Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხორხე ლუის ბორხესი – კაცი, რომელმაც მკითხველი მწერლად აქცია

09 მაისი 2019

გენიალური არგენტინელი პროზაიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი – ხორხე ლუის ბორხესი, უპირველეს ყოვლისა, თავისი უაღრესად ლაკონიური პროზაული ფანტაზიებითაა ცნობილი, რომელთა იოლი ფორმის უკან, ფუნდამენტური ფილოსოფიური პრობლემები იმალება.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ბორხესი ესპანურენოვანი ლათინოამერიკული პოეზიის მთავარი წარმომადგენელი გახდა, საერთოდაც, ხორხე ლუის ბორხესი ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერალია.

ფრანცისკო ისიდორო ლუის ბორხეს ასევედო, არგენტინული ტრადიციისამებრ, სრული სახელითა და გვარი არასდროს სარგებლობდა. მამის მხრიდან ესპანური და ირლანდიური წარმომავლობა ჰქონდა, დედისგან კი პორტუგალიურ-ებრაული. თავად ბორხესი ამტკიცებდა, რომ მის ძარღვებში ბასკური, ანდალუზიური, ებრაული, ინგლისური, პორტუგალიური და ნორმანული სისხლი ჩქეფდა.

ოჯახში ესპანურად და ინგლისურად საუბრობდნენ და ბორხესმა ორივე ენა მალევე შეითვისა, წერა-კითხვა კი 4 წლის ასაკში ისწავლა. 6-7 წლის იქნებოდა, როდესაც პირველი მოთხრობა დაწერა ესპანურად, „La visera fatal“ („საბედისწერო მუზარადი“).

სკოლაში სწავლა 9 წლისამ დაიწყო და ამ მოვლენას ერთი სახალისო ამბავი უკავშირდება: ბორხესი არათუ პირველ ან მეორე, პირდაპირ მესამე კლასში შეიყვანეს, თუმცა მეორე დღესვე მეოთხეში გადაიყვანეს. აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც მასწავლებლები ახალს ვერაფერს ასწავლიდნენ, რადგან ბავშვმა უკვე ბევრი რამ იცოდა...

10 წლისა იყო, როდესაც ოსკარ უაილდის „ბედნიერი უფლისწული“ თარგმნა და საბოლოოდ ჩაეფლო ლიტერატურაში, როგორც ეს მისი დაბადებისთანავე იყო განსაზღვრული. საქმე ისაა, რომ თავის დროზე, მწერლის ბედი ბორხესის მამისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა, მხედველობის დაკარგვის გამო, რასაც მომავალში ვერც ბორხესი გადაურჩა, ოჯახში უთქმელად გადაწყდა, რომ მამის საქმე შვილს უნდა შეესრულებინა და სწორედ ხორხე ლუისს უნდა ეპასუხა ბედისწერის გამოწვევისათვის. თავად ბორხესი აღნიშნავდა, რომ მის მწერლობა თავისთავად გადაწყვეტილი ამბავი იყო და წერა 6 წლის ასაკში დაიწყო.

1914 წელს ოჯახი ევროპაში წავიდა დასასვენებლად, მაგრამ მალევე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და არგენტინაში დაბრუნება ვეღარ შეძლეს. ოჯახი ჟენევაში ყველაზე უსაფრთხო  ადგილას აღმოჩნდა, სადაც ლუისი და მისი და ნორა სკოლაშიც შეიყვანეს. შემდგომში ხორხე ლუის ბორხესი ჟენევის კოლეჯში მოეწყო, სადაც ლექსებს ფრანგულ ენაზე წერდა. ომის ბოლო პერიოდში კი ესპანეთში გადავიდნენ, სადაც ჩვენი მწერალი ულტრაისტებს, პოეტების ავანგარდულ ჯგუფს შეუერთდა, ხოლო 1919 წლის 31 დეკემბერს, ჟურნალ „გრეციაში“ ბორხესის პირველი მხატვრული ნაწარმოები, ლექსი გამოქვეყნდა.

