Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პატარ-პატარა ნაბიჯებით მიზნამდე“ - ნინო კაპერსკი თავის მოსწავლეებსა და სკოლაზე

28 მაისი 2019

ზარის ხმასთან ერთად მე-200 საჯარო სკოლის დერეფნები ნელ-ნელა ცარიელდება. ნინო კაპერსკი თავის მოსწავლეებთან ერთად საკლასო ოთახში შედის. ის უკვე ხუთი წელია, ამ სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. მე-200 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ. სანამ მისი მოსწავლეები მარიამი, ლუკა და ალექსანდრე მერხებს მიუსხდებიან, ნინო გაკვეთილისთვის მომზადებულ სასწავლო მასალებს აწესრიგებს. დღევანდელი გაკვეთილის თემა სხეულის ნაწილებია. ნინოს ფერადი ფურცლებით, პლასტილინით, ჭიკარტებით, თავისივე შექმნილი ფაზლებით თითოეული მათგანისთვის განსხვავებული დავალება აქვს მომზადებული, იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობები ან საჭიროებები აქვთ მის მოსწავლეებს.

იმისათვის, რომ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი და მასწავლებელმა რთული ქცევის მართვა შეძლოს, თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს; გაითვალისწინოს, რა უჭირს და რა შესაძლებლობები აქვს, - ამბობს ნინო და მაგალითად მოჰყავს მარიამი, რომელსაც გაკვეთილზე სხეულის ნაწილის - კბილების აწყობა სხვებისგან განსხვავებით პლასტილინის მეშვეობით დაავალა. ნინო ამბობს, რომ ამ დავალების მიზანი მარიამისთვის ნატიფი მოტორული უნარების განვითარება იყო. ამ ტიპის დავალებები თითების მოქნილობას ავითარებს და მიზნად ისახავს ისეთი ფუნქციური უნარების განვითარებას, როგორიცაა საწერი კალმის ან ფანქრის ხელში სწორად დაჭერა, ფეხსაცმლის თასმებისა თუ ტანსაცმლის ღილების შეკვრა და ა.შ.  

ნინო ფიქრობს, რომ დავალება ბავშვის ინტერესს უნდა იყოს მორგებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებელს უჭირს, სწორად წარმართოს საგაკვეთილო პროცესი. სწორედ ამით ხსნის იმ მრავალფეროვან დავალებებს, რომლებიც გაკვეთილისთვის მოამზადა, იქნება ეს ტექსტური, აუდიო- თუ ვიდეომასალები. ნინო საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ საგაკვეთილო პროცესში ერთი მოსწავლის ჩაურთველობაც კი ავტომატურად იწვევს კლასში ქაოსს და შლის საგაკვეთილო პროცესს. ინდივიდუალურია მოსწავლეების საჭიროებები,- ის, რაც საინტერესოა ალექსანდრესთვის, რომელსაც შეუძლია დამატებითი ინსტრუქციის გარეშე ჩასწვდეს დავალების შინაარსს, დამოუკიდებლად გამოჭრას ასოები და მერე მათი მეშვეობით ააწყოს სიტყვა, უინტერესო აღმოჩნდა ლუკასთვის, რომელსაც ურჩევნია იმავე ტიპის დავალება ფაზლის მეშვეობით ააწყოს.

„მიზნამდე პატარ-პატარა ნაბიჯებით უნდა მიხვიდე“

ხუთი წლის წინ, როცა ნინომ მე-200 სკოლაში მუშაობა დაიწყო, სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. პირველი გაკვეთილი დღეს უკვე გასახსენებლად სახალისოა, თუმცა მარტივი არ ყოფილა: „მახსოვს, პირველად მეორე კლასელებთან შევედი და კუბიკები შევიტანე, მაგრამ ბავშვები ვერაფრით დავაწყნარე, ქაოსი იყო. ვერაფერი მოვიფიქრე და დავიწყე ხმამაღლა სიმღერა. ვხედავდი, გაოცებისგან თანდათან როგორ დაწყნარდა კლასი, მერხებს დაუბრუნდნენ და გაფართოებული თვალებით მისმენდნენ. გამოცდილებამ მოიტანა ის, რომ ახლა უკვე ვიცნობ თითოეული ბავშვის ინტერესს, შესაძლებლობას და იმ რესურსს ვთავაზობ, რომელიც დააინტერესებს, რაც მისთვის სასარგებლო იქნება. მაშინ სასწავლო რესურსი, სავარაუდოდ, არასწორად შევარჩიე. ამას ნელ-ნელა სწავლობ, რა სჭირდება შენს მოსწავლეებს. თვითონ ბავშვებმა მასწავლეს ეს“.

