ქართული ოცნება შვიდი წელი ცდილობდა ეთამაშა ნეოლიბერალიზმი ადამიანური სახით, მაგრამ პირველივე კრიზისულ ვითარებაში თვალების დასათხრელად გაიწია.
20 ივნისის ღამეს, სპეცრაზმთან პირისპირ მიტოვებულთა შორის ახალგაზრდები ჭარბობდნენ. ანუ ისინი, ვის დიდ ნაწილსაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული და იმავდროულად უმუშევარია. ეს ახალგაზრდული სტიქია, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში დილამდე გასაკვირი ენთუზიაზმით მძვინვარებდა, მუჯლუგუნებით გაგდებულია ისედაც უდღეური ეკონომიკური და კულტურული ცხოვრებიდან. რამდენიმე წლის წინ მან ხელისუფლება ბათუმში პირველად დაიბარა საჩხუბრად და პირველი ყმუილი ამოუშვა. გაძევებულის,მიტოვებულის, უიმედოს, დაუცველის ყმუილი.
საქართველომ ანუ მისმა ელიტებმა, ისინი კლასობრივი ექსპერიმენტის ობიექტებად აქცია. ქართული ნეოლიბერალური კაპიტალიზმი მათთვის უმუშევრობას, დამცირებას, სასოწარკვეთას, გაუცხოვებას აწარმოებს.
ეს ენერგია ეძებს მტერსა და მეგობარს და მან უნდა იცოდეს, რომ მტერი ისიცაა, ვინც მის ნამდვილ ინტერესებსა და საჭიროებებს ყელზე აბიჯებს - ბურჟუაზია და მთელი პოლიტიკური კლასი - უიდეო, რეტროგრადული, სხვისი მსახური და ამდენად, მტრული.
ეს პოლიტიკური კლასი მოულოდნელად, დედაქალაქის ქუჩებში შეხვდა აქამდე უცნობ ამორფულ სუბიექტს, რომელიც სახეზე ვერ იცნო. ის სავარაუდოდ არ დადიოდა არჩევნებზე, სამართლიანად გულაცრუებული,რადგან მისი ოცნება უკეთეს ცხოვრებაზე სლოტ-კლუბებში, სავარჯიშო დარბაზებში და ღამის კლუბებში გამოამწყვდიეს. მისი ნახვა არავის გახარებია,მაგრამ ის დაუპატიჟებლად გამოჩნდა საჯარო სივრცეში. და ეს გამოჩენა ერთნაირად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ყველასთვის - ივანიშვილმა და გახარიამ მას თვალი დათხარეს, ნაციონალურმა მოძრაობამ თვალი აარიდა.
უკვე მეორე დღეა, ეს სურათი ჩანს - აქციის პირველ ნახევარში ეკრანებზე ვხედავთ იმ ხალხს, რომელიც აქამდეც ბევრჯერ გვინახავს, ხოლო მეორე ნახევარში, როცა ისინი იქ არ არიან, კამერები უხერხულად თვალს არიდებენ იმათ, ვისთვისაც არც სამუშაოა, არც ხვალინდელი დღის იმედი, ვისაც აინტერესებს რას ნიშნავს ქართველად ყოფნა მოცემულ ისტორიულ მომენტში, ვისაც დამამცირებელ ყოფას არ აკმარებენ და დამპყრობლის ცინიკურ სახეს აყურებინებენ მაღალ ტრიბუნაზე.
ამასთან ჩანს, რომ ქართული ნაციონალიზმი თანდათან გამოდის ეკლესიიდან. ის იქ შევიდა საბჭოთა კავშირის მიწურულს და მისი დაშლის შემდეგ, შევიდა დისიდენტური წრეებიდან. ამიტომ იყო აქამდე ყველა ნაციონალისტური საჯარო დისკურსი ძლიერი რელიგიური ელფერით, ატრიბუტიკით, ხშირად კარიკატურულად არქაული.
რა შედეგები შეიძლება ქონდეს ამ გამოსვლას? ეს გამოსვლა ლოგიკურია, მაგრამ რა კლასობრივ სტრუქტურირებას იპოვის, ჯერ არ ჩანს. და არ ჩანს პროგრესული ძალა, რომელსაც მისთვის მომავლის მკაფიო ხედვა და ნუგეში ექნება.
რა პოლიტიკურ სხეულს შეიძენს ეს ახალგამოთავისუფლებული ენერგია? ის ეძებს ამ სხეულს.
და რას მონიშნავს, როგორც საერთოს? მხოლოდ იმას, რომ ქართველები ვართ?
მაგრამ ამ ქართველს ჭირდება თავზე ჭერი, სამუშაო, ანაზღაურება არა ისეთი, რომ საკვებზე ძლივს ყოფნიდეს, რომ ვალის და სოციალური არასტაბილურობის გამო ხვალინდელი დღის არ ეშინოდეს, კულტურულ მარტოობას არ განიცდიდეს. ეს კლასობრივი საკითხებია, რომელიც შეიძლება კვლავ გამოუხატველი დარჩეს, უკმაყოფილებამ სადინარი მხოლოდ ნაციონალიზმში იპოვოს და ეს სამწუხარო იქნებოდა.
მანამდე ივანიშვილი მოემზადოს უსიამოვნებებისთვის.
ის იმსახურებს ხალხის რისხვას.