ოჯახი არგენტინაში 1921 წელს დაბრუნდა. იქ ბორხესმა ბუენოს აირესის შესახებ თავისი ადრეული ნაწარმოებები, ურითმო ლექსები შექმნა. ამ ლექსებში ავტორი ბრწყინავდა ერუდიციით, ენების, ფილოსოფიისა და სიტყვის ოსტატური ფლობით. მშობლიურ ქალაქში, სხვადასხვა გამოცემებთან თანამშრომლობის პარალელურად, ბორხესმა საკუთარი ჟურნალები: „პრიზმა“ და „პროა“ დააფუძნა. 1923 წელს კი, ევროპაში გამგზავრების წინ, ლექსების პირველი კრებული – „ბუენოს აირესის სიცხე“ გამოსცა. მასში 33 ლექსი შევიდა, ხოლო წიგნის ყდის დიზაინი ბორხესის მხატვარმა დამ, ნორამ შექმნა.

ეტაპობრივად ბორხესმა პოეზიიდან – ე.წ. ფანტაზიურ პროზაში გადაინაცვლა და მისი საუკეთესო მოთხრობების უმეტესობა, ბორხესის ყველაზე მნიშვნელოვან კრებულში – „ფიქციებში“ („გამონაგონი“) გაერთიანდა, რომელიც 1944 წელს გამოქვეყნდა. ამ მოთხრობების ნაწილი ასევე შესულია „ბროდის ანგარიშში“ და ზოგიერთ სხვა კრებულში. „ფიქციებისთვის“ მან არგენტინის მწერალთა კავშირის გრანპრიც მიიღო.

ამ მოთხრობებში ხშირადაა წარმოდგენილი ადამიანის ინტელექტის ბრძოლა ქაოსთან; ერთ-ერთი მოთხრობაში – „ფუნესი“ - დახატულია სახე ადამიანისა, რომელიც საკუთარ მოგონებებშია ჩაძირული და მისი ზემეხსიერება უპირისპირდება ლოგიკურ აზროვნებას, როგორც ურთიერთობის მექანიზმს.

გამოგონილი ამბების რეალურობას ბორხესი იმით აღწევდა, რომ იყენებდა ნამდვილ ფაქტებს არგენტინის, საკუთარი და მისი თანამედროვე მწერლების ცხოვრებიდან, რაც ქმნიდა ილუზიას, რომ გამონაგონი მხოლოდ სიმართლის უკან იყო დამალული.

ბორხესის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ამბავი 1930 წელს მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ 17 წლის მწერალ – ადოლფო ბიოი კასარესს დაუმეგობრდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში კასარესი მისი არაერთი ნაწარმოების თანაავტორი და საუკეთესო მეგობარი იყო.

ამ პერიოდში ბორხესი წერს ესეებს არგენტინულ ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, ისტორიაზე, კინოზე. ამავე დროს, იგი უძღვება სვეტს ჟურნალში „ელ ჰოგარ“, სადაც  უცხოელი ავტორების წიგნებსა და ბიოგრაფიებზე წერს რეცენზიებს. ამასთანავე, ბორხესის წერილები რეგულარულად ქვეყნდება „სურში“, არგენტინის წამყვან ლიტერატურულ ჟურნალში. „სურისთვის“ ბორხესი ვირჯინია ვულფის ნაწარმოებებსაც თარგმნიდა, 1937 წელს კი კლასიკური არგენტინული ლიტერატურის ანთოლოგია გამოსცა.

30-იანი წლების ბოლო მწერლისთვის უმძიმესი გამოდგა - ჯერ ბებია გარდაეცვალა, შემდეგ მამა და იძულებული გახდა, რომ ჯახის მატერიალური უზრუნველყოფა საკუთარ თავზე აეღო. ბუენოს აირესში, მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში მცველად მოეწყო, სადაც დროს ლიტერატურის კითხვასა და წერაში ატარებდა. აქ მწერალმა თავი გაიტეხა და სეფსისისგან კინაღამ გარდაიცვალა. ბიბლიოთეკაში გატარებულ 1937-1946 წლებს შემდგომში ბორხესმა ცხრა ყველაზე უფრო უბედური წელი უწოდა. თუმცა, სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მისი ყველაზე დიდი შედევრები.