ნინო ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყოველი გაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებელს ჰქონდეს მიზანი და ზუსტად იცოდეს, რა ნაბიჯებით ატაროს ამ მიზნის მიღწევისკენ თავისი მოსწავლე.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების შემთხვევაში ამ მიზნამდე პატარ-პატარა ნაბიჯებით უნდა მიხვიდე, მოთმინებით. მნიშვნელოვანია, დავალება წარმატების შეგრძნებას იწვევდეს მოსწავლეში. შეიძლება რაღაც ნაწილი უჭირდეს, მაგრამ რაღაც ნაწილს ართმევდეს თავს. ყურადღებას ვამახვილებ წარმატებაზე და არა მარცხზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ მარტივ დავალებებს ვაძლევ, ნელ-ნელა ვართულებ დავალებას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ დასახულ მიზნამდე“,- ამბობს ნინო.

ნინო ფიქრობს, რომ მასწავლებელი მოსწავლეებისთვის ერთგვარი მოდელია, რომელსაც ბაძავენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რა მაგალითს უჩვენებს თავის მოსწავლეებს. ამის დასადასტურებლად კი არაერთ მაგალითს იხსენებს, როცა მისი მოსწავლეები საკლასო ოთახში სხვების დამშვიდებას სწორედ მისივე ჟესტებითა თუ სიტყვებით ცდილობდნენ.

ამბობს, რომ მისდაუნებურად ასეთი მოდელი აღმოჩნდა მაღალმთიანი სოფლის სკოლებშიც, სვანეთსა და ხულოში, სადაც პროფესიული საქმიანობა 11 წლის წინ დაიწყო. იხსენებს, რომ განსაკუთრებით თემში მცხოვრები გოგონების მშობლებისთვის მისი მაგალითი ერთგვარი სტიმული იყო, რომ სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც, მათ შვილებს ჰქონდათ დასაქმებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება.

„მაღალმთიან სოფლებში, - თავდაპირველად სვანეთში, შემდეგ კი „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში - ხულოში, მასწავლებლად მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა, რაც შემდგომ უკვე ძალიან დამეხმარა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას. ყველაზე მთავარი ალბათ მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და მოთმინებაა, რომ ნელ-ნელა შედეგი გვქონდეს. ყოველდღიურად ამ შედეგის დანახვა რთულია, მაგრამ წლის ბოლოს, როცა გადავხედავ სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით თითოეული მოსწავლის დავალებებს, უკვე ადვილი შესამჩნევია პროგრესი. მოტივაციასაც ეს მაძლევს, როცა ვხედავ, რომ მოსწავლე წინ მიიწევს, ხანდახან ნელა, მაგრამ მაინც წინ“.

მასწავლებელთა გამოწვევები სპეციალიზებული პროფილის მქონე სკოლებში

სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ნინო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სკოლებში, რომლებიც განკუთვნილია მძიმე ან ღრმა ინტელექტუალური განვითარების დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის, სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ხორციელდება, აქედან გამომდინარე კი ბევრ ისეთ საქმესთან არის დაკავშირებული, რომელსაც, მისი შეფასებით, რეალურად სარგებელი არ მოაქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის.

„დამრიგებელმა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უნდა ჩაატაროს დამრიგებლის საათი, რომლის მიზანია კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ჩატარება რთულია მძიმე და ღრმა ინტელექტუალური განვითარების დარღვევების მქონე მოსწავლეებთან. არა მგონია, თვეში ერთხელ განხილული საკითხით რაღაც მიზანს მიაღწიო, ამაზე დროს ფუჭად ხარჯავენ მასწავლებლები. ისევე როგორც შემაჯამებელი დავალებების ფორმის შევსება არაფრისმომცემი დატვირთვაა ჩვენთვის, რადგან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგისა და ყოველი დავალების ანალიზის შედეგად მასწვლებელს ისედაც აქვს ინფორმაცია, რამდენად წარმოაჩინა მოსწავლემ გეგმის მიხედვით განსაზღვრული ცოდნა ან უნარ-ჩვევები“, - განმარტავს ნინო.

ნინოს თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლების დადებითი მხარეა ის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. ნინო ამბობს, რომ მოსწავლეებისთვის, რომელთა უნარები, საჭიროებები და შესაძლებლობები განსხვავებულია, ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა. ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის ფორმები კი, როგორიცაა, მაგალითად, სასწავლო გეგმაში ალტერნატიული მიზნების შეტანა, მოსწავლეთა საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა. მისი შეფასებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ხარვეზი ის არის, რომ მასში დღესდღეობით არ არის განსაზღვრული ალტერნატიული მიზნები მოსწავლის ფუნქციური უნარების განვითარებისათვის.

ის განმარტავს, რომ ალტერნატიული მიზნების საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც მოსწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მინიმალური ბარიერის გადალახვაც კი არ შეუძლია. ალტერნატიული მიზნების შემუშავება განსაკუთრებით აქტუალურია მრავალმხრივი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის. ნინო მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში მოსწავლეთა დამოუკიდებლობისთვის ბევრად უფრო მიზანშეწონილია ყოველდღიური სასიცოცხლო ფუნქციური უნარ-ჩვევების გამომუშავება, თუნდაც თვითმომსახურების უნარ-ჩვევებისა.

