეგაქვს სამინისტროში და სანამ ინფორმაციის გამოთხოვის მე-10 დღე არ ადგება, სამუშაო წერილს არაფრით არ გიგზავნიან უკან... იყო კიდევ ასეთი მაგალითი: როცა მანქანები დააყენეს თავიდან თბილისში, მართლა ემსახურებოდნენ მუშაკებს და ცოტა ამოისუნთქეს კიდეც. არ გავიდა რამდენიმე დღე და ისევ შეზღუდეს ეს სერვისი სანამ არ გამოვხატეთ მორიგი პროტესტი. მერე ხელახლა გამოყვეს მანქანები და წერილობით დავადასტურებინეთ, რომ აი ეს მანქანები ნამდვილად აქ იქნება.
შემიძლია კიდევ უფრო კონკრეტული მაგალითები მოგიყვანოთ: მაგალითად, ისანი-სამგორის სერვისცენტრში 2018 წელს ერთ სოციალურ მუშაკს თვეში ნამუშევარი აქვს 132 შემთხვევაზე. ეს საერთოდ ფანტასტიკის ჟანრია. 132 შემთხვევა ერთ თვეში. სულ რომ თავი დაანებო სიღრმისეულ სამუშაოს, ერთხელ რომ მიხვიდე ადამიანი, ესეც კი შეუძლებელია. 30 დღეზე რომ დაითვალო, 4 შემთხვევა გამოდის თითო დღეზე, მაშინ როცა ერთ შემთხვევაზე მისვლისთვის შეიძლება ერთი კვირა დაგჭირდეს - ოჯახი, პოლიცია, სასამართლო, ათასი რამეა. უფრო რთული მდგომარეობა იყო გლდანი-ნაძალადევის რაიონში, სადაც ვხვდებით 200-მდე შემთხვევასაც.
თქვენი საუბრიდან ირკვევა, რომ სოციალური მუშაკები ხშირად თავად არიან ექსპლუატაციის ობიექტი, შეჯამების სახით რა შეგიძლიათ გვითხრათ?
სოციალურ მუშაობაზე კანონია შექმნილი და ამ კანონის სამოქმედო გეგმაზე წერია, რომ 2019 წელს სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა დაამატოს 50 სოციალური მუშაკი. კი, 2019 წელს რაღაც ვაკანსიები ცხადდებოდა, მაგრამ ამ პერიოდში იმდენი წავიდა, 2018 წელს 248 სოცმუშაკი იყო და ახლა 239-ია. თავიდან აპირებდნენ რომ ეთქვათ დავამატეთო, სანამ ფაქტები წინ არ დავუდეთ და არ ვუთხარით, რომ ეს დამატება კი არა, შევსებაა. ასეთი დეტალები არაერთია და ყველა ნაბიჯზე არის ჩავარდნა. სოციალური მომსახურების სააგენტო ყველაფერთანაა დაკავშირებული: სასამართლოსთან, პოლიციასთან, ექსპერტიზასთან და ყველა უწყებაში ჩვენ ვამბობთ, რომ ვერ მიგვაქვს სასამართლოში კვალიფიციური დასკვნები. როდის უნდა დავწერო ეს დასკვნა, როგორ უნდა შევაფასო ოჯახი სრულფასოვნად. რა უნდა გავაკეთო ამ პირობებში, წარმოუდგენელია. რაც აქამდე გაკეთდა ამ ადამიანების ფიზიკური ექსპლუატაციის ხარჯზეა და არამარტო სოცმუშაკების, სოცმუშაკების ოჯახებისაც, იმიტომ, რომ, თუ ოჯახის მხარდაჭერა არ გაქვს, თუ ხანდახან გზის ფულს არ გაძლევენ, შეუძლებელია საქმიანობა პირნათლად შეასრულო. ჩვენთვის კიდე პრობლემურია ზეგანაკვეთური შრომა, რომელიც შრომის კოდექსშივე პრობლემურია - სააგენტოს მოწოდებული ინფორმაციით, მაგალითად 2017 წელს, EMC-ის წერენ - რომ კი დავითვლიდით საათებს, მაგრამ ვერ ვითვლით სოციალური მუშაკების დროს, რადგან სულ მუშაობენო.