ხელისუფლებაში ხუან პერონის მოსვლის შემდეგ ბორხესი ბიბლიოთეკიდან გააძევეს და ვაჭრობასთან დაკავშირებული სასაცილო თანამდებობა შესთავაზეს, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი თქვა.

40-იან წლებში ადოლფო ბიოი კასარესთან და სილვინია ოკამპოსთან ერთად, ბორხესი  ფანტასტიკური ლიტერატურისა და არგენტინული პოეზიის ანთოლოგიის შექმნაში მონაწილეობდა. პარალელურად, კასარესთან ერთად დონ ისიდორო პაროდიზე დეტექტიურ მოთხრობებს წერდა.  

ამ პერიოდში გაეცნო ესტელ კანტოს, რომელიც შეუყვარდა და მისი შთაგონებით დაწერა უბრწყინვალესი მოთხრობა – „ალეფი“. დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბორხესმა ესტელს დაქორწინება შესთავაზა, თუმცა უშედეგოდ, მათი ურთიერთობა 1952 წელს დასრულდა.

1950-იანი წლებიდან ბორხესი პოეზიას დაუბრუნდა. ამ პერიოდის ლექსები ძირითადად ელეგიური ხასიათისაა და აერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა: ლაბირინთი, სარკე, სამყარო და ა.შ. ამავე პერიოდში, არგენტინასა და საერთოდ, მსოფლიოშიც ნელ-ნელა მისი უზარმაზარი ტალანტის აღიარება დაიწყეს. ბორხესი არგენტინის მწერალთა კავშირმა პრეზიდენტად აირჩია და ამ თანამდებობაზე ის 3 წლის განმავლობაში დარჩა. პარიზში „ფიქციების“ თარგმანი დაიბეჭდა. 1952 წელს გამოაქვეყნა სპეციალური ნაშრომი – „არგენტინელთა ენა“; მისი მოთხრობების მიხედვით ფილმიც კი გადაიღეს.

1955 წელს სამხედრო გადატრიალების შემდეგ, როდესაც პერონის ხელისუფლება დაემხო, ბორხესი არგენტინის ლიტერატურის აკადემიის წევრად აირჩიეს. ის ასევე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორადაც დაინიშნა. ამ დროისთვის მწერალს თითქმის დაკარგული ჰქონდა თვალისჩინი. ბორხესი ეროვნულ ბიბლიოთეკას 20 წლის განმავლობაში უძღვებოდა.  

1967 წელს ბორხესმა თავისი სიყმაწვილის სიყვარულზე – ელზა ასტეტ მილანზე იქორწინა, თუმცა 3 წლის შემდეგ ოჯახი დაინგრა.

1972 წელს ბორხესმა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმოგზაურა, სადაც არაერთი ჯილდო მიიღო. მომდევნო წელს ბუენოს აიერესის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. 79-ში კი ესპანურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული – სერვანტესის პრემიის ლაურეატი გახდა.

მორიგი ქორწინების შემდეგ, 1986 წელს მწერალი ოჯახთან ერთად ჟენევაში გაემგზავრა, სადაც 86 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა. 2009 წელს, არგენტინის ხელისუფლებას სურდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწერლის ნეშტი სამშობლოში დაებრუნებინა, თუმცა ბორხესის ქვრივმა სასტიკი წინააღმდეგობა გასწია და ლიტერატურის გამორჩეული გენიოსი, ბუენოს აირესზე უზომოდ შეყვარებული არგენტინელი დღესაც ევროპაში განისვენებს.

„ფიქციები“

ბორხესი, როგორც მწერალი და მისი შემოქმედება, არც არავის ჰგავს და არც მას ჰგავს ვინმე. რთული სათქმელია, რომელია მისი მთავარი ნაწარმოები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კრებული, რა თქმა უნდა, „ფიქციებია“. ამ შედევრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „პიერ მენარი, „დონ კიხოტის“ ავტორი“.