ეროვნული სასწავლო გეგმა იძლევა ალტერნატიული მიზნების შემუშავების შესაძლებლობას. თუმცა ნინოს აზრით, უკეთესია ალტერნატიული სასწავლო გეგმა, რომელიც მოსწავლისათვის კონკრეტულ მიზნებს განსაზღვრავს.  ის ამბობს, რომ ამ მხრივ გარკვეული ცვლილებები უკვე დაგეგმილია. მძიმე ინტელექტუალური განვითარების მქონე ბავშვების შემთხვევაში სკოლაში ალტერნატიულ სასწავლო გეგმებს უკვე იყენებენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ეკა დგებუაძის განმარტებით, სამინისტრომ შეიმუშავა ალტერნატიული სასწავლო გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში, სადაც ძირითადი აქცენტი სწორედ მოსწავლეების ფუნქციური უნარების განვითარებაზე კეთდება. მისივე განმარტებით, უკვე გადამზადდნენ მასწავლებლები, მათ შორის მე-200 საჯარო სკოლაშიც, ალტერნატიული სასწავლო გეგმების გამოყენებაში, ახალი სასწავლო წლიდან კი გეგმა დამტკიცდება.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ნინო ამახვილებს ყურადღებას, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სექმაში სტატუსის ამაღლების საკითხია. ნინოს ამჟამად უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.

პრობლემის საჩვენებლად მას მათივე სკოლის მაგალითზე დაწყებითების საფეხურის უფროსი მასწავლებლების მაგალითი მოჰყავს, რომლისთვისაც ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობა სამოდელო გაკვეთილის ჩატარებაა. ნინო ამბობს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან თითქმის შეუძლებელია სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, რადგან მოსწავლეებს არ აქვთ ის უნარები, რომლებიც სამოდელი გაკვეთილის ჩატრაებისთვისაა საჭირო. შესაბამისად, გაკვეთილის შეფასების რუბრიკა იმ პედაგოგების საჭიროებებს არ არის მორგებული, რომლებსაც სპეცმასწავლებლების სტატუსი არ აქვთ, მაგრამ მუშაობენ მძიმე და ღრმა ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეებთან. 

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ნინომ თავისი სკოლის დირექტორთან ერთად მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა. როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მანანა რატიანმა „ლიბერალს“ უთხრა, ცენტრმა უკვე მოამზადა შესაბამისი ცვლილებები, რომელთა ინიცირებაც მოხდა და მთავრობას წარედგინა.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით, რესურსსკოლებს (სპეციალიზებულ სკოლებს) მიეცემათ საშუალება საკუთარი საჭიროებების მიხედვით მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში სტანდარტიზებულ რუბრიკებს ცვლილებები გაუკეთონ და თავიანთ საჭიროებებს მოარგონ. მანანა რატიანი მიიჩნევს, რომ ეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან სკოლებში დასაქმებულმა სპეციალისტემბა თავად უკეთ იციან თავიანთი საჭიროებები და უფრო კომპეტენტურად გადაწყვეტენ, როგორ მოარგონ სტანდარტიზებული რუბრიკები მათ საქმიანობას.

***********

გაკვეთილის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, მარიამი, ლუკა და ალექსანდრე მასწავლებელს სასწავლო მასალების დალაგებაში ეხმარებიან. ზარის ხმის გაგონებისას ემშვიდობებიან და საკლასო ოთახს ტოვებენ. ნინო მომდევნო გაკვეთილისთვის მათ დავალებას დღევანდელ გაკვეთილზე დანახული საჭიროებების მიხედვით განსაზღვრავს.

ნინო ამბობს, რომ სასწავლო რესურსები, გზამკვლევები მასწავლებლებისთვის ქართულ ენაზე ძალიან მწირია. უცხო ენის ცოდნა კი ეხმარება, გაეცნოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის თანამედროვე გამოცდილებას და საჭიროებისამებრ გამოიყენოს სასწავლო რესურსების შექმნისას ან გაკვეთილის დაგეგმვისას. ნინოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგების გამოცდილების გაზიარება. ამბობს, რომ ხშირად სწორედ გამოცდილების გაზიარებით იბადება ახალი იდეები და უფრო მარტივი ხდება სირთულეების დაძლევა.

ნინო კაპერსკი 2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულის წევრია. გასულ წელს კი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. პროექტს „კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო“ ახორციელებს „გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით. ნინოს პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეზე ორიენტირებული ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური მიდგომის დანერგვის მეთოდების შესახებ სასწავლო პროგრამის გავლას, ასევე მიღებული გამოცდილების საჯარო და სპეციალური სკოლების პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის გაზიარებას.

„მე გარეგანი მოტივაცია არ მჭირდება ხოლმე, რომ რაღაცის გაკეთების სანაცვლოდ რაღაც მივიღო. მთავარია, შინაგანად ვიყო კმაყოფილი. შინაგანად კმაყოფილი როდის ვარ? - მაშინ, როცა შედეგი მაქვს, ხანდახან მცირე, მაგრამ მაინც, იმიტომ, რომ სწორედ პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიძლევა სირთულეები“, - ამბობს ნინო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^