Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აფხაზური თემა და დაუსრულებელი ქართული ემოციები

04 ივნისი 2019

ალბათ თვე არ გავა, რომ ჩვენს მედიაში ან სოციალურ ქსელებში არ გამოჩნდეს რომელიმე აფხაზი ბლოგერის ან ჟურნალისტის ნააზრევი, რომელიცსაზოგადოებას ძალიან აფორიაქებს ხოლმე. არადა, ამ ნააზრევში, როგორც წესი, ახალი არაფერია - აფხაზებს ქართველებთან ყოფნა არ გვსურს; თუკი ჩვენთან საერთოდ რაიმე ურთიერთობა გინდათ, მაშინ ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარეთ.

როგორც უკვე ვთქვი, ამას რატომღაც დიდი ფორიაქი და ვაი-უშველებელი მოჰყვება ხოლმე, რომელიც, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ ჭეშმარიტებას: ქართული საზოგადოება აფხაზურ საკითხს ემოციურად და ირაციონალურად უდგება. ასეთი მიდგომით შორს ვერ წავალთ, მით უმეტეს კი ისეთი რთული პრობლემის გადაჭრისას, როგორიც აფხაზეთის დაბრუნებაა.

აფხაზებს ჩვენ იმთავითვე ემოციურად ვეპყრობოდით. არადა, ისინი განსხვავებით სამაჩაბლოელი ოსებისგან ყოველთვის მეტად აგრესიულად იყვნენ განწყობილნი ქართველებისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ. საერთოდაც, ამ ორ კონფლიქტის ისტორია საგრძნობლად განსხვავდება. სამაჩაბლოში ეთნიკური ოსები უმრავლესობას წარმოადგენდნენ, მაგრამ მათში სეპარატისტული განწყობები არც ისე მძაფრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ქართულმა მხარემ მათთან აშკარად შესცოდა, 1992 წელს კონფლიქტის გაყინვისა და სამშვიდობოების ჩადგომის შემდეგ ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა და როკის გვირაბის გავლით ვლადიკავკაზისკენ მოგზაურობა ჩვეულებრივ ამბად იქცა. შემდეგ საქმე ძალიან გააფუჭა 2004 წლის ზაფხულში ცხინვალთან ატეხილმა ბათქა-ბუთქმა (უფრო კორექტული ტერმინი ვერ გამოვნახე). იქიდან ოთხ წელიწადში კი მოხდა ის, რაც მოხდა.

ეს მაშინ, როცა უმცირესობაში მყოფმა აფხაზებმა (თავად აფხაზეთის მოსახლეობის 17%-მა) გამსახურდიას პრეზიდენტობისას პარლამენტში დაახლოებით 50%-იანი კვოტა და პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი მიიღეს (და ეს იმის ფონზე, როცა იმავე გამსახურდიას დროს ოსებს ავტონომიური ოლქის სტატუსიც კი გავუუქმეთ). ომის შემდეგ მათ ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოაწყვეს და მას აქეთ თბილისისკენ არ გამოუხედავთ.

ამის ყველაფრის ფონზე ქართული საზოგადოება რატომღაც ძალიან განიცდის აფხაზების გადაბრუნებულ ნათქვამს და მათ შესტირის. ოსები კი რატომღაც თითქმის არც აინტერესებს.

საქართველოს მთავრობამ აფხაზურ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი მიანიჭა. პასუხად გალში ქართველებს თავიანთ ენაზე სწავლას უკრძალავენ და მეგრელებად დარეგისტრირებას აიძულებენ. აფხაზებს საქართველოში უფასო მკურნალობის საშუალება აქვთ (სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამავე პრივილეგიით ოსებიც სარგებლობენ, მაგრამ აშკარაა, რომ ეს სატყუარა უფრო აფხაზებისთვისაა გამიზნული) და ამ მხრივ მათ გაცილებით მეტი პრივილეგია აქვთ, ვიდრე საქართველოს პასპორტის მქონე მოქალაქეებს.

საინტერესოა, ასეთ სიტუაციაში რატომ უნდა მოუნდეს აფხაზს ქართული პირადობის მოწმობის ან პასპორტის აღება? ასე ხომ იგი პრივილეგიებს დაკარგავს.

საერთოდაც, ბევრი აფხაზი უფასო მკურნალობას დაახლოებით იმავე კომპენსაციად განიხილავს, როგორსაც გერმანია დიდი ხნის განმავლობაში ისრაელის მოქალაქეებს უხდიდა - ქართველი ფაშისტები ვალდებულები არიან მათზე იზრუნონ. ერთმა აფხაზმა ბლოგერმა ისიც დაწერა, საქართველოს ეს ვალდებულება საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკისრიაო. წლები გადის, საქართველოს მთავრობამ უკვე ათასობით აფხაზს უმკურნალა, რაც წესით სახუმარო არ უნდა იყოს. აფხაზების რაოდენობა ალბათ 80 ათასი იქნება. თითო ნამკურნალევის უკან სამი ადამიანი მაინც დგას (ოჯახის წევრები). ანუ, მაგალითად, 3 ათასი ნამკურნალევი უკვე 9 ათასი მომადლიერებული აფხაზია - მოსახლეობის 10%-ზე მეტი. მაგრამ ჯერჯერობით მადლიერება და შემორიგების სურვილი რატომღაც არ იგრძნობა.