ეს შედევრი 1938 წელს შეიქმნა და თავად ბორხესმა განსაზღვრა, როგორც ნაწარმოები მოთხრობასა და ესეის შორის. აქ ყველაზე უკეთ ჩანს ბორხესის კლასიკური კონცეფციები, რადგან გამოგონილი მწერალი – პიერ მენარი, რომელიც ბიბლიოგრაფიულად ჰყავს აღწერილი, როგორც რეალური მწერალი, არის კაცი, რომელიც „დონ კიხოტის“ შექმნას ცდილობს. საინტერესო ისაა, რომ მეორე, ან სხვა „დონ კიხოტზე“ კი არაა საუბარი, არამედ სწორედ იმ ნაწარმოების შექმნა სურს, რომელიც სერვანტესმა დაწერა.

სრულიად ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ აქ არ იგულისხმება მექანიკური ასლის გადაღება, აქ უფრო ღრმა და სასწაულებრივ ჩანაფიქრთან – რომანის გადაწერასთან გვაქვს საქმე. ანუ, ახალი რომანი, რომელიც არ იქნება ორიგინალის ასლი, სიტყვა-სიტყვით დაემთხვევა სერვანტესის ნაწარმოებს. 

დასახული მიზნის მისაღწევად, ავტორმა ძალიან კარგად უნდა შეისწავლოს ესპანური, აღადგინოს საკუთარ თავში კათოლიკური რწმენა, იბრძოლოს მავრებთან და ოსმალებთან,  დაივიწყოს ევროპის ისტორია 1602-დან – 1918 წლამდე, იქცეს სერვანტესად, დაწეროს...

პიერ მენარი ამ მეთოდს თავიდანვე უარყოფს, როგორც მეტისმეტად მარტივსა და იოლ გზას. მთელი ამბავი იმაშია, რომ ავტორი უნდა დარჩეს პიერ მენარად და ისე უნდა შექნას „დონ კიხოტი“.

საბოლოო ჯამში გაუგებარია, როგორ, მაგრამ ფაქტია – პიერ მენარი ქმნის „დონ კიხოტს“, რომანს, რომელიც სიტყვა-სიტყვით ემთხვევა სერვანტესის ნაწარმოებს, თუმცა აზრები, რასაც ეს იდენტური სიტყვები გამოხატავენ, აბსოლუტურად სხვადასხვაა.

აი, ამ პარადოქსის ირგვლივ არის აგებული მთელი მოთხრობა, რაც ბორხესისათვის გონების თამაში, ერთგვარი გართობა იყო. სწორედ ამ მოთხრობამ, რომელზეც ბორხესი 1938 წელს ბიბლიოთეკის სარდაფში მუშაობდა, შემდგომში არა მხოლოდ ავტორს მოუტანა აღიარება, არამედ სწორედ პიერ მენარიდან მოდის მთელი პოსტმოდერნული ლიტერატურა.

პოსტ-მოდერნისტულ კონტექსტში, მოთხრობა ეძღვნება იმას, რომ ახალი ტექსტები შეუძლებელია. მეტიც, ტექსტების რიცხვი შეზღუდულია, ისინი დათვლილია და ყველაფერი უკვე დაწერილია. ანუ, ახალი წიგნების დაწერას აზრი არა აქვს და პრინციპში, შეუძლებელიც კია.

ამასთანავე, დონ კიხოტი უფრო რეალურია, ვიდრე პიერ მენარი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. რა თქმა უნდა, ლიტერატურა ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე თავად მწერალი. ანუ მწერალი კი არ წერს წიგნებს, არამედ უკვე მზა წიგნები, რომლებიც უნივერსალურ ბიბლიოთეკაშია განთავსებული, იწერება, მეორდება მწერლების მიერ. სწორედ ამის პრინციპული შესაძლებლობა დაამტკიცა პიერ მენარმა.

აი ასე, ხორხე ლუის ბორხესი, რომელსაც ინდოეთის აღმოჩენა უნდოდა, აღმოაჩენს ამერიკას...

რა თქმა უნდა, ბორხესი, მწერალი-ბიბლიოთეკარი, რომლის საწერი წიგნების კარადის გვერდით მდებარეობდა, თავადაც სერიოზულ დამოკიდებულებას განიცდიდა უკვე გამოცემული წიგნების მიმართ. კრებულში, რომელსაც „ვეფხვების ოქრო“ ჰქვია, მან გამოაქვეყნა მოთხრობა – „ოთხი ციკლი“, რომლის იდეაც საკმაოდ მარტივია, თუმცა, პრაქტიკულად, მთელ ლიტერატურას იტევს. „ოთხი ციკლის“ მიხედვით, ჩვენ ვიგებთ, რომ ისტორია, ანუ სიუჟეტი მხოლოდ ოთხია:

1. სიუჟეტი გამაგრებულ ქალაქზე, რომელსაც თავს ესხმიან და იცავენ გმირები; რომლის დაცემა წინასწარაა განსაზღვრული და აუცილებლად დაეცემა... („ილიადა“);

2. სიუჟეტი დაბრუნებაზე, სახლში დაბრუნებაზე... („ოდისეა“);

3. სიუჟეტი ძიებაზე... („არგონავტიკა“);

4. სიუჟეტი ღმერთის თვითმკვლელობაზე.

ისტორია სულ ოთხია, იმეორებს ბორხესი და ამა თუ იმ სახით, ჩვენ სულ ამ ოთხს მოვყვებით.

კაცმა რომ თქვას, ეს მწერლის კი არა, მკითხველის იდეოლოგია, რომელიც მწერლის შრომის ტექნოლოგიას წარმოადგენს. სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მთავარ და ეპოქალურ გამოგონებად, რომელიც ბორხესის სახელს უკავშირდება.

მან მოიფიქრა საბეჭდი მანქანა, რომელიც ტექსტების მუდმივი გენერატორია, მუდმივად ქმნის ძველიდან ახალ ტექსტს და იცავს ლიტერატურას სიკვდილისაგან.

ამ გამოგონების წყალობით, XX საუკუნის დასასრულს ლიტერატურული საქმიანობა ყველას საქმე გახდა, მათ შორის იმ ხალხისაც, ვისაც არც ნიჭი აქვს და არც ტალანტი. უბრალოდ, საკმარისია, მკითხველი იყო. ასე დაიბადა „ფეისბუქი“ ბორხესის შემოქმედებაში, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს ტექნიკურად გახდებოდა შესაძლებელი.

სწორედ ბორხესი ამბობს, რომ უბრალო კაცი გახდება მწერალი. მან მიაგნო მწერლობის გადარჩენის საუკეთესო გზას, მაშინ, როდესაც ყველა ფიქრობდა, რომ მწერლობას გენიალური მწერლები გადაარჩენდნენ, მწერლობა მკითხველებმა გადაარჩინეს!

აი ასე, ბორხესმა სერიოზულად შეუწყო ხელი არა მარტო სიტყვის თავისუფლების, არამედ დემოკრატიის განვითარებას და ლიტერატურაში თანასწორობის დამკვიდრებას, თანამედროვე ლეგიტიმური პლაგიატის დაშვებითა და იმის მტკიცებით, რომ  ლიტერატურა შეიძლება ლიტერატურას დაესესხოს, თანაც ისე, რომ პირველი და მეორე ტექსტი თანაბარია.

ბორხესს, კაცს, რომელიც ბრწყინვალე მკითხველი და ბიბლიოგრაფი იყო, აღმოაჩნდა უნარი, რომ წიგნების სიყვარული – ლიტერატურის საგნად, მწერლის საქმიანობად ექცია და შეექმნა თანამედროვე მწერლობა ისე, რომ ერთი „დიდი“ წიგნიც კი არ დაუწერია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^