ქართული საზოგადოებისათვის, რომელიც აფხაზებს ასე ემოციურად უყურებს, ეს „უმადურობა“ გაუგებარია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა უბრალოდ არ იცის, რომ აფხაზებისთვის ქართველი აფხაზეთში უკეთეს შემთხვევაში სტუმრად, უარეს შემთხვევაში კი მტრად აღიქმებოდა და აღიქმება. ომში გამარჯვება და ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზებისათვის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იყო.

ეს უვიცობა ჩვენი პრობლემაა და სწორედ მასზე დგას სხვა პრობლემები, მათ შორის ემოციური დამოკიდებულება და ირაციონალური პოლიტიკა, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს და, ალბათ, არც მოიტანს.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აფხაზებს არ აქვთ პრობლემა. მათი ისედაც ძალიან მწირი მოსახლეობა მცირდება, ჯანდაცვა და განათლება უმძიმეს დღეშია, ეკონომიკა სულს ღაფავს. ოდესღაც ტურიზმზე მყარდებოდა დიდი იმედები, მაგრამ ადგილობრივი სერვისის თავისებურებებს უკვე რუსი ტურისტებიც კი ვეღარ ეგუებიან. აფხაზეთის დამოუკიდებლობა სულ უფრო და უფრო ფორმალური ხდება. ომში გამარჯვებამ საბოლოო ჯამში ისინი გაქრობის საშიშროების წინაშე დააყენა, მაგრამ ამ საშიშროებას ისინი არ აღიარებენ, პირველ რიგში ალბათ ქართველების ჯიბრზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მათ ისევ შესტირიან და შერიგებას სთხოვენ. რახან ასეა, რახან ქართველები ისევ პატიებას თხოვენ, ესე იგი, ყველაფერი კარგადაა. ასე გავაგრძელოთ!

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ქართულ-აფხაზური შეხვედრებიც, როგორც წესი, ამ სცენარით მიდის: ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ, აფხაზებმა კი უნდა უპასუხონ, რომ უკვე გვიანია. ამ ყველაფრის ფონზე ყველაზე კომიკური მაინც თბილისისგან აღიარების მოთხოვნაა. ნურავინ იფიქრებს, რომ ამის სანაცვლოდ აფხაზები აპირებენ ქართველ ლტოლვილებს დაბრუნების უფლება მისცენ ან გალელებს შეუმსუბუქონ მდგომარეობა. არა, უბრალოდ ამის შემდეგ ისინი უფრო მეგობრულად მოგვექცევიან. უფრო სწორად, რაღაც ილუზორული შანსი მაინც მოგვეცემა, რომ მეგობრულად და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, „კეთილმეზობლურად“ მოგვექცნენ.

თბილისში ბევრს ეს კომედიაც უჩუყებს გულს: აფხაზები იზოლაციაში არიან, არ იციან, მათ გარეთ რა ხდება, მათ რუსული პროპაგანდა ურევს გონებას, დავეხმაროთ მათ. ნეტავ კიდევ რა უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად?

მე-20 საუკუნეში აფხაზებს ჰყავდათ ბრწყინვალე მწერალი ფაზილ ისკანდერი. ის ძალიან პოპულარულია რუსეთში (ცხადია, რომ რუსულ ენაზე წერდა). დიდად პოპულარული არ არის ჩვენში და დიდად არ უყვართ თავად აფხაზეთში, რადგან იგი აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა.
ისკანდერი აფხაზებისათვის მოღალატეა, არძინბა კი - გმირი.

ყველა ხალხი საბოლოო ჯამში თავად ირჩევს თავის გმირებს, ირჩევს თავის გზას და პასუხს აგებს თავის ბედზე. შეიძლება მოსკოვმა ჩვენ წინააღმდეგ ჩვენივე სისუსტეები კარგად გამოიყენა, მაგრამ ჩვენ რომ შეცდომები არ დაგვეშვა, ბევრს ვერაფერს დაგვაკლებდა (მათ შორის ვერც აფხაზეთის საკითხში). ამიტომაც, რაც გვჭირს, ჩვენი ბრალია.

იგივე ეხება აფხაზებსაც. თუკი ისინი ვერ იაზრებენ, რა სჭირთ, ეს პირველ რიგში მათი პრობლემაა და აქ ჩვენ ვერაფერს ვუშველით. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, როდის გაუსწორებენ თვალს რეალობას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^